საფლავებზე სმა-ჭამით გაკვირვებული უცხოელი, გაქცეული ვაშაძე და გაღვიძებული უსუფაშვილი - კვირის პალიტრა

საფლავებზე სმა-ჭამით გაკვირვებული უცხოელი, გაქცეული ვაშაძე და გაღვიძებული უსუფაშვილი

წინა კვირას ბევრი საინტერესო რამ მოხდა, ამიტომ მივყვეთ მოკლედ და თანამიმდევრობით:

1. ორშაბათს სოცქსელებში BBC-ის ძველი რეპორტაჟი გაავრცელეს, სადაც რეპორტიორი გაკვირვებული გვიყვება ქართველთა ტრადიციაზე, საფლავებზე სმა-ჭამის გამართვის შესახებ. ამის გამო ჯერ თვითგვემაში ჩავცვივდით და საკუთარი ქვეყანა ვლანძღეთ, მერე, როგორც ხდება, თვითგვემის წინააღმდეგ გავილაშქრეთ და ვთქვით, ვისაც როგორ უნდა, ისე აღნიშნავს აღდგომას და თუ უნდა, საფლავზეც იქეიფებს, ეს რა ევროპელების საქმეა, თავიანთ მავნებლობებს მიხედონო და მათ ჯიბრზე ისე შორს წავედით, ლამის საფლავზე ღრეობა გავამართლეთ და ჩვენს ყველაზე საამაყო ტრადიციად გამოვაცხადეთ. არადა, ცუდ და დრომოჭმულ ტრადიციებს ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ. ამაში ცუდი არაფერია. უფრო მეტიც, აუცილებელია! სწორედ მავნე ტრადიციებთან ბრძოლას მოაქვს პროგრესი! საფლავზე საცივითა და გოჭით მისვლა ცუდი და უაზრო ტრადიციაა, რომელსაც ეკლესიურობასთან არანაირი კავშირი არა აქვს!

2. მეც ჩავედი საგანგებოდ ბათუმში მშობლების საფლავზე გასასვლელად, მერე ქალაქშიც გავიარე და ოჯახთან ერთად ბათუმის საბაგიროთი სარგებლობა გადავწყვიტე. გაირკვა, რომ ერთი კაცი 10 ლარი ღირს. ოჯახთან ერთად რომ ავსულიყავი, 50 ლარი გამოდიოდა. ეტყობა, ასე იზიდავენ ტურისტებს, მე კი გამოვბრუნდი უკან. სამაგიეროდ, ბათუმი-თბილისის ტრასის გურიის მონაკვეთზე "ვისიამოვნე" - სანამ გურიას გამოვცდი, კაი სლალომისტივით ვაცილებდი ორმოებს. ტრასაზე ორმოები, მგონი, შევარდნაძის დროსაც არ იყო. ტრასაზე 20-ით ხომ ვერ ივლი, ჰოდა, თუ სადმე ჩაარტყი, დატოვებ მანქანას.

3. თბილისში დაბრუნებულმა ისევ "ფეისბუკში" შევიხედე და დამხვდნენ ეკონომიკის მინისტრით აღფრთოვანებული "ოცნების" მხარდამჭერები. ქუმსიშვილმა "არჩევანში" ისეთები "ჩაუტარა" გაბუნიასა და გოგიჩაიშვილს, ბოლოს გათიშეს ეთერიდანო. ქუმსიშვილის გამოსვლა, ჩვენი უნიათო მთავრობის ფონზე, მართლაც აღსანიშნავია. ეს სწორი ტაქტიკაა. კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიას კი არ უნდა გაებუტო, არამედ უნდა მიხვიდე და თუ მართალი ხარ, შენი სიმართლე მისსავე მოედანზე დაუმტკიცო!

4. კიდევ ერთი სიურპრიზი რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა დამახვედრეს. კანონპროექტი მოუმზადებიათ, რომლის თანახმად, ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა - შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსის" სპეციალური მუხლით დასჯადი ქმედება გახდეს. კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ფემიციდი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადადის. ანუ რა გამოდის, თუ ქმარი მოკლავს ცოლს, უფრო მძიმე დანაშაული იქნება, ხოლო თუ ცოლი ქმარს - უფრო მსუბუქი?! ქალთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედია, ასეთ აბსურდამდე არ მივალთ.

5. შუა კვირაში კიდევ ერთხელ გაიხარეს "ოცნების" მხარდამჭერებმა. "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ვაშაძემ დატოვა. ვაშაძეს უკვე ყოფილმა თანაპარტიელებმა სულ მოღალატე და ივანიშვილის მიერ ნაყიდი ეძახეს, პლუს ამბიციებმა სძლიაო. ვაშაძის თაყვანისმცემელთა რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები, მაგრამ "ნაციონალებისთვის" ის თავის დროზე მართლაც კარგი შენაძენი იყო. ამბიციურობა მაშინაა ცუდი, როცა ის შენს შესაძლებლობებს აღემატება, სხვა შემთხვევაში მხოლოდ წინსვლას უწყობს ხელს. თავის დროზე ვაშაძის ამბიცია, რომ "ნაციონალების" მერობის კანდიდატი ყოფილიყო თბილისში, რაც მას საშუალებას მისცემდა პარტიის ახალ ლიდერად ჩამოყალიბებულიყო (მიშას არყოფნაში, ცხადია), იყო აბსოლუტურად ჯანსაღი და საჭირო პარტიისთვის. მაშინ ის შედარებით ახალი სახე იყო პოლიტიკაში მზარდი პიროვნული რეიტინგით. ნაცვლად იმისა, "ნაციონალებს" ამით ესარგებლათ და მართლა ახალი სახე შეეთავაზებინათ ლიდერის სახით, ის დაბლოკეს და ყველასთვის უცნობი მელია წამოსწიეს, რომელსაც პარტიის ლიდერობაზე პრეტენზია არ ექნებოდა. ახლაც, სავარაუდოდ, იგივე მოხდა. სიაში წინ ისეთ პირებს სვამენ, ვისაც არანაირი პრეტენზია გადაწყვეტილების მიმღებობაზე არ ექნებათ. თუ ვაშაძეს ჰქონდა ამბიცია, განახლება რეალური ყოფილიყო და ლიდერობის ამბიციის მქონე ადამიანი ყოფილიყო წინა პლანზე, ეს, ჩემი აზრით, სავსებით ჯანსაღი ამბიციაა. თუმცა, "ბებერი ნიანგები" არც იქ თვლემენ.

6. სამაგიეროდ, კვირის ბოლოს საღათას ძილისგან გამოიღვიძა დავით უსუფაშვილმა, თვალი გაახილა და თვალში ნარმანია მოხვდა, ნარმანია კი ცუდად იქცევა, საკრებულოში მისვლა და საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა რომ არ შეუძლია და ამისთვის მართლაც დასატუქსია, მაგრამ ბატონი უსუფაშვილი რატომ დუმდა ეს წლები, ვერაფრით ამიხსნია.

7. რაც შეეხება ივანიშვილის საინვესტიციო პროექტებს, მე მომწონს ისინი. სულ იმას ვტირით, ცოტა ინვესტიციააო, ყველგან ინვესტორებს ვეძებთ და კაცი ნახევარი მილიარდის დახარჯვას აპირებს, ჩვენ კი ვებრძვით. ოპოზიციის და "ნაციონალების" ამბავი გასაგებია, მაგრამ ვერაფრით ვუგებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ეწინააღმდეგებიან. ამით რა დაშავდება, თუ გასართობი და დასასვენებელი ადგილი შეემატება თბილისს? ან რა დაშავდება, ბათუმში, მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის დანგრეული კორპუსი მშვენიერ სასტუმროდ თუ გადაიქცევა? ვიღაც უცხოელ ინვესტორს რომ გაეკეთებინა ეს პროექტები, ხომ აღვფრთოვანდებოდით? მთავარია, კანონი არ დაირღვეს, ეკოლოგიასა და კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე არ შეექმნას, თორემ რაც მეტს ააშენებს და გააკეთებს ივანიშვილი, მით უკეთესი. პირიქით, უნდა წავახალისოთ და ვუთხრათ, რომ ასეთი რაღაცები აკეთოს და ქვეყნის მართვაში კულისებიდან ჩარევას შეეშვას.