საქართველოს ეროვნული ბანკი - სახელმწიფო სახელმწიფოში?! - რატომ ვერ უშვებენ ქადაგიძეს თანამდებობიდან?
25-09-2015
საქართველოს ეროვნული ბანკი - სახელმწიფო სახელმწიფოში?! - რატომ ვერ უშვებენ ქადაგიძეს თანამდებობიდან?
ამ ბოლო დროს იმდენი ტყუილ-მართალი იწერება ლარსა და მის გაცვლით კურსზე, აშკარაა, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა როგორც, საზოგადოდ, ეკონომიკის, ასევე ვიწრო საბანკო სპეციალიზაციის კუთხითაც. ანდა, კვალიფიციურთა ერთი ნაწილი დემაგოგიასა და გზის აბნევაზე მუშაობს, რომ ქვეყანამ არასწორი მიმართულებით იაროს და მერე ამ მღვრიე წყალში მსხვილი ღლავები დაიჭიროს.

იმისთვის, რომ ჩვენი ნააზრევი ყველასთვის, მათ შორის, დიასახლისებისთვის, მძღოლებისა და სხვა არასაბანკო სპეციალობების პერსონათათვისაც გასაგები და მარტივად აღსაქმელი გახდეს, ცოტა შორიდან დავიწყოთ, რასაც წონასწორობის
მექანიზმი ქვია.

ინფლაციური სასწორი შემდეგნაირად მუშაობს: ვთქვათ, სახელმწიფოში არის ასი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ფულის ერთეული - ასი ლარი. მაშინ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეღირება (ასი ლარი/ას ფეხსაცმელზე) ერთი ლარი. თუ სახელმწიფო მოჭრის დამატებით ას ლარს და გამუშვებს მიმოქცევაში, მაშინ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეღირება ორი ლარი (ორასი
ლარი/ას ფეხსაცმელზე). იგივე შეიძლება ითქვას დოლარისა და ლარის ურთიერთდამიკიდებულებაზეც. თუ ქვეყანაში ასი ერთეული ლარია და დოლარიც ასი ერთეულია, მაშინ ერთი დოლარის გაცვლითი კურსი უდრის ერთ ლარს (ასი ლარი/ას დოლარზე). თუ ქვეყანაში არის ასი დოლარი და ორასი ლარი, მაშინ ერთი დოლარი ეღირება ორი ლარი (ორასი ლარი/ას დოლარზე), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმოქცევაში ას დოლარი გვაქვს, ლარი კი ორმოცდაათი, მაშინ ერთი დოლარი ეღირება ორმოცდაათი თეთრი (ორმოცდაათი ლარი/ასი დოლარი).

ეს მარტივი არითმეტიკა იმისთვის გვჭირდება, რომ ეკონომიკაც ასე ზუსტად ასახავს არსებულ რეალობებს და, როდესაც ვალუტის კურსის ცვალებადობაზე ეროვნული ბანკის პეზიდენტი საუბარს იწყებს ბოშა-მარჩიელის ვარაუდების დონეზე და ათასგვარ სისულელეს გვეუბნება შეგნებულად თუ შეუგნებლად, უმჯობესია აქედან დაიწყოს და ქვეყანაში არსებულ ფულადი მასების მოცულობებსა და პროპორციებზე გვითხრას ორიოდ სიტყვა, თორემ უბრალო მეურნემაც იცის მარტივი ჭეშმარიტება: იმისთვის, რომ ქვეყანაში სიმდიდრე დაგროვდეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს საჭიროა, საზოგადოდ, წარმოების დონის ამაღლება, ხოლო ვალუტის რეზერვის გასაზრდელად - საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაზრდა. ასევეა საპირისპირო მიმართულებით: თუ შევამცირებთ წარმოებას, შემცირდება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და ცხოვრების დონე, ხოლო სავალუტო შენატანების შემცირებით - გაუარესდება ეროვნული ვალუტის კურსი.

ეროვნული ბანკის არადაქირავებული ექსპერტების ვარაუდით, დოლარის კურსის გამყარებისა და საზღვარგარეთიდან ვალუტის შემოდინების შემცირების ფაქტორების გამო ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უნდა იყოს სადღაც 1,95-2,05-ის ნიშნულზე. სამაგიეროდ, ეროვნულ ბანკს გააჩნია ვარაუდები, თუმცა ის ვარაუდებიც ქადაგიძისთვის სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებს.

ვარაუდი N1 - ნავთობზე ფასის ვარდნამ სხვა ვალუტებთან დოლარის კურსის გამყარება გამოიწვია. ნამდვილად საყურადღებო არგუმენტია, მაგრამ იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ფაქტორის გამო დაახლოებით 300-350 მლნ აშშ ნაკლები გვჭირდება ნავთობპროდუქტების შესაძენად წინა წლებთან შედარებით და ამ რაოდენობის ნაკლები ვალუტა გავა ქვეყნის გარეთ.

ამ 300-350 მლნ-მა შეიძლება დააკომპენსიროს ეროვნული ბანკის N2 ვარაუდი - საზღვარგარეთიდან სავალუტო გზავნილების შემცირების გავლენა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ნახევარი წლის სტატისტიკა ეროვნული ბანკის ვარაუდების სასარგებლოდ არ მეტყველებს. დაველოდოთ მთლიანი წლის დასრულებას და წლიურ შედეგებში უფრო ნათელი სურათი გვექნება, ჩემი ვარაუდით, არა ქადაგიძის სასარგებლოდ.

ვარაუდი N3 - ლარის გაუფასურება წარმოების ზრდამ გამოიწვია. ამ ვარაუდმა მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ბოშური გირჩი-მარჩიდან დაწყებული, კაკულია, ვანგა და ათასი მჩხიბავით დამთავრებული. ფული კაპიტალდაბანდებებისა და ინვესტიციების სახით ყოველთვის უსწრებს პროდუქციის წარმოებას და რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს შეიძლება მართლა მოხდეს, მაგრამ ის იმდენად უმნიშვნელოა, ეროვნულ ბანკს შეუძლია რეზერვის ვალუტით დაარეგულიროს ეს საკითხი და მეორეც, საწარმოს ამოქმედებით გამოწვეული შედეგი ორმაგი და ხუთმაგი ეფექტის მატარებელია შიდა პროდუქტის ზრდის, იმპორტის შემცირების, ვალუტის დაზოგვისა და კიდევ სხვა კუთხით. ამ პროცესს ჩვენს ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია, რამეთუ ეკონომიკის დღევანდელი ზრდის პირობებში, დაახლოებით 70-80 წელი დაგვჭირდება ბელგიისა და ჰოლანდიის დონის მისაღწევად და ეს ჩამორჩენა ისე ღრმავდება, შეიძლება შემდგომში ცარცულ და იურულ პერიოდებში გამოისახოს. ამიტომ ყველა არსებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ წარმოების განსავითარებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სხვანაირად ის ხალხი ფიქრობს, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება არ უხარია. სამწუხაროდ, პოლიტიკური ოპონირების კულტურა ჩვენს ქვეყანაში ჩანასახოვან მდგომარეობაშია, რაც ამის თქმის საფუძველს გვაძლევს.

საბედნიეროდ, დანარჩენ აბსურდულ ვარაუდებზე სასაუბროდ არც დრო არის და არც სურვილი.

გასული საუკუნის დასაწყისში ევროპაში იყო მცდელობები საპირისპირო ბანაკის ქვეყნებში ყალბი ფულის დიდი მასის შეტანით ინფლაცია გამოეწვიათ და ქვეყანა დაენგრიათ. როდესაც წარმოება და ექსპორტი უმნიშვნელოდ იზრდება წინა წლებთან შედარებით, ხოლო ბანკების დაკრედიტებას რამდენჯერმე ასეულით მილიონი ლარით ზრდი - რა ქვია ამას? თუ ქვეყნის ეკონომიკას ხმარდება ეს კრედიტები, მაშინ ან სოფლის მეურნეობის პროდუქცია უნდა იზრდებოდეს ან სამრეწველო, ან მშენებლობა ან ტურიზმი და ა.შ. რაც არც ერთი მიმართულებით არ დასტურდება. მაშინ, რა ხდება?

ხდება ის, რაც ჩვენში ერთხელ უკვე მოხდა. უაზრო და გაუმართლებლად გამოყრილმა კრედიტებმა კუპონი შეიწირა და სულ ბოლოს ლამის დიასახლისებიც მილიონიან განზომილებებში ვაჭრობდნენ ბაზარში მწვანილსა თუ ბოსტნეულზე.

ახლა, მოდი, თითოეულმა ჩვენთაგანმა ცოტა წავიოცნებოთ. ვთქვათ, მოხდა სასწაული და ბანკმა გასესხათ 20, 30 ან 50 მილიონი, თან ერთი კვირით ან რამდენიმე დღით. პირადად, მაგალითად, ერთი დღეც მეყოფოდა. მთელი ამ ფულით დღეს დოლარს შევისყიდდი, ხვალ გაზრდილი კურსით გავყიდიდი და კურსებს შორის სხვაობა ბანკის ვალს თავისი პროცენტით დამიფარავდა და მეც უზრუნველად მაცხოვრებდა სიცოცხლის ბოლომდე. წარმოიდგინეთ, ყოველ ხუთშაბათს რამდენიმე ასეულ მილიონიანი ინტერვენცია საქართველოს კი არა, ჩვენზე გაცილებით დიდი ეკონომიკის ქვეყანას წააქცევდა და მიწასთან გაასწორებდა. ჩვენთან ეროვნული ბანკიდან დაწყებული, კომერციული ბანკებით გაგრძელებული და სხვადასხვა საფინანსო, მიკრო თუ ლომბარდ-ვალუტის ჯიხურებით დამთავრებული, ეროვნული ვალუტის გაყალბების ინდუსტრიაშია ჩართული. მათი გაგება აუხსნელადაც შეიძლება - ზოგი ადრინდელ ბოსს ერთგულებას უმტკიცებს და ჩვენ მერე ქვა-ქვაზე არ დარჩენილა პრინციპით მსჯელობს; ზოგს მუქთა ფულის შოვნის საშუალება მიეცა და, რატომ იტყვის უარს, მაგრამ შენ რომ სახელმწიფო გქვია, პარლამენტი გყავს, მთავრობა გყავს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესების დაცვაზე მომუშავე სტრუქტურები გყავს - შენ, რას აკეთებ?

კლასიკურად საბანკო საქმიანობა ასე ხორციელდება: მოაგროვე საჭირო დოკუმენტები და საწესდებო კაპიტალი, ჩვენთან, მგონი, 5 მილიონია და დაიწყე საბანკო საქმიანობა - გაეცი სესხები და მიიღე ამ სესხის სარგებლობის პროცენტი. კლასიკური მევახშეობაა, მაგრამ საზოგადოებისთვის საჭირო და შესაბამისად, მასზე მოთხოვნაც დიდია - საწყისი კაპიტალისა და ფულის გარეშე ვერც ერთ ოცნებასა და იდეას ხორცს ვერ შეასხამ. ბანკს თუ არ ყოფნის საკუთარი საშუალებები, ანაბრებითა და დეპოზიტებით იზიდავს კლიენტებსა და საბრუნავ ფულს.
არსებობს განსხვავებული მოდელიც.

ჯერ კიდევ ამერიკის ისტორიის გარიჟრაჟზე, სახელმწიფო მოწყობის მოდელზე ჰამილტონისა და ჯეფერსონის დისკუსიებში ჩაისახა ფედერალური რეზერვების მართვის იდეა. შემდგომში ეკონომიკური კატაკლიზმებისგან მოსახლეობისა და სახელმწიფოს დაცვის მიზნით, დაიხვეწა საბანკო სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და ეკონომიკური სუბიექტების ინტერესების შეთანხმებული მაკოორდინებელი როლი. ერთ-ერთი ფუნქციაა სავალუტო კურსის დაცვა და ფულადი მასის რეგულირებაა. თუ საჭიროა ზედმეტ ფულად მასას მოხსნი მიმოქცევიდან ან ინტერვენციას მოახდენ. გააჩნია, სასწორის რომელი მხარის გათანაბრება გსურს. ეს კეთდება, როგორც დროებითი ღონისძიება, სულის მოსათქმელად, ნეგატიური პროცესების გასაანალიზებელი და ქმედითი ღონისძიებების განსახორციელებისთვის დროის მოსაგებად.

დაახლოებით ანალოგიური ქმედებებით ხორციელდებოდა ჩვენთან კურსის სტაბილიზაცია ბოლო წლებამდე და ამას კურსის კაბინეტური გამყარება ქვია. სხვანაირად, როცა იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს და საგარეო ვაჭრობის უარიფითი სალდო 5 მილიარდის ფარგლებშია, ჩათვალეთ, შემოსული უცხოური ვალუტა, როგორც წყალი საცერში, ისე გაივლის. თან, წინა წლებთან შედარებით, 2013 და 2014 წლებში ექსპორტის ზრდაა აღნიშნული, რასაც, პირიქით - ვალუტის განმტკიცება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკუპროცესები განვითარდა - ერთი ნაბიჯი გვაშორებს არათუ საექსპორტო პროდუქციის შემცირებას, არამედ ეკონომიკურ კოლაფსს, საერთოდ.

ახლა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს სასწრაფოდ:

უპირველესად, საჭიროა, ქადაგიძე და მისი ბანდა მოშორდეს ეროვნულ ბანკს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ საამისოდ საკმარისი საფუძველი ან მიზეზი არა აქვს. ამაზე ცოტა ქვემოთ.

მეორე, საჭიროა ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების დაკრედიტების არსებული მახინჯი ფორმა შეცვალოს. არც ერთი კომერციული ბანკი სერიოზულ სესხს ეროვნულ ვალუტაში არ იძლევა ან თუ იძლევა მისი პირობები დოლართანაა მიბმული. კომერციულმა ბანკებმა კეთილი ინებონ: ან დოლარი ისესხონ ეროვნული ბანკისგან ან დოლარის კურსით მოხდეს სესხებაც და გასტუმრებაც. გარდა ამისა, ჩვენთან არსებული ბანკების გარკვეულ ნაწილს სხვა ქვეყნებში აქვს სათაო ორგანიზაციები. ამიტომ ნება იბოძონდა იქ ისესხონ დაბალ პროცენტში, აქ კონვერტაცია გააკეთონ ადგილობრივ ვალუტაში და ხარჯონ ბედნიერად. დღეს მსოფლიოში უამრავი ფულია, თან საკმაოდ დაბალ პროცენტად. ამ ღონისძიებებით ჩვენ ადგილობრივ ბაზარს ჭარბი ფულადი მასისგან დავიცავთ.

მესამე რიგის ამოცანა დღევანდლამდე არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვა უნდა იყოს. თავის დროზე საერთაშორისო კორპორაციებმა, გამყიდველი და უნამუსო ხელისუფლებებისა და მთავრობების მეშვეობით, თითქმის მთლიანად ჩაიგდეს ხელში საქართველოს ეროვნული ქონება და სიმდიდრე. რომ იტყვიან, კაპიკებად არის გაცემული ჭიათურა-ზესტაფონის მანგანუმის კომპლექსი, ხურდაში ვარციხჰესების კასკადიც მიაყოლეს. შემდეგ იმ ხალხმა მილიარდები იშოვა. ასევე კაპიკებად გაიცა ბორჯომის მინერალური წყლები, რომლის პოტენცია მილიარდებში იზომება. ასევე მიზერულ თანხად არის გაცემული მილიარდიანი ენერგეტიკა, ბანკები და ა.შ. დღეს ეს ხალხი იმის გამო, რომ ინვესტორებად იწოდებიან, თავიანთ პირობებს აყენებენ ინვესტიციების დაცვის მიზნით და ითხოვენ გარანტირებულ ტარიფებს, პრივილეგირებულ, ადგილობრივი მეწარმისგან განსხვავებულ საკანონმდებლო ბაზასა და არაკონკურენტულ გარემოს და ა.შ. ბიზნესმენი რომ ქველმოქმედისგან განსხვავდება და თავისი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ეს ჩვენც ვიცით. ჯერ ერთი, მათი უმრავლესობა ინვესტორები არ არის, ჩვეულებრივი პრივატიზაცია განახორციელეს და ქონება შეიძინეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "საჩუქარ ფასში", მაგრამ ეს ჩვენი ჭინკების ბრალია და პასუხიც იმათ უნდა მოეთხოვოთ. 2005 წლიდან ლამის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელებულა ქვეყანაში. მეორენაირად ეს ნიშნავს 300-500 ათას სამუშაო ადგილს. იქნებ გამომრჩა და მართლა შეიქნა ქვეყანაში ეს დამატებითი სამუშაო ადგილები? ან იქნებ ვცდები და მაშინ დამისახელეთ უცხოელი ინვესტორების აშენებული ერთი სერიოზული ქარხანა ან ფაბრიკა, რომელიც დიდი საწარმოს კატეგორიაში გადის და მნიშვნელოვან ადგილობრივ მუშახელს ასაქმებს. უფრო მეტიც, ქვეყანაში სხვაგან გამოუსადეგარი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე, ლამის მომწამვლელი პროდუქცია შემოდის. ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ლარში გაცემული კრედიტების დიდი ნაწილი იმპორტის განსახორციელებელი დოლარის შესყიდვას ხმარდება, რომელიც მალე 10 მილიარდი გახდება. მეორე დიდი ნაწილი ინვესტორების დივიდენდების დოლარით უზრუნველყოფას სჭირდება. აბა, ლარი უცხოეთში, ვის რად უნდა? მესამე ნაწილი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ქვეყნის კუპონიზაციას ხმარდება.
სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, შევარდნაძის მმართველობის დროს ქვეყნიდან 30 მილიარდი დოლარი გავიდა. ეს წმინდა ფულადი გამოსახულებაა, თუმცა ეკონომიკას სხვა ზარალიც ბევრი მიადგა. სააკაშვილისა და "ნაციონალების" მმართველობის დროს 9-10 მილიარდის ფარგლებზე საუბრობენ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი დღესაც წარმატებით გრძელდება, რამეთუ "ნაციონალები" მუქთად ჩაგდებულ ქვეყნის ქონებას დღესაც ძველებურად განაგებენ და ჩვენ მიერ გაზრდილ ტარიფებსა და პროცენტებში გადახდილი თანხა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენება. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკამ, რომელმაც ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა, პენსიონრები, რიგითი ფენა ლამის საარსებო საშუალებების გარეშე დატოვოს, უამრავი დამცველი გამოუჩნდა საზღვარგარეთ თუ ჩვენს ქვეყანაში.

ახლა ორიოდე სიტყვა ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებასა და მთავრობაზე.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა და კრედიტით სარგებლობის პროცენტი. ბანკებმა წარმოადგინონ დასაბუთებული გაანგარიშება დღეს არსებული სესხის რეალური პროცენტისა. თუ "სოსიეტე ჟენერალი", "პროკრედით ბანკი" და ა.შ. საფრანგეთში, ავსტრიასა და თავიანთ ქვეყნებში 4-5 პროცენტად გასცემენ სესხებს, ჩვენ რა, ქვის ხანაში ვცხოვრობთ? წარმოიდგინეთ, ჩვენთანაც ასეთი პროცენტები რომ იყოს? ქართველი ხალხის ნიჭიერება იმდენ იდეასა და პროექტს შეასხამდა ხორცს, რომ ქვეყანას 2-3 წელიწადში ვერ იცნობდით, ისე შეიცვლებოდა ყველაფერი სასიკეთოდ. თუ ბანკები ამაზე არ წამოვლენ, აგერ არ გვყავს ეროვნული ბანკი? როგორც ჩანს, ყველაზე ნაკლებად ფულადი რესურსები გვიჭირს ამ ქვეყანაში. ლამის მთელი სახელმწიფო აპარატი უცხოელი ინვესტორის მოძიების კანტორად გადაკეთდეს და ამ დროს ჩვენს ბანკებში მილიარდობით ფულადი რესურსი ილექება. ან შევქმნათ პირობები ამ თანხის ეროვნულ ეკონომიკაში წარსამართავად, ან ეროვნული ბანკი აღვჭურვოთ ამ პირობებით. დავანებოთ თავი, რას იტყვიან უცხოელები ჩვენზე. გარკვეული მცირე გამონაკლისის გარდა, მაგათ მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა ამ ქვეყნის ხალხმა აირჩია და ვალდებულნი არიან,ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები გაატარონ:
  1. პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე განახორციელოს ეროვნული ვალუტის დამცავი ღონისძიებების გატარება. მარტო საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა საქმეს არ ყოფნის.
  2. ღია და გამჭვირვალე გახდეს ეროვნული ბანკის საქმიანობა. რას ჰქვია, სათანადო ინფორმაციის მოპოვება ჭირს ეროვნული ბანკიდან მთავრობისა და პარლამენტისთვის? ეროვნული ბანკი ცალკე სახელმწიფოა თუ კომერციული სტრუქტურაა? კანონით ვაიძულოთ, საჯარო გახდეს ყველა ინფორმაცია კადრებით, ხელფასებით, ფინანსებით დაწყებული და ლამის ყველა ტრანზაქციის საკუთარ ვებგვერდზე განთავსებით დამთავრებული.
  3. ეროვნული ეკონიმიკის დაკრედიტება დაევალოს ეროვნულ ბანკს. პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება სამუშაო ადგილების გაზრდისკენ, პროდუქციის საწარმოებლად და, განსაკუთრებით, იმპორტული პროდუქციის ჩასანაცვლებლად, დაკრედიტდეს 3-5 %-ით. ეს პოლიტიკა გაგრძელდეს მანამ, სანამ კომერციული ბანკები არ დააწესებენ ცივილურ პროცენტებს.

ეს და სხვა მსგავსი ღონისძიების გატარება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისა და ერისთვის, რამეთუ ჩვენი სახელმწიფო მრავალი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე დგას. მათგან ყველაზე მთავარი მატერიალური სიდუხჭირეა, თანამდევი დემოგრაფიული პრობლემებითა და მოსახლეობის კლების უცვლელი, შორსმიმავალი ტენდენციით. თუ ქართველი არ იქნება, მაშინ რისთვის და ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფულის ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის გამოყენება და არა პირიქით - ფულმა შეიწიროს ქვეყნის ინტერესები.





sergo
30 სექტემბერი 2015 20:13
ვოლტერმა თქვა დიდი ხნის წინ. "ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს". თუ ეხლა ვიანგარისებთ, რომ გარდა უნიჭობისა მთავრობის ხალხს აქვს გაუმაძღარი მადა და ფეხებზე ჰკიდია ერი და ბერი, კიდევ კარგ დღეში ვართ. ძალიან ბევრი მედროვე ყავდა ყველა დროის მთავრობას ზვიადიდან მოყოლებული, და როდესაც ამდენი მედროვე და გამყიდველი ყავს ქვეყანას მას რა გაამარჯვებინებს.
თემური
30 სექტემბერი 2015 17:26
შე ოჯახასენებულო გამოდი გარეთ ამოიყენე გვერდში თანამოაზრეები აუხსენი ამ დაბეჩავებულ ხალხს რა უბედურებაც გვჭირს გამოგყვებით საქმის ბოლომდე მისაყვანად დროზე თორემ დაიქცა ქვეყანა მტავრობასაც გვერდში დგომა უნდა
ალექს
29 სექტემბერი 2015 16:53
გავაკეთოთ მოდელირება ,ვთქვათ გვიკავია გარკვეული თანემდებობები ეკონომიკურ ბლოკში,ვართ ასე 4-5 კაცი,არ არის სავალდებულო რომ ოლიმპზე ვიდგეთ,სადღაც შუაში ვართ,ოლიმპზე მდგომებს ჩამოვარდნის დიდი რისკი აქვთ,ჩვენ კი შუაში ერთ ორ მოწვევას გადავიტანთ ფერად ფერადს..
არც ბევრი ფული არ გვაქვს,მაგრამ სავალუტო ჯიხურში და ბანკშიც ვიცნობთ ძველი გამოცდილებით ხალხს,შემიძლია ვისესხო,იციან დავაბრუნებ,ადრეც მიქნია.
ვიწყებთ ანალიზით:
იმპორტი გვაქვს სულ 8 მილიარდი ესპორტი 3 =11 მილიარდი სავალუტო ბრუნვა ,აქედან მხოლოდ ერთ მილიარდს ვაბრუნებთ ბანკთაშორის ბირჟაზე ,დანარჩენი გარეთ ბრუნავს.
სად არ ვიცი!!!!ალბათ რაღაც დოლარიც ბრუნავს შიდა ურთიერთანგარიშსწორებაში.ანალიზი იძლევა იმას ,რომ კურსი დგინდება იქ სადაც პრაქტიკულად არც მოთხოვნაა არც მიწოდება,ვაჭრობა მიმდინარეობს სხვაგან,კურსს ადგენენ სხვაგან,ანუ პროცესი თავიდან ბოლომდე ბლეფია!!!!
ის ერთი მილიარდი უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ლეგალური ფული,რომელიც ძირითადად სატრანსპორტო მომსახურების და მანგანუმის,ოქროს და ღვინის ექსპორტისგან შემოდის,პორტები და რკინიგზა ლარებზე მუსაობენ,ვალუტა მათ ქართველ აგენტებს შემოსდით და ყიდიან ბანკში.
კურსს ეროვნული ბანკი ადგენს ბირჟაზე მოთხოვნა მიწოდების გათვალისწინებით,რამდენია იქ ყიდვა გაყიდვა ? წელიწადში 1 მილიარდი დოლარი,265 სამუშაო დღეზე ეს არის
სამუშაო ბირჟის დღეზე 3,0-3,5 მილიონი დოლარი,თვეში 60-70 მილიონი მბრუნავი ფული ,ეგეც ბევრია,ვისია ეს ფული ლარები ,ბანკების,ბანკებს საიდან ?იურიდიული პირებისგან ,რომლებიც იმპორტს აკეთებენ,ვალუტა ჭირდებათ ,აქვთ ლარები ,ნავაჭრი,ფიზიკურ პირებს აქვთ რამე ვალუტა ?კი,უცხოეთიდან მარჩენალების გამოგზავნილი ,ისიც წელიწადში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი ,ოღონდ ეგ ბირჟაზე კი არა ჯიხურებში ბრუნავს.კიდევ რა ბრუნავს ჯიხურებში ?ხელფასები და პენსიები,რამდენი ? თვეში ნახევარი მილიარდი ლარი.რად უნდა მოსახლეობას დოლარი? მეტი გასაგზავნად,ცოტა შესანახად.
იურიდიული პირი გამოცდილიცაა და არც ისე უჭირს რომ იოლად დაემშვიდობოს ოფლით ნაშოვნ ლარებს,ნახევარს შეელევა ,რომ იმუშაოს,ნახევარს ლარებში ხელს არ ახლებს.
ფიზიკური პირი ?
ფიზიკურს აქვს სულ 300 დოლარი ხელზე ,1 მილიონ ადამიანს ,ჯიბეში,ვერ დაზოგავს,ლარად უნდა აქციოს,კომუნალური უნდა გადაიხადოს,წამალი იყიდოს,ბაზარში წავიდეს.
ანუ ვიცით რომ ჯიხურში აუცილებლად მივა 300 მილიონი დოლარი ამ თვეში,სხვა თვეშიც .
იურიდიულს ვერ დავციცქნი ბევრს,ამათ კი ბატონო!?
ვავრცელებ ჭორს ჭორიკანა ექსპერტ ჟურნალისტებთან ყვითელ პრესაში და მატირაჟირებელ ტელევიზიებში,სენსაცია ლარი ვარდება ,იყო 1,85 გახდა 1,86 მერე 1,9,მერე 1,92 .....!!!!!
ჯიხურები ერთმანეთს უყურებენ,არ ვარდება,ეროვნულის ბირჟაზე არ ვარდება,სამზარეულოებში პანიკაა,რუსეთში რუბლი ყირაზე გადადის,პრეცენდენტი სახეზეა,ოლიმპი სდუმს.
ისევ ვავრცელებ ჭორს,ჭორი იწვევს შეშფოთებას,ვარდნას არა,ჟურნალისტები იწყებენ ექსპერტთა ინტერვიურირებას,იმათაც არ ეზარებათ,ან ისე ან არა ,ამბობენ.
ჩემი ნაცნობი მეჯიხურე ასწევს დოლარის გასაყიდ ნიშნულს,ჩემია ის დოლარი 10 000 მივეცი,თუ მაღალი ნიშნულით არ წავიდა,არ გაყიდის,სხვა ჯიხურებმა მოდას აუწყვეს ფეხი,წავიდა პროცესი,ჩემი 10 000 გალარდა,კიდევ მივეცი 20 000 უფრო მეტ ლარად უნდა გაყიდოს!!!
ისევ წავიდა ,მივეცი 50 000 ისევ წავიდა ....სხვა ჯიხურებს გაუთავდათ ვალუტა,მე მაქვს,ნასესხებ ვალუტას ვაძლევთ 10 წამყვან ჯიხურს საბრუნავად ,მიყიდე ლარები ვავალებ!!!
ხალხს ლარები აქვს ხელფასი პენსია,უუფასურდება დაფაცურდება დოლარი უნდა ,ვდებ 1 მილიონს ,უკვე 20 %-თ ძვირად და მიდის!!!!ამოვიღე ნასესხები მილიონით 2 ,2 მილიონი ლარი.
ბირჟა უკანაა ,ოლომპმა ხმა ამოიღო ვაკონტროლებო ბირჟასო,მართალს ამბობს,ბირჟას აკონტროლებს,ბირჟის გარეთ ბრუნვას არ აკონტროლებს, თანაც ეს კონტროლი მე და იმ 4-5 კაცს გვაბარია .
ახლა ვავრცელებ საპირისპირო ჭორს და მყარდება ლარი ,ვყიდულობ 1,1 მილიონ დოლარს,მილიონს ვაბრუნებ სესხი იყო 100 00 დოლარი მოვიგე.
ბირჟაც დამეწია,ოლიმპი კმაყოფილია,მეც და ჩემი ბიჭებიც.

რედაქტორის რჩევით