საპენსიო რეფორმა - იმედი პენსიონერებისთვის თუ მოსახლეობის ძარცვის ახალი სქემა - კვირის პალიტრა

საპენსიო რეფორმა - იმედი პენსიონერებისთვის თუ მოსახლეობის ძარცვის ახალი სქემა

მიუხედავად ათასი კრიტიკისა და ლანძღვა-გინებისა, თანამედროვე ეპოქაში, უკეთესი მმართველობის ფორმა, ვიდრე დემოკრატია, ადამიანთა საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია. ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებმა თვალნათლივ დაანახა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ თუ გამარჯვება სურთ, ამომრჩევლის გული უნდა მოიგოს. ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს კი პენსიონრები შეადგენენ, რომელთა ხმებს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს არჩევნების შედეგზე.

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ქართველი პენსიონერი ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრულია ცივილიზებული ქვეყნების პენსიონერთა შორის. მაგალითად, ჩვენთვის ყველაზე საძულველ რუსთა ქვეყანას პენსიის ოდენობით 5-ჯერ ჩამოვრჩებით. აღარაფერს ვამბობ მოწინავე ქვეყნების პენსიონერთა პენსიებზე, რომელთანაც შედარება აქ უბრალოდ უხერხულია.

სიმართლე უნდა ითქვას და მაღალი ზნეობის ადამიანებს უხსოვარი დროიდან ახასიათებდათ ზრუნვა შრომისუნარდაკარგულ და სიბერისაგან უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანთა მიმართ. ჯერ კიდევ ქრისტეშობიდან პირველ ათასწლეულში, ევროპაში შექმნილი სავაჭრო გილდიები და ამქრული გაერთიანებები ქმნიდნენ ისეთ საზოგადოებებს, სადაც ამ გაერთიანებებში შემავალ ოჯახებზე, ქვრივ-ობლებზე და მოხუც-ინვალიდებზე ზრუნვა მათი უპირველესთაგანი მოვალეობა იყო. აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი, თავისი ლექციების დროს გვიყვებოდა აღმაშენებლის და თამარის ეპოქის ქართული ამქრული გაერთიანებების შესახებ, რომელებიც სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად მუდმივად ზრუნავდნენ ამქარში გაერთიანებული ამხანაგების ოჯახებზე, ქვრივ-ობლებზე და უმწეოებზე, რომლებიც ხორციელდებოდა ამ ამქრული გაერთიანების წევრების პერსონალური შენატანების ხარჯზე. პირველი ქვეყანა, სადაც საპენსიო უზრუნველყოფა დაინერგა, გერმანია იყო. 1889 წელს, კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის ინიციატივით, გერმანიაში მიიღეს სიბერისა და შრომისუუნარობის დაზღვევის კანონი და შეიქმნა სოციალური დაზღვევის სისტემა ყველა დასაქმებულისათვის. სისტემის მიზანს წარმოადგენდა პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრების იმ დონის შენარჩუნება, რაც ადამიანს მუშაობის პერიოდში ჰქონდა და რომელიც დღევანდელ საქართველოში 1/5-ზე პროპორციითაა (პენსია 200 ლარი/საშუალო ხელფასი 1000 ლარი).

დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული საპენსიო სისტემის მოდელები მოქმედებს. საქართველომ აირჩია დაგროვებითი პენსიის ისეთი მოდელი, სადაც დასაქმებული საპენსიო შენატანის სახით რიცხავს ხელფასის 2%-ს. ასევე დამსაქმებელიც რიცხავს დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ხელფასის 2%-ს და სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას გადარიცხოს ხელფასის 2%, თუ დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი წელიწადში 24.000 ლარს არ აღემატება. თუ შემოსავალი 24.000-დან 60.000 ლარამდეა, სახელმწიფო 1%-ს ჩარიცხავს, ხოლო თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 60.000 ლარზე მეტია, მაშინ არაფერი ჩაირიცხება.

ზოგადად, დაგროვებითი საპენსიო სისტემა აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია და ის ცალსახად სჯობს არსებულ საპენსიო მოდელს, თუმცა აქ რამდენიმე "მაგრამ" არსებობს. ერთია დაპირების სახით ქაღალდზე გამოყვანილი ლამაზი ასოები და მეორე ამ დანაპირების ასრულება. ჯერ კიდევ გველის ნაკბენივით ახსოვს საქართველოს მოსახლეობას შევარდნაძე-ჩხარტიშვილისეული გამქრალი "გაორმაგებული ანაბრების" აფიორა, რომელმაც ქვეყანა საშუალო ფენის გარეშე დატოვა და კიდევ ის, რომ ამაზე პასუხი არავის უგია.

გარდა ამისა, არის ფაქტორები, რომელიც მთავრობის კეთილსაიმედობისა და კეთილსინდისიერებას სცილდება. ქვეყანას, რომლის ვალი ყოველწლიურად ლამის მილიარდით იზრდება და უკვე მთლიან შიდა პროდუქტს გადააჭარბა, ძნელია საპენსიო ფონდში ათეულობით და ასეული მილიონები ჰქონდეს და მთავრობამ კრიზისულ პერიოდებში არ გამოიყენოს. პოლონეთის მთავრობამ 40 მლრდ-იანი საპენსიო ფონდი ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენა; იგივე პროცესები განვითარდა უნგრეთსა და ლატვიაში; ბრაზილიაში, სამხრეთ კორეაში, ყაზახეთში ფონდის პრეზიდენტები დააპატიმრეს მრავალმილიარდიანი დატაცებების გამო. ეს მცირე ნაწილია საპენსიო ფონდების გაფლანგვის.

გარდა ამისა, ექსპერტები საუბრობენ პენსიის დაბალ ბაზაზე, დასაქმებულთა მცირე ხვედრით წილზე და ა.შ. რომელთა გამო დაგროვებითი პენსიაც მიზერულად გამოიყურება და დიდ იმედებს ვერ უსახავს პენსიონერებს. არ მინდა დაინტერესებული მკითხველი გადავტვირთო ისეთი ეკონომიკური კატეგორიებით, როგორიცაა ფულის ღირებულება დროში, დისკონტირება-ანუიტეტი და სანიმუშოდ შემოგთავაზებთ რამდენიმე მაგალითს მარტივი წესით, გასაშუალების მეთოდით დათვლილს:

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საშუალო - ათასლარიანი შემოსავლის მოქალაქეს ყოველთვიურად დაგროვებითი პენსიის ფონდში დაერიცხება 60 ლარი ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ დაგროვება დაიწყეთ 55 წლის ასაკში და თქვენი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ემთხვევა საშუალო სტატისტიკურს, დაახლოებით 75 წელს, მაშინ პენსიაში (მამაკაცებში 65 წ.) გასვლიდან მომდევნო ათი წლის განმავლობაში, თქვენი ყოველთვიური პენსია იქნება 260 ლარი. თუ საშუალო ათასლარიანი ხელფასის მოქალაქე პენსიის დაგროვებას დაიწყებს პენსიაში გასვლამდე ოცი წლით ადრე, მაშინ მისი პენსია, პენსიაში გასვლიდან მომდევნო ათ წელიწადში იქნება დაახლოებით 320 ლარი, ხოლო თუ 30 წლით ადრე დაიწყებთ დაგროვებას, მაშინ 380 ლარი. 25 წლის ასაკში, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინ ვინმეს ჩემთვის ეთქვა ორმოცწლიანი შრომითი სტაჟის შემდეგ პენსია ოთხასი ლარი გექნებაო, ალბათ, სულ მცირე, ცხოვრებაზე ხელს ჩავიქნევდი.

ცხადია გარკვეული კორექტირებები მომატების მხრივ შეიძლება ზემოთნახსენები დისკონტირებით, მაგრამ სრული სურათის დახატვის მიზნით, მაშინ ინფლაციით გამოწვეულ გაუფასურებებზეც უნდა ვისაუბროთ და კაცმა არ იცის ეს მარჩიელობა სადამდე მიგვიყვანს.

გარდა ამისა, გაცილებით მძიმე სურათს მივიღებთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში დასაქმებულები შეადგენენ მთლიანი მოსახლეობის 25 პროცენტს და მათი უმრავლესობა 1000 ლარზე ნაკლებს ღებულობს. ასევე გასათვალისწინებელია 34% თვითდასაქმებული, რომელთა პენსიის დაგროვებაში არ მონაწილეობს სახელმწიფო და დამსაქმებლის გარე ფაქტორი (ვინაიდან თვითონ არის დამსაქმებელიც და დასაქმებულიც). საერთოდ, დაგროვებითი პენსიის გარეშე რჩებიან უმუშევრები, რომელთა ხვედრითი წილი მოსახლეობის 41%. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დასაქმებულთა 60%-მდე 40 წელზე მეტი ხნისაა, გამოდის რომ დაგროვებითი პენსია სრულად ვრცელდება მოსახლეობის მხოლოდ 10%-ზე. ამასთანავე, პენსიის ღირსეულობაზე შეიძლება საუბარი მხოლოდ მაშინ, თუ ეს 10%-ი სასწავლო მერხიდან გადმოსვლისთანავე უერთდება დასაქმებულთა ბედნიერ ნაწილს და თუ მათი ხელფასი რამდენიმე ათასლარიანი ნიშნულით იზომება. ესენი კი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელსაც ნათესაური, პარტიული, სექსუალურ-ორიენტაციული თუ სხვა განსაკუთრებული სახის კავშირები აახლოებს ხელისუფლებასთან. საბოლოოდ ვღებულობთ ბენდუქიძისეულ იმ გამორჩეულ კასტას, რომელსაც ხელი მიუწვდება მაღალხარისხოვან განათლებაზე, გამორჩეულ სამედიცინო მომსახურეობაზე, მაღალხელფასიან სამუშაო ადგილებზე და ბოლოს ღირსეულ პენსიაზე. ხოლო დარჩენილი, აბსოლიტურად უმრავლესი საქართველოს მოსახლეობა პლებეების ხვედრისთვისაა განწირული. განსაკუთრებით უჭირს პენსიონრებს, რომელთაც იმიტომ ჰქვიათ ასე, რომ ხშირად ავადმყოფობენ, სჭირდებათ ექიმი, წამალი და ათასი სხვა რამ.

ხელისუფლების მხრიდან უფრო ამორალურია ის ნაბიჯი, როცა 180 ლარიან პენსიონრებს გამოუცხადეს საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის 15 000 ლარიან ხელფასზე, თითქოს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის 6 000 ლარიანი ხელფასი არ იქნებოდა საკმარისი. მოტივაცია უფრო საგანგაშო თუ სასაცილოა - მაღალხელფასიანი ჩინოვნიკი არ მოიპარავსო. მაშინ დაუქცევია პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს ეს ქვეყანა და ამაში ის შრომითი ანაზღაურების პოლიტიკა ყოფილა დამნაშავე, რომელიც მათ არ აძლევს რამდენიმემილიონიანი ანაზღაურების მიღების საშუალებას. მაგ ლოგიკით დავუნიშნოთ ქურდებს მაღალი ხელფასები და აღმოვფხვრით კრიმინალს ქვეყანაში.

ხელისუფლებას თუ მართლა სურს პენსიონერს საგრძნობლად მაინც გამოუკეთოს მდგომარეობა (არ არის საუბარი ე.წ. ღირსეულ პენსიაზე), მაშინ მან საბაზო პენსიას უნდა მიხედოს და ყოველწლიურად გაზარდოს ის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალობაზე. როგორც ვიცით, საშუალო ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 5-6 პროცენტის ფარგლებშია და პლიუს დაგროვებითი პენსია, სულ მცირე ათი პროცენტით გაზრდის პენსიის ოდენობას, ყოველ წელზე გაანგარიშებით. თან მიმდინარე პენსიაც გაიზრდება, რომელიც შესაბამისად, დაგროვებულსაც გაზრდის. ამასთანავე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ პენსია იზრდება ეკონომიკური ზრდის კვალობაზე (მიმდინარე ფასებით) და სახელმწიფოს არავითარი დამატებითი რესურსის გამოძებნა არ უწევს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის უფრო მეტი რესურსი აქვს, დაახლოებით 7-10%, მაშინ გამოდის, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (საპენსიო ფონდის ეფექტური მუშაობა, დისკონტირების ფაქტორის გათვალისწინება და სხვა), ბისმარკისეულ ხელფასის ადეკვატური პენსიის ჩანაცვლებას ჩვენ 15-25 წელიწადში შევძლებთ.

არის კიდევ ერთი იდეა. საქართველოს მოსახლეობამ და დღევანდელმა პენსიონრებმა პირდაპირ იზარალეს საქართველოს მთავრობების მიერ განხორციელებული "პრიხვატიზაციით", როდესაც სახალხო ქონება, ხშირად სიმბოლურ ფასში და მუქთად, ჩაიგდო ხელში სახელისუფლებო კლანმა. ამ ჩამონათვალშია პორტები, ბანკები, ენერგეტიკული, კომუნალური და კომუნიკაციის ობიექტები, საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და ა.შ. ამ ობიექტების ადეკვატურად, რეალურ ფასად გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები უნდა მოხმარებოდა პენსიების ზრდას. სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ხალხის შრომით შექმნილ ქონებაზე, რომელიც უსამართლო გადანაწილებაში მოყვა, უნდა დაწესდეს, ვთქვათ შემოსავალზე 1%-დან 5%-მდე გადასახადი და წარიმართოს საპენსიო ფონდში. დამატებით რამდენიმე ათეული თუ ასეული მილიონი თანხის მობილიზება გარკვეულწილად გააუმჯობესებს პენსიონერთა მდგომარეობას (30-40%-ით გაიზრდება პენსია).

არადა ღირსეული პენსიით ჩვენი ასაკოვანი და შრომისუუნარო მოსახლეობის უზრუნველყოფა არა მარტო ვალია, არამედ ის გოდორიცაა, რომელშიც თავის დროზე ჩვენი მომავალი თაობა ჩაგვსვამს და იმ მთაზე დაგვტოვებს, რასაც ჯანმრთელობის პრობლემები, ექიმის, წამლის ფული, საარსებო საშუალებების მოპოვება და ათასი სხვა რამ ჰქვია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს