გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი - კვირის პალიტრა

გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი

"ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს და ცდილობს, მათგან ყველანაირი სიგლახე ისწავლოს"

თითქმის რვა წელია, რაც ყოველკვირა ჩვენი გაზეთის მკითხველს ამ რუბრიკას ვთავაზობ. შეიძლება ყოველთვის არ მეთანხმებოდით, ყოველთვის არ მოგწონდათ, რასაც ვწერდი, მაგრამ ვიცი, რომ მკითხველებისთვის ის საინტერესო იყო. ალბათ, ასე გავაგრძელებდი კიდეც, რომ არა ჩემი ახალი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პროფესიას ვიცვლი! ჟურნალისტიკას ვემშვიდობები და ვემშვიდობები "კვირის პალიტრის" მკითხველსაც.

იხილეთ ვიდეო

ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უპირველესად იმიტომ, რომ იმას ანებებ თავს, რასაც ამდენი ხანი აკეთებდი, ყველაფერს ცვლი და ახალ საქმეს იწყებ. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა. პოლიტიკოსობა ჩვენს ქვეყანაში ცუდთან ასოცირდება. "აუ, რა უნდა, თავს რატომ იფუჭებს?!" "პოლიტიკა ბინძური საქმეა!" იცით, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე? იმიტომ, რომ პატიოსანი და ღირსეული ადამიანები თქვენსავით ფიქრობენ და პოლიტიკაში არ მიდიან, შედეგად კი ასპარეზი სხვებს რჩებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა, ეს სურვილია. საქმე მხოლოდ სხვების კრიტიკა არ არის (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია). თუ ამდენი იცი, მიდი და რამე გააკეთე. ესეც ხომ საკუთარი თავის გამოცდაა - ნახო, მარტო ენის ტლიკინი შეგიძლია თუ საქმის კეთებაც. სწორედ ამიტომ მივიღე პაატა ბურჭულაძის შემოთავაზება. ეს არის ახალი ძალა და არ არის დამძიმებული ისეთი წარსულით, როგორიც პარტიების უმეტესობას აქვს. პაატა ბურჭულაძესაც იმავეს საყვედურობენ - კარგი მომღერალია, ქველმოქმედი, ყველას უყვარს, რა უნდა პოლიტიკაშიო. ზემოთ უკვე გითხარით, რატომ უნდა მიდიოდნენ ბურჭულაძისნაირი ადამიანები პოლიტიკაში. მხოლოდ ერთს დავამატებ: ყველა გაიძახის, მოგვბეზრდა ერთი და იგივე ხალხი, ახალი სახეები სჭირდება პოლიტიკასო და თუ ვინმე გამოჩნდა, მაშინვე ვეტაკებით - რა გინდა პოლიტიკაშიო. იქნებ გავარკვიოთ, ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა. გვჭირდება თუ არა ახალი სისხლი, ახალი იდეები და ახალი ადამიანები.

რაც შეეხება "ოცნების" გავრცელებულ მითს, რომ ბურჭულაძე "ნაციონალების" სატელიტია, გული მწყდება, რომ "ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს და ცდილობს, მათგან ყველანაირი სიგლახე ისწავლოს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს პარტია არ მომწონს. უაპელაციოდ იარლიყების მიწებება, კონკურენტის ვიღაცის აგენტად გამოცხადება "ნაციონალების" მეთოდი იყო. ასე მოიქცნენ ისინი, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. მას პუტინის სატელიტის იარლიყი მიაწებეს. მათთვის პუტინი იყო ბუა, "ოცნებისთვის" კი ბუა სააკაშვილია და ვისიც ეშინიათ, "ნაციონალების" სატელიტის იარლიყს აკრავენ. ასე რომ, ამ ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ. ჩემი ადგილი არასდროს იქნება "ნაციონალების" გვერდით... გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი. იმედია, ყველაფერი გამომივა.