როგორ მოვაგვაროთ განათლების სისტემაში არსებული პრობლემა მარტივად და სწრაფად?
31-05-2017
როგორ მოვაგვაროთ განათლების სისტემაში არსებული პრობლემა მარტივად და სწრაფად?
ჩვენს განათლების სისტემას რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, ეს ახალი არ არის, უბრალოდ, ამ ამბავს დროდადრო სხვადასხვა მოვლენა მწვავედ შეგვახსენებს ხოლმე. ბოლო ასეთი შეხსენება გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 11 000 მოსწავლე იყო. ამის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს გამოცდები, რომ ყველას არ მოუნდეს უმაღლესში ჩაბარება და ბავშვები პროფესიულ სასწავლებლებში წავიდნენო.
მან გერმანიის მაგალითიც მოიყვანა და თქვა, რომ იქ სკოლადამთავრებულების მხოლოდ 40% მიდის უმაღლესში, ხოლო ჩვენთან 80%. შედეგად
ვიღებთ სისტემას, როდესაც შრომის ბაზარზე გვყავს დიპლომიანი უმუშევრების მთელი არმია. რა თქმა უნდა, ამაში არის სიმართლე, უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ, რომ სამისნიტრო გამოსავალს სწორად ხედავს.

დიახ, ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი მენტალიტეტია: ყველა მშობელს უნდა დიპლომიანი შვილი ჰყავდეს და მზად არის ამაში დახარჯოს უკანასკნელი თეთრებიც კი; მოიკლოს
საჭმელი; აიღოს ვალი... ოღონდ ამ ყველაფერს აკეთებს არა იმისთვის, რომ მისმა შვილმა ისწავლოს, არამედ იმისთვის, რომ მის შვილს დიპლომი ჰქონდეს; მშობლების დიდი ნაწილის მიზანია, მისმა შვილმა უმაღლესი დაამთავროს და სულ არ აინტერესებს მისი შვილი იმ უმაღლესში რაიმეს სწვალობს თუ არა. ბაზარზე მოთხოვნა მხოლოდ დიპლომზეა და ბაზრის ამ მოთხოვნას კარგად ერგებიან უმაღლესი სასწავლებლებიც. ისინი დღეს, ფაქტობრივად, დიპლომების სავაჭრო დუქნებად არიან გადაქცეულები.

იხდის სტუდენტი ფულს? - რაღა მნიშვნელობა აქვს სწავლობს თუ არა. უნივერსიტეტები სტუდენტებს სტატუსს ძირითადად ფულის გადაუხდელობის გამო უჩერებენ, თორემ ვერ სწავლის გამო გარიცხული სტუდენტი გინახავთ სადმე? - მე ვერ ვიხსნებ.

სამაგიეროდ მინახავს სტუდენტები, რომლებიც სასწავლებელში წესიერად არც დადიან. პრობლემები კი მხოლოდ მაშინ ექმნებათ, თუ ფულის გადახდას დააგვიანებენ, თორემ ისე, რაღაც სასწაულით ახერხებენ კურსიდან კურსზე გადასვლას. დღეს მშობლების უმეტესობა დიპლომს ისევე ყიდულობს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდა, უბრალოდ, მაშინ ვიღაცას ფულს ჯიბეში უკუჭავდა, ახლა კი ოფიციალურად იხდის ოთხი წლის განმავლობაში რომელიღაც სასწავლებლის მფლობელის გასამდიდრებლად.

დღეს ჩვენს უმაღლესებში სწავლის დაბალი ხარისხი იმიტომ კი არ არის, რომ ცუდი პროფესორები გვყავს, არამედ, უპირველესად იმიტომ, რომ ისინი სტუდენტებს სწავლას არ თხოვენ. არც ერთ სასწავლებელს არ უნდა ფულის დაკარგვა. ყველა, ვინც არ სწავლობს, რომ გარიცხონ, უნივერსიტეტი შეიძლება გაკოტრდეს, ამიტომ ის იძულებულია სწავლის მოთხოვნა არ გაამკაცროს, რომ შემოსავლის გარეშე არ დარჩეს. შედეგად, შრომის ბაზარზე ვიღებთ არა მარტო ბევრ დიპლომიანს, არამედ, ბევრ დიპლომიან უვიცს, რომელსაც უნივერსიტეტის კარი სულ რამდენჯერმე აქვს ნანახი.

ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ მკაცრ და რადიკალურ რეფორმებშია. ჩემი მოკრძალებული აზრით, შემდეგი აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი:
1) გამოსაშვები გამოცდები უნდა გამკაცრდეს და გადმოვიდეს მე-10 კლასის ბოლოს, ანუ გამოცდა უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც ირკვევა, ბავშვი გადის სკოლიდან და მიდის პროფსასწავლებელში თუ აგრძელებს სწავლას მე-12 კლასამდე. შენ თუ ბავშვი მე-11 და მე-12 კლასში უპრობლემოდ გადაგყავს, ბუნებრივია, 80% გადადის და მერე ცდილობს უმაღლესში მოხვედრას. როდესაც ფილტრი იქნება მე-10 კლასში, ვინც ვერ გადალახავს ზღვარს, უკვე იძულებული გახდება წავიდეს პროფსასწავლებელში.

2) ის, ვინც მე-10 კლასის გამოცდას ჩააბარებს, მერე მას უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს მიმართულება: ჰუმანიტარული თუ ტექნიკური და მე-11 და მე-12 კლასში სწორედ მხოლოდ ეს საგნები უნდა ისწავლოს.

3) მე-12 კლასის ბოლოს კი გამოცდები საერთოდ არ არის საჭირო. სკოლის დამამთავრებელი ატესტატი უნდა გაიცემოდეს ბავშვის მიერ მე-10 კლასის გამოცდებზე ნაჩვენები შედეგის და მე-11 და მე-12 კლასში მის მიერ არჩეულ საგნებში აკადემიური მოსწრების საფუძველზე. როდესაც ატესტატის აღება ძირითადად დამოკიდებულია გამოცდაზე, მაშინ ბავშვები აქცენტს აკეთებენ არა სწავლაზე, არამედ გამოცდისთვის მომზადებაზე და ეს ხშირად ერთი და იგივე არ არის. ანუ ისინი არ დადიან სკოლაში, დადიან რეპეტიტორებთან და იმ საგნებში, რომლებიც იციან რომ მომავალში მათ არ დაჭირდებათ, უბრალოდ, რაღაცეებს იზუთხავენ. როდესაც ბავშვს ეცოდინება, რომ მე-11 და მე-12 კლასში ისწავლის მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც მომავალში დასჭირდება და პლუს ატესტატი ამ საგნებში მიღებულ ნიშნებზე იქნება დამოკდიებული, ის სკოლაში უფრო ივლის, ვიდრე რეპეტიტორთან. რაღა საჭიროა რეპეტიტორი, თუ არ იარსებებს გამოცდა?

4) უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები. ეროვნულმა გამოცდებმა თავისი საქმე შეასრულა, დღეს კი მისი საჭიროება საერთოდ არ არის. ეროვნული გამოცდები მაშინ იყო საჭირო, როდესაც სასწავლებლებში ბავშვები კორუფციის და ჩაწყობის გზით ხვდებოდნენ, ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა ქვეყანაში ცოტა უნივერსიტეტი და ბევრი აბიტურიენტი იყო. დღეს, როდესაც უნივერსიტეტებში ადგილები უფრო მეტია, ვიდრე აბიტურიენტი და უნივერსიტეტები იქეთ იხვეწებიან ოღონდ მოდითო, ბავშვის სასწავლებელში მოსახვედრად ფულს ვინ გადაიხდის? როგორც დასავლეთის ქვეყნებშია, ჩვენთანაც უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება თავად გადაწყვიტონ, რა კრიტერიუმებით ჩარიცხავენ სტუდენტებს - მაგალითად, მხოლოდ სკოლის ატესტატის მიხედვით თუ ატესტატის და სკოლის დირექტორის რეკომენდაციის მიხედვით, ან ატესტატის და გასაუბრების მიხედვით. ამას ყველა უნივერსიტეტი თავად დაადგენს. უფრო მეტიც, შეიძლება ერთი უნივერსიტეტის შიგნით სხვადასხვა ფაკულტეტს სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდეს.

5) გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის უნდა ჩაატაროს მხოლოდ ერთი გამოცდა - უნარები და ისიც უნდა იყოს ნებაყოფლობითი. უნარების გამოცდაზე იქნება დამოკიდებული მხოლოდ დაფინანსება, ვისაც უნდა სახელმწიფო დაფინანსება, ის გავა ამ გამოცდაზე, ხოლო ვისაც მდიდარი მშობელი ჰყავს, რომელიც სწავლის ერთი წლის გადასახადს რესტორანში ერთ დღეში ხარჯავს, არ გავა.

6) და მთავარი: გაუქმებული ეროვნული გამოცდების სანაცვლოდ უნდა შემოვიდეს ე.წ. სახელმწიფო გამოცდები და ის სწორედ სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს, ანუ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და ამ გამოცდის შედეგზე უნდა იყოს დამოკიდებული აიღებს სტუდენტი დიპლომს თუ ვერა. სახელწმიფოს უნდა აინტერესებდეს არა ის, თუ ვის მიიღებს სტუდენტად რომელიმე სასწავლებელი, არამედ ის, თუ ვის გამოუშვებს შრომის ბაზარზე, ამიტომ თუ უნივერსიტეტებს ექნებათ თავისუფლება, ვინც უნდათ ის აქციონ სტუდენტად, მათ არ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, ვისაც მოეპრიანებათ იმას მისცენ დიპლომი. დღეს როდესაც სახელმწიფო საერთოდ არ ერევა დიპლომის გაცემის პროცესში, გვაქვს ის სიტუაცია, რაც ზემოთ აღვწერე. უნივერსიტეტები აქცენტს აკეთებენ არა სწავლაზე, არამედ მშობლიდან ფულის ამოღებაზე, ხოლო მშობლები დიპლომის აღებაზე და შედეგად სასწავლებლები გადაქცეულები არიან დიპლომების გასაცემ დუქნებად, ხოლო როდესაც სასწავლებელს ეცოდინება, რომ ის უკვე თავისი შეხედულებით ვერ გასცემს დიპლომს და მის კურსდამთავრებულს სახელმწიფოს წინაშე მოუწევს გამოცდის ჩაბარება, მაშინ მიდგომები რადიკალურად შეიცვლება.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ სიტუაცია, მშობელი ოთხი წლის განმავლობაში იხდის ფულს, საერთო ჯამში ვთქვათ 30 000 ლარს, წელებზე ფეხს იდგამს, ვალს იღებს, რომ დიპლომიანი შვილი ჰყავდეს და უცებ მის შვილს დიპლომს არ აძლევენ, რადგან დიპლომის გაცემა უკვე იმ უნივერსიტეტზე, რომელმაც მშობლისაგნ ეს ფული აიღო, დამოკიდებული აღარაა. ხომ მიუვარდება ეს მშობელი უნივერსიტეტის რექტორს და მოსთხოვს პასუხს, ამდენი ფული რაში გადამახდევინე, თუ ჩემი შვილი დიპლომს ვერ აიღებდაო?!
შედეგად უნივერსიტეტის რექტორი მარტო იმაზე კი არ იფიქრებს, ფული როგორ იშოვოს, არამედ იმაზეც, რომ ვინმემ თავი არ გაუტეხოს, ამიტომ ის ავტომატურად გახდება იძულებული სწავლაზე მოთხოვნა გაამკაცროს და სტუდენტი სასწავლებლიდან მარტო ფულის გადაუხდელობის გამო კი არ გარიცხოს, არამედ იმის გამოც, თუ არ სწავლობს და ლექციებზე არ დადის.
ვის ექნება ცხრა თავი? რექტორი პირველივე სემესტრის მერე დაიბარებს სტუდენტის მშობელს და ეტყვის: გენაცვალე, თქვენ შვილს სწავლა არ უნდა, ამიტომ მე კურსიდან კურსზე ვერ გადავიყვან, რადგან იმის გარანტიას ვერ მოგცემ, რომ დიპლომს აიღებს. მშობელიც დაფიქრდება, შვილს დაელაპარაკება და თუ მისი შვილი გამკაცრებულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, გამოიყვანს და შეიყვანს პროფსასწავლებელში, რადგან მიხვდება, რომ ასე ფულს წყალში ყრის და მის სანუკვარ დიპლომს მისი შვილი მაინც ვერ მიიღებს.

არ ვამტკიცებ, რომ ჩემს მიერ შემოთავაზებული აუცილებელი ნაბიჯები განათლების სისტემაში ყველა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმაღლესი განათლების სფეროში სიტუაციას უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვლის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

naTia
29 ივნისი 2017 16:53
მე ვარ დედა ქალიშვილისა, რომელიც 53 წლისაა და გაუთხოვარია, ისე არის ბავშვებზე თავგადაკლული, მის ყოფილ მოსწავლეებს რომ კითხოთ ვერც კი გადმოსცემენ, არ ვიცით როგორ გამოვხატოთო. ამ მასწავლებელს სკოლაში არ ყავს დროებით, გაანთავისუფლეს, დირექტორი და ჩემი ქალიშვილისთვის უთქვამთ, შენ არ გინდა დირექტორობაო. ჩემს ქალიშვილს ვკითხე, რატომ ამბობ-მეთქი უარს და მიპასუხა. მე რომ დირექტორად დამნიშნონ 110 მასწავლებლიდან 10-ს ან 15 თუ დავტოვებ, დანარჩენს ყველას გავანთავისუფლებო. აბსოლიტურად გაუნათლებელი და უპასუხისმგებლო მასწავლებლები არიან, არც წიგნს კითხულობენ, არც კომპიუტერში იყურებნიან, არც თეატრში დადიან და რა ვიცი. ისეთი კარგი ბავშვები მოდიან გაგიჟდები და პატრონი არ ყავთო. უპასუხისმგებლობა ღუპავს საქართველოს, ყველა საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს, ვის აქვს ბავშვის ბრალი. ნოლამდეა სწავლა განათლება სკოლებში, ვიცი იმედი უნდა გვქონდეს, ჯეჯელავასი??
კაკო
06 ივნისი 2017 13:48
ხალხო რატომ არ გესმით, რომ მილიონერების ხელისუფლება გვამზადებს მომსახურე ქვეყნად და არ ჭირდებათ განათლების დონის ამაღლება, არ ჭირდებათ განათლებული ადამიანები სხვა წრეებში, გაიგეთ! პირიქით მათი ბიზნესისთვის უპრიანია, რომ შრომის ბაზარზე იყოს მოთხოვნა რაც შეიძლება მეტი ტექნიკური პერსონალის, რომ თვეში 100 დოლარად მონასავით შეასრულო ნებისმიერი მათი სამუშაო, ოღონდ იყოს სამუშაო, რომ შიმშილისგან სული არ ამოგძვრეს!
ლერი
05 ივნისი 2017 12:01
საინტერესო წინადადებებია. ასეთ ვითარებაში შემდეგ კურსზე გადასასვლელი გამოცდებიც ეროვნულის (სახელმწიფო) დონეზე უნდა ტარდებოდეს. უმაღლესი განათლების შანსი უნდა მიეცეთ პროფესიული სასწავლებლების კუსდამთავრებულებსაც მისაღებ გამოცდებზე ცოდნის საფუძვლიანი შემოწმების საფუძველზე.

რედაქტორის რჩევით