რატომ არ მიდის მოსახლეობა არჩევნებზე ხმის მისაცემად?
02-11-2018
რატომ არ მიდის მოსახლეობა არჩევნებზე ხმის მისაცემად?
ნუცუბიძის ფერდობის დასახლება საკმაოდ მრავალრიცხვოვანი დასახლებაა. ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა, ნუცუბიძელებსაც უყვართ სპორტი და შესაბამისად დაყავთ ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობებში სავარჯიშოდ. სამწუხაროდ, აღნიშნული დასახლება სპორტული დანიშნულების ობიექტების ნაკლებობას განიცდის და მოსახლეობას ძირითადად სხვადასხვა უბნებში - პლეხანოვზე, ვაკეში, საბურთალოზე და ა.შ. დაყავს ბავშვები სავარჯიშოდ. ბევრი სხვადასხვა მიზეზის (დროითი დანაკარგები, სიშორე და ა.შ.) გამო ამას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ვერ ხერხდება მოზარდების სპორტის სახეობებში ჩაბმა და ვინ იცის რამდენი ჩემპიონი იკარგება, სამაგიეროდ
ივსება სიგარეტის მწეველთა და ნარკომანთა რიგები. 102-ე სკოლა, რომელიც ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში მდებარეობს, აღჭურვილი იყო ერთი დიდი საფეხბურთო სტადიონით და ორსართულიანი სპორტული კომპლექსით, რომელიც დროთა განმავლობაში განიძარცვა, ბათქაში ჩამოცვივდა, საკვანძი მოიშალა და ამჟამად შენობა საჭიროებს შეკეთებას. აღნიშნულ შენობაში არის სამი დიდი დარბაზი, სადაც შეიძლება ჩატარდეს
კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, დარბაზის ფეხბურთის სექციის ვარჯიშები და შეჯიბრებები; ასევე არის დარბაზი სპორტის საჭიდაო სახეობებისათვის, ძიუდოსათვის, სამბოსათვის. არის დიდი საპრესკონფერენციო დარბაზი, სხვადასხვა სექციებისათვის ოთახები, გასახდელები, საშხაპეები და რაც მთავარია საცურაო აუზი. ერთი სიტყვით, შესაბამისი რემონტის შემდეგ შეიძლება იფუნქციონიროს კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჭიდაობის, ძიუდოს, სამბოს, ცურვის, ჭადრაკის, ფარიკაობის, ძალოსნობის და სხვა სექციებმა, სპორტულ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა, სადაც სკოლის მოწაფეებთან ერთად შეიძლება ჯანმრთელობა გაიკაჟოს სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა.

რამდენიმე წლის წინ აღნიშნული დასახლების მოქალაქეებმა გადაწყვიტეს აღედგინათ აღნიშნული სპორტული კომპლექსი და დასახმარებლად ხელისუფლებას მიმართეს. შეადგენეს წერილები და დააგზავნეს განათლების მინისტრის, სპორტის მინისტრის, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის და დეპუტატის სახელზე. ყველაზე ოპერატიულად სპორტის სამინისტრო გამოეხმაურა - ობიექტი განათლების სამინისტროს ეკუთვნის და მათ მიმართეთო. განათლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს აღნიშნული საქმე ვერ მოესწრება და გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტშიო. რასაკვირველია, ნორმალური პასუხი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შეცდომით ჩუღურეთის რ-ნის სკოლა იყო მითითებული. რა პრობლემააო, თქვეს განათლების სამინისტროში და კონვერტი და მისამართი უცებ შეცვალეს, მართალია, ზოგიერთ სკეპტიკოსს იმის განცდა დარჩა, რომ ამ წერილების შაბლონი უფრო მთხოვნელთა მოსაგერიებლად იყო შექმნილი, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება და მის მერე ელოდებიან აღნიშნული დასახლების აღნიშნული მოქალაქეები, ყოველი წლის დადგომას, განსაკუთრებული ოპტიმიზმით.

თუ განათლების სამინისტრო წერილზე "კოპი-ფეისტის" რეაგირებით მაინც გაისარჯა, აი აღნიშნული რაიონის დეპუტატმა საერთოდ ერთ ადგილას დაიკიდა ეს საქმე და არათუ ნუცუბიძის დასახლებას, პარლამენტსაც აღარ ეკარება მე მგონი. არადა ამბობდნენ, თავის დროზე კარგი მუსიკოსი იყოო. ახლა კი თავისი საპარლამენტო ბიურო ჰქონია, სადეპუტატო ფუნქციების განსახორციელებლად ოფისის, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების სახელმწიფო დაფინანსებით.

აქ, გინდა არ გინდა, საკითხი სცილდება სპორტის საზღვრებს და პოლიტიკაში გადადის. კომუნისტების დროს, ავად თუ კარგად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მეტ-ნაკლები ყურადღება ექცეოდა. დამოუკიდებელი საქართველოს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისათვის არავის ეცალა. "ნაციონალების" მმართველობა ამ კუთხით იმით იყო ნიშანდობლივი, რომ დიდი სტადიონები გააუქმეს და მათ ადგილას სამშენებლო კორპუსები წამოჭიმეს. ხოლო, მოსახლეობას რომ სალაპარაკო არ ჰქონოდა მასშტაბურად გააკეთეს ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ფუნქციონირებს მოუვლელობის და სხვადასხვა დაზიანებების გამო. დღევანდელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით, თუნდაც ამ ბოლო დროს, ნუცუბიძის ფერდობის დასახლებას მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა რაგბის კომპლექსის სახით, რომელიც "ფონდმა ქართუმ" დააფინანსა.

რასაკვირველია, ქველმოქმედება კარგი საქმეა და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ხალხს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ამომრჩეველთა და გადასახადის გადამხდელთა საჭიროებებზე სახელმწიფოებრივი წესრიგით რეაგირებს და საჭირო ღონისძიებებს სახელმწიფოებრივი მიდგომით განახორციელებს. სანამ მოსახლეობა ამას ვერ დაინახავს, მანამ ისიც არასახელმწიფოებრივად აზროვნებს და იქცევა. და ესეც ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ არჩევნებზეც არ მიდის ხმის მისაცემად?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
იმიტომ რომ
06 ნოემბერი 2018 16:36
დაპირებას რომ თამაშდამოკიდებულებს შეუზღუდავდნენ თამაშს არ ასრულებენ
rezo
06 ნოემბერი 2018 02:15
მაინც არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში - ასეთი მიდგომა მცდარია.
ილკარი
05 ნოემბერი 2018 12:27
წელიწადში ერთხელ წერილით მივმართავ მერიას თხოვნით გლდანის 1მ/რ 22აკორპუსის უკან 10განათების ბოძის დადგმაზე… ტყეში დგამენ ამ სანათის ბოძებს და მე სწორედაც რომ შაბლონურად უკვე მესამე წელიწადია უარით მისტუმრებენ... სამი წელი ერთი და იგივე პასუხი მერიისგან... შაბლონია ჩვენი ცხოვრება..

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები