ძირს "მწეველთა უფლებები!"
ძირს "მწეველთა უფლებები!"
ძირს "მწეველთა უფლებები"! - შემთხვევით არ ჩამისვამს ეს სიტყვები ბრჭყალებში. სინამდვილეში არანაირი "მწეველთა უფლებები" არ არსებობს. შეუძლებელია შენ გქონდეს უფლება სხვას ზიანი მიაყენო?! ვინც იმას ვერ ხვდება, რომ რესტორანში სხვისთვის სახეში მიბოლება მისი უფლება არ არის, მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! ვინც მზად არის თავისი რამდენიმე წუთიანი სიამოვნების გამო, რესტორნის პერსონალი მთელი დღე გაჭვარტლულ ოთახში მუშაობისთვის გაწიროს, თავად უნდა გამოკეტო გაბუღულ ოთახში და იქიდან არ გამოუშვა!

როგორც იქნა, პარლამენტმა რაღაც
სასარგებლო გააკეთა და"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში; ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. აკრძალვა არ ეხება საკუთარ სახლებს და ციხეებს, სამაგიეროდ ეხება რესტორნებსა და ბარებს. ყველაზე დიდი ვნებათაღელვა სწორედ ამ
აკრძალვამ გამოიწვია.

ატყდა გნიასი: ხინკალს რომ შევჭამ და ლუდს დავაყოლებ, მერე მოსაწევად ქუჩაში რატომ უნდა გავიდეო! ქალები იმაზე წუხან ბარებში ყავის დასალევად და სიგარეტის მოსაწევად შევდივართო და ა. შ. გამოსავალიც იპოვეს, ბარები და რესტორნები მწეველების და არამწეველების ზონებად დაიყოსო.

ზონებად დღესაც არის დაყოფილი, მაგრამ ეს არ მუშაობს თამბაქოს კვამლი ზონებს არ ემორჩილება, მთელ დარბაზში ვრცელდება და ვერანაირი გამომწოვი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი დარბაზში არ გაიბოლოს.

მაშინ ყველა ბარი, კაფე და რესტორანი უნდა დაავალდებულო, რომ გააკეთოს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დარბაზი მწეველებისთვის და არამწეველებისთვის.

აქ ორი პრობლემაა:

  1. კაფეების უმეტესობა ისეთი პატარაა, რომ იქ ორი დარბაზი კი არა ერთნახევარიც არ გამოვა. ტერიტორია რომც გქონდეს, რთულია ერთ სართულზე ისე გაყო დარბაზი, რომ კვამლი მეორეში არ გადავიდეს. მაშინ მინიმუმ ორი სართული უნდა გქონდეს. ამიტომ ასეთი დაშვებით კაფეების დიდ ნაწილს გასაკოტრებლად გავწირავთ, რადგან უპირატეს ვითარებში ჩავაყენებთ დიდ რესტორნებს, რომლებსაც რამდენიმე სართული აქვთ.
  2. თეორიულად რომც წარმოვიდგინოთ, ყველა კაფემ და რესტორანმა მოახერხა ორი ერთმანეთისგან იზოლირებული დარბაზის გაკეთება, რას ვუშვრებით მომსახურე პერსონალს? მწეველთა დარბაზსაც ხომ უნდა მოემსახურონ ოფიციანტები? მათზე ფიქრობს ვინმე? ესე იგი, იმისთვის რომ რამდენიმე წუთიანი სიამოვნება მივიღოთ, მზად ვართ ეს ადამიანები მთელი დღე გაბუღულ ოთახში ყოფნისთვის გავწიროთ. დილიდან საღამომდე ოფიციანტები სუნთქავენ სიგარეტის კვამლს და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციანტი თავად მწეველია, თუ არა. პირიქით, თუ მწეველია, მისი ჯანმრთელობა ორმაგად ზიანდება! დღეს ოფიცინტების სამუშაო პირობები ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია, ვიდრე მაღაროელის პირობები. ჩვენ მათ რა არჩევანის წინაშე ვაყენებთ: ან იმუშავე და მიაყენე ზიანი შენს ჯანმრთელობას, ან იყავი ჯანმრთელი, მაგრამ უმუშევარი. ესაა მათდამი თქვენი შეთავაზება მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდათ ოდნავ შეწუხდეთ და მოსაწევად გარეთ გახვიდეთ?
ყველაფერთან ერთად დახურულ სივრცეში აკრძალვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რესტორანში, ან კაფეში საერთოდ ვერ მოწევთ? თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მოწევა ყველა იმ რესტორანსა და კაფეში, რომელსაც ღია ტერასები აქვს ან მაგიდები აქვს გამოდგმული ქუჩაში. ღია სივრცეში მოწევა არ იკრძალება! ამაზე აყვირდნენ, ზამთარში რა ვქნათ, გარეთ როგორ დავსხდეთ, შეგვცივდებაო. დადგან რესტორნებმა გარეთ ყველა მაგიდასთან გამათბობლები, როგორც ევროპაშია და აღარ შეგცივდებათ. თან, მე ხომ არ დამიძალებია თქვენთვის სიგარეტის მოწევა?
ეს შენი არჩევანია და შენ მეუბნები, რომ, რადგან მე სიგარეტი მინდა, მაგრამ არ მინდა თავის შეწუხება, მოდი და ჩემი ბოლი ყლაპეო. ეს სამართლიანია?! მე არ დამიძალებია თქვენთვის სიგარეტის მოწევა და შენ რატომ მაძალებ? არადა, მაძალებ, როცა ჩემთან ერთად ერთ ოთახში ეწევი!

ეს პრობლემა ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია მოაგვარა და მოაგვარა სწორედ აკრძალვით. სხვანარად არ გვარდება. თუ არ კრძალავ, გაქვს ისეთი მდგომარეობა, როგორიც დღეს არის საქართველოში: საკუთარი ნებით არცერთი რესტორანი არ გადაკეთდება არამწეველების რესტორნად. დღეს თბილისში ნახავ რამდენიმე კაფეს არამწეველებისთვის, მაგრამ რესტორანს ვერ ნახავ. თუ ხინკალი გინდა, ან მწვადი აუცილებლად უნდა ყლაპო თამბაქოს კვამლი. სხვა არჩევანი არ არსებობს! ასევე ვერ ნახავ ღამის კლუბს არამწეველებისთვის. პირადად მე, უკვე აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ღამის კლუბში, სწორედ იმიტომ, რომ არ მინდა სიგარეტის კვამლით დავიხრჩო.

ახლა მთაავარია, პარლამენტმა იმის შიშით, რომ არჩევნები მოდის ამ აკრძალვების ამოქმედება დიდი ხნით არ გადაავადოს და რაც მთავარია, კანონის აღსრულება იყოს ეფექტიანი! თუ კანონი მიიღე, მაგრამ არ გააკონტროლე როგორ სრულდება, მაშინ რა აზრი აქვს მის მიღებას? არადა, ეს მარტივი საქმე არ იქნება. მთვრალი ქართველი კაცი დაემორჩილება კი რესტორინის პერსონალის მოთხოვნას?! იმედია, სიაგრეტის გამო ჩხუბს და თავპირისმტვრევას არ დავიწყებთ და ვიქნებით კანონმორჩილი მოქალაქეები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

მძღოლ-ს
04 მაისი 2018 12:15
მანქანას ოთახში დაქოქავ?მერედა სიგარეტისგან და მანქანისგან ერთი და იგივე მოცულობის კვამლი გამოდის?თავი რომ მოგაქვს ჭკვიანად, ერთი დღის მუშაქობით ეგ შენი მანქანა იმდენ კვამლს გამოუშვებს რასაც მწევლის სიგარეტი ერთი წელი ვერ შესძლებს,კიდე აქეთ ჯინაობ?აბსოლუტურად სწორია ამ მხრივ მწეველთა მიდგომა რატო უნდა ვისუნთქო ვიღაც პეტრეს კომფორტულად მგზავრობის გამო მანქანის ,როცა იმ პეტრეს სულ ფეხებზე კიდია ჩემი არათუ კომფორტი არამედ მოთხოვნილება.რაც შეეხება სტატიის ავტორს გაითვალისწინოს რომ ოფიციანტებიც არსებობენ მწევლები,შეეძლოთ დაეყოთ დაწესებულებები მწევლებისთვის და არამწევლებისთვის განკუთვნილ სივრცეებად,შეეძლოთ გამოეყოთ შენობებში მოსაწევი ოთახები,ათასი რამ შეეძლოთ.ყველა გადახურულში რომ აკრძალეს მოწევა,ფეხებზე დაიკიდეს ის ხალხი ვინც ამას შეჩვეულია ,არადა ნარკომანია დააკანონონ ლამის.ასე დაუფიქრებლად მიღებული ეს კანონი ცალკე ათას პიროვნულ კონფლიქს გამოიწვევს,ცალკე სარესტორნო ბიზნესს უტირებს დედას,ცალკე სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას შეაფერხებს.რა ცოტაა სახელმწიფო სტუქტურებში მწეველთა რაოდენობა?გამოეყოთ სართულებზე თითო ოთახი და მოწევდნენ იქ,მე-10 სართულიდან უნდა ჩამოვიდეს ადამიანი მოსაწევად?რაც შეეხება აქაურ ტვინგადაღრეცილებს და ჰიტლერებს ყველა მწეველი უნდა დახვრიტოო რომ წერენ ამათ პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლი,ბიჭია და რეალურად თქვას ქუჩაში ესე
ვეხმაურები მძღოლს
02 მაისი 2018 13:03
1 ,,გონიერო" შეგახსენებ რომ ატმოსფეროსაც საზღვარი აქვს როგორც შენობას და მხოლოდ მძღოლების არაა ეს ატმოსფერო.ზუსტად რომ, რა მორალური უფლება გაქვს სხვას აუკრძალო საერთო სივრცით სარგებლობა,როდესაც შენ არ სარგებლობ მსგავსად ამ სივრცით,მაშინ როცა თვითონ სარგებლობ საერთო სივრცით ისე, რომ სხვა არ სარგებლობს შენს მსგავსად.კერძო მანქანების გამონაბოლქვი ნაკლებად ლახავს იმ ადამიანთა უფლებებს ვინც არ სარგებლოს კერძო მანქანით?(თამბაქოს მე-16 საუკუნიდან ეწევიან ადამიანები და დამტკიცებული ფაქტია,რომ იმის მეათედად არ დაუბინძურებია სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰაერი ,რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებამ დააბინძურა) ბოლო ბოლო, იქ სადაც ეწევიან შეგიძლია არ გაჩერდე მაინც და ამ მძღოლებისგან დაბინძურებულ ატრმოსფეროს რა ვუყოთ?მარსზე გადავიდეთ ვინც არ ვსარგებლობთ ავტომონილებით?დავიტოვოთ მაშინ მხოლოდ გადაადგილებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.2 აქ რომ წერ მაშინ ოთახში შემოვიყვან მანქანასო და იქ ვამუშავებო,ერთნაირად ვიმოქმედოთ გარეთო,ერთნაირად მოქმედება მანქანით და სიგარეტით რას ქვია?მანქანები ისედაც სწორედ გარეთ გზებზე უქმნის კომფორტს მისით მოსარგებლეს,რა ხეირს მოგცემს პირადად ოთახში მანქანის შემოყვანა ან შენ და ან ვინმეს?.ხოლო მწეველ ადამიანებს ფიზიოლოგიური დამოკიდებულება აქვთ სიგარეტზე და მრავალსართულიანი საზოგადოებრივი შენობებიდან ყოველ საათში სიგარეტის მოსაწევად გამოსვლა როგორც მინიმუმ ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის მწევლებს (თუ დიდ პრობლემებს არა) .ეს მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ავიტანოთ გარემოს დაბინძურება შენნაირირების კომფორტისთვის? და თან ჯიბრით საუბრობ კიდევ,ამას ეძახი ადამიანობას და გონიერებას?ეს ერთი იცოდე ,,გონიერო",ჯერ მორალია და შემდეგაა ნებისმიერი კანონი თუ წესი,მორალიდან უნდა გამომდინარეობდეს ეს წესები და არა პირიქით.წესად და კანონად სხვადასხვა დროს ძალიან ბევრი ამორალურობა იყო მიჩნეული და დადგენილი,მაგრამ ზუსტად ის რომ მაღალი მორალის და ზნეობის ადამიანები ამ ამორალურობას არ ეთანხმებოდნენ განაპირობებდა მათ ცვლილებას ადამიანთა საზოგადოების პროგრესს.არავინ დაობს სიგარეტის მავნებლობაზე როგორც აქტიური ასევე პასიური მწევლებისათვის,მაგრამ სამართლიანი და მორალური ის იქნებოდა რომ შეძლებისდაგვარად კომპრომისული გამოსავალი ეპოვათ ჩვენს ,,გონიერ"კანონმდებლებს(მაგალითად შეიძლებოდა რეგულაციების გამკაცრება სპეციალურად მოსაწევ ადგილებთან დაკავშირებით და ა. შ) და არა ერთი ნაწილის უფლებათა სრული დაცვა მოეხდინათ მეორის მოთხოვნილებების სრული უგულვებელყოფის ხარჯზე,მაშინ როდესაც ანალოგიურ საკითხებში(თუნდაც ისევ და ისევ კერძო ავტომფლობელობასთან დაკავშირებით) ანალოგიური მიდგომა არ ხდება.
..........
30 ივნისი 2017 12:18
ჩემი აზრით კი ყველა მწეველი უნდა დახვრიტო რომ სხვასაც არ მოუწამლონ ორგანიზმი და საერთოდ ცხოვრება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები