"ნაციონალური" ომერტა ანუ ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

"ნაციონალური" ომერტა ანუ ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

ეს წერილი დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე არ მომეწერა ჩემი მოსაზრება თქვენთვის. ვიფიქრე, შეიძლება სწორად ვერ გამიგოს და გული არ ვატკინო-მეთქი, მაგრამ ამ ბოლო დროს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით თქვენი სამსახურის აქტიურობა უკვე მართლა იძლევა შეშფოთების საბაბს. რა სტრუქტურაა ეროვნული ბანკი, ვის ინტერესებს ემსახურება სინამვილეში, როგორ შეუძლია ვალუტის კურსის და საპროცენტო განაკვეთების თამაში, ამას ცალკე წერილში მოგახსენებთ.

გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირია მაინც, პოლიტიკურად იქნება ეს, სოციალურად თუ სხვა რომელიმე კუთხით - ეს ასეა. შესაბამისად, მისი ყოველი საჯარო განცხადება ასევე მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ახდენს. მესმის, რომ ეს განცხადებები ხან საზოგადოებრივი ბალანსისთვისაა საჭირო, ხან ქვეყანაში აზრთა მრავალფეროვნებას უწყობს ხელს და ა.შ. მაგრამ მაინც მეტი დაფიქრებაა საჭირო.

ამ ერთი წლის წინ ჩემი ყურადღება თქვენმა განცახდებამ მიიქცია, სადაც შეშფოთებას გამოთქვამთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ მიმოწერის გასაჯაროების გამო.

თუ მე სწორად გავიგე ეს ის სამსახურია, საიდანაც ფინანსდებოდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, რბილად რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივი ხარჯები, კერძოდ, სხვადასხვა საჩუქრები ფავორიტ ქალებისთვის, ბოტოქსით დაბერვის და ცელულიტების მოშორების, სხვადასხვა კურორტებსა და გასართობ ადგილებში ,,გულაობის" ხარჯები და სხვა უამრავი სისულელეები. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამის გასაჯაროების გამო შეშფოთება უნდა გამოგეთქვათ, მაშინ ჩვენ გვქონია შესაშფოთებლად საქმე. თან დავიბენი და ლამის უკუღმა დავიწყო აზროვნება. იქნებ თქვენ თქვენი ფილოსოფიური აზროვნებით ფიქრობთ, რომ პრეზიდენტისათვის მასაჟის გაკეთება და ელიტარული "პუტანკების" ჩამოყვანა, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა, ამისათვის აუცილებელია სპეციალური სამსახურის შექმნა და ბიუჯეტური სახსრებით უზრუნველყოფა? იქნებ ფიქრობთ, რომ ნატოს ლისაბონის სამიტის მსვლელობისას ჩვენი დელეგაციის ორგიები სახელმწიფოს გაძლიერებას ემსახურებოდა და მასთან დაკავშირებული ბიუჯეტური ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს? ან იქნებ ჩვენი ყოფილი პარლამენტის სპიკერის აფრიკაში ნადირობა იყო სახელმწიფოს გასაძლიერებლად მიმართული და ამიტომ ესაჭიროებოდა ბიუჯეტური დაფინანსება და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებად მიჩნევა? ან იქნებ მერიის მაღალჩინოსნების სტრიპტიზბარებში სიარული იყო სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული, თბილისის განვითარების ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო და სახელმწიფოს ზესაიდუმლოებად უნდა აღიარდეს?

კიდევ რომელი უნდა ჩამოვთვალო. და ამას აკეთებდა იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს. ქვეყანაში, სადაც ბავშვების ნაწილი უწამლობით და უექიმობით კვდებიან და რომელთა საარსებო სახსრების მოპოვებას ლამის ქუჩაში მათხოვრობა ჭირდება.

სხვა შემთხვევაში არც ჩემ თავს მივცემდი უფლებას და ვერც თქვენ გაკადრებდით ნატაციების კითხვას, მაგრამ თქვენი შეშფოთება-აღშფოთების შემდეგ, რომლის ლეგიტიმური უფლება ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას გააჩნია, მათ შორის თქვენც და მეც, რომელსაც შემიძლია თქვენს შეშფოთებაზე მე ცალკე აღვშფოთდე, და რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ისტორია, სხვა მრავალ ნიშანთა შორის, აგრეთვე გამორჩეულია ნიჭიერი და უნიჭო, ზნეობრივი და უზნეო ადამიანთა ისტორიებით. კაცობრიობა დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი თავისი განცდებით და ემოციებით, ვნებებითა და გრძნობებით უფრო მიწიერი არსებაა, ვიდრე წმინდანი და ანგელოზი. შესაბამისად, აბსოლუტური და უკონტროლო ძალაუფლება რყვნის. ამის საწინააღმდეგოდ მოიგონეს ხელისუფლების არჩევითობა, ხელისუფლების დანაწილების და ურთიერთკონტროლის სისტემა და ათასი სხვა.

ბატონო პრეზიდენტო, დიდხანს მიწვალია თავი იმაზე ფიქრით, თუ რატომ არის ზოგი ქვეყანა წარმატებული, მოწინავე და ეკონომიურად უზრუნველყოფილი, ხოლო ზოგი გაჭირვების ჭაობში იხრჩობა, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები ვერ მოუგვარებია და ასეთი ქვეყნების მოსახლეობა ტანჯვა-წამებაში ცხოვრობს. რა არის ამის მთავარი მიზეზი და განმსაზღვრელი - ისტორიული ტრადიციები? სანედლეულო რესურსები? ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა? საბოლოო დასკვნა ასეთია - ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არჩევითი და მონაცვლეობითია, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთკონტროლი და სწორი ბალანსია, და რაც მთავარია, მმართველობა ღია და გამჭვირვალეა, იქ აღწევენ წარმატებებს რეფორმებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო იქ სადაც ყველაფერი გასაიდუმლოებულ-დაფარულია - საქმე სხვანაირად არის. იქ არის კორუფცია, სახელმწიფო ორგანოების ეკონომიკური და სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. მავანი ამას სახელმწიფოებრივ, პირად და კომერციულ საიდუმლოებად ფუთავს, სინამდვილეში საზოგადოებისაგან დასამალად და თვალის მოსარიდებლად იყენებს, პირადი მიზნების გამო, თორემ კარგ საქმეს, ქვეყნისათვის და ერისთვის სასარგებლოს, რად უნდა გასაიდუმლოება და შეფუთვა.

მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც "ნაციონალების" ხელისუფლება და ნიმუშად ავიღოთ თუნდაც ყველაზე გასაიდუმლოებული დარგი - თავდაცვა. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, სამხედრო ტექნიკა, შესყიდვის კონტრაქტები, შეიარაღების სახეობა და ა.შ. ეს ჩვენთვის, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო გასაიდუმლოებული, თორემ სხვისთვის, ჩვენი ყველაზე სასტიკი მტრისათვისათვისაც ყველაფერი შესანიშნავად ცნობილია, სად რა შეიარაღება გვაქვს, რამდენი და როგორი. მილიარდები იხარჯებოდა ქვეყნის თავდაცვაზე. გვარწმუნებდნენ, კიბორგ-რობოტები არა, მაგრამ ჩვენი არმია ერთ-ერთი ყველაზე აღჭურვილი და ბრძოლისუნარიანიაო... დღენახევარში წავაგეთ ბრძოლაც და ომიც. ათეულ და ასეულ მილიონები თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ვადაგასულ და უვარგის ტექნიკაში აღმოჩნდა გადაყრილი. ერთადერთი უპილოტო საჰაერო საშუალებები გვქონდა მართლა თანამედროვე, მაგრამ კოდები ვერ დავიცავით და პანტაპუნტით ჩამოგვიყარეს რუსებმა. არავითარი ავიაცია, არავითარი თავდაცვის სისტემა, საქართველოს ცაში რუსული თვითმფრინავების დაუსჯელად მოქმედებამ ჩვენი პოზიციების თავზე, ქართული არმია სასაკლაოზე გაგდებულ პირუტყვს დაამსგავსა. რაც მოვახერხეთ, ისიც ჩვენი გმირი მეომრების გმირობით და სულიერი სიმტკიცით, რომელთა ნაწილიც ჩვენი ჩინოვნიკების ფულის შოვნის სიხარბეს შეეწირა. აი, ზესაიდუმლოების შედეგი.

