უცხოელებთან, მათ შორის არც თურქებთან და არც ჩინელებთან პრეტენზიები არ მაქვს. მე ჩვენს ხელისუფლებას ვეკითხები...
28-01-2019
უცხოელებთან, მათ შორის არც თურქებთან და არც ჩინელებთან პრეტენზიები არ მაქვს. მე ჩვენს ხელისუფლებას ვეკითხები...
ფოტო:forbec.ge - ის ფოტო
თითქმის ყველა დიდი საქმე რომ კეთილი განზრახვით იწყება, ეს არახალია. დაახლოებით მსგავსი განზრახვა ჰქონდა კოლუმბს, რომელმაც ინდოეთისაკენ იაფი გზის გასაკვლევად წასულმა ამერიკის კონტინენტზე ამოყო თავი. მართალია ზოგ კანიბალ აბორიგენს კბილების კაწკაწი გაუდიოდა კოლუმბის და მისი ეკიპაჟის თეთრი ხორცის დანახვაზე, მაგრამ საბოლოოდ სტუმართმოყვარეობამ იმარჯვა და დიადი გაცვლის შედეგად აბორიგენებს ფერადი შუშების ნამტვრევები შეხვდა, ხოლო კოლუმბი დიდძალი ოქრო-ვერცხლით დაბრუნდა უკან.

როგორც დღეს, არც მაშინ რჩებოდა მნიშვნელოვანი ამბები ყურადღების მიღმა და უცებ აგორდა
ხმა რძის მდინარეებზე, ყველ-კარაქის ნაპირებზე, სადაც თავზე საყრელად ეყარა ოქრო-ვერცხლი და იხუვლა ევროპის მშიერმა და ავანტურისტთა ნაწილმა ელდორადოსაკენ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავდაპირველად აბორიგენები კეთილად იყვნენ განწყობილი მოსულების მიმართ - მიდიოდა აღებ-მიცემობა და ვაჭრობა. ვისკი, თბილი საბნები, ჭრელა-ჭრულა ბიჟუტერია იცვლებოდა ოქრო-ვერცხლზე, ძვირფას ბეწვეულზე და ა.შ. ინდიელები
ხელს უწყობდნენ ჩამოსულებს დაბინავებაში, ასწავლიდნენ ადგილობრივი კულტურების (სიმინდი, პომიდორი, თამბაქოს და ა.შ) მოყვანას. ერთი სიტყვით, ყველა კმაყოფილი იყო და ეს იდილია საკმაო ხანს გაგრძელდა, ვიდრე ინდიელებმა არ აღმოაჩინეს, რომ მათი სანადირო ტერიტორიები მოსულებს ჰქონდათ დაკავებული, ხოლო ბიზონები ახალმოსახლეებს ძვრფასი ბეწვის გამო გაუწყვეტიათ.
მაშინ კი შეფუცხუნდნენ ერთი პირობა ინდიელები, მაგრამ უკვე გვიან აღმოჩნდა თითზე კბენა - ვინც დამორჩილდა, რეზერვაციებში შეყარეს, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, ლიკვიდირებული იქნა და საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდა პროექტი - ამერიკა ინდიელების გარეშე.

დღესდღეობით, ალაგ-ალაგ, სადღაც შემორჩენილია თითო-ოროლა ინდიელი, როგორც, ხატოვნად რომ იტყვიან, ნაშთი ძველი დიდებისა.

დაახლოებით ანალოგიური დაემართა აფხაზეთის მთავრებს, შერვაშიძეებს, რომელთაც სამეგრელოს მთავარ დადიანთან მუდმივ ქიშპობა-კინკლაობაში მოკავშირეების და ჯარისკაცების, ცოცხალი ძალის რესურსის საჭიროების წინაშე იდგნენ და ამ პრობლემის გადასაწყვეტად ფართოდ გაუღეს აფხაზეთის კარი მთიელ კავკასიელებს. საბოლოოდ, სხვადასხვა, გარეშე თუ შიგა, ფაქტორების ზემოქმედების შედეგად აფხაზეთი ერგოთ რუსებს, სომხებსა და აფსუებს, ხოლო შერვაშიძეს და აბორიგენ ქართველებს - ლტოლვილთა შემწეობა.

ასევე, ანალოგიური დაემართად შიდა ქართლის მფლობელებს - მაჩაბლებს. თავდაპირველად ოსები ითხოვდნენ - შიმშილით ვკვდებით, ოღონდ დაგვაპურეთ და გვიყმეთო. ჰუმანური პრინციპის გარდა, არ არის გამორიცხული მაჩაბლებს მერკანტილური ინტერესი აღძროდათ - რაც მეტი ყმა-გლეხი, მით მეტი ღალა-ბეგარა. შედეგი იგივეა - სამაჩაბლო დარჩა ოსებს და რუსებს, აბორიგენ ქართველებს - ლტოლვილთა დასახლება წეროვანსა და გორში.
ლამის მხოლოდ მერკანტილური ინტერესები ამოძრავებდა და აერთიანებდა საქართველოში დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას, რომელთა მთავარი მიზანი არა ქვეყნის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, არა სამუშაო ადგილების ზრდა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაა, არამედ ეროვნული ქონების ხელში ჩაგდება ან მისგან პირადი სარგებლის მიღება იყო. მათი საქმიანობის განსხვავება ფულის კეთების თაღლითურ სქემებშია. შესაბამისად, შედეგიც იდენტური გვაქვს - განუვითარებელი ეკონომიკა, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სიღარიბის ზღვართან ან მის ქვემოთ, თავისი მიზერული პენსია-ხელფასებით, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობასთან მიგვიყვანა.
შევარდნაძის ხელისუფლებას და მის კლანს, რომელმაც ათეულობით მილიარდიანი ეროვნული ქონება მიიტაცა და მისი მმართველობის ხანას, სხვა მრავალ უარყოფითთან ერთად, „პრიხვატიზაციის“ დამღაც აზის. ამ გადანაწილების შედეგად ქართველ ხალხს რომ არაფერი მიუღია, ამას შვიდი დოლარის ექვივალენტი პენსია და მისი დავალიანებებიც მოწმობს.
ედუარდ შევარდნაძე
მერკანტილური ინტერესების ნაკლებობას არ განიცდიდა არც "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც პირადი გამდიდრების მიზნით, ეროვნული ქონების დატაცებას ინტერნაციონალური სახე შესძინა. ლოგიკა მარტივი იყო - იმდენი ფულიანი ქართველი სად იყო, რომ ასეულობით მილიონიანი ეროვნული ქონება აეთვისებინა. თან უცხოელ პარტნიორს ზურგს უკან ამოფარებით და მისი სახელის გამოყენებით ადვილად შეიძლებოდა საკუთარი პიროვნების დამალვა და მიჩქმალვა. მიშას გაპრეზიდენტების მეორე დღიდან დაიწყო პორტების, ბანკების, ენერგეტიკის ობიექტების და ა.შ. გასხვისება რასაკვირველია უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც ხშირად სახელდახელოდ და აუცილებლად ოფშორში უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქონების გაყიდვასაც თავისი წესი აქვს - ბირჟა, აქციები, კონკურსი და ა.შ. სადაც ქონება ადეკვატურად ფასდება და იყიდება საბაზრო ფასებით. ფასწარმოქმნის ნაციონალურ-შევარდნაძისეული მეთოდოლოგიით არავითარი მაგის მსგავსი, სხვისდებოდა ბითუმად, უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ერთ ლარად ან მიზერულ ფასებში, რასაკვირველია საკუთარ კლანზე, რომელიც უკვე საკმაოდ სოლიდურ ფასად გადაყიდდა სხვა მყიდველზე.

ცხადია, სახელმწიფოს და ქართველ ხალხს სანაცვლოდ არაფერი მიუღია, ვალების გარდა, სამაგიეროდ მდიდრდებოდა სახელისუფლებო კლანი. ბოროტი ენები ამბობენ, მაგ მსხვილი ობიექტების გასხვისებიდან მიღებული ჩრდილოვანი შემოსავლების განაწილებას (ვერ გაყოფას) შეეწირა ზურა ჟვანიაო.

როდესაც მსხვილი ობიექტების გასხვისება მორჩა, საქმეში ჩართეს სასოფლო სამეურნეო მიწა, სხვადასხვა დანიშნულების შენობები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ დატოვეს სპორტული კომპლექსები და სტადიონები. პარლამენტის შენობაც გამზადებული იყო გასაყიდად - ვერ მოასწრეს, არჩევნებმა მოუსწროთ. ცხადია, ქვეყნის მასშტაბით იმდენი ფულიანი ხალხი არ მოიძებნებოდა, რომ "ნაციონალების" მადა დაეკმაყოფილებია და გახშირდა ვოიაჟები აზიის ქვეყნებში. როდესაც ეგვიპტესა და დუბაიში ჩვენი დელეგაციები ინვესტიციების მოზიდვაზე დადიოდნენ, სულ მიკვირდა, რა ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა ამ ქვეყნებს და რა საწარმოები უნდა აეშენებინათ, როდესაც თვითონ ტექნოლოგიურად არ არიან ისეთი განვითარებული. თურმე სადა ხარ? რა საწარმოების გახსნა? საქმე სხვადასხვა შენობების სარფიანი გაყიდვა ყოფილა. ჯერ ბიუჯეტის ხარჯებით გაარემონტ-გაალამაზეს და შემდეგ ლამის მთლიანად გაიყიდა უცხოელებზე აღმაშენებლის პროსპექტი, თავისი კომერციული ფართებით.

ერთი ნაცნობი მიყვებოდა - ერთ შეხვედრაზე შეიხმა იკითხა, საქართველოში ქონების შეძენის შემთხვევაში, როგორ იქნებოდა მყიდველთა ინტერესები დაცულიო, დოკუმენტი მაჩვენეთო. მეორე დილას შეიხს საქართველოს პარლამენტის მიერ, წინა დღით ოპერატიულად მიღებული კანონი აუფრიალეს, სადაც 25 თუ 35 ათასიანი ქონების შეძენის შემთხვევაში მის მფლობელს, 5-დან 10 წლამდე ბინადრობის უფლება ავტომატურად ენიჭებოდა, შემდგომ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული მინიჭებით.

ამ ამბავს იმიტომ ვიხსენებ, რომ დავინახოთ კავშირი შემდგომ განვითარებულ მოვლენებში.
ნაცნობი ყვებოდა - ერთ სამშენებლო კომპანიაში გახლდით, შვილიშვილი შეგვეძინა და ოროთახიან ბინაში შვიდი სული ვეღარ ვთავსდებოდით. გასაყიდად დარჩენილი ხუთი თუ ექვსი ბინა მაჩვენეს. ერთ-ერთი მათგანი შევარჩიე, ოღონდ ფასი - 750 დოლარი კვადრატული მეტრი - ძვირი მეჩვენა და თუ შეიძლება ცოტათი დააკლდება-მეთქი. ჩემს იქ ყოფნაში ვიღაც ირანელი მოვიდა. მოლაპარაკებები არ მქონდა დამთავრებული, რომ ყველა ბინა უნახავად შეისყიდა და იქვე გააფორმა საბუთები.

სწორად გამიგეთ, უცხოელებთან, მათ შორის არც თურქებთან, არც ირანელებთან, არც ჩინელებთან და არც სხვა ეროვნებების წარმომადგენლებთან კი არ მაქვს პრეტენზიები, არამედ კითხვები მაქვს ჩვენს ხელისუფლებასთან;

  1. რატომ ითვლება 25 ათასი დოლარის ქონების შემძენი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტორად და რა ჰქვია მაშინ იმას, ვინც საწარმოს გახსნის შენს ქვეყანაში, დაასაქმებს რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ადგილობრივ მუშახელს და აწარმოებს რამდენიმე მილიონის ღირებულების პროდუქციას?
  2. დარგის სპეციალისტთა შეფასებით, საშუალოდ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კვადრატული მეტრი შავი კარკასის აშენება ჯდება 100-140 დოლარი, თეთრი კარკასის - 140 – 190 დოლარი. სამშენებლო ნორმატივების, ე.წ. K1, K2 და K3 კოეფიციენტების გაუქმებით, რომელიც ავალდებულებდა მშენებელს განაშენიანების ფართის, შენობის მოცულობის და შენობის ირგვლივ თავისუფალი სივრცის, ეზოს და გამწვანების ზოლის პარამეტრების დაცვას, შესაძლებელი გახდა ლამის ორას კვადრატულ მეტრზე თექვსმეტსართულიანი შენობის აგება და შესაბამისად, საერთო თვითღირებულებაში ფართის შეძენის ხარჯები არის მიზერული. გამომდინარე აქედან, კითხვა ხელისუფლებას - რატომ ღირს გასაყიდი ფართი მის თვითღირებულებაზე 4-ჯერ, 5-ჯერ და უფრო მეტჯერ მეტი? ხომ არ არის ამაში ხელისუფლების ინტერესი და ხომ არ იჭერს ამ ფასებს ბენზინის, ბანკის კრედიტის პროცენტის და სხვა მონოპოლისტური ფასების მსგავსად, დიდი მოგების მისაღებად?
  3. გაეროს შეფასებით, ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების ასეთ პირობებში, უახლოესი 50-60 წლისათვის ქართველები ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან საქართველოში. მორიგი კითხვა ხელისუფლებას - რამდენი მასწავლებელი, თავისი 300-400 ლარიანი ხელფასით და რამდენი რიგითი მოხელე, 700-800 ლარიანი ხელფასით შეიძენს ბინას უახლოეს ათწლეულებში და უცხოელების ასეთი ტემპით ექსპანსიის შემთხვევაში ხომ არ გადმოიწევს ქართველებისათვის ეს საკრალური ვადა უფრო ადრე?

