კონსტიტუცია, ანუ ინსტრუქცია ხელისუფლებისთვის
25-04-2017
კონსტიტუცია, ანუ ინსტრუქცია ხელისუფლებისთვის
მონარქია თუ სახალხო მმართველობა.

როდესაც ამერიკის დემოკრატიის მამები კონსტიტუციას წერდნენ, იცოდნენ, რომ ერთი პატიოსანი ადამიანი უფრო მეტს ნიშნავდა საზოგადოებისათვის, ვიდრე ერთად აღებული ყველა გვირგვინოსანი არამზადა, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწის ზურგზე (პეინი). ამიტომ მათ დიდად არ უკამათიათ არჩევანი გაეკეთებიათ, ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი მონარქიისა და ტირანი მეფის მოძველებულ მთავრობასა და მეორის მხრივ, დამოუკიდებელი თვითმმართველი ერის თავისუფლებასა და ბედნიერებას შორის.
ჯეფერსონი წერდა, ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორუფლებიანად, რომ მას შემქმნელისაგან ნაბოძები აქვს სიცოცხლე,
თავისუფლება, ბედნიერების ძიება. ამ უფლებების დასაცავად ხალხისგან ირჩევა მთავრობები. ხალხი არის ხელისუფლების წყარო, ხოლო ხელისუფლება ხალხის მსახური. როდესაც მმართველობის ნებისმიერი ფორმა ხდება დესტრუქციული, ხალხს აქვს უფლება მისი შეცვლის ან დათხოვნის. მხოლოდ სახალხო თანხმობით არჩეულ მთავრობას შეუძლია დაიცვას ბუნებრივი უფლებები სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე და ბედნიერების ძიებაზე (ამერიკის
ისტორიის ესკიზები).

ერთი სიტყვით, კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია მთავრობისა და ხელისუფლებების არჩევითობა. ამომრჩეველი პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს, პარლამენტარებს და როგორც ცხოვრებამ გვაჩვენა, სასურველია მოსამართლეების არჩევითობის წესის დამკვიდრება.

მთავრობის არჩევითობას სხვა მიზანიც გააჩნია - ადამიანის გათავისუფლება მოკრძალებული შიშისაგან ზემდგომ უფროსთა წინაშე, ხალხის მიერ საკუთარი ძალისა და მნიშვნელობის გაცნობიერება და სამოქმედოდ გამოყენება.

მმართველობის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო მოდელი

ხელისუფლება სამ თანასწორ და შეთანხმებულად მოქმედ ვეშაპზე დგას - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. ამასვეს ადასტურებს მონტესკიეს კონცეფცია პოლიტიკაში ძალაუფლების ბალანსის შესახებ. იმისათვის, რომ ხელისუფლების უზურპაცია არ მოხდეს და გამოირიცხოს ტირანია, ეს სამი ხელისუფლება უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან, აკონტროლებდეს და აწონასწორებდეს ერთმანეთს. პარლამენტის მიღებული კანონები მანამ ვერ შედიოდეს ძალაში, სანამ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, ხოლო პრეზიდენტის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უთანხმდება პარლამენტს. ერთმანეთის მიმართ უფლებებიც თანაბარი უნდა ჰქონდეთ - პარლამენტს უნდა შეეძლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, ხოლო პრეზიდენტს - პარლამენტის დათხოვნა, ოღონდ საბოლოო გადაწყვეტილება მოსახლეობამ, რიგითმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს, პლებისციტის ან რეფერენდუმის მეშვეობით.
ქვეყნის მოწყობის ეს მოდელი იდეალურია და გამართული საათივით მუშაობს ბევრ ქვეყანაში. პრეზიდენტს სრული თავისუფლება აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების პრაქტიკულ რეალობაში ოპერატიულად გასატარებლად.

ვთქვათ პირდაპირ, საქართველოში ვერ იმუშავა გამართულად საპრეზიდენტო მოდელმა. რაც თავი მახსოვს, შევარდნაძე სულ წუწუნებდა ძალაუფლების ნაკლებობაზე და იმდენი ქნა, პარლამენტის მაკონტროლებელი და ზედამხედველობითი ნაწილი თვოთონ წაიღო, ნაწილი გააუქმა და პარლამენტი ამ კუთხით უფუნქციოდ დატოვა, ხოლო სააკაშვილმა თავისი თავდაპირველი რეფორმებით პარლამენტი პრეზიდენტის ნოტარიუსად აქცია. ჯერ რა სამართლებრივი კულტურა გააჩნდა ქვეყანას, რომ იმის მაგივრად, გაგვემიჯნა მკაცრად ფუნქციები, აგვემუშავებინა რეალურად ურთიერთკონტროლის და წონასწორობის მექანიზმი, პირიქით, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას "ჩამოვაჭერით" ზოგიერთი ფუნქცია და ამ დამატებითი ფუნქციებით პრეზიდენტი აღვჭურვეთ. გაძლიერდა ამით პრეზიდენტის საზოგადოებრივი ფუნქცია? რა მოხდება იმით თუ ორგანიზმს ზოგიერთ ფუნქციას შევუცვლით, ვთქვათ ფეხებს - გადადგილების და ამ ფუნქციას საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას მივაკუთვნებთ? კუჭ-ნაწლავს ფეხები არ გამოებმება, ხოლო ადამიანი გადაადგილების უნარს დაკარგავს. დამატებითი, არასპეციფიკური ფუნქციების აღჭურვით პრეზიდენტის საზოგადოებრივმა ფუნქციამ ზედმეტი ტვირთი მიიღო, რისი ტარების უნარი ამ ინსტიტუციას არ გააჩნდა, ხოლო პარლამენტსა და სასამართლოსათვის ამ ფუნქციების (ზედამხედველობითი, მაკონტროლებელი) ჩამოშორებით ეს ორგანოები უსაქმოდ დატოვა და დაირღვა სახელისუფლებო ბალანსი. გვყავდნენ უკონტროლო პრეზიდენტები მონარქის შეუზღუდავი უფლებებით და არავითარი პასუხისმგებლობით. შევარდნაძისაც და სააკაშვილის ხელისუფლება ვრცელდებოდა, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს სასამართლო ხელისუფლებაზეც.

იურიდიული კაზუსებისა და დემაგოგიის ლაბირინთებში გამოუწრთობი მკითხველისათვის უფრო გასაგებად და მარტივად განვმარტავ.

ავიღოთ ამ ბოლო დროს ყბადაღებული პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნები. რატომღაც მთელი დისკუსია იქეთკენ წარიმართა - რომელი უკეთესია - მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები თუ პროპორციულით. მაპატიოს მკითხველმა ასეთი შედარება, მაგრამ ეს იმას გავს რომ ვიკამათოთ - კუჭი უკეთესია თუ ტვინი. და შემდეგ, რომელიც უკეთესია ის დავიტოვოთ, მეორე კი მოვიკვეთოთ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისა იყო ის, რომ უნდა შექმნილიყო ორპალატიანი პარლამენტი. პროპორციულად (პარტიული სიით) არჩეული დეპუტატების ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო კანონთშემოქმედება, ხოლო მაჟორიტარების მთავარი მოვალეობა უნდა ყოფილიყო კონტროლი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახელმწიფო ქონების, ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების და ა.შ. სამწუხაროდ, არცერთ ხელისუფალს არ უყვარს კონტროლი, ზედამხედველობა და ყველაფერი გაკეთდა, რომ მაჟორიტარებს დაეკარგათ არათუ მაკონტროლებელი და ზედამხედველობითი ფუნქციები, საერთოდ მაჟორიტარობის არსიც დაიკარგა. დეპუტატები რომლებიც არჩევნების დროს ლამის სახლში შემოგივარდებოდნენ, არჩევნების შემდეგ ტელეფონითაც ვერ დაუკავშირდები. საერთოდ მოშლილია ანგარიშვალდებულების სისტემა. ამდენი ხანია პარლამენტი გვყავს და მხოლოდ ზვიად ძიძიგურის ანგარიში დამამახსოვრდა რუსთაველ ამომრჩევლებთან. ისიც ინიციატივა დეპუტატიდან მოდიოდა. ნორმებით არ არის გაწერილი დეპუტატის სავალდებულო შეხვედრა ამომრჩევლებთან, რა აქტიურობა უნდა ჩაატაროს ამომრჩევლებთან მიმართებაში? კრიტერიუმი, თუ მინიმუმ რამდენ ამომრჩეველს უნდა გადაუწყვიტოს პრობლემა და ამომრჩევლის რამდენი საკითხი დააყენოს შესაბამისი ორგანოების წინაშე? ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით სრული ყამირია. ამ გაუმიჯნავი ფუნქციების და უფუნქციო დეპუტატების გამო პარლამენტი იქცა უსაგნო, ამორფულ, მოყაყანე ორგანოდ, ხოლო დეპუტატები თავიანთი პარტიული ბოსის, მამა-მარჩენალის სურვილების კალკად, რომლის ძირითადი ფუნქცია კენჭისყრაში მონაწილეობა და ხელის აწევ-დაწევა გახდა, რომელიც რასაკვირველია აშკარად შორსაა ერის თვითმართველობასთან ან დემოსის კრატიასთან.

უფრო პარადოქსული სიტუაცია აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დანიშვნასთან დაკავშირებით, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ნიშნავს მას. აქ დამთავრდა ყოველგვარი საუბრები ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორებულობის შესახებ, რამეთუ როცა გნიშნავს, მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევი. და ქართული რეალობაც ასეთი იყო, შევარდნაძის და სააკაშვილის გავლენის ქვეშ მოექცა, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.

შეიძლება ვინმემ პარალელი გაავლოს ამერიკულ კანონმდებლობასთან, როდესაც უზენაეს მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ იქ წარმომადგენლობითი ორგანო თავის სიმაღლეზეა და უსამართლობას არ დაუშვებს. არც მეოთხე ხელისუფლებას სძინავს. ჩვენისთანა დაბალი სამართლებრივი კულტურის ქვეყანაში დაუშვებელია პრეზიდენტისათვის (აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი) სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციის მინიჭება და ქვეყანაში არსებული ლამის ყველა თანამდებობებზე კადრების დანიშვნის ექსკლუზიური უფლების მინიჭება. ერთი სახელისუფლებო შტოსათვის არ არის სასურველი დამატებითი ფუნქციის მინიჭება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სხვადასხვა კომისიების და ა.შ. თანამდებობებზე ან სამივე შტოს კონსესუსის ან პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მეშვეობით უნდა ინიშნებოდნენ. უნდა გამოირიცხოს ერთი კონკრეტული, სუბიექტური პიროვნების მიერ ხელისუფლების სხვა სტრუქტურებზე ხელოვნური გავლენა, რომელიც ხშირად უზურპაციის შეფერილობას ღებულობს. ქვედა დონეზე ეს არ იგრძნობა, მაგრამ თუ საფრთხე უმაღლეს ხელისუფალს დაემუქრება, მაშინ ეს სისტემა რეპრესიულ მანქანას დაემსგავსება და ხელისუფლების და ამომრჩევლის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება. ამას კი ვერავითარი ჯარი და პოლიცია ვერ შეაჩერებს.

მხოლოდ სამართლიან და სამართლებრივ პოლიტიკურ სისტემას შეუძლია თანხმობაში აცხოვროს, შეკრას და განამტკიცოს ქვეყანა.
გამოსავალი მარტივია - იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლება შინაარსობრივად და კადრობრივად გადახალისდეს, დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა, გახდეს შესაბამისად თავისუფალი და დაემორჩილოს მხოლოდ კანონს, ამ ეტაპზე, აუცილებელია გადავდგათ გაბედული ნაბიჯები და რიგითი მოსამართლეები ავირჩიოთ პირდაპირი წესით მოსახლეობისაგან, რომლებიც შემდეგ თავიანთი რიგებიდან აირჩევენ უზენაეს მოსამართლეს. ამასთანავე, ვინაიდან მოსამართლეები და ადვოკატები არიან კანონების ძირითადი მომხმარებლები და პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ცდიან საკუთარ ტყავზე ამ კანონების ვარგისიანობას, მათ უნდა ჰქონდეთ კანონების შეცვლის ან ჩასწორების ინიცირების უფლება.

არსებული ფორმატი არ იძლევა სრულად გაანალიზდეს და შეფასდეს კონსტიტუციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მხოლოდ ორიოდე სიტყვით შევეხებით დღევანდელ პოლიტიკულ სისტემას, რომელიც მიშას პოლიტიკურ- ტირანიული სისტემის ნარჩენსა და ევროპული პარლამენტარიზმის ელემენტების ჰიბრიდს წარმოადგენს. დღევანდელმა პოლიტიკური სისტემის შემქმნელებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტორი, რომ მომავალში, სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლის პირობებში ეს სისტემაც საკმაოდ კომფორტული და შეღავათიანი იქნება მმართველი ძალისათვის, განსაკუთრებით პასუხისმგებლობის საკითხში. საზოგადოებისათვის კი ის იქნება მორიგი სამთავრობო ტვირთი და განვითარების შემაფერხებელი.

იგივე მოსახლეობის დაბალი საარჩევნო კულტურის გამო გასაუქმებელია საარჩევნო ბარიერი, რომელიც უნდა დამრგვალდეს ერთი პროცენტამდე ან დარჩენილი ხმები პროპორციულად გადანაწილდეს სხვადასხვა პარტიებზე. სხვისი ხმების მითვისება ზრდის დიქტატურის საფრთხეს და სამართლიანად არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას.

პარიტეტულ დონეზე - ერთი პარტია, ერთი წარმომადგენელი - უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია. საქართველოში იმიტომ გრძელდებოდა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების განუკითხაობა და ვაკხანალია, რომ მასობრივად ხდებოდა ამომრჩეველთა ხმების მანიპულირება და არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბება, რაც არანაკლები დანაშაულია, ვინემ ძალაუფლების მიტაცება ძალადობრივი გზით. ისევე როგორც ბევრ სხვაზე, არც ამაზე უგია ვინმეს პასუხი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

goga
28 აპრილი 2017 19:28
ნჯო-ებს უფრო მეტი უფლება აქვთ, ვიდრე მთლიანად ხალხს.
gulnara
27 აპრილი 2017 16:15
ამ სიტუაციაში აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების თემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს..
nino nino
27 აპრილი 2017 07:37
სწორია რასაც ეს ბატონი წერს საკონსტიტუციო ცვლილებები საჭიროა ,თანაც რაც შეიძლება მალე ,მაგრამ მთავრბას არ ეჩქარება ასე რომ რომელ საუკუნეში იკნება არ ვიცი ...

რედაქტორის რჩევით