როგორ შეიძლება გადაწყდეს უბინაო ქართული ოჯახების პრობლემები? - კვირის პალიტრა

როგორ შეიძლება გადაწყდეს უბინაო ქართული ოჯახების პრობლემები?

ერთი ჩემი ნაცნობი ევროპაში ცხოვრობს. ამ რამდენიმე ხნის წინ იყო ჩამოსული საქართველოში. მეცნიერი, ლექტორი კაცია და ვკითხე - თუ რა სხვაობა იყო საქართველოსა და იმ წარმატებულ, ევროპულ ქვეყანას შორის, სადაც ის ცხოვრობდა. ცხადია, მარტო ეკონომიკური ცხოვრების დონე არ მქონდა მხედველობაში.

არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა, - მენტალობაშიო და მაგალითი მომიყვანა. ვთქვათ, იმ ევროპული ქვეყნის მაცხოვრებლებს შეექმნათ რამე პრობლემა, მაგალითისათვის, ქუჩის, უბნის ან დასახლების წყალმომარაგებაში. ასეთი რამ იქ არ ხდება, მაგრამ ჩვენთვის რომ მისახვედრი იყოსო. იმ წუთში ქმნიან სამოქალაქო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციას და იწყებენ აქტიურ მუშაობას შესაბამის უწყებებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, მთავრობასთან, მანამ, სანამ პრობლემა არ გადაწყდება და უნდა ითქვას, რომ ყველა ეს უწყებები თუ სახელმწიფო ორგანოები ცდილობენ დაეხმარონ მათ ამ პრობლემის გადაჭრაში. განსხვავებით ჩვენგან, სადაც მიაჩნიათ, რომ თქვენი აქტიურობით არ აცლით სხვას მუშაობას ან სხვის საქმეში ყოფ ცხვირს და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაგაპატიმრონ ინტრიგნობისათვის ან გაგკიცხონ "ჩვენზე უკეთ ვით იმღერიო", ანაც მკლავი მოგაჭრან, ჩვენზე უკეთესი რატომ აგიგიაო. შესაბამისად, იქ პრობლემები წყდება და ქვეყანა წინ მიდის, განსხვავებით ჩვენგან, სადაც ხელისუფლებაში გავრცელებული ფეოდალური აზროვნების გამო, რომელიც უკვე ლამის სამი ათეული წელია გრძელდება, განუვითარებლობის და სამოქალაქო დაპირისპირების ჭაობში ვიხრჩობით.

ეს რომ ასეა და ახალს არაფერს ვიგონებ, ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომლის მსგავსი უამრავია ჩვენს ქართულ რეალობაში.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, კომუნისტები უფრო ხარისხიანად აშენებდნენ საცხოვრებელ კორპუსებს, ვიდრე დღევანდელი, სტუდიოსა და "ხრუშოვკების" ჰიბრიდის ავტორები. ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტა იყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ორმაგი ჭერი. ერთის დანიშნულება იყო შეესრულებინა პირდაპირი ჭერის მოვალეობა, ხოლო მეორის - ცენტრალური გათბობის მილების დაცვა და ეს ორივე ჭერი საკმაოდ მყარი და გამძლე იყო, ე.წ. "სინკარებისგან" ანუ ბეტონის ფილებისაგან აგებული. სპეციალისტთა ერთმა ჯგუფმა, ბატონებმა ნოდარ გოგალაძემ და ჟულიენ სეფერთელაძემ, შექმნეს ამ მეორე ჭერის, ანუ ბეტონის ფილების ამწევი მექანიზმი და მცირე დაშენების პირობებში იქმნებოდა ერთი დამატებული საცხოვრებელი სართული.

სასარგებლო ეფექტი ამ გამოგონებას გაცილებით მეტი ქონდა.

ა) უქმდება ამ ორ ჭერს შორის მოქცეული ის სიცარიელე, რომელიც ანტისანიტარიის, ნაგვის და ვირთხების ბუდეს წარმოადგენს.

ბ) ბოლო სართულის მცხოვრებლებთა პრობლემას წარმოადგენს მუდმივად წყლის ჩამოსვლა და აქედან გამომავალი ჭერიდან ბათქაშის ცვენა. ახალი სართულის დაშენებით ეს პრობლემა წყდება.

გ) ვინაიდან მხოლოდ ნახევარი კედლის დაშენება ჭირდება (რეკონსტრუქციის შემდეგ ემატება 145 სმ), ასეთი სართულის აშენება კვადრატული მეტრი ჯდება საშუალოდ ასი ლარიდან ას დოლარამდე, განსხვავებით დღევანდელი ახალმშენებლობის ფასებისგან, რომელიც 500 დოლარიდან 2000 დოლარამდე აღწევს კვადრატულ მეტრზე.

დ) აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სახელმწიფო ხელში აიღებდა ამ საქმის ორგანიზებას, საცხოვრებელი ფართის პრობლემა გადაუწყდებოდა უამრავ ლტოლვილს, დროებით დაზარალებულ, უსახლკაროდ დარჩენილს, საცხოვრებელი ფართის ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ოჯახებს, რითაც ნაწილობრივ გვარდება დემოგრაფიული პრობლემა. ბოლო სართულის რეკონსტრუირებით და ამაღლებით მარტო თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ პირობებს მოიგვარებდა სულ მცირე 20-30 ათასი ოჯახი.

ე) რაც მთავარია არ იჩეხება ნარგავები და არ ნადგურდება სკვერები და პარკები, რომლის ხარჯზე ხორციელდება დღევანდელი მშენებლობები და რომლის გამო თბილისი უკვე ემსგავსება თბილისელთათვის ბეტონის სარკოფაგს.

ვ) შესაბამისი დიზაინერული გადაწყვეტილებით რეკონსტრუირებულ ნაწილს უკეთდება სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, გამათბობელი პანელები, მზის ბატარეები, კლასიკურ, ტრადიციულ-ეროვნულ, უახლოეს ავანგარდისტულ სტილში გადაწყვეტილი ქუდი-სახურავი, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს შეძენს უსახურ, ერთფეროვან შენობებს.

ცხადია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების რეკონსტრუქცია პანაცეა არ არის და ხალხთა ბინათმოსახლეობის მარადიულ პრობლემას ეს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ეს არის არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენების გზა.

გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის გადაწყვეტით სხვა, დროებითი ხილული თუ უხილავი უამრავი სარგებელი შეიძლება ნახოს ადამიანმა და სახელმწიფომ. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ხელში აეღო ამ საქმის განვითარება, პირიქით მოხდა - რაღაც ეტაპზე ერთბაშად აიკრძალა დაშენების საქმიანობა. პასუხი ყველგან ერთია - კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია და აღნიშნული დაშენებით თავზე ჩამოგექცევათო. რა უნდა ითქვას? მერიის არქიტექტურის სამსახური, ყოველი ცალკეული ასეთი შემთხვევის ექსპერტული დასკვნის გარეშე, მარტო ზოგადი ფორმულირებით, ისეთი მონდომებით გისაბუთებენ ამ კორპუსების ავარიულ მდგომარეობას, ვისაც პატრონი ყავს და თავი უყვარს ეგრევე უნდა გარბოდეს იქედან, ხოლო მერიის არქიტექტურის სამსახური განგაშის ზარებს უნდა რეკდეს მოახლოებული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

სამშენებლო დარგის აღიარებულ სპეციალისტთა შეფასებით, ძველ კორპუსებში მცხოვრებელთა გასახარად და ახალ კორპუსთა მცხოვრებელთა სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, იმ ძველი კორპუსების რესურსი გაცილებით მეტია, ვიდრე ახალაშენებულის.

ამ საკითხზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ამ საკითხის დადებითად არ გადაწყვეტის რეალური მიზეზები სულ სხვაა (მავნე ლობიზმი, პოლიტელეტის ფინანსური ინტერესი და ა.შ.). ბუნებრივია, სამშენებლო ბიზნესს არ აწყობს ბინათმშენებლობის საკითხის იაფი და მარტივი გადაწყვეტა, რამეთუ არსებული ფასებით და არსებული პირობებით ზედმეტი მილიონებით ივსება. მათი ინტერესი გასაგებია - ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე და ამის გარეშე წარმოება აზრს კარგავს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, როგორც ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების განვითარებაზე, ასევე მოსახლეობის სოციალურ დაცულობაზე. არ შეიძლება ერთის ხელოვნურად შეზღუდვის ხარჯზე მეორის განვითარება. უნდა მონახოს ის ოქროს შუალედი, სადაც დაცული იქნება, როგორც ბიზნესის, ასევე მოსახლეობის ინტერესები. ასეთი ბალანსი ქმნის საყოველთაო განვითარებას. სამწუხაროდ, დღეს ეს ბალანსი დარღვეულია ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ და ის იმყოფება მონოპოლისტურ მდგომარეობაში.

შედეგად, თითქოს სამშენებლო ბიზნესი ვითარდება, იყიდება ახალაშენებული ბინები, რომელთა არც თუ მცირე ნაწილი უცხოელია, მაგრამ გვყავს უამრავი უბინაო და საცხოვრებელი ფართით მოუგვარებელი ქართული ოჯახები, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს ქართველთა დემოგრაფიულ განუვითარებლობას და ქართული მოსახლეობის შემცირებას. ეს პრობლემა კი დამოკლეს მახვილივით კიდია ქართული ეთნოსის თავზე და ქართული სახელმწიფოებრიობის კატასტროფით გვემუქრება.

იმედია, დედაქალაქის მერიაში განხორციელებული ბოლო არჩევნების და ცვლილებების შემდეგ, დასასრული ამ ისტორიას ბედნიერი ექნება და უამრავი ადამიანი გაიუმჯობესებს საბინაო პირობებს. ჩვენ კი იმას ვხვდებით, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია და ის მიიღწევა ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს