გზების "სპეცტენდერები" ჩინელებისთვის და სამშობლოდან გადახვეწილი ქართველი მეგზევეები
12-12-2018
გზების "სპეცტენდერები" ჩინელებისთვის და სამშობლოდან გადახვეწილი ქართველი მეგზევეები
ხალხის, საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველი ეკონომიკის განვითარება და მისი მიღწევებია და ყოველ ეკონომიკურ აქტივობას ქვეყნის მასშტაბით სიხარულით ვხვდები. ანალოგიური ემოცია დამეუფლა, როცა მედიაში გახმაურდა ინფორმაცია უბისა-შორაპანის გზის მშენებლობის საკითხზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. აღნიშნული პროექტი ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მანამდე იყო ინფორმაცია ხევი-უბისას 12 კმ-იანი გზის, 35 ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობის შესახებ.

დიდებული საკითხია - ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე
ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას.

ამასთანავე, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე. ტაში და ტუში აღნიშნული პროექტის განმხორციელებლებს, მაგრამ, ქართული ანდაზისა არ იყოს, ჯობდა მადლს მარილი მოეყარათ. უმარილობა კი პროექტის განმახორციელებელი ჩინური სამშენებლო
კომპანიაა, რომელმაც მედიისავე ცნობით ტენდერში გაიმარჯვა.

დავიწყოთ იქიდან, რატომ მაინცა და მაინც ჩინელები? ქართველებს ნაკლები სპეციალისტები გვყავს თუ შრომა ეზარებათ. ჩვენი ინჟინრები, გვირაბმშენები და ხიდების მშენებლები, მეზობელ ქვეყნებში არიან მიწვეულნი და სერიოზულ დაკვეთებს ასრულებენ. ქართველი მშენებლები მუშაობენ თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ამერიკაში, ავსტრალიაში და რომელი სხვა ჩამოვთვალო.

რა ტენდერია ასეთი ან რა პირობები წერია შიგ?

როგორც კი ტენდერის პირობებზე დაიწყებ საუბარს მაშინვე შემოგაჩეჩებენ გამზადებული არგუმენტს - ფულს აზიური ბანკები იძლევიან, რომელთა აქციონერები ძირითადად ჩინელები არიან და თვითონ გვთავაზობენ ჩინურ კომპანიებსო. შე დალოცვილო, აღნიშნულ თანხას ხომ არ გვჩუქნიან? ძირიც უნდა დავაბრუნოთ მისი შესაბამისი პროცენტით. და ასეთი ვალი ჩვენს ქვეყანას უკვე მილიარდობით დოლარი აქვს. თუ აზიელები თავის კონტრაქტორებს გვთავაზობენ, ჩვენც ნუ გვაქვს თავი დახრილი, ნუ გვრცხვენია და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესი და სატენდერო პირობებში ჩავწეროთ - საქართველოში განსახორციელებული პროექტები ქართულმა კომპანიებმა განახორციელონ. საჭიროების შემთხვევაში ქვეკონტრაქტორების მოძებნა არ გაჭირდება. ქვეყანა მარტო მთა და ველი, ტყე და ბუნება, გზა და ხიდი ხომ არ არის? ის პირველ რიგში ადამიანია და მთავრობამ უნდა დაიცვას მისი მოქალაქეების, მათ შორის ინჟინრების და მშენებლების ინტერესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის სიკეთეებით სარგებლობენ უცხოელები, რომელთა დასაქმებულობის პროცენტი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, ხოლო უცხოეთში ლუკმაპურის მოპოვებისათვის გადახვეწილ ქართველთა რიგები სულ უფრო და უფრო იზრდება. სწორად გაგვიგეთ, ჩვენ უცხოელებს კი არ ვებრძვით, არამედ მათთან გათანაბრებული პირობებს ვითხოვთ.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში უამრავ კორუფციულ სქემებსა და გარიგებებზეა საუბარი, რომელთა ჩამოთვლას აქ არ დავიწყებთ, მაგრამ ერთზე კი აუცილებლად ღირს ყურადღების გამახვილება.

ამ ზაფხულს ბათუმში გახლდით, ქობულეთის ასაქცევი გზით. აღნიშნული და მსგავსი გზა მშვენიერი საშუალებაა დაუღალავი მგზავრობისათვის - ნიველირებული და მაქსიმალურად გასწორებული აღმართ-დაღმართი. ასევე მაქსიმალურად გასწორებული მიხვევ-მოხვევის კუთხე. ერთი სიტყვით დააჭირე ფეხი სატერფულს და ისიამოვნე თავისუფალი სვლით. ერთგვარ დაბრკოლებას ჩამორჩენილი მანქანები ქმნიან, მაგრამ უწყვეტ ხაზს წყვეტილიც ხშირად ენაცვლება და უმეტეს შემთხვევაში სიჩქარის შეფერხების გარეშე შეიძლება გადასწრება.
მაგრამ ამ წყვეტილი ხაზის გადაკვეთა და გასწრებისას გზის საპირისპირი ზოლზე გადასვლა ხომ შემხვედრი მოძრაობისთვისაც არის ნებადართული, რომელიც ასევე აჩქარებით მოძრაობს. მოკლედ ორ ადგილას კინაღამ შემხვედრ მანქანას დავარტყი და ოჯახის წევრების მტკიცე პროტესტის გამო იძულებული გავხდი დარჩენილი გზა ტრაილერების კვამლი გვეყლაპა. თუმცა ზოგს არ გაუმართლა და გზის პირას ვაწყდებოდით ჩქაროსნული ტარების მსხვერპლთ.
არ გაუმართლა 14 ივლისს ჩაქვთან ავარიაში მოხვედრილი ოჯახის 5 წევრს, სადაც ოჯახის მამა და ორი ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი ავარიების გამო ქუთაისის შემოვლით გზას „სიკვდილის გზა“ უწოდეს და გახშირებული სიკვდილიანობის გამო ამ მონაკვეთზე, დაფნარიდან თერჯოლის გადასახვევამდე, მოძრაობა ცალმხრივია, ხოლო საპირისპირო მიმართულების მგზავრებს ისევ ქუთაისში, ძველ გზაზე უწევთ გავლა. არადა, სულ რაღაც 1,5-2 მეტრის მომატებით ორივე მხარეს, მშვენიერი ავტობანი გამოვიდოდა, გასწრების ზოლითა და უსაფრთხო გადაადგილებით. სხვანაირად ვღებულობთ ჩქაროსნულ ტრასას, რომელიც გასწრების მეორე ზოლის გარეშე „სასიკვდილოს“ კვალიფიკაციას იძენს.

ამ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ასეთ „ნაციონალურ“ პოსტს წავაწყდი, რომ ოცნების ხელისუფლება გარიგებაში შედის ამ ჩინურ კომპანიებთან და აზიურ ბანკებთან. წესით პროექტით უნდა გაკეთდეს ოთხოლიანი ავტობანი, ფაქტობრივად, კეთდება ორზოლიანი ჩქაროსნული, ხოლო დაზოგილ-მოტეხილი თანხა ნაწილდება ჩვენი ხელისუფლების, ბანკისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შორის.

არადა, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რომ ჩინური და აზიური კომპანიები საქართველოში "ოცნებამდე", "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ოპერირებდნენ და ეს მავნე პრაქტიკა ტრადიციას მიშას ხელისუფლებაში იღებს. სამწუხაროდ, ზოგიერთებს აზრს ვერ შეაცვლევინებ. აგრეთვე, არის ისეთი ამომრჩეველი, ვინც თვლის - არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას თავის ზეობის პერიოდში, მსგავსი საკითხები არ აღელვებთ და მხოლოდ არჩევნებისას, ერთმანეთის ჩასაძირად და ლაფის შესასხმელად იყენებენ.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



Architect from Kutaisi
17 დეკემბერი 2018 14:43
ქუთაისის შემოვლითი გზა, ისევე როგორც ქობულეთის, დასრულებული არ გახლავთ. დასრულებულია მხოლოდ ერთი მიმართულება, კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის, რომელსაც დღეს პირიქითა მიმართულებად იყენებენ, დედაქალაქში უფრო სწრაფად მოხვედრის მიზნით. აწია გასაკეთებელი დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება - ზუსტად იმავე სიგანის, რაც არსებული, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს უფრო შორეულ პერსპექტივად ჩანს, ვიდრე ახლო, სამწუხაროდ!
??????
16 დეკემბერი 2018 23:42
ფაფუუ საქართველოს პატრონი, 30 წელია უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ
simartle
15 დეკემბერი 2018 14:10
ქართველი ბლოგის კომენტატორები კი ქართულად ვერ წერენ გამართულად,უბრალოდ დღეს საქართველოში არც ცოდნაა საჭირო და არც განათლება.

რედაქტორის რჩევით