ხალხის მსახური თუ ხალხი მოსამსახურედ? - როგორ უნდა შეიცვალოს დეპუტატთა მუქთი პრივილეგიები და უდარდელი ყოფა?!
11-07-2017
ხალხის მსახური თუ ხალხი მოსამსახურედ? - როგორ უნდა შეიცვალოს დეპუტატთა მუქთი პრივილეგიები და უდარდელი ყოფა?!
ამ რამდენიმე თვის წინ ჩემი პატარა შვილიშვილი კოჭლობით შემოაცილეს მისმა კლასელებმა შინ - თურმე სკოლის დერეფანში აყრილი პარკეტიდან გაჩენილ ღრმულში ფეხი ჩავარდნია და უტკენია. ჩემი შესაბამისი რეაქცია სკოლის დირექტორთან მივარდნა იყო, მაგრამ მან მხრები აიჩეჩა, - რა ვქნა, ყოველწლიურად ვაყენებ საკითხს, მაგრამ ჯერ მარტო ფანჯრების ჩასმას შემპირდნენ, გაისისათვის - კიბის მოაჯირების გაკეთებას აპირებენ, ხოლო პარკეტის გამოცვლას მერმისიდან დაიწყებენ პირველი სართული
დან და 3-4 წელიწადში დანარჩენ სართულებს მორჩებიან, ხოლო ხუთწლედის ბოლოსათვის ტუალეტების და კანალიზაციის გაკეთებას დაგვპირდნენო...


მივხვდი, რომ ეს მისი მაქსიმუმი იყო. გამახსენდა, რომ სკოლას მშობელთა კომიტეტი ჰყავდა და მისი მეშვეობით დავწერეთ შესაბამისი წერილები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში (განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ჩვენი რაიონის გამგებლობასა და მერიაში). ვიღაცამ თქვა, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატიც ჩავრთოთ საქმეშიო. აზრი მოგვეწონა და ერთი
დიდი წერილი მის სახელზეც გავაშანშალეთ, პარლამენტში მივიტანეთ და სამდივნოში ჩავაბარეთ.

ზოგმა მოგვწერა, ეს ჩემი საქმე არ არისო და სხვაგან გადაგვამისამართა; ზოგი დაგვპირდა, - წელს ბიუჯეტი სხვა რამეზე გვაქვს გათვლილი და გაისიდან მივხედავთ მაგ საქმესო, ხოლო ჩვენი დეპუტატიდან - არც პასუხი, არც მისალმება.

მას შემდეგ იმდენი ხანი გავიდა, ეს საკითხი დავიწყებას მიეცა, თან ბავშვი სხვა სკოლაში გადავიყვანეთ.

რამდენიმე თვის შემდეგ ახლობელმა, ოჯახის რომელიღაც საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, რესტორანში მიმიწვია და ეს ჩვენი დეპუტატიც იქ არ აღმოჩნდა? უნდა ითქვას შესანიშნავი მოუბარი, გიტარაზე დამკვრელი და მომღერალი აღმოჩნდა. დრო ვიხელთე და ჩვენი წერილი მოკრძალებით შევახსენე. მეორე დღისათვის პარლამენტში დამიბარა.

მეორე დღეს დაგვიანებით მოვიდა - ნაბახუსევზე თავი მისკდებაო. დიდ და ნათელ, მდიდრულად მოწყობილ კაბინეტში მომიპატიჟა და იქვე გვერდით მდგომ გრძელ მაგიდაზე მიმითითა, რომელზეც დასტა-დასტა ეყარა ქაღალდები - თუ აქ შენ წერილს ნახავ, ახლავე დავადებ რეზოლუციას და შესაბამის მიმართულებას მივცემო. სიკვდილმისჯილი რომ გადარჩენის ერთადერთ შანს ჩაეჭიდება, იმ განწყობით ვეცი მაკულატურის ამ უზარმაზარ გროვას. ასე გეგონებოდა, ლურსმნული დამწერლობის და ქაღალდის გამოგონების შემდეგ თუ რამ პეტიცია და განცხადება დაწერილა, ყველას იქ მოეყარა თავი. ზოგი ავადმყოფი შვილის მკურნალობაში დახმარებას თხოვდა, ზოგი - ქუჩაში ასფალტის დაგებას, ზოგიც სამართლის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა და ა.შ. რასაკვირველია, ჩემი წერილი ვერ ვიპოვე და სასოწარკვეთილმა დავტოვე მისი კაბინეტი.

მოვდიოდი და იმაზე ვფიქრობდი, რა მნიშვნელოვანი და რთულია მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობა. კლასიკური სქემა ასეთია - მოსახლეობა ხვდება დეპუტატს, ან წერილს წერს, ან მის ბიუროს უკავშირდება და აცნობს პრობლემის შინაარს. დეპუტატი ამ პრობლემებს აგზავნის შესაბამისი მიმართულებით - მინისტრებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, მათთან, ვისაც ევალება კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დეპუტატებს უგზავნიან პასუხებს. ცხადია, დეპუტატი ჯადოქარი არ არის და ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ გადაწყდება. ზოგი საკითხი შეიძლება სადეპუტატო ჩარევით მომენტალურად გადაწყდეს, ზოგს რამდენიმე დღე და კვირა დააგვიანდეს, ზოგის გადაწყვეტა შეიძლება მომავალი პერიოდის ბიუჯეტს დაუკავშირდეს.

თუ დეპუტატი ატყობს, რომ მის მოთხოვნებზე არაადკვატური რეაგირებაა, ღებულობს შესაბამის ზომებს - აყენებს საკითხს პარლამენტის სხდომებზე, იბარებს მინისტრებს და უწყების ხელმძღვანელებს საპარლამენტო მოსმენებზე, უნდობლობას უცხადებს მთლიანად მინისტრთა კაბინეტს და ა.შ. ამის შემდეგ დეპუტატი ხვდება ამომრჩევლებს და აბარებს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, ზოგს წერილობით აცნობს პასუხს, ზოგს ტელეფონით ატყობინებენ.

ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად დეპუტატს ეძლევა სამუშაო კაბინეტი, რამდენიმეკაციანი შტაბი თუ თანაშემწეთა ბიურო, გამოეყოფა სატრანსპორტო საშუალება თუ არ ვცდები წლიური რამდენიმე ტონა ბენზინით, თვეში რამდენიმე ასლარიანი უფასო სალაპარაკო დრო, განუსაზღვრელი რაოდენობის საკანცელარიო საქონელი, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი და ა.შ.

მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა ახლა ეს დეპუტატი, რომ სხვაგან გადაიყვანონ და გამოთავისუფლებული ხარჯები სკოლას მოახმარონ - რამდენ სკოლაში დაიგებოდა იატაკი, მოწესრიგდებოდა წყალმომარაგება და კანალიზაცია, ჩაისმება ფანჯრები და ა.შ.
მაგრამ მივხვდი, რომ არასწორი მიმართულებით ვაზროვნებდი. როდესაც დანა დაგიბლაგვდებათ ან დაჩლუნგდება, რას მოიმოქმედებთ? გადააგდებთ მას თუ გალესავთ?

ახლა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი ვერ ან არ ასრულებს მის უფლებამოვალეობებს და ფუნქციებს, არ ხვდება და არ აბარებს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ ამომრჩევლებს, თუ არ პასუხობს ამომრჩეველთა წერილებს და ზარებს. დამაინტერესა და მოვიძიე შესაბამისი კანონები და პარლამენტის რეგლამენტი. არსად არ არის ბოლომდე, დეტალებში გაწერილი მაჟორიტარის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ამ მოვალეობების არშესრულებაზე. ის კი არა და ახლა აპირებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებით აიძულონ დეპუტატი სხდომების ნახევარს მაინც დაესწროს?! მოკლედ, უპასუხისმგებლობის აპოგეაა.

დიდი უფლებები გააჩნია მაჟორიტარ დეპუტატს და მისი არ გამოყენება დანაშაულის ტოლფასია. ჩემი აზრით, აუცილებელია მივიღოთ სპეციალური კანონი ან შევიტანოთ ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. უნდა დაწესდეს ზოგადი ნორმები მაჟორიტარის აქტივობის შესახებ, კერძოდ, თუ წლის განმავლობაში მინიმუმ რამდენი შეხვედრა გამართოს ამომრჩევლებთან (კვირაში ერთხელ მაინც უნდა შეხვდეს ამომრჩეველს, ანუ წელიწადში სულ მცირე 50-ჯერ უნდა შეხვდეს თავის ამომრჩეველს), თუ წლის განმავლობაში მინიმუმ რამდენ ამომრჩეველთან ჰქონდეს შეხვედრა (ალბათ ამომრჩეველთა სიითი რაოდენობის მინიმუმ 5%-ს მაინც), რამდენ წერილს უნდა გასცეს პასუხი, რამდენ ზარს უპასუხოს, რამდენი საკითხი უნდა დააყენოს გადასაწყვეტად და რამდენი უნდა გადაწყვიტოს. აქტიურობების ამ ნორმატივების ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, დეპუტატი ავტომატურად უნდა კარგავდეს სადეპუტატო მანდატს და უნდა ირჩევდნენ იმას, ვინც მოწადინებულია უკეთ ემსახუროს ხალხს. ასეთი ნორმების დამკვიდრებით მივაღწევთ იმას, რომ რიგითი ამომრჩევლის ინტერესები დადგება ყველაზე მაღლა და ხელისუფლება რეალურად შემობრუნდება ხალხის პრობლემების გადასაწყვეტად.

მავანს ჰგონია ეს საკითხი იმდენად მარტივია და აქსიომური ხასიათისაა, რომ თავისთავად გადაწყდება. პირდაპირ გეტყვით - არ იქნება ასე! პირველ რიგში, დეპუტატთა უმრავლესობა არ დაუშვებს, რომ მუქთი პრივილეგიები და უდარდელი ყოფა გაცვალონ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე სირბილში. არ გამოიყენოს თავისი პრივილეგირებული ყოფა, არ ჩაუჯდეს ვინმეს წილში და არ გაუწიოს ვინმეს უკანონო ლობირება. შესაბამისად სიკეთეები არ მიიღოს თვალის დახუჭვაში და საკუთარი ფუნქციების არ შესრულებაში.

მეორე ფაქტორია ხელისუფლება. არც ხელისუფლება დაუშვებს, თავისი ნებით, ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა აკონტროლოს ხელისუფლება, პირიქით, ის ყველანაირად ეცდება თვითონ აკონტროლოს დეპუტატები და თავისი ზეგავლენის ქვეშ ამყოფოს, როგორც პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები, ასევე მაჟორიტარები.

მესამე ფაქტორია საზოგადოება. ამერიკაში დაუწერელი კანონივითაა - თუ პრეზიდენტი რესპუბლიკელებისაა, პარლამენტში ხმას აძლევენ დემოკრატებს, ხოლო თუ პრეზიდენტი დემოკრატია, მაშინ მხარს უჭერენ რესპუბლიკელ პარლამენტარებს. ეს იმიტომ კეთდება, რომ არ მოხდეს ხელისუფლების უზურპაცია ერთი ძალის მიერ და არ დაირღვეს ურთიერთკონტროლის ბალანსი.

ქართველ ამომრჩეველს ნაკლებად სჯერა სისტემის და უფრო სჯერა ბელადის, მეფის თუ მესიის. მეპატიოს ასეთი შეფასება, მაგრამ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, თავისი სამართლებრივი განათლებით, სადღაც პირველყოფილ თუ ფეოდალურ ხანაშია ჩარჩენილი. სკოლიდან, სამართლის სახელმძღვანელოს გასაგებად და ნათლად აღსაქმელი ფრაზეოლოგიითა და ენის გამოყენებით უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა, განათლდეს მომავალი ამომრჩეველი საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ. საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ, თავისი აქტიურობით, უნდა შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც აიძულებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს და სასამართლო ხელისუფლებას იზრუნოს და იღვაწოს ამომრჩევლის და მოსახლეობის სასიკეთოდ და არა მარტო პირადი კეთილდღეობისათვის.

P.S. ჩემ მეგობრებთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა კანონპროექტებზე მაჟორიტარების უფლება-მოვალეობის შესახებ და ორპალატიან პარლამენტზე, სადაც გამიჯნული იქნება პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების და მაჟორიტართა ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ეკა
13 ივლისი 2017 12:09
სრული განუკითხაობაა კანონმდებლობაში და ამიტომაც გასდით ყველა უკანონობა! განათლებული საზოგადოება ამას არ მოითმენს! ჩვენ ვითმენთ! ანუ...?!
krazana
13 ივლისი 2017 10:38
არიან უდარდელად და პენსიასავით ხელფასს კი ღებულობენ
rey
11 ივლისი 2017 15:59
ამდწენი მუქთიმჭამელი და წურბელა რომ გეყოლება... რომელი ერთი გინდათ: კობაკიძე, ბესელია, მაღღაძე ისე გასივდნენ ვეღარ ეტევიან კანში, უწიგნურები (კვიციან-ჭაჯვლიანები), როგორი გნებავთ სულო და გულო - ერთიმეორეზე უარესები პოზციაშუც და ოპოშიც... მუქთახორები!!!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით