როგორ შესწირა ხელისუფლებამ დემოკრატია 7 მანდატს - "ოცნება" ისეთივე, როგორც შევარდნაძის "მოქკავშირი" და სააკაშვილის "ნაცმოძრაობა"
26-04-2017
როგორ შესწირა ხელისუფლებამ დემოკრატია 7 მანდატს - "ოცნება" ისეთივე, როგორც შევარდნაძის "მოქკავშირი" და სააკაშვილის "ნაცმოძრაობა"
დღევანდელი ხელისუფლება საბოლოოდ ყალიბდება ჩვეულებრივ ავტორიტარულ რეჟიმად. ისიც, როგორც აქამდე არსებული ყველა ხელისუფლება, მალე მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება მისაღები. როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუცციო კომისია აღმოჩნდა ფარსი, რომელიც დემოკრატობანას თამაშსს ემსახურებდა. დემორკატობანას თამაში კი ავტორიტარული რეჟიმების საყვარელი გასართობია.

არადა, კონსტიტუცია უნდა იყოს თანხმობის დოკუმენტი. მასზე მთელი ქვეყანა თუ არა, ძირითადი მოთამაშეები მაინც უნდა იყვნენ შეთანხმებულები. ჩვენ კი, სულ მხოლოდ ხელისუფლების მოსაწონ კონსტიტუციას ვიღებთ.

ჯერ გვქონდა შევარდნაძის კონსტიტუცია, მერე -

სააკაშვილის, ახლა გვექნება "ოცნების". კონსტიტუცია კი ქვეყნის უნდა იყო.

ის ასე იწყება: "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი... ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას". სწორედ ამიტომ უნდა იყოს კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტი, სწორედ ამიტომ ითხოვს პროცედურა საერთო-სახალხო განხილვებს, რომელიც ჩვენთან ყოველთვის ფორმალობაა. დიახ კონსტიტუცია ქვეყნის უნდა იყოს, რადგან მას
"საქართველოს კონსტიტუცია" ჰქვია, მაგრამ ვის აინტერესებს ქვეყანა, როდესაც საქმე სკამის შენარჩუნებას შეეხება?!

მთავარი პრობლემა პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის. პირადად მე, სულ არ მადარდებს უუფლებო პრეზიდენტს როგორ აირჩევენ. პირიქით, ამ საკითხში "ოცნებას" ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემაში, სადაც პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური უფლებები აქვს, ის სწორედ პარლამენტმა, ან სპეციალურმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.

ამბობენ, თუ ხალხი აირჩევს, ერთპარტიულ ძალაუფლებას დააბალანსებსო, როგორ დააბალანსებს, როდესაც წინააღდმეგობის გაწევის არანაირი საშუალება არ აქვს?! სამაგიეროდ, თუ ხალხი აირჩევს, მაშინ კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიაც უნდა ჩაატარონ. ასეთ დროს კი, საარჩევნო კამპანია მარაზმს დაემსგავსება. კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატები ხალხს რას უნდა დაპირდნენ? - უნდა უთხრან, რომ კარგი არბიტრები იქნებიან, რომ ბევრ ვეტოს დაადებენ კანონებს? ის საკითხები, რაც ხალხს ადარდებს, - უმუშევრობა, სიღარიბე, უსაფრთხოება, ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, არაფერი პრეზიდენტის გამგებლობაში აღარ შედის. სწორედ ამიტომ გამოვა ასეთი საპრეზიდენტო არჩევნები მარაზმი და სწორედ ამიტომაც ვემხრობი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას.

კონსტიტუციის ახალი პროექტი სხვა რამის გამოა მიუღებელი.

პრეზიდენტის არჩევის წესი ამ საკითხთან შედარებისას მეასეხარისხოვანია. ესაა საარჩევნო სისტემა. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარი ძალაუფლება აქვს პარლამენტს, ამიტომაც ჰქვია საპარლამენტო. სწორედ ის ირჩევს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს. ხელისუფლება პარლამენტის არჩევნებზე იცვლება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პარლამენტის არჩევის წესია.

აი, აქ კი "ოცნება" ისევე იქცევა, როგორც "ნაციონალური მოძრაობა"და "მოქალაქეთა კავშირი". ვითომ წინა ხელისუფლებების მიერ დატოვებულ უსამართლო საარჩევნო სისტემას აუქმებს, მაგრამ არანაკლებ უსამართლო სისტემის დამკვიდრებას აპირებს.

"ოცნება" გვთავაზობს, რომ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას დარჩეს. გადაუნაწილებელი მანდატები იმ პარტიების ხმებია, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში ვერ მოხვდნენ, თუმცა არჩევნებზე გარკვეული პროცენტები დააგროვეს. აქამდე მოქმედი წესით, ეს პროცენტები პარლამენტში მოხვედრილ პარტიებზე თანაბრად ნაწილდებოდა.

ახლა "ოცნება" ამბობს: რადგან მაჟორიტარულ არჩევნებს ვაუქმებ, ყველა გადაუნაწილებელი მანდატი მე უნდა წავიღოო, ანუ "ოცნებას" იმის იმედი აქვს, რომ მომავალ არჩევნებში პირველ ადგილზე გავა, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ამომრჩეველთა 50% დაუჭერს მხარს, ამიტომ დებს კონსტიტუციაში ამ მუხლს. პლიუს დაბლა არ სწევს საარჩევნო ბარიერს (ის ისევ 5% იქნება) და კრძალავს პარტიების ბლოკებად გაერთიანებას, რათა რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური ძალა მოხვდეს პარლამენტში და რაც შეიძლება მეტი დარჩეს ეს გადაუნაწილებელი მანდატები.

2016 წლის არჩევნებზე ეს წესი რომ ყოფილიყო, "ოცნება" საჩუქრის სახით დამატებით 30 მანდატს მიიღებდა. როგორ ფიქრობთ, ეს სამართლიანია?

ოპოზიცია მმართველ ძალას სთავაზობდა, რომ ეს გადაუნაწილებელი მანდატებიც პროპორციულად განაწილებულიყო, ანუ ყველას იმდენი დამატებითი მანდატი მიეღო, რამდენი პროცენტიც ერგო არჩევნებზე, ანუ, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ხმების 40%-ს მიიღებს, ამ თავის ხმებს კიდევ გადაუნაწილებელი მანდატების 40 პროცენტს დაუმტებს, ხოლო თუ მეორე ადგილზე გასულ პარტიას ხმების 20% ექნება არჩევნებზე მიღებული, მას გადაუნაწილებელი მანდატების 20% დაემატება და ა. შ. განა ეს მიდგომა უფრო სამართლიანი არაა?

ეს მიდგომაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ სამართლიან უპირატესობას. "ოცნება" ამბობს, ოპოზიციის შემოთავაზებული სისტემით რომ ჩატარებულიყო 2016 წლის არჩევნები, მაშინ 30-ის მაგივრად 23 ხმა დაგვემატებოდა, ანუ სულ 7 ხმაშია განსხვავება და ამის გამო ატეხეთ ამხელა ამბავიო?

ამხელა ამბავი 7 ხმის გამო კი არა, უსამართლობის განცდის გამოა ატეხილი!

სამართლიანობის განცდა არის ყველგან და ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი.

სწორედ ეს არ ესმის "ოცნებას" ან არ უნდა რომ ესმოდეს. "ოცნების" წარმომადგენლების დასმული კითხვა სინამდვილეში პირიქით უნდა დაისვას: რა გამოდის, 7 მანდატის გამო ჩაშალა "ოცნებამ" თანხმობის პროცესი?! 7 მანდატს გადააყოლა იმის შესაძლებლობა, რომ პირველად 25 წლის განმავლობაში გვქონოდა კონსენსუსით მიღებული და არა ერთპარტიული კონსტიტუცია?!

რა უფრო დიდი ღირებულება იყო, რომ პირველად მიგვეღო კონსტიტუცია, რომელსაც ხელს ყველა ძირითადი მოთამაშე მოაწერდა თუ ეს შვიდი მანდატი?! რა უფრო დიდი ღირებულება იყო, რომ ოპონენტებსაც ეთქვათ: ხელისუფლებამ პირველად დაამკვიდრა სამართლიანი საარჩევნო სისტემაო თუ ეს შვიდი მანდატი?! რა უფრო დიდი ღირებულება იყო, ხალხს, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო საზოგადოებას ეთქვათ, რომ "ოცნება" დემოკრატიის და სამართლიანობის ერთგულიაო, თუ ეს შვიდი მანდატი?!

"ოცნებისთვის" ეს შვიდი მანდატი აღმოჩნდა ყველაფერ ამაზე უპირატესი!

გასაგებია, რომ ზოგჯერ შეიძლება შვიდ მანდატზე კი არა, ორ მანდატზეც აღმოჩნდეს დამოკიდებული შენი ხელისუფლებაში დარჩენის საკითხი... სინამდვილეში დემოკრატიას, შვიდ მანდატს კი არა, ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩენის სურვილს სწირავს ყველა და ცდილობს ისეთი სისტემა შექმნას, რომელიც მის დამარცხებას უკიდურესად გაართულებს, მაგრამ ყველა ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს:
როდესაც ქმნი სისტემას, რომელიც შენი შეცვლის შესაძლებლობას გამორიცხავს, მერე ყოველგვარი სისტემის გარეშე გცვლიან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ბაბუ
13 ივლისი 2017 16:50
დათოს. რომელი დეპუტატი ნახე, რომ თავის რაიონს მიხედა. თუ რამე გააკეთეს, მხოლოდ თავის სასარგებლოდ.
evrojorjia
26 აპრილი 2017 18:20
ვიტყოდი, კიდევ უფრო უარესი ვიდრე ედიკა და მიხო; რადგან ამ უკანასკნელებს ამდენი ვირეშმაკობა არ უხმარიათ რასაც ქოცობა სჩადის, საკმაოდ პირდაპირი და ღია იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში. აი ქოცები კი დაგვპირდებიან ყველაფერი რიგზეა არ აქვს ადგილი ამა თუ იმ ცვლილებასო და ჩუმჩუმად ყველაფერს აკეთებენ; მერე კიდევ ზოგიერთ ნაადვოკატარს "გააპრავებინებენ" ხოლმე ნამოქმედარს
დათო
26 აპრილი 2017 16:04
მაჟორიტარული არჩევნები არ უნდა გაუქმდეს, თვითოეულ რაიონს უნდა ყავდეს თავისი დეპუტატი, რომელიც თავს ვალდებულად ჩათვლის რაიონს მიხედოს.

რედაქტორის რჩევით