ევროვიზიის დილემა ქართველი მუსიკოსებისთვის - კვირის პალიტრა

ევროვიზიის დილემა ქართველი მუსიკოსებისთვის

ამ დღეებში ინტერნეტში რაღაც მასალებს ვეძებდი, თუმცა იქ ისეთ რამეებს წავაწყდი, გადავწყვიტე ის საქმე გვერდზე გადამედო და ამ საკითხს გავცნობოდი. საქმე ევროვიზიას ეხება, სადაც ჩვენებიც (ჯგუფი "ირიაო") გამოსულან და თან ძალიან წარუმატებლად. ეგ არც ისეთი ტრაგედიაა. ტრაგედია უფრო ის გამოხმაურებები, იმ შეფასებების (ლანძღვა-გინების) მრავალფეროვნება იყო, რამაც ლამის წალეკა ინტერნეტი. მესმის, რომ ვიღაცას მოსწონს და თავისი მოწონება დააფიქსიროს, ვიღაცას არ მოსწონს და გააკრიტიკოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, თვითონ კომენტარების ავტორებს შორის იყო ატეხილი ისეთი დაპირისპირება, ბილწსიტყვაობა, უხამსი შეფასებები, რომ გადავწყვიტე ჩემი აზრიც დამეფიქსირებინა ამ საკითხზე.

მიმაჩნია, რომ "ირიაო" კარგი ჯგუფია. აქ გავლენა ჯგუფის წარუმატებელმა შედეგებმა უფრო იქონია. ზოგი თვლის, სიმღერა არ იყო სწორად შერჩეული, უგემოვნო იყო და არ შეესაბამებოდა ევროვიზიის ფორმატს. ზოგი საპირისპიროს ამტკიცებს. ზოგი ფიქრობს, რომ ევროვიზია უფრო პოლიტიკური, მეზობლური ქვეყნების მიერ ერთმანეთის მხარდამჭერი კონკურსია და არ ღირს ყურადღების მიქცევა, ზოგი თვლის, რომ საქმე ქვეყნის პრესტიჟს ეხება და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს.

ერთ ინტერნეტმომხმარებელს დავესესხები და მართლაც ვინ არჩევს ევროვიზიის საკონკურსი სიმღერებს და მონაწილეებს?

ბოლო პერიოდში ბევრი საინტერესო კონკურსი და სახალხო შოუ ჩატარდა ჩვენთან საუკეთესო ნიჭიერის თუ საქართველოს ვარსკვლავის გამოსავლენად, გვაქვს "იქს ფაქტორი", "მხოლოდ ქართული" და "ახალი ხმა". მართალია ზოგგან ჟიური ისეა დაკომპლექტებული, კომუნისტების დროს სტახანოველები რომ შეყავდათ სხვადასხვა კომისიებში, მაგრამ ეს კიდევ ასატანია. ხომ გვაქვს ეს სახალხო შერჩევის კონკურსები და რატომ არ ვიყენებთ ანალოგიურ მეთოდს ევროვიზიისათვის?

ვიქრობთ, მართლები არიან ვინც თვლის, რომ როდესაც საქმე ქვეყნის პრესტიჟს ეხება, კულტურის სამინისტრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს საქმეს. ერთი ინტერნეტმომხმარებელი იმასაც წერდა - ვიღაცას მუსიკა, თუ ესმის დო-დან დო-მდე ჩვენზე უკეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან უნდა გადაწყვიტოს, თუ რა სიმღერით და ვინ წარსდგება კონკურსზე. ვფიქრობთ, კულტურის სამინისტრომ შიდა სახალხო კონკურსი იმ ფორმატით ჩაატაროს, როგორც ევროვიზია ტარდება. სარგებელი მას გაცილებით მეტი ექნება. ჯერ ერთი, თავისი მნიშვნელობით ის გადაფარავს ყველა იმ კონკურსებს და სატელევიზიო შოუებს, რომელიც აქამდე ჩვენში ჩატარებულა. მეორე, შეირჩევა იმ ხასიათის სიმღერა და შემსრულებლები, რომლებიც შინაარსით ახლოს დგანან ევროვიზიის მოთხოვნებთან. მესამეც, წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა საზოგადოებამაც უნდა აიღოს და ამას მაინც აღარ დააბრალებს ხელისუფლებას.

აქ პრობლემად რჩება ერთი საკითხი - ჟიურის დაკომპლექტება. არ არის საჭირო მასში სატელევიზიო წამყვანის და ტელევიზიის დირექტორის შეყვანა. არც მუსიკის პედაგოგის და მაინცა და მაინც "პაპსავიკებით" დაკომპლექტებაა აუცილებელი, რომელთა მუსიკალური ხედვის დიაპაზონი დიმპიტაურს და "ციკა, ციკა, რამაიას" გარდა სხვას ვერაფერს წვდება. ჩვენი აზრით, ჟიურის ერთნაირად უნდა ბურძგლავდეს, როგორც "ჩაკრულოს", ასევე ლედ ზეპელინის "ქაშმირის" მოსმენაზე, სიამოვნებით უსმენდესდეს რევაზ ლაღიძეს და ლუი არმსტრონგსს, როკ-ოპერასა და "ტრავიატას". ასეთები ბევრი ჰყავს ქართულ კულტურას და საჭიროა მაღალი მუსიკალური გემოვნებისა და პროფესიონალებით ჟიურის დაკომპლექტება.

აი, მაშინ კი შეიძლება ვიფიქროთ ევროვიზიის კონკურსზე წარმატების მიღწევაზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს