სიტყვა "შეურაწყოფის" დასაცავად, ანუ რატომ გვგონია შეცდომა ის, რაც შეცდომა არ არის - კვირის პალიტრა

სიტყვა "შეურაწყოფის" დასაცავად, ანუ რატომ გვგონია შეცდომა ის, რაც შეცდომა არ არის

ბოლო დროს ხშირად წააწყდებით მოწოდებებს ქართული ენის თვითგამოცხადებული დამცველებისგან: წერეთ სწორად, ესა და ეს სიტყვა ასე იწერება და არა ისე... არადა, ენაში სწორი ფორმის გაგება ძალიან პირობითია, რადგან ენა ცოცოხალი ორგანიზმია, ის მუდმივად იცვლება, ვითარდება და რაც დღეს შეცდომად მიიჩნევა, შეიძლება 50 წლის შემდეგ ნორმა გახდეს ან რაც 50 წლის წინ შეცდომა იყო, დღეს უკვე ნორმაა.

მაგრამ ამას ჯიუტად არ აღიარებენ ე.წ. ენის მცოდნეები. ეს ის ხალხია, ვისაც ენა ქართულის რეპეტიტორთან აქვთ ნასწავლი და წესები კარგად დაზუთხული, თორემ არცერთი ის ადამინი, ვისაც ენა მეცნიერულ დონეზე უსწავლია ასეთი კატეგორიული არ იქნება. არცერთი ენათმეცნიერი არ გეტყვის, გინდა თუ არა, ასეა და არა ისეო. რა თქმა უნდა, ენაში არსებობს წესები, მაგრამ მათ ადგენს არა გრამატიკის სპეციალისტი, არამედ ის ხალხი, ვინც ამ ენაზე მეტყველებს.

ენის სეპციალისტის საქმეა ამ წესების აღმოჩენა, მათი სისტემატიზირება და ენაში მიმდინარე ცვლილებების აღწერა, იმის გარკვევა, როგორია დღეს ენის განვითარების ტენდენცია, საით მიდის, რა ახალი ფორმები ჩნდება, რომელია ამათგან ბუნებრივი, ენის განვითარების ტენდენციის გამოძახილი და რომელი დროებითი ანომალიური მოვლენა.

აი, ეს უნდა იყოს ლინგვისტების საქმე და არა აკაკი შანიძის მიერ 100 წლის წინ დადგენილი წესების დაზუთხვა და მერე ენის ამ წესებში ჩაკეტვა, ენის მარწუხებში მოქცევა, ენისთვის ბორკილების დადება. არადა, დღეს ენის ბევრი თვითგამოცხადებული დამცველი სწორედ ამას ცდილობს - დაატყვევოს ენა, ჩარჩოებში მოაქციოს და ბორკილები დაადოს.

რამდენიმე წლის წინ გადაცემაში სტუმრად ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი მყავდა, რომელსაც ვკითხე, რას ფიქრობდა სიტყვაზე "ეხლა". მოგეხსენებათ, მიიჩნევა, რომ სწორი ფორმა არის "ახლა". მისგან ისეთი პასუხი მივიღე, როგორიც მეცნიერისგან უნდა მიმეღო: ინსტიტუტში ვფიქრობთ,"ეხლაც" სწორ ფორმად ვაღიაროთ და ორივე ერთდროულად არსებობდესო.

არ ვიცი, მერე ეს ოფიციალურად გამოაცხადეს, თუ არა, მაგრამ დღესაც ენის ბევრ დამცვლეს შეხვდებით, ვინც გაგისწორებს "ეხლა" კი არა, "ახლაა" სწორიო. ყველაზე პოპულარული კი ბოლო დროს სიტყვა "შეურაწყოფის" წინააღმდეგ გალაშქრებაა. სოციალურ ქსელში ვაწყდები მოწოდებებს პრეტენზიული ტონით: "ხალხო, ნუ წერთ,"შეურაწყოფას", სწორი ფორმაა"შეურაცხყოფა"! რა გახდა, ამ ელემენტარული წესების დამახსოვრება"! და ა.შ.

ჰოდა, ამ ადამიანებს, მინდა, ვუთხრა: არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება"შეურაწყოფა" იყოს შეცდომა. ეს არის ენის განვითარების გზაზე მოხმდარი ცვლილება, როგორიც უამრავი მოხმდარა ქართული ენის არსებობის განმავლობაში. სწორედ ამ ცვლილებების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ენა ასეთია, როგორიც არის. ასეთი ცვლილებები რომ არ ხდებოდეს, დღეს ისე ვილაპარაკებდით, როგორც მე-5 საუკუნის ქართველი ლაპარაკობდა, მაგალითად, მე-5 მე-8 საუკუნეების ქართულის წესების მიხედვით ზედსართავის უფროობითი ხარისხის საწარმოებლად გამოიყენებოდა პრეფიქსი "ხ". მაშინდელი ქართველი ამბობდა, "ხუფროსი" და არა "უფროსი","ხუდიდესი" და არა"უდიდესი". ასევე ეს "ხ" გამოიყენებოდა სუბიექტური მეორე პირის ნიშნად და მაშინდელი ქართველი ამბობდა "ხჭამ" და არა "ჭამ". მერე დროთა განმავლობაში ეს"ხ" "ჰ"-დ იქცა, ბოლოს კი სულ გაქრა. ამიტომ უკვე მე-11 საუკუნეში გიორგი მთაწმინდელმა იმ ტექსტებს, სადაც ასე იყო სიტყვები დაწერილი "ხანმეტი" ტექსტები უწოდა, ენის დღევანდელი დამცევლებივით ისტერიკაში კი არ ჩავარდა, რა ვუქენით ენას, სწორი ფორმები დავივიწყეთო. წარმომიდგენია, მაშინ ენის დღევანდელი დამცველები რომ არსებულიყვნენ, რა ამბავს ატეხავდნენ, როდესაც ადამიანებმა ჯერ"ხ"-ს მაგივრად"ჰ"-ს წარმოთქმა დაიწყეს, მერე კი საერთოდ დაივიწყეს ეს პრეფიქსი. ხომ შერაცხავდნენ ყველას ქართული ენის მტრებად!

ასეთი მაგალითების მოყვანა ათასობით შეიძლება. ენა სავსეა ცვლილებებით, რომელსაც ახასიათებს ერთი მთავარი ტენდენცია: სვლა სიმარტივისკენ. ენა ცდილობს გამარტივდეს და ყველა სიტყვა თუ წესი ისე შეიცვალოს, რომ მარტივი იყოს წარმოსათქმელად. ზუსტად ეს პროცესი ხდება სიტყვაში "შეურაცხყოფა". ერთად სამი თანხმოვანი"ცხყ" რთული სათქმელია. ამავე დროს"ხყ" თანხოვნების კომპლექსი უცხოა ქართული ენისთვის. მეორე სიტყვას ვერ იპოვით, სადაც ეს ორი თანმხოვანი ერთად ასეთი თანმიმდევრობით გვხვდება (მე ვერ ვიხსენებ). აქ ერთად იმიტომ მოხვდნენ, რომ ორი სხავდასხვა სიტყვა შეერთდა;"შეურაცხ" და"ყოფა". ამას წინათ ერთი ენის სპეციალისტი მეკამათებოდა: როგორ შეიძლება"შეურაწყოფა" გახდეს სწორი ფორმა, როცა ეს სიტყვა ორი სიტყვისგან შედგება და ასეთი სიტყვა"შეურაწ" ქართულში არ არსებობსო.

და რა მერე, რომ არ არსებობს? ასეთი საკითხები ენას არ ადარდებს. ავიღოთ მშვენიერი სიტყვა "დედოფალი". ეს სიტყვაც ორი სიტყვისგან შედგება: "დედა" და "უფალი". როდესაც შეიქმენა, მისი სწორი ფორმა ასეთი იყო"დედაუფალი", თუმცა ორმა ხმოვანმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო, "ა"-მ და"უ"-მ"იჩხუბეს", "უ"-მ აჯობა და მოხდა ის, რასაც ენათმეცნიერებაში "ნაწილობრივი ასიმილაცია" ეწოდება. შედეგად, "ა" იქცა "ო"-დ და წლების შემდეგ მივიღეთ ახალი სიტყვა"დედოუფალი". დიდ ხანს ვერც "ო"-მ და"უ"-მ გაძლო ერთად, თუმცა ამ ბრძოლაში უკვე "უ" დამარცხდა და "ო"-მ ის საერთოდ გააქრო. შედეგად დღეს გვაქვს ულამაზესი სიტყვა "დედოფალი".

არ ვიცი, ამ პროცესს რამდენი საუკუნე დაჭირდა, მაგრამ განვითარების სწორედ ეს გზა გაიარა ამ სიტყვამ და ამით რამე წავაგეთ? მაშინ რომ არსებულიყო ის გრამატიკოსი, ვინც მე მეკამათებოდა, ალბათ იტყოდა: როგორ შეიძლება ვთქვათ სიტყვა"დედოფალი", როდესაც ის ორი სიტყვისგან შედგება: "დედა" და "უფალი", ხოლო სიტვები "დედო" და"ფალი" ქართულში არ არსებობსო. დარწმუნებული ვარ ენის დღევანდელი დამცვლები მაშინ რომ ყოფილიყვნენ, ყველა იმ ადამიანს, ვინც"დედოფალს" იტყოდა, ენის უცოდინარობაში დაადანაშაულებდნენ და ანათემას გადასცემდნენ.

ენისთვის სიტყვებში ასოების ცვლა, მათი ამოვარდნა ან ადგილების გაცვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. კიდევ ერთ კარგ მაგალითს მოვიყვან. ავიღოთ სიტყვა "თაყვანისცემა". ის საერთოდ სამი სიტყვისგან შედგება:"თავი","ყანა" და"ცემა" და მისი პირვანდელი ფორმა ასეთი იყო:"თავყანისცემა". ძველ ქართულში სიტყვა"ყანას" ცოტა სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. ის "მიწას" ნიშნავდა (აქედან მოდის სიტყვა "ქვეყანა"), შესაბამისად, სიტყვა "თავყანისცემა" ნიშნავს თავის მიწაზე ცემას, ანუ ისეთი პატივისცემის გამოხატვას, როდესაც თავს მიწამდე ხრი. არავინ იცის რამდენ ხანს იარსება ამ სიტყვამ ასეთი ფორმით, მაგრამ მერე "ვყ" კომპლექსმა ასეთი თანმიმდევრობით დიდ ხანს ვერ გაძლო და ამ ორმა თანხმოვანმა ერთმანეთს ადგილი გაუცვალა, შედეგად მივიღეთ ამ სიტყვის დღევანდელი ფორმა "თაყვანისცემა". რა თქმა უნდა, ქართულში სიტყვა"თაყ" არ არსებობსდა არც სიტყვა"ვანი" არის ამ კონტექსტში რაიმე მნიშვნელობის მატარებელი, მაგრამ დღეს ვინმეს აზრად მოუვა, ძველი ფორმის აღდეგნა მოითხოვოს?

ჰოდა, როდესაც ეწინააღმდეგებით სიტყვას "შეურაწყოფა", მაშინ იყავით თანმიმდევრულები და მოითხოვეთ "თავყანისცემის" დაბრუნება, ასვე თქვით "დედაუფალი", რადგან სწორედ ესენია ამ სიტყვების სწორი ფორმები თქვენეული გაგებით. თუ გგონიათ, რომ, რადგან ამ სიტყვებში ეს ცვლილელები ძველ დროში მოხდა, ამიტომ დასაშვებია, ხოლო დღეს ენაში აღარაფერი უნდა შეიცვლაოს? ვინ მოგატყუათ? - ენა დღესაც ცოცხალი ორგანიზმია, ის მუდმივად იცვლება და ასე იქნება მანამ, ვიდრე არსებობს, ხალხი, ვინც ამ ენაზე ლაპარაკობს. არ იცვლება მხოლოდ მკვდარი ენები. ცოცხალ ენას კი თქვენ ბორკილებს ვერ დაადებთ და კეთილი ინებეთ, შეცდომა და ენის განვითარების ტენდენცია ერთმანეთისგან გაარჩიეთ, ამიტომ სულაც არ არის შეცდომა "სათაო", და "სადაო". ამ სიტყვებში"ვ" დაიკარგა და შეეგუეთ ამას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ იტყვით "სათავო", ეს იქნება შეცდომა ან "შეურაცხყოფა"არის არასწორი. არა, დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ამ სიტყვების ცვლილება ხდება და ორივე ფორმა დასაშვებია. წლების შემდეგ ჩვენი მომდევნო თაობები გადაწყვეტენ, რომელი დარჩეს და რომელი ამოვარდეს ხმარებიდან.

დარწმუნებული ვარ, კომენტარებში უამრავ მაგალითს დაწერთ დამახინჯებული სიტყვების და მკითხავთ, როგორ ყველა ასეთ ფორმას უნდა შევეგუოთ, ეს არის სწორიო? ამიტომ აქვე გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, არა. ამიტომაც დავწერე ზემოთ, რომ ენის სპეციალისტების მთავარი საქმე უნდა იყოს არა წესების დაზუთხვა, არამედ იმის გარკვევა, რომელია ამ ცვლილებებიდან ბუნებრივი, ენის განვითარების ტენდენციის გამოძახილი და რომელი დროებითი, ანომალური მოვლენა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს