ღმერთების მიწა
ღმერთების მიწა
ლეგენდა ამბობს - როდესაც ღმერთი სხვადასხვა ტომის ადამიანებს დედამიწაზე ასახლებდა და ამ საქმეს მორჩა, ქეიფითა და ცეკვა-თამაშით გართული ქართველები დაგვიანებით მიადგნენ და სამოსახლო სთხოვეს. შეწუხდა თურმე უფალი, ეს მშვენიერი ხალხი უმიწოდ არ დამრჩესო და თავისთვის გადანახული მიწის ნაკვეთი აჩუქა.

ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ იმ დალოცვილს ეტყობა დაავიწყდა ქართველებისათვის ეთქვა, რომ მიწას გაუფრთხილდითო და მის მერე გაუფრთხილებლობის გამო უღმერთოდ ვანიავებთ უფლის საჩუქარს.

მიწასთან დაკავშირებით მეხსიერებამ რამდენიმე ისტორიული ფრაგმენტი გამახსენა.

ანტიკური წყაროების (ჰეკატე
მილეტელი, ძვ. წ. VI ს; ჰეროდოტე, ძვ. წ. V ს; სკილაქს კარიანდელი, ძვ. წ. IV ს.; სტრაბონი და სხვა) მონაცემებზე დაყრდნობით ძველი წელთაღრიცხვით II და I ათასწლეულის მიჯნაზე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია შედიოდა კოლხეთის შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა და ნიკოფსიამდე (დღევანდელი ტუაფსე)
ვრცელდებოდა. თანდათანობით მკვიდრდებოდა ტერმინი აფხაზეთი, რომელიც ტერიტორიის ერთეულს მოიცავდა, აქ მოსახლე ქართველური მოდგმის ტომებით: ეგრები (ლაზები), სვანები, აფსილ-აბაზგები და ა.შ. შეგახსენებთ, ხოლო ცხუმი სვანურად სრცხილას ნიშნავს.

დროთა განმავლობაში, ქართველური ტომების ერთმანეთთან ქიშპობის შედეგად, დასუსტდა ეგრისის სამეფო და ბიზანტიამ, გათიშე და იბატონეს პრინციპით, აფხაზეთი ცალკე ვასალად აღიარა.

სულ ბოლოს იმასაც დავამატებთ, რომ თანამედროვე აფხაზები მე-17 საუკუნეში ჩამოსახლებული ჩრდილო კავკასიელები (აფსუები) არიან. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ კონგოელი აფრიკელები ჩამოასახლო რაჭაში და რამდენიმე თაობის შემდეგ თავი რაჭველებად, ხოლო რაჭა ცალკე რესპუბლიკად გამოაცხადონ.

დაახლოებით იგივე ისტორიაა სამაჩაბლოელ ოსებთან დაკავშირებით. ზ. ჭიჭინაძე თავის ისტორიულ მიმოხილვაში აღწერს თუ როგორ ზრუნავდნენ და ეხმარებოდნენ ქართველები ოსებს, ასწავლიდნენ წერა-კითხვას, სხვადასხვა სახელოსნო საქმიანობას. შიდა ქართლშიც ჩამოვასახლეთ და აქ ვუწევდით პატრონობას. ბოლოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წყალობით ამ მიწასაც გვედავებიან.

ეს ისტორიები იმიტომ გავიხსენეთ, რომ მიწა ქართველების, როგორც ერის და ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდენტურობის და თვითმყოფადობის საფუძველია. როგორც კი ქართული მიწა გასხვისდა, იმ მიწაზე გაქრა ქართული სახელმწიფოებრიობა და თვითონ ქართველიც. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ჩვენი მეზობლების რეალური ინტერესები ქართული სახელმწიფოს მიმართ და უცხოური დიასპორის თანხვედრა ამ ინტერესებთან.

სამწუხაროდ, დღემდე არსებული ხელისუფლებები ვაჭრულ-მუშტრული თვალსაზრისით უყურებდნენ ამ საკითხს და მიწას განიხილავდნენ, როგორც ეკონომიკურ კატეგორიად, ანუ ეკონომიკურ აქტივად. თუ მიწას მარტო ეკონომიკურ კატეგორიად განვიხილავთ, მაშინ ადამიანი სამუშაო ძალა ყოფილა და გავათანაბროთ სასაპალნე ვირთან ან გამწევ ხარ-კამეჩთან.

თავის დროზე სააკაშვილმა მიაღებინა წესი მიწის შეღავათიან ფასად გაყიდვის შესახებ. იდეა ჰუმანური იყო - დახმარებოდნენ ლტოლვილებს, ეკომიგრანტებს, სტიქიით დაზარალებულებს, ხელი შეეწყოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციებისათვის და ა.შ. გაგიჭირდებათ ისეთი ხალხის მონახვა, ვისაც ასეთი დახმარება სჭირდებოდა და დაეხმარნენ.

თუ ვინმე მაჩვენებს ამ პერიოდში, უცხოური ინვესტიციით აშენებულ ფაბრიკა-ქარხნებს, სადაც მნიშვნელოვანი მუშა-ხელი იქნება დასაქმებული, პირადად ჩავაკითხავ მიშას უკრაინაში და ბოდიშს მოვუხდი.

ძირითადად, ამ წესის გამოყენებით სხვისდებოდა ფართობები და საკმაოდ სარფიანადაც, ოღონდ ბიუჯეტში ბევრი არაფერი ხვდებოდა. გაიხსენეთ, ბენდუქიძეზე გაჩუქებული ასობით ჰექტრები, რომელსაც მერე ბენდუქიძის ფირმა 100-150 დოლარად ყიდდა 1 კვ. მეტრს ან ბურჯანაძის მაგალითი  1 ლარად წყნეთში მიწის ნაკვეთის გადაცემაზე. ეს საკითხი იმდენად უკონტროლო და ცინიკური გახდა, მიშა მიტინგის დამრბევებს ასაჩუქრებდა ათეულობით ჰექტრით. ვინ მოთვლის რამდენია საკუთარ კლანზე და უცხოელებზე გადაცემულ-გაჩუქებული. აი ასე, ჰუმანური ნიღბით გაკეთდა უკეთური საქმეები. საბოლოოდ მიშას მოღვაწეობა ქართული მიწისა და სახელმწიფო ქონების განიავების კუთხით, სხვადასხვა ეკონომიკური გათვლებით, ქართულ სახელმწიფოს 6-დან 9 მილიარდამდე დაუჯდა.

ქართული მიწის გაყიდვის მომხრეების გასაგონად მინდა ვთქვა, ყველაფრის გაყიდვა რომ გვინდა, ამას რომ გამოვლევთ, მერე რაღა გავყიდოთ?!

ხომ დავწყდით მშივრები. ანდა ცოტა მომავალ თაობებსაც დავუტოვოთ გასაყიდი რამე. დღევანდელ პირობებში, როდესაც მიწის გარდა, ლამის აღარაფერი შეგვრჩა და გაჭირვებული მოსახლეობა მზადაა კაპიკებად დაუთმოს ის გადამთიელს, მიწის ფონდის გაყიდვა ავტომატურად ნიშნავს უცხო ტომელების მიერ მის დაპატრონებას. ქართული მიწის დაპატრონების მსურველი კი ძალიან ბევრია. იქნებ, ვინმეს არ სმენია სომხეთის ეკლესიის აქტიურობის თაობაზე საქართველოს, მისი შავი ზღვისპირეთის და კერძოდ, აფხაზეთის ასათვისებლად და რა რესურსები იყო ამაში ჩადებული? თავის დროზე, ქართული გულარხეინობის გამო, ამას ყურადღება არავინ მიაქცია. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდანვე ბაგრამიანის ბატალიონი ყველაზე სასტიკი მოპყრობით გამოირჩეოდა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ.

ტრადიციულად რუსთაველზე და "პლეხანოვზე" რომ გაივლიდი, ათას ნაცნობს ნახავდი, მოიკითხავდი, ანგელოზივით ყელმოღერებული გოგო-ბიჭებს, შენს ჯიშსა და გენს შეავლებდი თვალს. ახლა კი...

ვითომ ქართველი ვერ შეიძენდა ამ ფართებს და ვერ ივაჭრებდა? ან უცხოელებზე ფართების გასხვისებით მოხდა რაიმე სერიოზული გარღვევა წინსვლის კუთხით ქართულ ეკონომიკაში? მე სხვისი წინააღმდეგი კი არა ვარ, მაგრამ ხელოვნურ პროცესებს ჰგავს ეს ყველაფერი...

ქონების ყიდვა-გაყიდვით მატერიალური დოვლათი არ იქმნება. საქართველოს პრაქტიკაში სარგებელს ცალკეული პირები ნახულობდნენ ამ ქონების მუქთად ჩაგდებაში და მერე სარფიანად გადაყიდვაში, რასაც შემდეგ ინვესტიციას ეძახიან. ქართული მიწის გასხვისებას კი არ უნდა ვცდილობდეთ ქართველი გლეხკაცისაგან, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ განავითაროს კოოპერატიული მეურნეობები, გადამამუშავებელი მრეწველობა, ხელი შევუწყოთ ფერმერებს ცოდნით, გამოცდილებით, ტექნიკით, ფინანსებით, კვალიფიციური ვეტერინალური და აგრონიმიული კადრებით, შევქმნათ სამუშაო ადგილები (ჩვენ გვაქვს ქართული სოფლის აღორძინების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდის დაჩქარების ჩვენეული გეგმა, რომელსაც ცალკე წერილად მოგაწვდით). ამის შემდეგ, როცა ქართველი კაცის შემოსავალი საშუალო ევროპულს გაუტოლდება, მერე ვიფიქროთ მიწის ფონდის გაყიდვაზე.

საბედნიეროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონსტიტუციურად აკრძალოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა, თუმცა რჩება ხვრელები კანონმდებლობაში და ეს საფრთხეებიც უნდა ავიცილოთ თავიდან. საქმე შეეხება არასასოფლო მიწებს, მიწის ბანკებში დაგირავებას, ბინადრობის კანონს და ა.შ. ეს საკითხი სხვანაირად უნდა დარეგულირდეს - ქართული მიწა საერთო-სახალხო საკუთრებაა და საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს. გარდა ამისა, ის არც დღევანდელ თაობას ეკუთვნის მარტო. მისი ჩვენამდე მოტანა წინა თაობების დამსახურებაა და ქართულმა ჯიშმა და გენმა ამ მიწაზე უნდა გააგრძელოს არსებობა.

მიწის რეფორმა იმ კუთხით უნდა წარიმართოს, რომ კანონმდებლობით განისაზღვროს მიწის ნორმა ერთ სულ მოსახლეზე (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდი/საქართველოს მოსახლეობაზე, ვთქვათ, მივიღეთ პირობითად 1 ჰექტარი) და საქართველოს მოქალაქე ამ ნორმას უვადო სარგებლობაში უნდა იღებდეს, გაყიდვის უფლების გარეშე. ხოლო ამ ნორმის ზევით, ზეინვესტიციებით და ზეპროდუქტიულობით გამორჩეულ ადგილობრივ თუ უცხოელ მოქალაქეს და იურიდიულ პირს მიწა გადაეცეს დროებით სარგებლობაში, ანუ იჯარით, სადაც მკაცრად იქნება განსაზღვრული იჯარით სარგებლობის ხანგრძლივობა და პირობები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


juli
25 ივნისი 2017 13:17
ქ-ნო ნატო, ნეტავ თქვენსავით აზროვნებდეს ქართველთა უმეტესობა. ნუ გავატანთ წინაპართა მემკვიდრეობას სხვას. ჩვენვე ვუპატრონოთ ჩვენს მიწას.
nato
25 ივნისი 2017 11:07
მე პირადად ვაპირებ მიწების ყიდვას ცჰემი სჰვილებისტვის მერე რა ტუ ვერ დავამუსჰავე სიტყვაზე/ ი ყ ო ს ბარემ ქარტველებმა ვიყიდოტ წინაპრების ხატრიტ მაინც ტიტო ჰექტარი და ვისტვის გვინდა? დავუტოვებ ისევ ჩემ 4 ბიჩს რა ყველა გაყიდვაზეა რა უბედურებაა
კახელი1
23 ივნისი 2017 20:46
მძიმე შემთხვევაა. სანამ სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხები იქნებ ერთი წიგნი მაინც წაგეკითხა ბიზნესზე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები