რატომ გვაკლია ქართველებს ზრდილობა და კეთილგანწყობა? - კვირის პალიტრა

რატომ გვაკლია ქართველებს ზრდილობა და კეთილგანწყობა?

ვისაც ევროპაში უმოგზაურია, უპირველესად, რასაც ჩვენს დედა-სამშობლოსგან განსხვავებულს ამჩნევს, ეს ადამიანების ერთმანეთისადმი ან უცხოსადმი კეთილგანწყობა და ზრდილობაა. ხშირად გაგიგიათ, ალბათ, რომ იქ ყველა ღიმილით გესალმება, მოგმართავს უკიდურესად ზრდილობინად, "ბოდიში" და "გეთაყვა" ყველას პირზე აკერია. აღარაფერს ვამბობ ინგლისელებზე, სადაც ზრდილობა მართლაც რელიგიის რანგშია აყვანილი. ინგლისელს ავტობუსში შენ რომ დააბიჯო ფეხი, ბოდიშიო აქეთ გეტყვის. საქართველოში კი ღმერთმა ნუ ქნას, ვინმეს შემთხვევით ფეხი დაადგა, ეგრევე გალანძღული ხარ, ვინ გაცლის ბოდიშის მოხდას; განსაკუთრებით, თუ ქალს დააბიჯე. კაცი კაცთან კიდევ თავს იკავებს, რადგან იცის, თუ ლანძღვა დაიწყო, მერე შენგანაც შეიძლება პასუხი მიიღოს და ამას ჩხუბი მოყვეს, მაგრამ თუ ქალმა დააბიჯა, შეიძლება დედაკაცივით მიალანძღოს.

ამასთან, კაცები საქართველოში სულ დაძაბული დადიან. ქუჩაში უცნობს თუ გამოელაპარაკები და რამეს კითხავ, ისეთი ტონით გიპასუხებს, როგორც "გვერდით გავიდეთ, ბიჭოო" გეტყოდა. ეგრევე გიძაბავს. ასე ხდება, როცა უცნობ ადმიანს ურეკავ (მაგალითად მანქანის, ან ნაწილის საყიდლად), ან ის გირეკავს (შენგან უნდა მანქანის ყიდვა), ალოსაც კი ხმის იოგების დაძაბვით გეუბნება, ხმაში თავიდანვე სიმკაცრე აქვს, შანსი არაა თქვენობით მოგმართოს, ეგრევე ფამილარობაზე გადადის, ზდაროვა, ბრატ! არადა, არ იცნობ და არ გიცნობს. ზრდილობა, უცნობის პატივისცემა, ყველაფერი ფეხებზე კიდია. ასე თავიდანვე გახვედრებს, რომ ფრაერი არაა და რამე არ უნდა შეგეშალოს, თუმცა ამ დროს ძველი ბიჭი სულაც არაა, მანქანების ჩვეულებრივი დილერია, მაგრამ მაინც "ძერსკია". ეგღა აკლია, შენნაირ ფრაერს თქვენობით ელაპარაკოს. თუ ქალს ელაპარაკება, ეგრევე იწყებს: "მისმინე დაიკო!" არც "ქალბატონო", არც "უკაცრავად", ან "თუ შეიძლება". ეს სიტყვები ქართველს არც გაუგია, ან შეიძლება ბავშვობაში ბაღში ასწავლეს, მაგრამ იმის მერე არც გამოუყენებია.

რატომ? ქართულ ოჯახებში ზრდილობას აღარ ასწავლიან? თუ ქუჩაში დამკვიდრებული წესები ძლევს ოჯახში ნასწავლს? ქართველი კაცი მეორე ქართველს თავიდანვე როგორც მტერს რატომ ყურებს და ეგრევე თადარიგს რატომ იჭერს, ხმაში სიმკაცრის გარევით, აქაოდა არაფერი შეგეშალოსო? არანაირი კეთილგანწყობა, თავიდანვე მტერი ხარ, ამიტომ არც გიღიმის. ღიმილი და ზრდილობა სისუსტის გამოვლინებად მიაჩნია, უხეშობა და უზრდელობა, - მაგარ ტიპობად. ეს ერთნაირად ეხებათ, ქალებსაც და კაცებსაც. ქალების ეს უხეშობა ყველაზე მეტად მომსახურების სფეროში ვლინდება. საზღვარგარეთ, მაღაზიაში შეხვალ, სასტუმროში თუ რესტორანში, ვინც გხვდება ისეთ კეთილგანწყობას ასხივებს, რაიმეს ყიდვა რომც არ გინდოდეს, შეიძლება მისი ხათრით იყიდო, აქ კი ისე გიბღვერს, თითქოს მისი ვალი გაქვს, ან შენ აიძულე გამყიდველად, ან ოფიციანტად მუშაობის დაწყება.

ყველა გაბრაზებულია, ყველა მუდმივად უკმაყოფილოა. მესმის, რომ დალხენილი ცხოვრება არ გვაქვს, მაგრამ უშრომელად განვითარებულ ქვეყნებშიც არაფერი მოდის, იქაც უწევთ გამყიდველად, ოფიციანტად, ტაქსისტად, მძღოლად მუშაობა, მაგრამ ისე არ გიყურებენ, თითქოს ბავშვობაში შენ გააგდებინე ხელიდან წიგნი და სწავლა დაუშალე.

ამ მხრივ, ახალი თაობა შედარებით უკეთესია. ჩემს თაობას კი აწი ალბათ არაფერი ეშველება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს