ჩინოვნიკების მონური ფსიქოლოგია და ოპოზიციის საყვარელი თემა - კვირის პალიტრა

ჩინოვნიკების მონური ფსიქოლოგია და ოპოზიციის საყვარელი თემა

ივანიშვილის ფლორისადმი სიყვარული შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდეს.

ჯერ "მცურავი ხის" სკანდალი არ იყო დასრულებული და ახლა ბოტანიკური ბაღის ირგვლივ აზვირთდა ვნებები - არიქა, ივანიშვილმა ბოტანიკურის ოთხი ჰექტარი მიიტაცაო. მერე გაირკვა, რომ კი არ მიიტაცა, გაუცვალა და რომ ის, რაშიც გაცვალა, თავის დროზე მას სწორედ "ნაციონალებმა" მიჰყიდეს, მაგრამ სკანდალი უკვე აგორებული იყო და "ოცნება" თავის მართლებას ვერ ასცდა.

სინამდვილეში "მცურავი ხის" ამბავშიც და ბოტანიკურის სკანდალშიც მთავარი სხვა რამ იყო. არც ხის გადარგვაა პრობლემა და არც - ტერიტორიების გაცვლა, მით უმეტეს, თუ უკეთესს სთავაზობ, პრობლემა ივანიშვილისადმი ჩინოვნიკების მონური დამოკიდებულებაა. რადგან საკითხი მათ მამა-მარჩენალს ეხება, ისე ჩქარობენ მის მოგვარებას, რომ ხშირად კანონი ავიწყდებათ. ციხისძირიდან ხის გადარგვისას ყველა საბუთი წესრიგში არ აღმოჩნდა და ივანიშვილი იძულებული გახდა, გადარგვის პროცესი შეეჩერებინა. ბოტანიკურის შემთხვევაში კი ირკვევა, რომ რადგან ბაღს ძეგლის სტატუსი ჰქონდა, მისი ტერიტორიის გაყიდვას საგანგებო ნებართვა სჭირდებოდა. ახლა "ოცნების" ჩინოვნიკები ამტკიცებენ, ძეგლის სტატუსი ბაღის ნაწილს ჰქონდა, ნაწილს - არაო. ალბათ, თქვენც ხვდებით არგუმენტის უაზრობას. არადა, არც ციხისძირის და არც ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში ყველა ნებართვის მიღება ძნელი არ იქნებოდა, მხოლოდ დრო დასჭირდებოდა, მაგრამ რადგან ივანიშვილია საქმეში გარეული, ისეთი ელეთმელეთი ემართებათ, კანონიც ავიწყდებათ და პროცედურებიც. თანაც, ვერ ისწავლეს, რომ ამბავი თვითონ უნდა გაახმაურო, სანამ ოპოზიცია გამოიტანს სააშკარაოზე, თორემ ის ისე გამოიტანს, როგორც თვითონ სჭირდება და მერე თავი უნდა იმართლო.

ოპოზიციაც მცდარად იქცევა. მათთვის მთავარია, იყვირონ "ივანიშვილი", არადა, ბოტანიკური ბაღის საქმეში მთავარი პრობლემა გზის მიმართულების შეცვლაა, უფრო სწორად, მოჭრილი 500 ხე და დახარჯული 700 ათასი ლარი. გზა ჯერ სხვა მიმართულებით გაჰყავდათ. ხეები მოჭრეს, გაზის მილის გადატანაში თანხა დახარჯეს და ახლა ამბობენ, ცოტა გვერდზე უნდა გავიყვანოთ, რადგან ეგ ტერიტორია აუქციონზე გაგვაქვსო. ეს საკითხი არა მარტო სკანდალის მიზეზი, არამედ გამოსაძიებელიც არის.

წინადღეს ბაღდათის გამგებელი სხვა რამეზე კი არ დაიჭირეს - 270 ათასის არამიზნობრივად დახარჯვის გამო ჩასვეს! ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, მართლა ტყუილად დაიხარჯა თუ არა თბილისის ბიუჯეტიდან 700 ათასი. ამ ფულით უამრავი კარგი საქმე გაკეთდებოდა და ბევრ ადამიანს დავეხმარებოდით. დანარჩენი ლირიკაა და სიმღერა ოპოზიციის საყვარელ თემაზე: "ივანიშვილმა საქართველო იყიდა..."