სუკ-ი, კუდ-ი და სუს-ი... - კვირის პალიტრა

სუკ-ი, კუდ-ი და სუს-ი...

ამას წინათ, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს შეგვხვდა, ვუთხარი, "ოცნებას" მომავალ არჩევნებში ხმას არ მივცემ-მეთქი.

ამის მთავარ მიზეზად სასამართლო რეფორმის ჩავარდნა და მურუსიძის სასამართლო დავუსახელე. რახან ეს მთავარი მიზეზია, ნიშნავს, რომ ერთადერთი არ არის - რამდენიმე იქვე დავამატე: ძალოვანი სტრუქტურების პარპაში, სუს-ის და პოლიციის უკანონო ქმედება, უკანონო თვალთვალი, ხალხის ცემა პოლიციის განყოფილებებში და საბჭოთა ეპოქიდან გამოყოლილი უამრავი მანკიერი მოვლენა, რომელიც სააკაშვილის დროს უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანეთ; თუმცა, უარს ამ მეთოდებზე, როგორც ჩანს, არც "ოცნების" ხელისუფლება ამბობს.

ამის დასტურად მარტო წინა კვირა გამოდგება. წინა პრეზიდენტს ვსაყვედურობდით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სიმბოლურ ფასად ბათუმში ფეშენებელური ბინები რატომ გადასცა, ეს სასამართლოს მოსყიდვააო და მოულოდნელად "ოცნებისგან" სიურპრიზი მივიღეთ: უკვე მათ დანიშნულ მოსამართლეს, ტურავას, ასევე სიმბოლურ ფასად 125 კვადრატული მეტრი ბინა უნდა გადასცენ. ისე, "ნაციონალების" დროს დანიშნულ მოსამართლეებს თუ აქვთ ბინები, "ოცნების" დანიშნულმა რა დააშავა? გავაგრძელოთ მანკიერი პრაქტიკა. ვერავინ ხსნის, რატომ არ შეიძლება ეს ბინა ტურავას მხოლოდ სარგებლობაში გადაეცეს და როცა ვადა გაუვა, მერე იქ სხვა შესახლდეს? რატომ უნდა ვაჩუქოთ, რა დამსახურებისთვის?

ასევე ვერავინ ხსნის, რა ფუნქცია აქვს ამ ქვეყანაში სუს-ს, ადრე კუდ-ი რომ ერქვა და იმაზე უფრო ადრე - სუკ-ი. რატომ არის სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა რეგიონებში პოლიტიკოსების მოგზაურობისას მათზე თვალის დაჭერა ან საპროტესტოდ გამოსული სტუდენტების მშობლებზე ზეწოლა? მეგონა, ეს მარაზმი მაინც დამთავრდა. კვირიკაშვილი მივიდა სტუდენტებთან შესახვედრად, ადამიანურად ელაპარაკა. ყველას მოეწონა ეს საქციელი და მეორე დღეს რა ხდება? სტუდენტები საუბრობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მათ მშობლებს ემუქრებიან, - თუ თქვენი შვილი აქციების მოწყობას არ შეეშვება, სამსახურიდან გაგაგდებთო. პროკურატურა ვალდებულია, ამგვარ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყოს, მაგრამ ყურს არ იბერტყავს. იქნებ სტუდენტები ცრუობენ?