პარლამენტარი - ხელისუფლების ლაქია თუ ხალხის პატრონი - კვირის პალიტრა

პარლამენტარი - ხელისუფლების ლაქია თუ ხალხის პატრონი

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაცას ვირჩევთ - დაწყებული სოციალისტური ეპოქის ყრილობის დელეგატებიდან, თუ საბჭოების დეპუტატებიდან. ვიცოდით, რომ ასე იყო საჭირო და ხან დოლ-გარმონით, ხანაც კიდევ გადასატანი გრიპის ვირუსის მოხდის ვალდებულებით ვცხადდებოდით ხმის მისაცემად და იქ მთავრდებოდა ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება. თუ რაში გვჭირდებოდა ეს ინსტრუმენტი - არჩევნები და დეპუტატი - არავის აინტერესებდა, არც იცოდნენ. მართალია, ზოგიერთებს ახსოვდათ სკოლის ისტორიის გაკვეთილებიდან, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა და ძველ ათენში, აგორაზე შეკრებილი ბერძნები ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უმრავლესობის გამოსავლენად იყენებდნენ. ზოგს იქნებ ამერიკის დემოკრატიის მამები გაახსენდა, რომლებმაც ქვეყანას ისეთი სამართლებრივი საფუძვლები ჩაუყარეს, რომ მის შემდეგ ამ ქვეყნის წინსვლა და განვითარება ვერაფერმა  შეაფერხა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო აგვერჩია! გადაწყვეტილებებს ქვეყნის მართვის შესახებ სხვა ხალხი და სხვაგან იღებდნენ. ჩვენ კი გვაჩვენებდნენ, თითქოს ქვეყანას ხალხის წარმომადგენლები მართავდნენ. სინამდვილეში, მათი მთავარი ფუნქცია ბრეჟნევისა თუ რომელიმე პარტიული ბოსის გამოსვლისას, ხელისგულების გადატყავებამდე ტაშის დაეკრა იყო.

როგორც იქნა ჩაბარდა წარსულს სოციალისტური ეპოქა. ბოლო ორ ათწლეულზე მეტია ვირჩევთ პრეზიდენტებს, დეპუტატებს, მერებს და გამგებლებს. ჩვენი საშველი მაინც არ არის! ახლაც ერთი გნიასია საინფორმაციო საშუალებებში, რა ვუყოთ ამ დეპუტატებს, როგორი პრინციპით ავირჩიოთ - მაჟორიტარულით თუ პროპორციულით. მთავარია შევქმნათ ისეთი მოდელი, რომ ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ მეტი დეპუტატი გაიყვანოს მისი პოზიციის მხარდამჭერი ანუ მისიანი. ამის შემდეგ მორჩა და დამთავრდა, ამოვისუნთქებთ.  დეპუტატების არჩევით მოგვარდება ჩვენში პრობლემები?

ახალგაზრდობაში მარკ ტვენის ერთი მოთხრობა მაქვს წაკითხული დეპუტატის თანაშემწეზე. მისი ფუნქციაა  გასცეს პასუხი ამომრჩეველთა წერილებს.  ის კი ნებსით თუ უნებლიეთ, უკუღმართულ პასუხებს აგზავნის, რამაც დეპუტატის გაცეცხლება და ლამის ინფარქტამდე მიყვანა გამოიწვია. პირველად მაშინ გავიგე, რომ დეპუტატის დანიშნულება ამომრჩევლების პრობლემის გადაწყვეტა ყოფილა! აქედან დავიწყოთ თქვე კაი დედმამიშვილებო და ოჯახაშენებულებო, თორემ დეპუტატის მანდატი, ჯიპი და მაღალი ხელფას-პრემიები რომ კარგია, ჩვენც ვიცით. ავირჩევთ დეპუტატს და შემდგომ არჩევნებამდე მის „დუხსაც“ ვერ იპოვი, არც ტელეფონზე პასუხობენ, ამომრჩეველთან შეხვედრასა და ანგარიშის ჩაბარებაზე ხომ ლაპარაკი  ზედმეტია, პარლამენტის სხდომებსაც არ ესწრებიან. ეს არის ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია. უნდა შეიცვალოს ეს მიდგომები და დეპუტატი და ამომრჩეველი უნდა ჩავაყენოთ იმ რეჟიმში, რისთვისაც მოიგონეს და ჩამოყალიბდა ეს ინსტიტუტი. ჩვენი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი ის უნდა იყოს, თუ როგორ გავააქტიუროთ დეპუტატების სადეპუტატო ცხოვრება, რა კრიტერიუმებით მოხდეს მათი მოღვაწეობის შეფასება და ეს ნორმები კანონმდებლობით უნდა იყოს გაწერილი, თუ რამდენჯერ შეხვდა ამომრჩეველს, რამდენის წერილს გასცა პასუხი, რამდენი საკითხი დააყენა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე, რამდენ ამომრჩეველს თუ ამომრჩეველთა ჯგუფს გადაუწყვიტა პრობლემა... ამასთან, როგორ და რა პრინციპით უნდა მოხდეს ამომრჩეველთათვის და ხალხისათვის უსარგებგებლო დეპუტატის ვადამდე ადრე გაწვევა-გადარჩევა, თორემ სხვანაირად გვექნება კანონები დეპუტატების და ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდაზე და პენსიონრების პენსიების გაყინვა-შემცირებაზე; ინვესტორების, ბიზნესმენების, უცხოელების გამდიდრებაზე და მათი ინტერესების დაცვაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვაზე, მშრომელების გაღატაკებაზე, მრავალშვილიანებისა და ქართველების გაქრობა-გადაშნებაზე...

კითხვა, მაჟორიტარები თუ პროპორციული სია, იმის მიხედვით უნდა დავსვათ, თუ რა გვინდა და როგორი პარლამენტი გვინდა, თორემ სხვანაირად ეს იქნება, როგორც დიდი კომბინატორი იტყოდა, მორიგი ბანგი ხალხისათვის.

საარჩევნო სისტემის დაყვანამ მარტო პარტიულ-მაჟორიტარულ სიებზე, შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქის უშინაარსო, ფორმალური ცვლილებები გამახსენა, რომელმაც ამომრჩევლის და საზოგადოების მოტყუების ათასობით თაღლითური სქემა შვა და მოგვიტანა, როგორც პარლამენტის და თვითმართველობის დისკრედიტაცია, ასევე საკანონმდებლო დემაგოგია ზენიტში. თუ გვინდა გავაგრძელოთ, რომ პარლამენტმა მარტო კანონები კანონებისათვის წეროს და პარტიულ ბოსებს ემსახუროს, მაშინ ის მარტო პროპორციული პრინციპით უნდა დავაკომპლექტოთ და ავირჩიოთ მარტო იურისტები. ჩვენში გავრცელებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ პატრიული სიებით ის ხალხი უფრო სარგებლობს და ხვდება პარლამენტში, რომელთაც კანონშემოქმედებასთან ახლოსაც არ გაუვლია. გადახედეთ პარტიულ სიებს და პარლამენტის შემადგენლობას და ამაში ადვილად დარწმუნდებით. ისე თუ წარმოიდგინა ვინმემ 150 იურისტი ერთად შეკრებილი - ეს პარლამენტი კი არა იურისტების ყრილობა უფრო იქნება. არადა, პრაქტიკა ადასტურებს, ჯობია, პარლამენტში სულ სხვა თვისებების გამო მოხვდნენ, ვიდრე პროფესიული ნიშნით. მთავარია, დეპუტატობის კანდიდატი იყოს წესიერი და პატიოსანი, პატრიოტი და საზოგადოებრივად აქტიური და ისეთი თვისებებით შემკული, რომელიც ცდილობს მისი ქვეყნის მომავალი უკეთესი იყოს და დამერწმუნეთ, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რა პროფესიის, ასაკის, სქესის იქნება. კანონების დაწერას ერთი-ორი კვალიფიციური იურისტი და იურიდიული კათედრაც მშვენივრად მოაბამს თავს, აღარაფერს ვამბობთ მსოფლიოში აღიარებულ ჩვენს პროფესორ-აკადემიკოსებზე. თუ გვინდა რიგითი ქართველის პრობლემა ხელისუფლების პრობლემა გახდეს, მაშინ მაჟორიტარული პრინციპი ჯობს. გასაგებია, რომ დღემდე არსებული მაჟორიტარები ხელისუფლების კანდიდატები იყვნენ და ხელისუფლების ძალისხმევით, ხმების „მიწერით“ ხდებოდა მათი გათრევა პარლამენტში.

დღეს ეს მახინჯი პრინციპი უნდა შევცვალოთ. ჩვენი ძალისხმევა იქეთკენ უნდა წარვმართოთ, რომ საარჩევნო პროცედურები, ბიულეტენების და ხმების დათვლა ღია და გამჭვირვალე გავხადოთ, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს გაყალბება, ხმების მოპარვა და სხვისთვის მიკუთვნება, საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ბიულეტენების გადათვლა და გადამოწმება და ა.შ. სხვანაირად ჩვენ ვღებულობთ უფუნქციო და მხოლოდ მოლაყბე პარლამენტს, რომელიც ნორმალურ კანონსაც ვერ წერს და რომელსაც კულუარებიდან შემოგდებული კანონპროექტების ნოტარიულად გაფორმების ფუნქცია აკისრია. განა პარტიებს აუკრძალა ვინმემ არ დაუჭიროს მხარი ხელისუფლების ალტერნატიულ მაჟორიტარს? დღევანდელ თავისუფალ სივრცეში, როდესაც ხელისუფლების და მთავრობის მოღვაწეობა უფრო კრიტიკას იმსახურებს და მათი ლამის ყოველგვარი ქმედება აღიზიანებს ამომრჩეველს, ამ მომენტით მოხერხებულმა პარტიებმა შეიძლება ისარგებლონ და თუ გამოავლენენ ხელისუფლების ფავორიტ მაჟორიტარს, ამით შეიძლება ჩაძირონ ის და მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს გაუხსნან გზა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ორივე ეს პრინციპი, პროპორციული თუ მაჟორიტარული, ქარგაა, პროექტი, სქემაა. მთავარია სული ჩავბეროთ გაყინულ პარლამენტარებს და კანონში გაწერილი პროცედურებით და ნორმებით დავავალდებულოთ სადეპუტატო ფუნქციების განხორციელება. დეპუტატი არის მძლავრი ბერკეტი, ლაგამი, მართვის პულტი თუ რიჩაგი, რომლის საშუალებით რიგითმა ქართველებმა უნდა მართონ საკუთარი ქვეყანა.

ვფიქრობთ, დღეს არსებული სქემა - 75 მაჟორიტარი და 75 პროპორციული დეპუტატი - იდეალურია როგორც ძალთა დაბალანსების, ასევე საქმის კეთებისათვის. შეიძლება უფრო გავმიჯნოთ დეპუტატთა ფუნქციები და ვიფიქროთ ორპალატიან სისტემაზე - ერთი პალატა პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებისათვის, რომლებიც კანონშემოქმედებითი ფუნქციებით იქნებიან აღჭურვილი, მეორე პალატა მაჟორიტარებისათვის, რომლის ფუნქცია იქნება შეუსაბამოს ეს კანონები ამომრჩევლების ინტერესებს, აკონტროლოს მთავრობა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოები, განკარგოს ქვეყნის სიმდიდრეები და ქონება... იდეები და სალაპარაკო ამ მიმართულებით ბევრია. საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის მიზანი ის არის, რომ ამ უჩინარ დეპუტატებს სული ჩავბეროთ და ძირითადი ფუნქცია დავუბრუნოთ, მოძრაობაში მოვიყვანოთ, თორემ ტაშის კვრა და უმოქმედობა, მაჟორიტარსაც და პროპორციულსაც, ადრეც კარგად ეხერხებოდა და დღევანდელ პირობებშიც კარგად ახერხებს.