რატომ უნდა იყოს დედაქალაქი ქუთაისში?! - კვირის პალიტრა

რატომ უნდა იყოს დედაქალაქი ქუთაისში?!

დღეს, 2 მაისს ქუთაისობაა და კიდევ ერთხელ დავაყენებ ჩემს ძველ მოთხოვნას: გადავიდეს დედაქალაქი ქუთაისში. ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმოერიებ: ეს ეკონომკურადაც გამართლებული იქნება და ისტორიულადაც - სამართლიანი.

დღეს საქართველო თავკომბალა ქვეყანაა. ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი და მთელი ქვეყანა თბილისში საცხოვრებლად მოდის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თბილისი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ცენტრია. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ხერხდება სხვა ქალაქებიც ეკონომიკურად ასეთივე მიმზიდველი გახდეს, ამიტომ ეს ხელოვნურად უნდა გავაკეთოთ.

თუ დედაქალაქი ქუთაისი გახდება, პოლიტიკური ცენტრი იქეთ გადავა და შესაბამისად ეს მეტ ეკონომიკურ აქტივობასაც მოიტანს.

სააკაშვილმა თითქოს ამ მიზნით ქუთაისში პარლამენტი გადაიტანა, მაგრამ ამან არ იმუშავა, რადგან ეს ნახევრად გაკეთებული საქმე იყო, ხოლო ნახევრად საქმის კეთებას სჯობია, საერთოდ არ გააკეთო. თუ გადაქონდა, მაშინ მთლიანად დედაქალაქიც უნდა გადაეტანა. შედეგი კი ის მივიღეთ, რომ "ოცნება" აპირებს კონსტიტუციიდან ამოიღოს ჩანაწერი პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში პარლამენტი, ფაქტობრივად, აღარ იქნება.

არადა, სააკაშვილს იმის გამბედაობა რომ ჰქონოდა, საქმე ბოლომდე მიეყვანა და მთლიანად დედაქალქი გადაეტანა ქუთაისში თავის პარლამენტიან-მთავრობიანად, დღეს ამ ქალაქში სულ სხვა მდგომარეობა გვექნებოდა.

დედაქალაქის ქუთაისში გადატანა ისტორიულადაც სამართლიანი იქნება. საქართველოს პირველი დედაქალაქი სწორედ ქუთაისია. მაშინ როდესაც მცხეთა იყო დედაქალაქი ან როცა თბილისი დაარსდა, საქართველო არ არსებობდა. არსებობდა ქართლი და ეგრისი. თბილისი ქართლის დედაქალაქი იყო. ის, რასაც დღეს საქართველოს ვეძახით, ბაგრატ მესამის დროს შეიქმნა, ამიტომაც ეწოდება მას გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე და მისი სატახტო ქალაქი სწორედ ქუთაისი იყო. გასაგებია, რომ თბილისი შეიძლება იმიტომ არ იყო, რომ არაბებს ეპყრათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს? ფაქტი ფაქტია.

დედაქალაქის ქუთაისში გადატანით თბილისს არაფერი დააკლდებოდა, ხოლო ქუთაისს მხოლოდ შეემატებოდა. თბილისი კვლავ დარჩება ქვეყნის მთავარ ქალაქად ეკონომიკურ, ფინანსურ და კულტურულ ცენტრად, ქუთაისი კი იქნებოდა პოლიტიკური ცენტრი. იქნებოდა ისე, როგორც თურქეთშია სტამბოლი კვლავ მთავარი და ყველაზე დიდი ქალაქია, მაგრამ დედაქალაქის ანკარაში გადატანით ეს ქვეყანა ასცდა თავკომბალობას. მესმის, რომ ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებელია.

დღეს "ოცნება" ამბობს, ქუთაისი განვითარდება როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი, რადგან იქ ივანიშვილი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აშენებსო. ეს ჯერ მხოლოდ პროექტია და ღმერთმა ქნას, განხორიცელდეს და იქ მართლაც 60 ათასმა სტუდენტმა ისწავლოს, მაგრამ ასეთი მასშტაბები უტოპიას ჰგავს.

საქართველოში ყოველ წელს დაახლოებით 35 ათასი აბიტურიენტია, უმაღლესი სასწავლებელი კი იმდენია, ადგილები ცარიელი რჩება. გასგებია, რომ 60 ათასი ხუთი ან მეტი კურსის შემთხვევაში იგულისხმება და რომ გათვლა ძირითადად უცხოელ სტუდენტებზეა, მაგრამ ასეთი მასშტაბი მაინც საეჭვოდ მიმაჩნია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

თან ქუთაისი სულაც არ არის პატარა ქალაქი, რომ მისი ეკონომიკა მხოლოდ ერთმა უნივერსიტეტმა კარდინალურად შეცვალოს.

უნივერსიტეტთან ერთად თუ იქ პოლიტიკური ცენტრიც გადავიდოდა, ეს საუკეთესო კომბინაცია იქნებოდა, თუმცა ამას პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება. სააკაშვილს ეს გამბედაობა არ აღმოაჩდა, "ოცნებას" კი იქიდან პარლამენტიც მოაქვს, არადა, პარლამენტი კი არ უნდა გადმოიტანონ, სამთავრობო ქალაქიც იქ უნდა ააშენონ და არა - ორთაჭალაში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს