ერთი დიდი გაუგებრობა, ანუ ინაშვილიდან რასელამდე - კვირის პალიტრა

ერთი დიდი გაუგებრობა, ანუ ინაშვილიდან რასელამდე

ერთი დიდი გაუგებრობა, ანუ ინაშვილიდან რასელამდე

ქართულ პოლიტიკაში თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონა: "პატრიოტთა ალიანსმა" და რამდენიმე სხვა პარტიამ განაცხადეს, - საკოორდინაციო საბჭო შევქმენითო. მთავარი ისაა, რომ იქვე დაამატეს, - გამორიცხული არ არის, ეს საბჭო საარჩევნო ბლოკად გადაკეთდესო. და ვინ არიან ამ საკოორდინაციო საბჭოში? პაატა დავითიას, ბაჩუკი ქარდავას და ზურაბ ხარატიშვილის პარტიები. ისინი შეიძლება ირმა ინაშვილთან გაერთიანდნენ. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ამას რომ არ გამორიცხავენ, უკვე დიდი მარაზმია. რად უნდა სჭირდებოდეს "პატრიოტთა ალიანსს" ეს ურეიტინგო პარტიები, რომლებიც ამომრჩეველს ინაშვილსაც დააკარგვინებენ, ვერაფრით ვხვდები.

ასევე ვერაფრით გავიგე, რა ლოგიკა იყო ამერიკელი კონგრესმენის, სტივ რასელის გამოსვლაში. რუსულ საფრთხეებზე მისი საუბარი გავიგე, მაგრამ - არიქა, რუსი ოლიგარქი მოდის და არჩევნებამდე პერიოდი შესაძლოა, საქართველოსთვის თავისუფლების უკანასკნელი თვეები აღმოჩნდესო, რომ ამბობს, რა, ჰგონია, ივანიშვილი 8 ოქტომბერს მოდის ხელისუფლებაში? უმალავდნენ, რომ ივანიშვილი საქართველოს უკვე ოთხი წელია, მართავს? თუ ის პუტინის კაცია, აქამდე ვინ შეუშალა ხელი, ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შეცვლაში? ან ივანიშვილს საკრიტიკო აკლია, "ნაციონალური მოძრაობისებურად" რაღაც ვირტუალური ბრალდებები რომ არ წაუყენო, პუტინის თანამოაზრე რუსი ოლიგარქი და იარაღით უკანონოდ მოვაჭრე არ ეძახო? მოკლედ რომ ვთქვა, ბატონმა კონგრესმენმა თავისი კარგი გამოსვლა ამ არაადეკვატური ბრალდებებით გააფუჭა.

ასევე ვერაფრით გავიგე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორ ვერ გამოჩნდა რექტორად ვარგისი ერთი ხეირიანი ადამიანი. ახლაც, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ისეთი ხალხი მონაწილეობდა, არჩევანი, ფაქტობრივად, არ იყო. თსუ-ში არ მისწავლია, მაგრამ რასაც გარედან ვაკვირდები, შიდა რესურსიდან ნორმალური რექტორის არჩევა ფაქტობრივად გამორიცხულია. თსუ-ს გარედან მოსული, დასავლეთში განათლებამიღებული კაცი სჭირდება, რომელიც რევოლუციურ რეფორმებს განახორციელებს. იქ მომუშავეთაგან, ჩემი დაკვირვებით, ნაწილი საბჭოთა რეჟიმმა გააფუჭა, ნაწილი - "ნაციონალურმა""რეჟიმმა. თუ ვინმე არსებობს ნორმალური, როგორც ჩანს, ისეა დაჩაჩანაკებული, ბრძოლაც კი არ უნდა.