გიორგი სააკაძის ტაქტიკა და ფეოდალური აზროვნება ქართულ ფეხბურთში
გიორგი სააკაძის ტაქტიკა და ფეოდალური აზროვნება ქართულ ფეხბურთში
ეპიზოდი I
დიდი ივანე ჯავახიშვილი აღწერს: 1625 წლის 30 ივნისი იდგა. შაჰ აბასის უზარმაზარი არმია საქართველოს საზღვრებს მოადგა - ქართლ-კახეთის მთლიანად მოსასპობად და ქართული ჯიშ-ჯილაგის გადასაშენებლად. ქართველებსაც დიდი სამზადისი ჩაუტარებიათ და 20-ათასიანი არმიით კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკებულან. ქართველთა ბანაკში თავი მოეყარათ ქართლ-კახეთის ყველა გამორჩეულ სარდალს, აქვეა თეიმურაზ მეფეს, გიორგი სააკაძეც.
სამხედრო თათბირზე აზრთა დიდი სხვაობა გამომჟღავნდა. სააკაძე მოითხოვდა დაეცადათ, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან
იმ დიდი სიცხის გამო, რომელიც იმ დღეებში იდგა, ქართველებს და განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე მრავალრიცხოვან მტერთან ომი ძალიან გაუჭირდებოდათ, თან, რაც მთავარია, კოჯორ-ტაბახმელას ვიწრო ხევებიან მიდამოებში მტერს თავისი მთელი ძალების გაშლის, ამასთან არტილერიის გამოყენების საშუალება არ ექნებოდა და გამარჯვებაც ქართველებს დარჩებოდათ. სააკაძის ამ ბრძნულ გეგმას მხოლოდ ბაადურ ციციშვილი მიემხრო.
სხვები, თითქმის ყველა, ბრძოლის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში წასვლით იმუქრებოდნენ.

სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1-ელ ივლისს, მეფე თეიმურაზის მთავარსარდლობით დაეწყოთ, ხოლო სააკაძე ომის ხელმძღვანელობას საერთოდ ჩამოაშორეს, რაც კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო. ეს ქართველი ფეოდალების ინტერესთა შეზღუდულობამ გამოიწვია.

გარიჟრაჟზე ქართველები თავგამოდებით ეკვეთნენ მტერს და მეწინავე რაზმები მთლიანად გადათელეს, მაგრამ მტრის არტილერიამაც მნიშნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენ ლაშქარს. ქართველთა მთავარი კოზირი, რიცხოვნობით მრავალჯერ აღმატებულ მტერზე, ყოველთვის იყო გამძლეობა, მაგრამ ზაფხულის გაუსაძლისმა სიცხემ ეს საშუალებაც გამოგვაცალა, ხოლო როდესაც ყიზილბაშებს დამხმარე ძალები მოუვიდათ, ქართველ თავად-აზნაურთა ცხენოსანმა ლაშქარმა მიატოვა ბრძოლის ველი. ცხენოსანი ჯარისაგან მიტოვებული, უზომოდ დაღლილი ქვეითობა, რომელიც გლეხკაცობისაგან შედგებოდა, დიდ გასაჭირში ჩავარდა, მაგრამ იარაღს მაინც არ ყრიდა. გუნდ-გუნდად მებრძოლი გლეხობა უკანასკნელ კაცამდე შეაკვდა მტერს, თუმც მტერსაც დიდი ზიანი მიაყენა. 10 ათასი ქართველი მეომარი დარჩა მარაბდის ველზე. ყიზილბაშებსაც ძვირად დაუჯდა ეს გამარჯვება, 14 ათასი დამპყრობი გაჟლიტეს ქართველმა მეომრებმა. სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა შორის იყვნენ გმირი სარდლები და რაინდები: დავით ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი; ეპისკოპოსები: რუსთაველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვა მრავალი.

ახლა ყველასათვის ნათელი იყო, რომ სააკაძის გეგმა სწორი იყო. მართლაც, ქართველები ყიზილბაშთა უზარმაზარ არმიას მთაგორიან და ვიწრო ადგილებში უფრო გაუმკლავდებოდნენ, ვიდრე გაშლილ ველზე, სანგრებში ჩამჯდარს და უკეთ შეიარაღებულს.

ჩვენდა სანუგეშოდ ისღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაძემ თავისი სტრატეგიული და ტაქტიკური ნიჭი რამოდენიმე დღის შემდეგ გამოავლინა, როდესაც მისმა პარტიზანულმა რაზმებმა ირანელთა 12 ათასიან კორპუსს ქსნის ხეობაში გზა გადაუკეტა და მთლიანად მოსრა, თავის მთავარსარდლიანად.

ეპიზოდი 2
1982 წლის ივნისის ცხელი დღეებია. იტალიის ნაკრები ესპანეთში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე, საზიზღრად თამაშობს. სამი ფრე და ჯგუფიდან რის ვაივაგლახით გასვლა. მწვრთნელთა შტაბი ძლიერ შეფიქრიანებულია. შემდგომ ეტაპზე მეტოქეებად მსოფლიოს მოქმმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ჰყავს, თავისი ამომავალი ვარსკვლავით, მარადონათი, ხოლო ვარსკვლავებით გადაჭედილ ბრაზილიის ნაკრებთან შანსი მსოფლიოს არცერთ გუნდს არა აქვს. თუმცა სენიორ ენცო ბეარზოტის ნოვატორული იდეა გამოსავალს პოულობს. ჯერ კიდევ დიდია ტოტალური ფეხბურთის გავლენა თანამედროვე ფეხბურთში. მთელი გუნდით შეტევა და მთელი გუნდით დაცვა დროის გარკვეულ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. რა მოხდებოდა თუ მეტოქის გუნდის შეტევის დროს ბურთს ხელში ჩაიგდებ და ისე სწრაფად შეუტევ, რომ მეტოქემ დაცვის ორგანიზება ვერ მოასწროს? კონტრშეტევას იტალიელები ადრეც მიმართავდნენ, მაგრამ ის იყო სტიქიური და ძირითადად ერთი თავდამსხმელი მონაწილეობდა.
ახლა კი უნდა შეიქმნას გუნდის სათამაშო ტაქტიკა, როდესაც რამდენიმე ფეხბურთელი ახორციელებს ჯგუფურ, მომენტალურად გადასვლას მეტოქის მოედანზე და გააზრებული მანევრებით კარში დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას. კონტრშეტევას იწყებდა კონტი, რომელიც სწრაფი დრიბლინგით, მომენტალურად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, სადაც უკვე გამალებით გარბოდნენ ალტობელი, კაბრინი, როსი, ტარდელი. არგენტინასთან ორივე გოლი ჯგუფური კონტრშეტევის კლასიკურ ნიმუშად იქცა, რომელსაც შემდეგ მოყვა, იგივე ტაქტიკით, მრისხანე ბრაზილიის დამარცხება და დანარჩენი უკვე დროის საქმე გახლდათ.

თანამედროვე ფეხბურთი სისწრაფისა და გააზრებული მოძრაობის სინთეზია. ამას ყველაზე კარგად ახერხებდა ფერგიუსონის მანჩესტერი, აკეთებს ზიდანის "რეალი", კონტეს, მაურინიოს, ალეგრის გუნდები. ნაკრებებიდან განსაკუთრებით მოასწრო ამ კუთხით ლიოვმა.

სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთის ეს ელემენტარული ჭეშმარიტება მიუწვდომელი გახდა ქართველი მწვრთნელებისათვის. ქართული ფეხბურთის კრიზისი, რომელიც ზუსტად ამ პერიოდს, თანამედროვე ფეხბურთის დაბადებას ემთხვევა, ყველაფერს დაბრალდა: მოთამაშეთა ცვლას, ყიფიანის წასვლას და დარასელიას ტრაგიკულ დაღუპვას და ა.შ. დამოუკიდებლობის წლებში დაემატა მას ეკონომიკური კრიზისი, ინფრასტრუქტურის მოშლა-განადგურება, ნეპოტიზმი და ძმაკაცობით თანამდებობებზე დანიშვნა...
მივიღეთ ის შედეგი, რომ გულშემატკივრები უკვე ფეხბურთის აკრძალვას ითხოვენ ჩვენს ქვეყანაში, აშკარად გვჯაბნიან და გვიგებს უკვე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ფარერების გუნდები. საქართველოს ნაკრები ევროპული ფეხბურთის რეიტინგით ყველაზე დაბალ საფეხურზე მოხვდა და უკვე, ჩვენი ამბიციები და თავმოყვარეობა ისე დაეცა, ფრეს მიღწევაც კი ნებისმიერ ნაკრებთან წარმატებულ შედეგად მიგვაჩნია. არადა, იყო დრო ქართული სიამაყით ნასაზრდოები მენტალიტეტი, მუდამ პირველობის და საუკეთესოს მიღწევის სურვილით სულდგმულობდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ, სხვადასხვა დროს რამდენიმე უცხოელი მწვრთნელიც მოიწვია(ჟირესი, კუპერი, ტოპმიულერი, ვაისი), მაგრამ იმ დროს, როდესაც მათი სამწვრთნელო მეთოდები უკვე მოძველდა და დროს ჩამორჩენილი იყო.

ავიღოთ ვაისის მოღვაწეობის პერიოდი. ვაისის მთავარი მიღწევაა ის, რომ გუნდი არ აგებს დიდი ანგარიშით და დაბალანსებული დაცვის ხაზი აქვს. მართალია, კარის მშრალად შენახვის კუთხით ქეცბაიას უკეთესი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ვაისის ფორმაციის ნაკრებს ბურთის დაჭერა უკეთ ეხერხება და ქვეჯგუფში მყოფ ყველა გუნდს თითქმის ტოლ-სწორად ეთამაშა, ხოლო ბურთის კონტროლის მხრივ, ზოგიერთ მასზე მაღალი შედეგის მქონე გუნდზეც უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. დარჩა შთაბეჭდილება ცოტა რომ გაგვმართლებოდა უკეთესის შედეგის დადება შეიძლებოდა.

ვაისის ფორმაციის ნაკრები მოძველებულ ფეხბურთს თამაშობს. მას მოთამაშეთა უკლასობაზე მეტად სამწვრთნელო იმპროვიზაცია და შემოქმედებითი ფანტაზია აკლია. აკლია თანამედროვე ფეხბურთის მთავარი ელემენტები - უბურთოდ მოძრაობის კულტურა და დაცვიდან შეტევაში დინამიური გადასვლა. მართალია, უბურთოდ მოძრაობა მთლიანად ქართული ფეხბურთის სენია, მაგრამ თავის დროზე უფროს ნოდარ ახალკაცს, გუნდის რამდენიმე თვიანი მომზადება დასჭირდა, რომ დინამოს თითოეულ ფეხბურთელს ცოდნოდა როდის უნდა გახსნილიყო, როდის აკეთებდა ყიფიანი პასს, როდის მანევრირებდა შენგელია, გუცაევის ფლანგური შეტევის დროს ვინ სად უნდა ყოფილიყო და ა.შ.

დაახლოებით ანალოგიურს ვითხოვთ ვაისისგან, მაგრამ ნურას უკაცრავად. გუნდი სულ ნელ ტემპში, ლამის ზოზინით იწყებს შეტევებს. არადა ზოგჯერ არის შემთხვევები, მეტოქის ბურთის დაკარგვის დროს შეიძლება სწრაფი და ეფექტური კონტრშეტევის განხორციელება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება ფეხბურთელმა არ იცის ამ დროს რა გააკეთოს, საით გადაადგილდეს და ელოდება მეტოქის გუნდის მთლიანად ჩასვლას დაცვაში, რომ მოედნის ნაწილი გათავისუფლდეს და ამ გათავისუფლებულ ადგილას არის ბურთის გორება მარჯვნივ-მარცხნივ, მეტწილად უკან და იქმნება ბურთის კონტროლის და ტერიტორიული უპირატესობის ილუზია.

საერთოდ გაუგებარია გუნდის ტაქტიკური განლაგების სქემა. ქეცბაიას დროს ვიცოდით, რომ გუნდი ათი ფეხბურთელით იცავდა თავს და ერთი კინკილა დვალიშვილი დარბოდა წინ უპატრონო ბავშვივით. ახლა როდესაც არის საშუალება შეტევის ორგანიზების, ჩემთვის გაუგებარია მცველების გარდა ვინ სად არის განლაგებული და მოედნის რომელ ნაწილზე აგებს პასუხს შეტევის ან დაცვის ოპერაციების დროს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ყველა ცენტრშია შეყრილი ნახევარდაცვიან-თავდამსხმელებიანად და ფლანგები განაპირა მცველების იმედადაა, რომლებიც განაპირა მცველობას უთავსებენ ფლანგის ნახევარმცველობას და ფლანგური თავდამსხმელის ფუნქციასაც.
ვიდრე ნავალოვსკი და კაკაბაძე დაცვიდან შეტევის ფლანგზე ჩავლენ ძვირფასი დრო და შეტევის ეფექტი იკარგება. არადა, შეიძლება წამიერად ბურთი მცველმა ნახევარდამცველს მიაწოდოს, იმან კიდევ თავდამსხმელს და სწრაფი შეტევა განხორციელდეს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება. ნახევარმცველები და თავდასხმაში მონაწილე ფეხბურთელები ძირითადად ცენტრში არიან შეწეულები და გაურკვეველი დანიშნულების და დისფუნქციის გამო ერთმანეთს უშლიან ხელს, ხოლო განაპირა მცველები ფლანგზე წინ და უკან განუწყვეტელი მოძრაობის გამო იღლებიან, დაცვის ფუნქციებს ბოლომდე სრულყოფილად ვეღარ ასრულებენ და თამაშის ბოლოს კურიოზული გოლებიც მიგვიღია.

ჩემი ნება რომ იყოს, ფიზიკური მომზადების დონიდან გამომდინარე, მცველებს საერთოდ ავუკრძალავდი მეტოქის მოედანზე გადასვლას, რომ მოუმზადებელი არ დახვედროდა მეტოქის სწრაფ კონტრშეტევას, ხოლო ნახევარდაცვის და თავდასხმის ფლანგზე შესაბამის ფეხბურთელებს გავამწესებდი.

კიდევ უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება ჩვენი ნაკრების უხეირო თამაშისა, მაგრამ მწვრთნელების არგუმენტი ურყევია, ნახეთ სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები და სად მეტოქისო. თუ ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი მაშინ უცხოელ მწვრთნელში რატომ ვიხდით ფულს? დავაჯამოთ ჩვენი და მეტოქის ფეხბურთელების რეიტინგები და შედეგიც იმის მიხედვით განვსაზღვროთ - სანერვიულო მაინც არაფერი გვექნება. ისტორიას ბევრი მაგალითი ახსოვს, როდესაც გაცილებით უსახელო გუნდს სახელიანი გუნდი დაუმარცხებია. ურუგვაის ნაკრები გავიხსენოთ, რომელმაც ბრაზილიის ვარსკვლავებით დახუნძლულ ნაკრებს ცხვირწინ ააცალა მსოფლიო თასი.
ოტო რეჰაგელმა გუნდური მონდომების და ჭკვიანი ტაქტიკური მეთოდებით მის გაწვრთნილ გუნდებს უმაღლესი მიზნები მიაღწევია, ხოლო საბერძნეთის საშუალო დონის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახადა. "ლესტერის"  შარშანწინდელი წარმატება გავიხსენოთ, რომელიც დიდ ნაწილში მწვრთნელის კლაუდიო რანიერის დამსახურებაა. ანდა უახლოესი ისლანდიის ნაკრები, რომელმაც შემადგენლობითაც და ტრადიციითაც გაცილებით ძლიერი ნაკრებები დაჯაბნა.
ჩვენ გიორგი სააკაძესავით ტაქტიკოსი გვჭირდება, რომელიც გლეხებისაგან შექმნილი რაზმით, ჩაუცმელი და შეუიარაღებელი ხალხით, მაგრამ ინტელექტითა და მოხერხებულობით გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს ამარცხებდა და არა ის, რომ ვიღაცამ წამდა-უწუმ შეგვახსენოს ჩვენი ფეხბურთელების უბადრუკი მდგომარეობა.

ღრმად მწამს, რომ ჭკვიანი მწვრთნელის შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით მეტს მიაღწევენ. მათ არც სამშობლოს სიყვარული და არც ჯიგარ-მონდომება აკლიათ. ოღონდ არა აღმა-დაღმა მცდელობით, არამედ ერთიანი, ნათელი მიზნით დარაზმულებს.

ამ გადმოსახედიდან უკეთეს ვარიანტად მიგვაჩნია ცხადაძის კანდიდატურა, მაგრამ ხუთი საუკუნის წინანდელი ვიწრო ფეოდალური ინტერესები ისევ მძლავრობს ჩვენში და ფედერაცია ალბათ ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მაშინ უკეთეს ვარიანტად მიგვაჩნია იტალიელი მწვრთნელი, მაგრამ არა ნაფტალინიდან ამოღებული, არამედ ისეთი, რომელიც ფლობს თანამედროვე ფეხბურთის ანა-ბანას, ნაკრებთანაც სერიოზულად იმუშავებს და ტურისტივით მარტო რამოდენიმეჯერ არ ჩამოვა ჩვენ ქვეყანაში.

და ბოლოს, ცოტა რაღაცეების დანახვა ჩვენც, უბრალო, რიგით გულშემატკივრებსაც შეგვიძლია. მოგვეცით საშუალება ჩავერთოთ იმ ანალიტიკურ ჯგუფში, რომელზეც უკვე კარგა ხანია მიდის საუბრები. იქნებ ერთობლივი მცდელობით რაღაც სასარგებლო გამოგვივიდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მედეა
22 აპრილი 2018 16:48
არ ვვარგივართ ფეხბურთში და რა ვქნათ ახლა, სამაგიეროდ ხოკეიში და რაგბიში ვართ წინ.ყველაფერი ხომ არ გამოგვივა.ის მომეწონა პირობის შესრულების შემდეგ გადავუხადოთ გასამრჯელოო რომ წერთ. 500 ლარი მიეცით მწვრთნელს მასწავლებლებივით მანამ, სანამ გამარჯვებებს არ მიაღწევს და ყოველ გამარჯვებაში 5000 ერთჯერადად, მერე გეომეტრიული პროგრესიით გაუზარდეთ ხელფასები თითოეულ მოთამაშეს და კარგ შედეგს მერე მიიღებთ. ახლა, როცა გარანტირებული აქვთ ხელფასი ინტერესი აღარ აქვთ და თავსაც არ იწუხებენ. ბოდიში, მე დილეტანტი ვარ ამ საქმეში და მაინც ვბედავ წერას, შეწუხებული დღევანდელი ქართული ფეხბურთით.
G.A.L.
26 ოქტომბერი 2017 09:47
VeTanxmebi bevr sakiTxebSi rogorc statiis avtors aseve komentarebs. Me cota Soridan daviWyebdi gamosWorebas, kerZod bavSvTa fexburtidan. sWorad unda Cado safuZvlebi Sedegi tu ginda droulad miiGo. sisWrafe yvela komponentSi, satamaSo teqnika, taqtikurad sWorad moZraoba es yvelaferi bavSvobaSi sWrafad aitviseba. NekrebSi fexburteli mzadyofnaZi unda mivides. Nakrebis mWvrTneli bevrs verafers uSvelis mokle periodSi moumadebel fexburTels. MWvrTnelebis mxrivac yvela doneze seriozuli problemebi gvaqvs. BavSvTa mwvrTnelebi qrtamebs iGeben mSoblebisgan.safexburto skolebSi ra xalxia tavmoyrilo rom icodet!? Yvelaferi titqmis nolidan aris dasaWyebi, tanac patiosani, mcodne da fexburtis moyvaruli xalxia mosayvani yvelgan!!!
გუსანი
25 ოქტომბერი 2017 12:42
ავტორს ვეთანხმები, მაგალითებიც შეიძლება მრავლად დაამატო. ჩვენ გუნდს ყველა მიმართულებით ჭირდება განვითარება ეტაპობრივად 1. მენტალიტეტი- ოჯახიდან, ბავშობიდან ფსიქოლოგის ჩართულობა. 2 ფიზიკური კონდიციების თანდათანობით გაუმჯობესება-თითოეულს თავისის სქემით ექიმის ჩართულობით. აი შემდეგ უკვე საფეხბურთო აზროვნების სწავლება შესაბამისი მწვრთნელებისგან, ფედერაციამ და სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ფეხბურთელების დონე რომელი ტაქტიკით თამაშისთვის იქნება მზად და ამ კონცეფციით შეირჩეს მწვრთნელიც. ეს ყველაფერი ფედერაციაში ჩვენზე უკეთ იციან- მინდა მჯეროდეს, მაგრამ, როგორ სტატიის სათაურშია მითითებული, პრობლემაც ეგაა ?!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები