მე, იმედი და ქართული ფეხბურთი - კვირის პალიტრა

მე, იმედი და ქართული ფეხბურთი

ფეხბურთის უცნაური გულშემატკივარი ვარ. შემიძლია "ბარსელონა" - "რეალის" მატჩს არ ვუყურო, მაგრამ საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების თამაში არ გამოვტოვო. ამიტომ ჩემს თავს ფეხბურთის გულშემატკივარს არ ვეძახი, მხოლოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ.

დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა "პრემიერლიგის" ან "სერია A"-ს მატჩებზე ღამეს ვათენებდი. ჩემპიონთა ლიგასაც კი უკვე წლებია, მხოლოდ მეოთხედფინალებიდან ან საუკეთესო შემთხვევაში მერვედფინალებიდან ვუყურებ. სამაგიეროდ, არ ჩაბარდა წარსულს ჩემი ბავშვობისდროინდელი ჩვეულება: ყოველ დღე წავიკითხო სპორტული გაზეთი, რათა ქართული ფეხბურთის ამბებს გავეცნო.

იტყვით, ალბათ, რაღაა გასაცნობი, ან წასაკითხიო, საერთოდ სადღაა ქართული ფეხბურთიო, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მახსოვს, სტუდენტობის დროს სპორტული გაზეთების ყიდვის ფული რომ არ მქონდა, როდესაც ლექციებიდან სახლში ვბრუნდებოდი (ბათუმში გაზეთები შუადღის პირველ საათზე ჩამოდიოდა), ავტობუსის გაჩერებაზე გაზეთის სტელაჟებთან მივდიოდი და გამყიდველს ვთხოვდი მათი გადათვალიერების უფლება მოეცა. შესაბამისად, ზოგი კეთილი იყო და მაძლევდა საშუალებას, ზოგიც ისეთი თვალით ამომხედავდა, მერჩივნა, იქ დიდხანს აღარ გავჩერებულიყავი. მერე ერთ ქალს დავუმეგობრდი და ყოველ დღე მისი სტუმარი ვიყავი. დიდსულოვნად მითმობდა რამდენიმე წუთით გასაყიდ გაზეთებს. ფაქტობრივად, "სარბიელი" და "თერთმეტი თერტმეთი" იყო ჩემი მთავარი სიხარულის წყარო. გულისფანცქალით ვეძებდი ინფორმაციებს რომელიმე ქართველი ფეხბურთელის კარგ ლიგაში და კარგ გუნდში გადასვლის შესახებ.

დღევანდელისგან განსხვავებით, ასეთი ინფორმაცია მაშინ  შეიძლება ბევრი არა, მაგრამ არც ცოტა იყო. ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ ინგლისის, იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის ჩემპიონატებში. სამაგიეროდ, მაშინ არ იყო ამდენი სპორტული არხი, ის კი არა, შუქიც არ იყო. როცა იყო და რუსული არხები ან "ნიუკასლის", ან "აიაქსის" თამაშს უჩვენებდნენ, მზად ვიყავი ცხრა მთა გადამევლო, რომ სადმე ქეცბაიას ან არველაძის თამაშისთვის მეყურებინა, რადგან მე საკაბელო არხები სახლში არ მქონდა.

განსაკუთრებული სიამაყით მავსებდა, სხვა ქვეყნის სპორტული კომენტატორების მოსმენა (ძირითადად ესენი რუსი კომენტატორები იყვნენ), როდესაც ისინი ქართველ ფეხბურთელებს აქებდნენ. ჯანაშიას ხათრით მოსკოვის ლოკომოტივის თამაშებსაც კი ვუყურებდი. რა დამავიწყებს მის გატანილ გოლს რომის "ლაციოს" კარში ან ქეცბაიას მიერ დალეწილ სარეკლამო ბანერებს, ყუმბარასავით გასროლას "პარტიზანის" კარში, მის თამაშს ალან შირერის გვერდით, შოთას არველაძის ლაუდრუპის და დე ბურების მხარდამხარ ჩატარებულ მატჩებს, მის გოლებს, და იმედს, რომ ქინქლაძე ოდესმე ისევ გაიბრწყინებდა.

მოკლედ, 90-იანებში ქართველი ფეხურთელების წარმატება სხვადასხვა კლუბებში ჩემი ერთადერთი სიხარული იყო და ამის შესახებ ინფორმაციას ქუჩაში გაზეთის სტელაჟებთან მათხოვარივით ატუზული, სპორტული გაზეთების კითხვით ვიღებდი. ზოგიერთი სტატიის სათაური დღემდე მახსოვს.

სამწუხაროდ, ნაკრები წარმატებას ვერ აღწევდა და ჩემთვის სიხარულის მომნიჭებელი ქართველი ფეხბურთლები, ქეცბაიას გარდა, ნაკრებში ძირითადად უჯიგროდ თამაშობდნენ. შედეგად მეც სხვა გულშემატკივრების მსგავსად მათ ლანძღვას ვიწყებდი, თუმცა კლუბებში დაბრუნებულებისგან ისევ გულისფანცქალით ველოდი გოლებს. მერე მათ დაემატათ კალაძე, რომელიც მალდინის გვერდით და ზიდანის წინააღმდეგ თამაშობდა და ეს ყველაფერი ჩემთვის სიზმარს ჰგავდა...

დღეს ქართველ გულშემატკივარს ეს სიხარულიც აღარ აქვს, ქართველი ფეხბურთელები არათუ წამყვან ევროპულ ლიგებში, საშუალო ჩემპიონატების საშუალო გუნდებშიც კი ვერ  ხვდებიან, ან თუ ხვდებიან, მერე იქ ძირითადად დროს სათადარიგო სკამზე ატარებენ. ნაკრების ლიდერები თამაშობენ რუსულ, უკრანულ ან პოლონურ გუნდებში და დიდწილად "ისვენებენ". დღეს სპორტული გაზეთებიდან ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სიხარული არ მოდის. თუმცა სპორტული პრესის ყოველ დღე კითხვას ვერ გადავეჩვიე. ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ტრადიციაა და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.

უბრალოდ, დღეს ორი განსხვავებაა: ახლა უკვე სპორტულ მედიას ინტერნეტში ვკითხულობ და ფეხბურთზე მეტად ქართველი კალათბურთელების წარმატებით ვინტერესდები, ფაჩულიას, შერმადინის ამბებს ვეცნობი და მერე ვუბრუნდები ფეხბურთს (ეს რომ ვინმეს ჩემთვის 90-იანებში ეთქვა, ჯერ კალათბურთს მოძებნი გაზეთში და მერე ფეხბურთსო, ძალიან აღვშფოთდებოდი); ვბრუნდები იმ იმედით, რომ იქნებ, რომელიმე ქართველმა ფეხუბრთელმა სადმე მიზანში გაისროლა ან რომელიმე კლუბის ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა.

ნათქვამია, იმედი ბოლოს კვდებაო და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის იმედი ყველაზე სიცოცლხისუნარიანი გამოდგა. ამდენი კლინიკური სიკვდილი ალბათ არავის და არაფერს გადაუტანია, მაგრამ ის ისევ ცოცხალია. მერე რა, რომ ყოველი შესარჩევი ციკლის შუაში უკვე თეორიულ შანსებზეც აღარ ვსაუბრობთ. დანიშნავენ ახალ მწვრთნელს, გამოჩნდება რომელიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხურთელი და იმედი ისევ აკაიფდება.

ბოლო იმედის აკიაფება კახა ცხადაძის მწვრთნელობის პერიოდს უკავშირდებოდა. მაშინ, როგორც იქნა, ნაკრებს მწვრთნელის ხელი დაეტყო, მაგრამ მოვიდა ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობა და პირადი ბოღმის თუ პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო ცხადაძე გააგდეს. ის ალბათ ერთადერთი მწვრთნელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელიც იმის გამო არ მოუხსნიათ, რომ ცუდი შედეგები ჰქონდა. უფრო პირიქით - მგონი, კარგი შედეგების გამო მოხსნეს. ცუდ შთაბეჭდილებას არც ვლადიმერ ვაისი ტოვებს. მანაც შეძლო ნაკრებისთვის ხელი დაეტყო, მაგრამ მას ეს შესარჩევი ციკლი გუნდის გასაცნობად და თავისი იდეების ფეხბურთელებამდე მისატანად დაჭირდება. ცხადაძეს კი ეს ეტაპი უკვე გავლილი ჰქონდა და ამ ციკლში მისგან უკვე შედეგს მოვითხოვდით. ვაისს კი რა უნდა მოთხოვოთ?

ერთადერთი, ვინც პასუხი უნდა აგოს შესარჩევი ციკლის მორიგ ჩავარდნაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია, რომელმაც არჩევნებში შსს-ს და კალაძის დახმარებით გაიმარჯვა და მალევე წარმატებული მწვრთნელი გაუშვა, შედეგად მორიგი იმედი დაგვისამარა, თუმცა როდის ყოფილა ჩვენთან პასუხი იმას ეგოს, ვისაც ეკუთვნოდა?!

ახლა ქართული ფეხბურთის ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია, რომ მორიგი იმედის აღმოცენებას დაველოდოთ. პირველი სიმპტომები უკვე გააჩინა ნაკრების უკანასკნელმა თამაშმა ლატვიასთან. მართალია, ეს თამაში ამხანაგური იყო და ლატვიაც ძალიან უმოტივაციოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ხუთით ნოლი და მეტ-ნაკლებად გამართული ფეხბურთის ჩვენება, იმედის მარცვლის გასაღვივებლად საკმარისი აღმოჩნდა. მორიგი ახალგაზრდა ტალანტის, არაბიძის გამოჩენა და გაბრწყინება წყალს უსხამს გაღვივებულ მარცვალს. იმედია, იმედის მარცვალი ბოლოსდაბოლოს ხედ გადაიქცევა და როგორც ადრე, ისევ ამოუსვლელად არ ჩალპება ნიადაგში! თუ ეს მოხდა, შემდეგ უკვე ნაყოფსაც მივიღებთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქუჩაზეც ხომ უნდა მოვიდეს გაზაფხული?! წარმოუდგენელია, ერთ დღეს ქართველებმა ფეხბურთის თამაში არ გაიხსენონ.