აქ ცოტა ლირიკული გადახვევა უნდა გავაკეთო. ქართველები უფალმა ლაღი ბუნებით და შინაგანი თავისუფლებისკენ სწრაფვით დაგვაჯილდოვა, მაგრამ ჩვენი ამ მიმართულებით ლტოლვა ხშირად მეორე უკიდურესობაში - უდარდელობაში და საფრთხეების შეუფასებლობაში გადაგვდის.

და როდესაც ამ საფრთხეს აღმოვაჩენთ, ხშირად უკვე დაგვიანებულია. დიდი ჯიპებისა და საცურაო აუზიან სასახლეებს დახარბებული ჩინოვნიკებისათვის განვმარტავ - ეთნიკურ უმცირესობაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ პარლამენტსა და ხელისუფლებაში უმრავლესობით არაეთნიკური ქართველი მოვა, სადაც აუცილებლად დადგება საკითხი სარწმუნოება-აღმსარებლობის ახალი რეალიებით გათვალისწინებაზე. აუცილებლად გადაიხედება საკითხი ენის შესახებ.

ახლა გამოსავალზე. ხშირად მიოცნებია - ჩვენი ცხოვრების დაპაუზება რომ შეიძლებოდეს დიდი სიამოვნებით ამოვშლიდი აქედან შევარდნაძის, "ნაციონალ-ქოცების" მმართველობას, რომელთაც ქართველი ერი განადგურებამდე მიყავთ. მაგრამ ვინაიდან უფალს მსგავსი აპლიკაცია ჯერ არ შეუქმნია, ალბათ უპრიანი იქნება:
  1. შეწყდეს სპეკულაციები ყალბ ინვესტიციებზე და ინვესტორებზე, შეიცვალოს კანონი და საქართველოში ნებისმიერი ქონების ნებისმიერ ფასად შეძენა აღარ იწოდებოდეს ინვესტიციად.
  2. ინვესტიციად ჩაითვალოს მინიმუმ 500 ათასი დოლარის ექვივალენტის დაბანდება წარმოებაში ან ახალი წარმოების შექმნაში, მინიმუმ 10 ადამიანის დასაქმება და ორ-სამ წელიწადში წლიურ 500 ათასიან ბრუნვაზე გასვლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიცეს ბინადრობის ნებართვა.
  3. საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში. აქ განმსაზღვრელი არ უნდა იყოს მარტო ფულადი ურთიერთობა, არამედ ადამიანის ნიჭიერება, ოსტატობა, ინტელექტუალური დონე, აღმოჩენების და გამოგონების უნარი, ქვეყნისათვის სარგებლის მოტანა და ა.შ. და რასაკვირველია პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, მაგ: ფერეიდანში მცხოვრებლებს.

ქართველები გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი მცირე ერი ვართ და ერთმანეთს მარტო თანამოქალაქეებად კი არა, არამედ როგორც უფლის შვილებად და ერთი დიდი ოჯახის წევრებად უნდა აღვიქვამდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს შევუწყობთ ჩვენს მტრებს სანუკვარი ოცნების ასრულებაში - საქართველო ქართველების გარეშე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ზაალი
30 იანვარი 2019 17:45
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არსებობს ერთერთ ასეთი ფილოსოფიის კანონი - რაოდენობის ხარისხში გადასვლა და პირიქით! მიმხვედრი მიხვდება. სულ რო ფრთიან ანგელოზებს მივცეთ მარტო ბინადრობის უფლება როგორც კი უმეტესობაში აღმოჩნდებიან უკვე საქართველო აღარ ერქმევა ჩვენს სამშობლოს არამედ მაგალითად საანგელოზო!
ლევანი
30 იანვარი 2019 12:49
დიდი მადლობა სტატიის ავტორს, ბევრის ნაფიქრალი გაახმოვანა და რადგან დაიწერა იქნებ გამოსწორების გზებიც გამოჩნდეს.
გგ
29 იანვარი 2019 12:44
სავიზო რეჟიმი დააწესეთ ჩვენს ისტორიულ მტრებთან!

რედაქტორის რჩევით