იმპოტენტი ერი?!
01-07-2015
იმპოტენტი ერი?!
როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია - "ფინანსი პაიუტ რომანსი," მაპატიეთ, ეს პერიფრაზი, მაგრამ ასე უფრო კარგად გამოხატავს არსს იმისას, რაზე მინდა დავწერო. ფინანსები კარგია, მაგრამ გამართული ეკონომიკის გარეშე არ მოდის. გამართულ ეკონომიკამდე კი ბევრი გვიკლია. გავაჭრებულ და გაჩარჩებულ ქვეყანაში სპორტის სახეობაში ვარჯიშიც კი ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ავიღოთ მაგალითისათვის ცურვა. შეუფასებელია მისი როლი, როგორც უფროსებისა თუ ბავშვების ჯანმრთელობის საქმეში. მიდით, აბა, სადმე საცურაო აუზში და მოინდომეთ გაკაჟება. უნივერსალურ შედარებას მოგახსენებთ -
ერთი თვის პენსია შეიძლება გეყოთ, ან - არა.
ანალოგიური სიტუაციაა სპორტის სხვა სახეობებში. ბავშვი რომ სპორტის რომელიმე სახეობაში მიიყვანო ან საჭმელზე უნდა მოიკლო, ან წამლის ფულზე თქვა უარი და ა.შ. ცხადია, ვიღაც ახერხებს, ვიღაც დადის, მაგრამ ეს ერთეული ვიღაცეები ხომ არ არის ქვეყანა? გაუკუღმართებული მოვლენების
გამო ვიღაც ერთეულებს უნდა შეეწიროს ამ ქვეყნიური სიკეთეები, ხოლო დანარჩენი თაობა უსაქმურებად, კრიმინალებად და ნარკომანებად ჩამოვაყალიბოთ? რა ვქნათ? დაველოდოთ როდის მოგვაქცევს კეთილი ძია ინვესტორი ყურადღებას და ჩადებს ფულს ჩვენს ჯანმრთელობაში თუ ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ერისა და მომავალი თაობის სიჯანსაღეზე (ისე მივეჩვიეთ ყველა პრობლემის გადაწყვეტის ინვესტორთან და განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორთან დაკავშირებას, ალბათ, ცოტა ხანში ბავშვებსაც მაგათ გარეშე ვერ გავაკეთებთ, ხოლო იმპოტენტი ერი მომავალს ვერ შექმნის)? როგორც ერთი ლიტერატურული ცნობილი პერსონაჟი იტყოდა - ეს რა უბედურება და დოზანა გვჭირს? მართალია, ამ ქვეყანაში ბოლო წლებში იცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მაგრამ ზოგიერთი რაღაცეები გლობალურად, დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული პრაქტიკული რეალიზაციით, უნდა შევცვალოთ ზოგადად ქვეყანაში. ერთ-ერთი მიმართულება სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის კუთხით სახელმწიფოს მიდგომაა. გავიხსენოთ გაეროს ცნობილი პროგნოზი, რომლითაც ჩვენ ერს რამდენიმე თაობის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში ყოფნას პერსპექტივას უსახავს, ხოლო ცოტა იქეთ თუ გავიხედავთ, ალბათ გადასაშენებლად გამზადებული ერის წითელი წიგნის ექსპონატებსღა თუ შევავსებთ.
ახლა უფრო კონკრეტულად. დიდ საქმეს აკეთებენ ფიფია, ხეჩიკაშვილი და სხვები, რომ შექმნეს ბავშვთა სკოლები, აკადემიები. აფინანსებენ ნიჭიერ ბავშვებს და მათი ძალისხმევაცაა, რომ ბავშვთა და ჭაბუკთა ნაკრებები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდის საქმე თითი-ოროლა მოხალისის საქმე არ უნდა იყოს. თუ გვქვია ქვეყანა და სახელმწიფო, ეს საკითხი სწორედ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

ჩემი აზრით, ბორბალის გამოგონება საჭირო არ არის. შეიძლება სხვა რამეზე იდავო ადამიანმა, მაგრამ სპორტი და მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდის საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებული იყო საბჭოთა ეპოქაში. სპორტულ სექციებს, მწვრთნელ- მასწავლებელთა ხელფასებს და ა.შ. სახელმწიფო აფინანსებდა უწყებრივი სამინისტროების ბიუჯეტების მეშვეობით და სპორტული თვალსაზრისით სოციალისტური ბანაკის ქვეყნები ამ კუთხით უფრო გამორჩეულები იყვნენ, ვინემ მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნები.
ყოვლიმცოდნე ექსპერტები თავს გამოიდებენ ალბათ, - სად ააქვს სახელმწიფოს საშუალება, ეს არ არის ბიუჯეტის დანიშნულება და პრიორიტეტი და ა.შ. რაც თავი მახსოვს დღემდე არსებულ მთავრობებს ხალხის საჭიროებებისათვის, მასწავლებელთა და პენსიონერთა ხელფასებისა და პენსიებისათვის აკლდებოდათ ფულები და სახსრები, თორემ ჩინოვნიკთა და მავანთა უზრუნველსაყოფად არც პრემიები აკლდათ, არც სახელმწიფო სახსრები და არც ბიუჯეტი. მთავრობებმა და ხელისუფლებებმა ჯერ საზოგადოების კონკრეტული მოთხოვნები დააკმაყოფილონ და შემდეგ მოიწონონ ვირტუალური მიღწევებით თავი. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გადააგდოს ეს მავნე პრაქტიკა და აღადგინოს ის კარგი და სასარგებლო, რაც ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და მომავალ თაობას. შეიძლება სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ, თითო-ოროლა სპორტული სექციის და სპორტსკოლის დაფინანსებით დავიწყოთ განათლებისა და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროების ბიუჯეტების მეშვეობით და თანდათან ეკონომიკური გაძლიერების კვალობაზე გავაფართოვოთ ეს წრე.

მუდმივი პრობლემაა ეროვნული ჩემპიონატების დაბალი დონე. აქაც პრობლემა დაფინანსებაშია, რაც არ აძლევს გუნდებს სტაბილური და მიზანმიმართული მუშაობის საშუალებას. რა ტექნიკა-ტაქტიკის სრულყოფაზე და ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ განვითარებაზეა ლაპარაკი როდესაც მწვრთნელ-ფეხბურთელებმა არ იციან ორი-სამი თვის შემდეგ ხელფასს აიღებენ ან გუნდი თუ იარსებებს საერთოდ. შედეგად გვყავს ერთჯერადი გუნდები და ერთჯერადი შედეგები. არადა, ხანდახან გუნდის ყოფნა-არყოფნისთვის სასაცოლო თანახაზეა ლაპარაკი. უზნეო და მამაძაღლ ხალხს ჩაუვარდა ხელთ მუქთად ქვეყნის სიმდიდრეები, თორემ ზესტაფონში ერთი საფეხბურთო გუნდის ყოფნა-არყოფნის რა 200 000 თუ 250 000 ლარზეა ლაპარაკი?! ბათუმის და ფოთის პორტების პატრონ ქალაქებს ადგილობრივი გუნდების დაფინანსება უნდა უჭირდეს? ბორჯომის მინერალური ქარხანას ერთი საფეხბურთო კლუბის დაფინანსება გაუჭირდა? ასეულ მილიონობით განისაზღვრება საბანკო სექტორის შემოსავლები და ერთი გუნდის შენახვა როგორ ვერაფრით უნდა მოხერხონ ამ ბანკებმა?! იგივე შეიძლება ითქვას ენერგეტიკაში და ფარმაცევტულ ბიზნესში მოღვაწე კომპანიებზეც და ა.შ.
მეპატიოს ასეთი კადნიერება, მაგრამ რომ არ ვთქვა არ იქნება - საერთოდ ედუერდის და მიშას ხელდასხმულ ზოგიერთ ბიზნესმენს. მინდა, მივმართო - ნუ ექცევით წურბელებად და სისხლისმსმელებად საკუთარ ხალხს და ქვეყანას. ევროპელ და ამერიკელ ცნობილ მეცენატებს თუ არ მიბაძავთ, აზერბაიჯანლებისგან და სომხებისგან მაინც აიღეთ მაგალითი და დაასპონსორეთ სპორტი, ხელოვნება, მეტი მონაწილეობა მიიღეთ უპატრონოთა მოხუცთა და ბავშვთა, ინვალიდთა საქველმოქმედო ღონისძიებებში... ვფიქრობ სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ამ პროცესს ხელი... იქნებ, მოვიფიქროთ რაიმე მექანიზმი იმისა, რომ ქველმოქმედებაში და მეცენატობაში ჩადებული სახსრები ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდეს დაბეგვრისაგან და იმ მთლიანი თანხის რაღაც პროცენტულ ნაწილზე გავრცელდეს დაბეგვრის შეღავათები, რომ მცირეოდენი სტიმული მიეცეს ბიზნესს.
სპორტის ოლიმპიური სახეობების რაღაც მინიმალურ, საწყის დონეზე ფუნქციონირების და რეგიონებში ჩამკვდარი ცხოვრების გამოცოცხლების ფინანსურ და სოციალურად მოხერხებულ საშუალებად, მივიჩნევ, ქვეყნის ჩემპიონატების რეგიონალურ-კლუბური პრინციპით ჩატარება ანუ რას ვგულისხმობ? ძირითადი აქცენტი გავაკეთოთ ისტორიულ რეგიონების დედაქალაქების მონაწილეობის პრინციპზე. მაგალითად, გავუკეთოთ აკუმულირება ამ ჩვენ მწირ სახსრებს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოედნები, დარბაზები, საცურაო აუზები და ა.შ. პირველ რიგში შევქმნათ რეგიონულ ქალაქებში - ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში, ქუთაისშ, ახალქალაქი, გორში და რუსთავში, ოზურგეთი, თელავი ან გურჯაანი), ან ორივე ერთად - ვთქვათ ფრენბურთი. ხელბურთი, წყალბურთელთა გუნდი თელავში, ფეხბურთი, კალათბურთი გურჯაანში. დღევანდელი ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევები იძლევიან იმის საშუალებას, ერთ 3 000 – 5 000 კაციანი დარბაზი გამოიყენო ფრენბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, სპორტის საწყალოსნო სახეობების და ყინულის მოედნის მოსაწყობადაც. დაემატება ამას თბილისი და ერთი ორი უწყებრივი, ერთი-ორი ბიზნესსექტორის და მივიღებთ 10-12 გუნდიან სრულფასოვანი, ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი გუნდების ჩემპიონატს, ყინულის ჰოკეიშიც კი. არ არის აუცილებელი მეგახელფასები და უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანაში ფულის გადაყრა. რა რესურსებიც გვაქვს საწყის ეტაპზე ვიცოდეთ, რომ ის იქნება სტაბილურად, რათა განხორციელდეს რამდენიმე წელზე გათვლილი სხვადასხვა პროგრამები, მომავალ თაობის აღზრდა-განვითარებაზე გათვლილი ღონისძიებები და ა.შ. შემდგომში მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით შეიცვლება მიზნები და შედეგები. ერთ კლუბს, ვთქვათ ზუგდიდის "სამეგრელოს" ეყოლება სხვადასხვა გუნდები ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, რაგბში, ფრენბურთში, წყალბურთში, ჰოკეისა და ა.შ. კლუბები თავისთავად იზრუნებენ სათადარიგო-სარეზერვო, ბავშვთა ასაკობრივი და ქალთა და გოგონათა გუნდების შექმნაზე. რეგიონის ცენტრის წინ წამოწევა არ ნიშნავს რეგიონის სხვა ქალაქების უგულველყოფას. ღმერთმა ქნას შემდგომში რეგიონალური ქალაქები ისე განვითარდნენ ცენტრებს გაუწიონ კონკურენცია. ამით მხოლოდ მოიგებს ქვეყანა და თითოეული მოქალაქე. ამ ეტაპზე კი ჩვენი ამოცანაა ქვეყნის მწირი ფინანსური, ადამიანური რესურსები ისე გადავანაწილოთ, რომ ფიზიკურად მომზადებული თაობა გვყავდეს, ქართველი კაცის ტალანტიც გამოჩნდეს და ჩვენი კუთვნილი, ღირსეული ადგილი გვქონდეს ამ კუთხით მსოფლიოში.
ცალკე აღნიშვნის ღისრსია სტუდენტური სპორტი. მაპატიეთ თუ ვცდები, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში ამ მხრივ სპორტული ცხოვრება თითქმის ჩაკვდა, ალაგ-ალაგ გამოჩნდება თითო-ოროლა გუნდი და ისიც მცირე ხანში მეტეორიტივით ქრება. არადა, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ტექნიუკურ უნივერსიტეტს, სამედიცინო, აგრარულ და ა.შ. უმაღლეს სასწავლებლებს, სხვა თუ არა ერთი გუნდის ყოლა მაინც შეუძლიათ. ამისათვის მათ ფინანსური და სხვა სახის რესურსებიც ყოფნით. ალბათ, სპეციალური კანონია მისაღები, რომელიც სტუდენტ ახალგაზრდობას ამ საკითხს დაურეგულირებს.
დაბოლოს, შეიძლება ჩვენი ნააზრევის ასეთ ფორმაში გადმოცემა ვიღაცას ზედმეტად კატეგორიული მოეჩვენოს, შეიძლება უტაქტოდაც და ა.შ. მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ტრადიციული, მოჩვენებითი ბედნიერი ერის სინდრომი, რომელიც ეშმაკის წყევლა-მზითევივით მოგვყვება უკვე საუკუნეების განმავლობაში და თვალებზე და გონებაზე ლიბრგადაკრულები, დაბანგულები დავიარებით. არა ვართ უნიჭო ხალხი და ის რაც სხვამ მიაღწია, ჩვენთვისაც არ არის მიუღწეველი. სპორტი ამის ნათელი დადასტურებაა. როდესაც გერმანელს გაუჭირდა, დაფიქრდა და "მერსედესი" გააკეთა, ქართველს გაუჭირდა და დარდი ღვინის სმაში ჩაკლა. დროა სადღეგრძელოებს შევეშვათ და საქმეს მივხედოთ.





soso
20 მაისი 2017 04:23
მტავრობაა ხალხის მტერი.
n.
21 ივლისი 2015 18:09
''ხალხო, არავის შეურაცხოფას არ აყენებენ. ის კაცი იძახის, თუ ეკონომიკა ვერ განვავითარეთ, თუ წინაპრების დანატოვარ მიწას ვერ ვამუშავებთ და სხვას ვაძლევთ კაპიკებად, თუ ჩვენს მანდილოსნებს ვერ ვპატრონობთ და გაგდებული გვყავს სამოჯამაგირეოდ და ათასი სხვა, რა გამოდის, მალე ბავსვებსაც ვერ გავაკეთებთ სხვისი დახმარების გარეშე და ამას იმპოტენცია ჰქვია აბა რა. სოციალურია, ბიოლოგიური თუ პოლიტიკური ეს იმპოტენცია - ვისაც უნდა იმან არკვიოს.''

--------------
''დაითვალეთ მედლები და შეადარეთ ... განათლება და სპორტი პირველ ადგილზე იდგა.იქ სადაც მთავრობა არ ერევა საქმე კარგად ვერ იქნება, წაიკითხეთ ტანამედროვე ეკონომისტების,პოლიტოლოგემია შრომები.ეს არაა კომუნისტური აზროვნება და არც კაპიტალისტური,მეცნიერები ეძებენ ალტერნატიულ გზებს, სმიტის ველური კაპიტალიზმის დრო დამთავრდა.ჩვენთან კი ყვავის,ტავის ნებიტ განვითარება არ ხდება,''
---------------
უმეტეს წილად ვეთანხმები ამ სიტყვების ავტორებს,
სამწუხაროდ ჩვენთან იდეოლოგიური მუშაობა საერთოდ ჩაკვდა. თუ მარტო დღევანდელ ფულზე და მუცლების ამოყორებაზე ვიფიქრეთ ''ხვალე'' აღარ ექნება ერს და სახელმწიფოს - მოქმედებიდან ამოვიღოთ შური, ერთმანეთის ჭამა , სიზარმაცე, მლიქვნელობა, ფარისევლობა,{ პატივისცემა მარტო იმის გამო რომ ვიღაც დიდი ფულის ან თანამდებობის პატრონია,} ს ხ ვ ი ს ი მ ე დ ზ ე ყ ო ფ ნ ა - ხან რუსეთი , ხან ამერიკა, ხან ევროპა - და თუ მართლა რამეს წარმოვადგენთ თვითონ ვიპოვოთ ჩვენი გზა და თუ ეს ასე არ იქნება, განა ეს მართლა იმპოტენცია არ არის?
Gari
10 ივლისი 2015 00:22
Getanxmebi, cvetshi dausvi diagnozi

რედაქტორის რჩევით