თბილისელთა ყვითელი წყევლა - როგორ მოვაგვაროთ "მარშრუტკების" პრობლემა? - კვირის პალიტრა

თბილისელთა ყვითელი წყევლა - როგორ მოვაგვაროთ "მარშრუტკების" პრობლემა?

ე.წ. ყვითელი მარშრუტკები თბილისელებისთვის წყევლად იქცა. თავის დროზე, როდესაც შემოიყვანეს, დაგვპირდნენ, რომ ახალი და კომფორტული იქნებაო. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი სხვადასხვა მეპატრონის ხელში იყო, თუმცა ყველას ჩამოართვეს და ერთ ბიზნესჯგუფს გადასცეს, მონოპოლისტი შექმნეს, ძველი მეპატრონეები კი შემოსავლების გარეშე დატოვეს, თუმცა გვთხრეს, მგზავრები ნუ წუხართ, სამაგიეროდ, კომფორტულად იმგზავრებთო.

ჰო, ფასიც გაზარდეს, რაზეც გვითხრეს, ნუ ინერვიულებთ, სამაგიეროდ ზაფხულში კონდიციონერს ჩართავენ, ანუ მთელი წელი თუ გაძვირებულ ფასს გადაიხდით, ორი თვე კონდიციონერი გექნებათო. ამასაც დავთანხმდით და... ასე დაიწყო ჩვენი ტანჯვა.

ყოველ ზაფხულს ხდება ერთი და იგივე: მძღოლები კონდიციონერებს არ რთავენ (სავრაუდოდ იმიტომ, რომ საწვავის მოხმარებას ზრდის), მგზავრები ჩხუბობენ და ილანძღებიან. კომპანია ყოველ წელიწადს გამოდის დაპირებით, რომ პირველი ივლისიდან ჩაირთვებაო (ვითომ ივნისში თუ ცხელა, ეს მგზავრებს არ შეაწუხებს), ვინც არ ჩართავს დავსჯითო, თუმცა ისევ არავინ რთავს ან რთავს ძალიან მცირე ნაწილი, ისიც რამდენიმე დღით. ხალხი თავიდან ჩხუბობს, მერე ხვდება, რომ ტყუილად ნერვებს იგლეჯს და ეგუება უკონდიციონეროდ მგზავრობას. ზოგი ისეთი მგზავრიც შეგხვდება, რომელიც მძღოლის მხარეს იჭერს და სხვა მგზავრებს ეჩხუბება, რა ქნას ცოდოა სახლში ფული ხომ უნდა მიიტანოსო, არადა, კომპანია აცხადებს, რომ ზაფხულში მძღოლებს გადასახადს უმცირებს, მძღოლები მაინც არ რთავენ. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ყველა კონდიციონერი გაარემონტეს, მაგრამ ყველა მძღოლი იძახის, გაფუჭებულიაო. მომხმარებელმა როგორ უნდა არკვიოს, ვინ არის მართალი?!

სინამდვილეში მძღოლებიც და ეს კომპანიაც ერთმანეთზე უარესები არიან. წინა დღეს საერთოდ საოცარი რამ მოხდა: ერთ ჩემს თანამშრომელს უჩხუბია მძღოლთან კონდიციონერის გამო. მძღოლს რომ ვერაფერი გააგებინა, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან დაურეკავს. ამ ადამიანსაც ცალკე უჩხუბია მძღოლთან, ჩართე, თორემ სანქციებს დაგაკისრებთო. მძღოლი გაბრაზებულა და თუ არ გჯერათ, რომ არ მუშაობს, ახლა გიჩვენებთ სეირსო და ჩაურთავს, ოღონდ, სავარაუდოდ, მარტო ვენტილაცია, ან შეიძლება გათბობაც კი. ისეთი ცხელი ჰაერი წამოსულა ხალხი კინაღამ გაიგუდა თურმე. ხალხი ეხვეწებოდა გამორთე, შენი არაფერი გვინდაო, -  ამან კი არ გამორთო, -  სეირი უნდა გიჩვენოთ თქვენო და ასე გაგუდა მგზავრები მთელი გზა! ეს ჩემი თანამშრომელი ორი გაჩერებით ადრე ჩამოსულა. ამის მერე ვინმე მძღოლები არ შემაცოდოთ! ქართველი მძღოლების უემტესობა არის უნამუსო და ხალხისგან არანაირ თანადგომას არ იმსახურებს. ხოლო ეს კომპანია, რომელსაც საკუთარი მძღოლებისთვის ვერ მოუვლია, არის გასაგდები ქალაქიდან!

მაგრამ როგორ უნდა გააგდო? ეს არის მთავარი კითხვა.

"თბილისის მიკროავტობუსი" "სითი პარკთან" ერთად არის გიგი უგულავას მიერ ქალაქისთვის დატოვებული კიდევ ერთი მოუშორებელი ჭირი. ამ კომპანიისგანაც მერიამ თავის დროზე ქალაქში მონოპოლისტი შექმნა და თან ხელშეკრულება მრავალი წლით გაუფორმა. კიდევ მინიმუმ ათი წელი ამ კომპანიას ვერ გააგდებ, თუ დიდი ჯარიმა არ გადაუხადე... მაშ, სად არის გამოსავალი?!

ზოგი ამბობს, თბილისის მერიამ სხვა კომპანიებიც უნდა შემოიყვანოს და კონკურენცია უნდა შექმნასო. ეს მცდარი მიდგომაა, რადგან ჯერ ერთი ყველა ხაზი უკვე ამ კომპანიას აქვს და სხვას ვეღარსად შემოიყვანს და მეორეც, რომც შემოიყვანოს, მეეჭვება, ამან ვითარება რამე უკეთესობისკენ შეცვალოს. არცერთ თავმოყვარე ქალაქში ასეთი ტრანსპორტი, რასაც ჩვენ "მარშრუტკას" ვეძახით, არ დადის! ყველა ევროპული ქალაქის ტრანსპორტი არის: ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო. თბიილსის ახალ მერს თუ უნდა ეს პრობლემა მოაგვაროს, უნდა შემოიყვანოს ბევრი ახალი ლურჯი ავტობუსი, რომელიც ძალიან კომფორტულია და ამით უნდა წაართვას მგზავრები ამ "მარშრუტკებს". თუ ეს ავტობუსები საკმარისი იქნება, ხალხი "მარშრუტკას" აღარ გაეკარება.

ეს ავტობუსები უფრო კომფორტულია, კონდიცირებაც არის და უფრო იაფიცაა. შედეგად, "მარშრუტკების" კომპანიას მოუწევს ან რაიმე ახალი მომსახურება შესთავაზოს თბილისელებს, ან მათი ბიზნესი მოკვდება და თავად დაგვანებებენ თავს. თბილისის მერის არჩევნებში ტრანსპორტის თემა გადამწყვეტი იქნება და კანდიდატებისგან ამ მიმართულებით მკაცრ განცხადებებს ველოდები და არა მძღოლების ბუნტით შეშინებულებისგან მათთვის თავზე ხელის გადასმას!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს