ჭეშმარიტად ქართული ლოგიკაა! - და კიდევ უკვირთ, ხალხი გვერდით რატომ არ გვიდგაო... - კვირის პალიტრა

ჭეშმარიტად ქართული ლოგიკაა! - და კიდევ უკვირთ, ხალხი გვერდით რატომ არ გვიდგაო...

ქართველი მძღოლების ნაწილი მგზავრებს ისე უყურებს, როგორც კარტოფილის ტომრებს, მათი არც კომფორტი აინტერესებთ და არც არაფერი.

გინდა საქალაქთაშორისო მარშრუტებზე, გინდა ქალაქში ისე დადიან, ფიქრობ, ნეტავ, მშვიდობით ვიმგზავრო და ჯანდაბას, ჩამატებული სკამების გამო სუნთქვაშეკრული რომ ვზივარო. ერთადერთი რამ აინტერესებთ - ფული და იმაზეც სულ წუწუნებენ და ტირიან. თბილისის "მარშრუტკებში" უკვე რამდენი წელია, კონდიციონერების ჩართვას ვერ ვეღირსეთ. ყოველ ზაფხულს არის ტირილი და ვაი-უშველებელი. ათას მიზეზს იგონებენ, რომ არ ჩართონ: ფუჭდებაო, ძრავას აფუჭებსო და რა ვიცი... არადა, მგზავრობის ფასი თავის დროზე მაგიტომაც გაზარდეს, ახლა კი საწვავის ფასი ლამის ლარით შემცირდა, მაგრამ მაინც ტირიან. #133 "მარშრუტკას", რომელიც გლდანიდან ორთაჭალაში დადის, საღამოს შვიდის ნახევრის მერე თვალს ვეღარსად მოჰკრავ. ხალხი ცოტაა და თქვენ გამო ხომ არ ვიმუშავებთო, აცხადებენ და სახლში მიდიან. და იმ ცოტამ რა ვქნათ, სხვა ტრანსპორტი რომ არ არის? ეს არ აინტერესებთ, საპროტესტოდ გამოსულებს კი უკვირთ, ხალხი გვერდით რატომ არ გვიდგებაო.

აგერ, ახლაც, გაუგონარი ამბავი ხდება ზუგდიდის ხაზზე. იმის მაგივრად, რომ ახალ მოთამაშეს, რომელიც ბაზარზე შემოვიდა, კონკურენცია გაუწიონ ფასით ან კომფორტით, გზებს კეტავენ და გაიძახიან, ჩვენ იმდენი ფული არ გვაქვს, დიდ ფირმას კონკურენცია გავუწიოთ და კომფორტული ავტობუსები ვიყიდოთო. ვერ ყიდულობ უკეთეს ტრანსპორტს? გააიაფე მგზავრობა და ფასით გაუწიე კონკურენცია! მაგრამ ესეც არ უნდათ. მგზავრმა თან ძვირი უნდა გადაიხადოს, თან უნდა დაიტანჯოს და მძღოლის უზრდელობა აიტანოს! ვერაფერს იტყვი - ჭეშმარიტად ქართული ლოგიკაა!