ინსტრუქცია ეროვნული მთავრობისათვის - კვირის პალიტრა

ინსტრუქცია ეროვნული მთავრობისათვის

ამ ორიოდე დღის წინ, კომპიუტერი გავხსენი თუ არა, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია ვნახე - ქარელში ისრაელური ინვესტიციით, ხილის გაყინვის საწარმო გაიხსნა, რომელიც ქართულ ხილს ევროპასა და ისრაელში ექსპორტზე გაიტანს.

ქებათაქება ჩვენს ებრაელ მეგობრებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელეს და დაასაქმებენ 130 ადგილობრივს, რომელთა ხელფასი 400-1000 ლარამდეა, წელიწადში დაახლოებით 4 000 ტონამდე ხილს მოამზადებენ საექსპორტოდ. და მთელი ეს სიკეთე 2 მილიონ დოლარად.

მსგავსი პროექტების განხორციელებას ჩვენი სოფლის მეურნეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

საბჭოთა კავშირის დაშლის ლამის მეორე დღიდან იძახიან ქართველი სპეციალისტები და მათ შორის თქვენი მონამორჩილიც - ქართული ხილ-ბოსტნეულის პროდუქცია ქართული მიწის უძვირფასესი მადლია. ამ მადლის პატრონი ქართველი გლეხი მილიონერი უნდა იყოს, მაგრამ საწყისი კაპიტალის, ფინანსურ რესურსებზე მიუწვდომლობის გამო სოფლის მეურნეობა განიცდის თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას და ეს ძვირფასი მადლი მიუხედავი გვრჩება.

შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ათეულობით და ასობით ტონობით ხილი და ბოსტნეული ლპება და ფუჭდება. დიდი მჭერმეტყველება არ სჭირდება იმას, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესანახად საჭიროა სამაცივრე მეურნეობა, ხოლო გადასამუშავებლად საკონსერვო საწარმო და გინდ გაციებული ნედლეულის სახით, გინდა გადამუშავებული კონსერვის, მურაბის, ჯემის სახით მიაწოდე მომხმარებელს, ადგილობრივს თუ საზღვარგარეთელს, დაასაქმე მინდორში გლეხი და გაუჩინე შემოსავალი, დაასაქმე საწარმოში მუშა, სპეციალისტი, ინჟინერი, კონსტრუქტორი, ტექნოლოგი და სხვა სპეციალისტი. ბოლოს დაჯექი და ითვალე ბიუჯეტში შენატანები და ფულები. ასე შენდება და ვითარდება ქვეყნის სოფლის მეურნეობა, მოქალაქე, მდიდრდება ქვეყნის ხაზინა, წყდება დემოგრაფიული პრობლემები, იზრდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ა.შ.

შეიძლება ამ ამბის მკითხველს გულუბრყვილოდ გაეღიმოს - მერე რა არის აქ ახალი, ეს რომ ასე კეთდება აქაც და მთელ მსოფლიოში საიდუმლოა თუ რა, აღმოაჩინა ამანაც ამერიკაო.

წარმოება კაპიტალით იწყება - ან შენი უნდა გქონდეს, ან მოიზიდო, ან ისესხო... შევარდნაძის პერიოდის მთავრობამ და ხელისუფლებამ იმით გამოიჩინა თავი, რომ გაორმაგებული ანაბრების თუ სხვა საბანკო მაქინაციების გზით პირწმინდათ გაძარცვა ქვეყნის მოსახლეობა და ერთი ხელის მოსმით გააქრო ქვეყანაში საშუალო ფენა, ანუ ის ხალხი, ვისაც უნდა მოეხდინა საშუალო და მცირე ბიზნესის ინვესტირება.

რჩება მეორე გზა - საბანკო სექტორი, მაგრამ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, ის უფრო მევახშეობითაა დაკავებული, ვიდრე ეკონომიკის დაკრედიტებით. შესაბამისად, ვრჩებით ფულიანი ხალხის იმედად, რომელიც ცოტაა საქართველოში და მათ შორის გაცილებით ცოტაა ის ხალხი, ვისი ჰობიცაა სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადება. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის ინვესტიცია მწირია და სოფელი და ქართველი გლეხი უკან მიექანება.

"ქართული ოცნების"  ხელისუფლებამ არც თუ უმნიშვნელო რეფორმები ჩაატარა ამ მიმართულებით, სტარტაპების თუ "აწარმოე საქართველოში" დაფინანსების კუთხით, ბიუჯეტური სახსრების თუ საპარტნიორო ფონდის დახმარებით, მაგრამ ეს მასშტაბები იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ქართული სოფლის განვითარებისთვისაა საჭირო.

ქვეყნის უკეთ სამართავად ახალმა პრემიერმა ნაკლები სამინისტროების ფორმულა შემოგვთავაზა, ასე მექანიკურად ვერავინ იტყვის რამდენია მეტი და რამდენი ნაკლები. უდიდესმა კონსტრუქტორმა - ღმერთმა - ადამიანი იმდენი ორგანოთი აღჭურვა, რამდენიც სჭირდებოდა. უფალს უნდოდა ადამიანს ეაზროვნა და თავს აზროვნების ფუნქცია მიანიჭა, კუჭს - საჭმლის გადამუშავების, ფეხებს - სიარულის და ა.შ. ასეთივე ორგანიზმია სახელმწიფოც. მთავრობაც და სამინისტროებიც უნდა იყოს იმხელა და იმ რაოდენობის, რა მიზნები და ფუნქციებიც აკისრია. მთავრობა თუ მარტო ქონების გაყიდვის ფუნქციით დაკავდება, რად უნდა ამას მინისტრები და სამთავრობო სტრუქტურები, ეკონომიკის სამინისტრო? ქონების გაყიდვის სამკაციანი ბიუროც ეყოფა ამ საქმეს.

მარტო ინსტრუქციებით და კეთილი სურვილებით ქვეყნის მართვა არ ხდება. ჩვენი ქვეყანა განვითარების იმ ეტაპზე არ არის, რომ, თუ, მაგალითად, მოგების გადასახადს ერთი პროცენტით შევამცირებთ, მაშინვე ასეულობით ინვესტორი იხუვლებს და საწარმოს გახსნის. როგორი საგადასახადო რეჟიმი არ უნდა შემოიღო ქვეყანაში, მოსახლეობაში თავისუფალი ფულის არ ქონის გამო, საზოგადოება თვითრეგულირებას ავტომატურ რეჟიმში ვერ განახორციელებს და დამოკიდებული ვართ უცხოელ ინვესტორზე.

შესაბამისად, საჭიროა მთავრობისათვის სხვა სახის მიზნების დასახვა და ქმედითი ფუნქციებით აღჭურვა. თუ სახელმწიფო გვქვია, მაშინ მთავრობას ქვეყნის შენების ფუნქცია უნდა დაეკისროს და მარტო უცხოელი ინვესტორების კეთილ სურვილზე არ უნდა დავრჩეთ.

ეს არც არის გამართლებული, იმიტომ, რომ საქართველოში არ ცხოვრობს იმ რაოდენობის ადამიანი, პოტენციური მომხმარებელი, რომ ინვესტიციამ მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს ინვესტორს და ინვესტორი რომ მოიზიდოს, სახელმწიფოს სხვადასხვა მნიშვნელოვან დათმობებზე უწევს წასვლა, კერძოდ, სახელმწიფო ქონების კაპიკებად დათმობა, დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე თავალის დახუჭვა და ა.შ. მეორე, ინვესტორსაც გააჩნია. ის იმიტომ არ შემოდის და აბანდებს ინვესტიციებს, რომ ქვეყანაზე ან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მისი მიზანი მოგების მიღებაა და არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ ზემოგების მიღების მიზნით, ასეთ საწარმოებში ხელფასი არის მიზერული, შრომის პირობები კაბალური და დამამცირებელი და ა.შ. მესამეც, როგორც ბანკების, ენერგომატარებლების და სხვა შემთხვევაში ხდება, აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება კარტელური გარიგებებით, სახელისუფლებო ლობირებით მონოპოლისტური გარემოს შექმნით და როგორც სესხების შემთხვევაშია - ბანკები და ფული უამრავია, მაგრამ მოსახლეობისათვის მიუწვდომელი. ასე, რომ გარე ინვესტიციების მოზიდვა, ნებისმიერი ხერხით, ქვეყნისათვის მთლად წარმატების მომტანი არ არის. ინვესტორი, ყოველი წინაპირობის გარეშე უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში და მას, ბიზნესის წარმოების ხელსაყრელი და თანაბარუფლებიანი გარემო უნდა დახვდეს. მანამ კი სახელმწიფომ, ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე უნდა გამოიყენოს თვითინვესტირების, თვითდაფინანსების გზა.

განვიხილოთ ზემოთ ხსენებული მაგალითი სამაცივრო მეურნეობის შექმნაზე. რამდენი ხანი უნდა ველოდოთ იმას, რომ ვიღაც დაინტერესდეს და კიდევ მოინდომოს სამაცივრე საწარმოს გახსნა. არადა, ასეთი სამაცივრო საწარმო ყველა რეგიონში უნდა აშენდეს და რაც უფრო სწრაფად, მით უფრო ეშველება ჩვენს გლეხს. ერთი ასეთი საწარმოს წლიური შემოსავალი, საწყის ეტაპზე, მერყეობს სავარაუდოდ 10-12 მილიონის ფარგლებში. ჩათვალეთ, რომ ასეთი სიმძლავრეების შექმნით ქვეყანაში გაჩნდება დამატებით 200-300 მილიონი შემოსავალი, რომლის ძირითადი ნაწილი დაილექება სოფელში.

ჰოდა, გულზე ხელი რომ არ დავიკრიფოთ და პირდაღებული არ ველოდოთ მორიგ მესიას, კეთილი ინებოს მთავრობამ გამოძებნოს დამატებით 8-10 მილიონი და სახელმწიფოს ინვესტირებით და დაფინანსებით ააშენოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5-6 ასეთი საწარმო. საწარმოს შეუძლია იფუნქციონიროს ან სახაზინო საწარმოს სახით და ეს შემოსავალი მთლიანად დაილექება ბიუჯეტში, ან მთავრობამ მოახდინოს საწარმოს აქციების გამოშვება და გაყიდვა, რის შედეგად საწარმო გადავა საზოგადოების ხელში, ხოლო სახელმწიფო მყისიერად ამოიღებს დახარჯულ ინვესტიციებს და სხვადასხვა გადასახადით გაამდიდრებს ბიუჯეტს. ამასთანავე, შემოსავალი გაუჩნდება ასობით ქართველ აქციონერს და ბოლო-ბოლო შეიქმნება ის საშუალო ფენა და გადასახადის გადამხდელი, რომელზეც დაფუძნდება განვითარებული სახელმწიფო.
ვიცი, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გამოხტება ათასი "ყოვლისმცოდნე" და კრიტიკოსი და დამიწყებს გაკიცხვასა და ჭკუის სწავლებას, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკასა და ბიზნესში, ეს მისი ფუნქცია არაა და ა.შ. ადრეულ წლებში გვყავდა ერთი ასეთი "კეთილმოსურნე" ჭკუისდამრიგებელი, სავალუტო ფონდიდან შადმან ვალავი, რომელიც გვირჩევდა ღვინის წარმოება შეგვეწყვიტა და დოქების და ქვევრების წარმოებაზე გადავსულიყავით, რამეთუ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ღვინოს აწარმოებდნენ, ჩვენი მათთან ახლოსაც ვერ მივიდოდით. მადლობა ღმერთს საქართველოში ვაზის სიყვარულმა იძალა და ქართული ღვინის საექსპორტო შესაძლებლობები ყოველწლიურად და ყოველთვიურად იზრდება, შადმან ვალავის არსებობა კი კაცისშვილმა არ იცის. ან/და ჰამილტონს რომ არ ეზრუნა თავის დროზე ამერიკის "ჩვილი ასაკის" მრეწველობაზე და ამერიკის ბანკის შექმნით არ დაეფინანსებინა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, იქნებოდა კი ამერიკის ეკონომიკა ამ ფორმით? ან სამხრეთ კორეის ეკონომიკური რეფორმების ავტორებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალოგიური ექსპერტებისათვის რომ დაეჯერებინათ და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის მაგივრად ბრინჯის მოსავალზე გადართულიყვნენ, იქნებოდა სამხრეთ-აღმოსავლური აზიის ეკონომიკური სასწაულები?

ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაში ეროვნული მთავრობის ფუნქციაა, ყველა ქმედითი ღონისძიებებით, გადაწყვიტოს ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემები. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების დეფიციტი და მისგან გამომავალი უმუშევრობაა. ამ დროს ასეულობით და ათასობით დასახელების პროდუქციის ნომენკლატურას არ თუ ვერ ვაწარმოებთ.

საწყის ეტაპზე სახელმწიფომ ხელში უნდა აიღოს საჭირო სიმძლავრეების, საწარმოების შექმნა და ფუნქციონირება. ერთი უცხოური (მაპატიეთ გულმავიწყობა) ანდაზა ამბობს - თუ ცხენი არა გყავს, ტვირთის ზურგით ტარება (კურტნით) უნდა ისწავლო, თუ ცხენი გყავს, მისი აღვირით ტარება უნდა ისწავლოო. ჩვენი მთავრობა იმ მხედარს ჰგავს, რომელსაც ცხენი არა ჰყავს, თუმცა ლაგამ-აღვირის მარჯვედ ხმარებას სწავლობს. ჯერ უნდა შევქმნათ იმ მიზერული ოდენობის საწარმოო ბაზა, ავაშენოთ ფაბრიკა-ქარხნები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები და შემდეგ ვმართოთ ინსტრუქციებით და დადგენილებებით. როდესაც დაიძრება ინდუსტრიალიზაციის მატარებელი, შემდეგ მოძლიერებული ქართველი მეწარმე თავისით გაიგნებს გზას. ეს გზა გაიარა თავის დროზე იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ჰონკონგმა, მალაიზიამ. ქვეყნის დაცვა მარტო სამხედრო გზით არ ხდება, ომს იგებს გამართული და ეფექტურად მომუშავე ეკონომიკა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს