რატომ აღარ არის საჭირო რუსული ენის სწავლა...
12-04-2017
რატომ აღარ არის საჭირო რუსული ენის სწავლა...
რუსული გაცილებით უკეთ ვიცი, ვიდრე ინგლისური. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ჩემმა შვილმა უპირველესად ინგლისური უნდა ისწავლოს, ხოლო რუსულს ისწავლის თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე თუ მკითხავთ, რუსულის სწავლების აუცილებლობა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და როდესაც სოცალურ ქსელში ამაზე კამათი ისევ ვნახე, ძალიან გამიკვირდა.

საბჭოთა კავშირის დროს რუსულის ცოდნა უაღრესად საჭირო საქმე იყო, რადგან თუ რუსული არ იცოდი, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდი. ახლა ასე არაა. ახლა ეს როლი ინგლისურს
აქვს და რუსულის პრაქტიკული საჭიროება თითქმის არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენ საბჭოთა ეპოქაში გაზრდილ მშობლებს ვერ წარმოგვიდგენია, რუსული როგორ არ უნდა ისწავლოს ბავშვმა, მაგრამ, აბა დაფიქრდით, რაში სჭირდება ის მას?

ვიცი მეტყვით, რუსული ის ენაა, რომელიც ჩვენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონში ყველაზე მეტად არის გავრცელებული, ამიტომ რუსულ
ენას ჩვენთვის პოლიტიკურ-კულტურული მნიშვნელობა აქვსო; იგი დაგვეხმარება დავამყაროთ კავშირები, რუს, უკრაინელ და ბელორუს მეზობლებთანო; უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი კულტურის სიახლოვე რუსულ კულტურასთან; ჩეხოვი და დოსტოევსკი ორიგინალში ხომ უნდა წაიკითხოს ბავშვმაო და ა. შ.

ვფიქრობ, მხოლოდ იმის გამო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული კარგად იციან, არ ღირს საქართველოში საბჭოთა ტრადიციის გაგრძელება და ამ ენის ინგლისურთან ერთად სავალდებულო უცხო ენად გადაქცევა. ჩამოთვლილ ყველა ქვეყანაში, საქართვლოზე არანაკლები მონდომებით სწავლობენ ინგლისურს, მათ შორის რუსეთშიც. იქ ამისთვის ათას საშუალებას და მეთოდს იგონებენ. ქმნიან სპეციალურ არხებს. ნაძლევს ჩამოვალ, ჩვენი შვილების თაობა, თავის რუს, უკრაინელ თუ ყაზახ თანატოლებთან თავისუფლად მოახერხებს ინგლისურ ენაზე ურთიერთობას. საყველპურო ინგლისური, ამ ქვეყნებში ჩვენს თაობაშიც უკვე მასობრივად იციან.

ვერც ის ფაქტი მარწმუნებს რუსულის საყოველთაოდ ცოდნის აუცილებლობაში, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ასე თურქეთიც მეზობელია და თურქულიც სავალდებულო უცხო ენად გამოვაცხადოთ მაშინ.

რაც შეეხება სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობას, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ჩვენს შორის კონფლიქტის თავი და თავი ენობრივი ბარიერი არ არის და არც ის ცვლის დღეს რამეს, ჩვენ რომ ყველანი რუსულად ვლაპარაკობთ. ჩვენს შორის პოლიტიკური შეთანხმება თუ მოხერხდება, ერთმანეთს როგორმე გავაგებინებთ. ოსებს ქართულად საუბარი არასდროს უჭირდათ. რაც შეეხება აფხაზებს, საქართველოში აფხაზური ენა მეორე სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული და თუ აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდა, ხოლო იქ დაბრუნებულმა ქართველებმა აფხაზური არ ისწავლეს, აფხაზებმა კი - ქართული, მაშინ გამოვა, რომ კონსტიტუციაში მესამე სახელმწიფო ენად რუსული უნდა ჩავწეროთ.
თუ აფხაზეთში დავბრუნდებით, ეს იქნება სტიმული იმისთვის, რომ იქ დაბრუნებულმა ქართველებმა ისწავლონ აფხაზური, ხოლო იმ აფხაზებმა ვისაც დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობა სურს, ქართული. დარწმუნებული ვარ, აფხაზებს და ქართველებს შორის კონფლიქტი არ მოხდებოდა, იქ მცხოვრებ ქართველებს აფხაზებისადმი ცოტა მეტი პატივისცემა რომ გამოეჩინათ და აფხაზური ენა ესწავლათ.

ახლა რაც შეეხება ჩვენი კულტურის სიახლოვეს რუსულ კულტურასთან, დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ამ არგუმენტს იშველიებს, კარგად იცის, როგორი სიახლოვე ჰქონდა ქართულ კულტურას სპარსულთან. სად მოვა ამ სიახლოვესთან ჩვენი და რუსული კულტურების ურთიერთობა! დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცის, რა გავლენა მოახდინა თუნდაც სპარსულმა პოეზიამ ქართულ პოეზიაზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ არა სპარსული ლიტერატურა, ჩვენ არ გვექნებოდა "ვეფხისტყაოსანი".

პოეტი-მეფე თეიმურაზი წერდა: "მძიმე არს ენა ქართველთა" და "სპარსულ ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანიო". სპარსული კულტურა არა მარტო პოეზიაში, მთლიანად ჩვენს ყოფაში იყო შემოჭრილი. ალბათ, ერეკლე მეფის და ინგილო ქალის ამბავიც გახსოვთ. დარწმუნებული ვარ, მაშინდელმა ქართულმა არისტოკრატიამ ისევე იცოდა სპარსული, როგორც დღეს ჩვენ რუსული ვიცით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, მათ მაშინ ისევე ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა შვილებისთვის სპარსული არ ესწავლებინათ, როგორც დღეს ჩვენთან ბევრს რუსულის გარეშე შვილის აღზრდა ვერ წარმოუდგენია, მაგრამ სპარსული ენა მალევე ჩაანაცვლა რუსულმა. თავის დროზე, სპარსულმა ალბათ თურქული ჩაანაცვლა, შეიძლება არაბული, ან ბერძნული და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ბილინგვური ერი ვიყავით.
დღეს დადგა დრო, რომ რუსულიც ჩანაცვლდეს. ეს საქართველოსთვის ბუნებრივი პროცესია.

რუსული ენის სწავლების აკრძალვას დღეს საქართველოში ცოტა ვინმე თუ ითხოვს, მაგრამ აუცილებელი უცხო ენა ის, აღარ უნდა იყოს. აქ მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი... აუცილებელი უცხო ენა იქნება ინგლისური, ხოლო რუსული - არჩევითი. ვისაც უნდა, მეორე უცხო ენად აირჩევს რუსულს, ან ფრანგულს, ან გერმანულს და ა.შ. კარგი იქნება, ქართულ სკოლებში ესპანური და თურქული ენების სწავლებაც თუ შემოვა.

იმაზე ლაპარაკი, რომ რუსული ენა საქართველოში ისევე მასობრივად უნდა იცოდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ვფიქრობ, ზედმეტია. ჯერ ერთი, ამის არც პრაგმატული საჭიროება არსებობს და პოლიტიკურადაც გაუმართლებელი მგონია, უფრო მეტიც - საზიანო და საშიშია!

როცა ქვეყანაში მასობრივად იციან რუსული, რუსეთისთვის იოლია თავისი პროპაგანდის თავზე მოხვევა და ჩვენი მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვა. პლუს ამას სიმბოლური დატვირთვაც აქვს: რუსი რომ საქართველოში ჩამოდის, უნდა ხვდებოდეს, რომ სხვა ქვეყანაში მოხვდა და არა რუსეთის რომელიმე რეგიონში, სადაც მას შეუძლია თავისუფლად ელაპარაკოს ყველას საკუთარ ენაზე, ისე, თითქოს მოსკოვის გარეუბანში ჩავიდა. დროა, საქართველოში ჩამოსულმა რუსმა თავი სტუმრად იგრძნოს და არა მასპინძლად.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

თამაზი
17 ივლისი 2017 10:45
მასობრივად ინგლისური თუ იცი თავის იდეოლოგიას არ მოგახვევენ თუ რა თქვენი ლოგიკით ასე გამოდის
..........
30 ივნისი 2017 12:30
რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარ. როგორც ვიცი ევჟოპაშიც არანაკლებ აქტუალურია რუსული ენის თუნდაც იმიტომ რომ ყველა გერმანელს და ფრანგს ორგანულად ეზიზღებათ ყველაფერი ინგლისური და მათ შორის ენაც და თუ ამის უკიდურესი საჭიროება არ არსებობს არც ფრანგი და არც გერმანელი არ დაგელაპარაკება ინგლისურად. რუსულ ენაზე მოლაპარაკე მილიარდამდე ადამიანს შეიძლება შეხვდე დედამიწაზე და რატომ არ უნდა იცოდე ეს ენა თუ ენის ცოდნაც მოდის მიხედვით არის ამ ერთ ფურთხისხელა საქართველოში და ამ მოდას ვიღაც ჩიქორთული აქცენტით ინგლისურად"მოლაპარაკე სვეცკი გოიმები" გვიწესებენ თუ რა?
zura
03 მაისი 2017 09:19
ანა ნამდვილად გაუნათლებელი და შეუგნებელი პიროვნებაა. რაც შეეხება ენებს მწყინს რომ საქართველოში დღეს ქართული ენა სრულიად დაუცველია.საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ენის პალატა /მგონი ასე ერქვა/ რომელიც იბრძოდა ქართული ენის დასაცავად.სოფლებშიც კი მაღაზიებზე და სხვა დაწესებულებებზე თითქმის სულ ინგლისური წარწერები გვხვდება და მე სულაც ვერა ვგრძნობ რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობ . ისე ნორმალური ადამიანისათვის როგორც უცხო ენა რუსულიც საჭიროა და ინგლისურიც.

რედაქტორის რჩევით