ქვეყანა მაფიური დაჯგუფებისათვის დამახასიათებელი ომერტას პრინციპებით იმართებოდა - გასაიდუმლოებული ტენდერები და შესყიდვები, გაუმჭვირვალე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დიდი ნაწილი, საიდუმლოებით მოცული თბილისის განვითარების და აღდგენის სხვადასხვა ფონდი და ა.შ. საზოგადოება ალბათ ვერასოდეს გაიგებს საქართველოში შემოსული ბენზინის, გაზის, მედიკამენტების რეალურ ფასს. მიუწვდომელი იყო სატელეფონო, საკომუნოკაციო, კომუნალური მომსახურების ტარიფების კალკულაცია. რაღაც ნაწილი ინერციით გამოგვყვა.

ამასწინ ერთ საანეკდოტო სიტუაციაში აღმოჩნდა მთელი ქვეყანა. რამდენიმეთვიანი დებატები მიდიოდა ხუდონჰესთან დაკაშირებით და საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ინვესტორის შესახებ, ვინ იყო, სადაური, რომელი ქვეყნის. არავინ იცის სადაურია ის ე.წ. ინვესტორები, ვისაც ჩააბარეს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, კავშირგაბმულობა, საბანკო სექტორი, ენგერგეტიკა და სხვა. რა სტრატეგიულ და ქვეყნის თავდაცვითი მშენებლობის საიდუმლოებაზე და კონფიდენციალურობაზე გვაქვს საუბარი, როდესაც თბილისის ენერგოუზრუნველყოფა ჩვენი სტრატეგიული მტრის ხელშია და ნებისმიერ საწარმოო პროცესს გაგიშიფრავს მოხმარებული ენერგიის და მომსახურე პერსონალის გამოყენებით.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენთან კონსტიტუციითაა განსაზღვრული პერსონალური, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია. როდესაც ნაციონალური ხელისუფლება მიხვდა ხალხში დასაყრდენს კარგავდა და არჩევნების გაყალბების დამკვიდრებული სისტემა ვეღარ დაიფარავდა, მოიგონა სხვადასხვა სახის კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული ინფორმაცია, და შესაბამისი კანონით უზრუნველყო. შედეგად დაიხურა ისედაც მწირე თავისუფალი სივრცე და უფრო მეტად შეეწყო ხელი სახელისუფლო ანუ ელიტარულ კორუფციას.

აქედან გამომდინარე, თუ საქვეყნო წესსა და კანონიერებაზე ფიქრობთ, განგაშს უნდა ტეხდეთ და კანონით უნდა ამყარებდეთ საჯარო ინფორმაციის აუცილებელ და სავალდებულო განთავსებას უწყებათა და ორგანიზაციათა ელექტრონულ რესურსებზე. დღემდე არა გვაქვს კანონი, თუ რა სახის ინფორმაცია და როგორ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას და მომხმარებლებს, კანონი პროაქტიური ინფორმაციის შესახებ. ასეთი ღია, გამჭვირვალე ინფორმაცია და საქმიანობა მნიშვნელოვნად დაიცავდა ქვეყანას კორუფციისაგან. იმ ხალხსაც დავიცავდით, ვისაც სახელმწიფო ქონების და საზოგადოებრივი საკუთრების დატაცებაში ედებათ ბრალი და ამით მომავალშიც ბევრ დანაშაულს ავიცილებდით თავიდან.

პატივისცემით,

საქართველოს რიგითი მოქალაქე

ფოტომონტაჟი აღებულია ინტერნეტიდან