მერობის რომელ კანდიდატს მივცემ ხმას?
28-06-2017
მერობის რომელ კანდიდატს მივცემ ხმას?
რა თქმა უნდა, იმას არა, ვინც მეტყვის, რომ ჩემი ერთ-ერთი პლუსი ისაა, მშობლების საფლავი თბილისში რომააო. არადა, სწორედ ასე წარადგინა ზალიკო უდუმაშვილი ნიკა მელიამ. მერე თავად ზაალმაც გაიმეორა ეს. მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დაპირება ამ ეტაპზე ისაა, რომ ჩვენი კანდიდატი აღდგომას ქალაქიდან არ გავაო.

როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰგონია, ეს მათი მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება სახელისუფლებო კანდიდატთან, რომელიც სამტრედიელია. იმ ეპოქაში, როდესაც ლონდონში მერად პაკისტანელი აირჩიეს, მაგარი გოიმობაა დედაქალაქის მერობის კანდიდატის
გამორჩევა იმის მიხედვით, ვინ ცხოვრობდა აქ ხოხობზე ადრე. ამას გარდა, ამ ხალხმა კიდევ ვერ გაიგო, რომ თბილისში არათბილისელი ამომრჩეველი უფრო მეტნი ვცხოვრობთ, ვიდრე მემკვიდრეობით თბილისელი.

ბუნებრივია, ხმას ვერც მარტო იმის გამო მივცემ ვინმეს, რომ არათბილისელია. ხელისუფლების სამტრედიელ კანდიდატს ჯერ ხმა არ ამოუღია და არ ვიცით,
რაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას, მაგრამ "ქართული ოცნება" ნარმანიას სახით უკვე გვყავდა ქალაქის ხელისუფლებაში და ვნახეთ, რისი მაქნისები არიან. ის კი არა, დღეს იმის შიში მაქვს, ნარმანიამ თუ მოახერხა და თავისი მერობის ბოლოს მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ანუ დედაქალაქს ამდენი წლის მერე პირველად განახლებული გენერალური გეგმა დაუტოვა, მერე კალაძემ ეს გეგმა თავზე არ გადაგვახიოს, თუმცა ჯერ დაველოდოთ ხმას როდის ამოიღებს.

ამ ეტაპზე ერთადერთი კანდიდატი, ვის ხედვებსაც მეტ-ნაკლებად ვიცნობ და მომწონს, ალეკო ელისაშვილია, მაგრამ ჯერ არც მას დაუწყია ოფიციალურად საარჩევნო კამპანია და მის გზავნილებსაც დაველოდები. მანამდე კი, მე, როგორც თხუთმეტიოდე წლის წინ ბათუმიდან ჩამოსული, ვიტყვი, ვის მივცემ ხმას დედაქალაქის მერის არჩევნებში:

მარტივი კრიტერიუმი მაქვს: ხმას მივცემ იმ კანდიდატს, ვინც სიმართლეს არ შეუშინდება, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს და პირდაპირ იტყვის, რა არის საჭირო ჩვენი დედაქალაქისთვის. ზღაპრებს კი არ მოყვება, მაგალითად, იმის შესახებ, რომ საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი გზები და ესტაკადები უნდა ავაშენო, რადგან ახალი გზები და ესტაკადები არასოდეს შველის საცობებს. მანქანების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ვერავითარი გზები ამ ზრდას ვერ ეყოფა.
ეს ეტაპი ევროპულ ქალაქებში დიდი ხნის წინ გაიარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთადერთი შველა შეზღუდვებია. ზოგ ქალაქში, მაგალითად, ათენში შემოიღეს კანონი, რომ თვის ლუწ რიცხვებში მხოლოდ ლუწნომრიან მანქანებს აქვთ უფლება ქალაქში იარონ, თვის კენტ რიცხვებში - კენტნომრიანებს.
სხვა ქალქებში ცენტრალურ უბნებში შესვლის გადასახადი დააწესეს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ცენტრალურ უბნებში პარკირების გადასახადის ზრდაა. ეს ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური და ნაკლებად მტკივნეული გზაა. მაგალითად, ცენტრში თუ პარკირება საათი ერთი ლარი გახდება, პრობლემა მარტივად გადაიჭრება.
ის ადამიანები, ვის სამსახურსაც თავისი პარკირების ადგილი არ აქვს და მთელი დღე მანქანას პეკინზე, აღმაშენებელზე ან რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე აპარკინგებს, იძულებულები გახდებიან მანქანები სახლებში დატოვონ და სამსახურში ფეხით იარონ, რადგან მანქანის მთელი დღე ქუჩაში დაყენება, ძვირი დაუჯდებათ. ამით ორ კურდღელს მოვკლავთ: ქალაქში ნაკლები მანქანა იმოძრავებს და ცენტრალურ ქუჩებზე პარკინგის თავისუფალი ადგილები გაჩნდება.

თუ შენ რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე რაღაც საქმისთვის მიდიხარ, ეს გადასახადი სულაც არ შეგიქმნის პრობლემას, გადაიხდი ერთ ლარს, დააყენებ მანქანას, მოილევ საქმეს და წახვალ.

მაგალითისთვის ავიღოთ აღმაშენებელის გამზირი. როდესაც იქ მანქანით რაიმე საქმეზე მიდიხარ, შეუძლებელია ავტომობილი სადმე დააყენო, რადგან ამ ქუჩაზე განლაგებულ სხავდასხვა ობიექტებში მომუშავე ადამიანებს მთელი დღით აქვთ დაკავებული პარკირების ადგილები. დილით რომ დააყენებენ, საღამომდე იქ უყენიათ. პარკირების გაძვირების შემთხვევაში მთელი დღე დაყენება უკვე დიდი თანხა გამოდის, ამიტომ აღმაშენებელზე პარკირების ადგილებიც გათავისუფლდება და მანქანაც ნაკლები ივლის, ვინც იქ მაღაზიაში ან კაფეში მივა, გადაიხდის ერთ ლარს და თავისუფლად დააყენებს ავტომობილს.

ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება პოპულარული და თავიდან ხალხის აღშფოთებას გამოიწვევს. ბევრიც გაბრაზდება და იტყვის, რისთვის ვიყიდე მანქანა, თუ სამსხურში ივერ ვიარეო, მაგრამ ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში მალე ქალაქში გადაადგილება და სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაც და დამატებაც, ასევე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლების გაკეთება, რომ ავტობუსი საცობში არ ხვდებდეს და ა. შ., მაგრამ თქვენ გეგულებათ რომელიმე კანდიდატი, ვინც წინასაარჩევნო დაპირებებში ერთ-ერთ პუნქტად პარკირების გადასახადის გაძვირებას ჩადებს? ასეთი ჯერ არ ჩანს, არადა, ვინც ამას არ იტყვის, ჩათვალეთ, ყველა გატყუებთ, რადგან ამის გაკეთება მაინც მოუწევს. და არა მხოლოდ ამის, სხვა ბევრი არაპოპულარული გადაწყვეტილების კიდევ, თუ უნდა რომ ქალაქი ქალაქს დაამსგავსოს, ამიტომ ხმას მხოლოდ იმ კანდიდატს მივცემ, ვინც არაპოპულარულ დაპირებებს არ შეუშინდება და ტყულებით არ გამბერავს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


Romani
12 აგვისტო 2017 12:10
Tbilisi's meti ts twma unda iqnebs kalaze
თორნიკე
13 ივლისი 2017 15:04
მაოცებს ადამიანთა სიბრიყვე და გონებაშეზღუდულობა, კოლექტიური "ციალა დეიდები" როდემდე უნდა იყოთ ხალხო, ეს შანსი მაინც არ უნდა გაუშვას ხელიდან "ბრძენმა ქართველმა ხალხმა" და ელისაშვილი უნდა აირჩიოს მერად, არ მოგბეზრდათ ნაც-ქოცური ტყუილები და კორუმპირებული ხელმძღვანელები? აი თუ ადამიანს რაიმე მერკანტილური ზრახვები არ აქ რატო არ უნდა აირჩიო ელისაშვილი??
დათუნია
02 ივლისი 2017 16:51
თბილისის მერიც მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყოს არ ივარგებს იმიტომ რომ ისედაც ღრუბლებში დაფრენენ და მერე ხომ საერთოდ გავლენ მომსახურების არიდან...ეს თავად ოცნებისთვისაც ცუდია...я не люблю уверенных и сытых როგორც თქვა ვლადიმერ ვისოცკიმ...მადლობთ

რედაქტორის რჩევით