როგორ ვიშოვოთ ფული თბილისელების ხარჯზე
როგორ ვიშოვოთ ფული თბილისელების ხარჯზე
ამ დღეებში ხალხზე მოფიქრალ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს პარლამენტში წარუდგენია კანონპროექტი, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესებს და ამ წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ქუჩაში გამოიყოფა ტაქსის, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების, სატვირთო ავტომობილების და ა.შ. პარკირების ადგილები. ავტობუსებისა და მარშრუტკებისათვის ადრეც ჰქონდათ ქუჩა დანაწილებული.

ახლა ამბობენ, შემდგომი მოწესრიგების მიზნით, სპეცმანქანებისათვის და განსაკუთრებით სამთავრობო ავტომობილებისათვის დარჩენილ ქუჩის ნაწილს გამოყოფენ და თუ რაიმე დარჩება ამ გზისაგან, იმაზე ივლიან რიგითი მოქალაქეების
ავტომობილები.
შემდგომში, ფანტაზიის განვითარების საკითხია, გათვალისწინებული ყოფილა ფერების და კუბატურის მიხედვით ქუჩების და მისი სავალი ნაწილის და საპარკინგე ადგილების კლასიფიკაციაც. ვთქვათ მარცხენასაჭიანი ვერცხლისფერი მანქანები იმოძრავებენ და განთავსდებიან სანზონაში - პლატონას დუქნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავი ჰეჩბეკები - ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რვა და მეტადგილიანი მიკროავტობუსები -
მუხათგვერდის სასაფლაოსთან და ა.შ. გული არც ვარკეთილისა და გლდანის მაცხოვრებლებს დაწყვიტეს და იქ იმოძრავებენ და დააპარკინგებენ მხოლოდ გაურეცხავი მანქანები, ხოლო ვაზისუბანში და თემქაზე იმოძრავებენ და საპარკინგედ განთავსდებიან მხოლოდ გაუთხოვრების და ცოლმოუყვანლების კუთვნილი ავტომობილები. მართალია, უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა გააპროტესტა - მოქალაქეების ეს კატეგორია თავისი პერსპექტიული შინაარსით ქორწინების სახლთან ან უფრო ჩაბნელებულ ადგილებში განვამწესოთო, სასიყვარულო ურთიერთობებში ხელი რომ არ შეეშალოთო, მაგრამ ხომ იცით ქართველების ამბავი - როგორც ბუსუსებიანი და ხაოიანი პრეზერვატივებს ვერ მოება თავი, ისე ამ საქმესაც ვერ მოაბამენ თავს.

ერთი პირობა კი ვიფიქრე, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს და მთავრობას ასეთი აბსურდული იდეები რატომ უნდა მოუვიდეს თავში-თქო, მაგრამ თურმე იდეის აბსურდულობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი შედეგია. შედეგი კი ასეთია - დავუშვათ დაარღვიე ეს რეგულაციები და რაიმე მიზეზის გამო, ვთქვათ მოსაშარდავად, მუხიანის ნაცვლად ისანში დააპარკინგე. ჯარიმები იწყება ასი-ორასი ლარიდან ხუთას ლარამდე. და რაც უფრო აბსურდული და უგუნურ-უზნეოა კანონი, მით უფრო მეტია ჯარიმა. თუ ამ აბსურდის თეატრს გავაგრძელებთ, მაშინ, ჩვენი აზრით, შემოთავაზებული ჯარიმები ცოტაა, ვინაიდან ზოგიერთ რიგით მოქალაქეს ხელფასი ხუთას ლარზე მეტი აქვს და არ ჯობია პირდაპირ ხელფასის ოდენობით დავაჯარიმოთ? ამით რამდენიმე საქმე გაკეთდება ერთად: პირველი, ერთბაშად გაიზრდება დეპუტატებისა და მერიის მაღალჩინოსანთა ხელფასები და გაუთანაბრდება, ვთქვათ, მილანის მერის ხელფასს; მეორე, მოქალაქეებს აღარ დარჩებათ საწვავის შესაძენი ფული და ქალაქში ჰაერი უფრო სუფთა გახდება. თუმცა ჯობია ეს მეორე ნაწილი საათობრივ საპარკინგე გადასახადს მივაბათ, ვინაიდან თუ ხელფასს მთლიანად ჯარიმებში და პარკინგის საფასურში დავუქვითავთ, შეიძლება სხვა თანამდე საქმეც გაკეთდეს - სურსათის შესაძენი ფული რომ არ დარჩებათ, ვეღარც რამეს შეჭამენ - ნაციაც უფრო ტანწერწეტა და ნაკლებ ღიპიანი გახდება. თან შვილი რომ გეტყვის, მამა საჭმელი არ არის სახლში და რა ვჭამოო, ეტყვი - ბებიაშენის-თქო და ამით უფროსი თაობის ავტორიტეტიც საგრძნობლად აიწევს.

ერთი სიტყვით, შეიძლებოდა ეს აბსურდის თეატრი გაგვეგრძელებინა და უფრო საინტერესო წიაღსვლებით გაგვემდიდრებია, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გავერკვეთ - ჩვენი მაღალჩინოსნების შემხედვარე უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ? მანამ კი ზოგიერთი გულუბრყვილო და ალალი მკითხველისათვის ასევე ალალად უნდა განვმარტო.

ვინც ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებში, და მათ შორის მილანშიც არის ნამყოფი, ეცოდინება, რომ ლამის ყველა შენობის ქვეშ მიწისქვეშა პარკინგია განთავსებული. ხელისუფლებამ, ადრინდელმაც და ახლანდელმაც, თბილისში, უსისტემო და მტაცებლური ბინათმშენებლობის პოლიტიკის გატარებით დაამახინჯა ქალაქი, თვითონ შექმნა ქაოსი გზებზე და გადატვირთა ქალაქის ქუჩები. ქალაქში არ დარჩა ხელისგულისოდენა თავისუფალი ადგილი, სკვერი და სპორტული მოედანი, კორპუსი რომ არ ჩაედგათ. შენდებოდა და შენდება მრავალსართულიანი ბინები ისეთ გადატვირთულ ადგილებში, რომელსაც არათუ ეზო და საპარკინგე ადგილი, არამედ ერთი მეტრი პერიმეტრიც კი არა აქვს დატოვებული ირგვლივ - კედლები პირდაპირ ქუჩას და ტროტუარს ემიჯნება. მაგალითი, თუ ვინმეს აინტერესებს, უამრავია, მათ შორის მაღალსართულიანი კორპუსი ნუცუბიძის ქუჩაზე, ყოფილი რესტორან „ქვევრის“ ადგილას. ასეთი პროექტების განხორციელებაზე რიგით თბილისელებს ხელი არ მიუწვდებათ. თბილისი და საქართველო არ არის დიდი და ყველამ ყველაფერი იცის. ისიც იციან თითოეული ასეთი მახონჯი კორპუსის უკან ხელისუფლების რომელი მაღალჩინოსანი და დეპუტატი დგას და ეს მავნებლობა, მაგათგან გვჭირს. მობინადრე რომ მოდის იმას დენი, გაზი, წყალი ჭირდება, მანქანა ყავს და საპარკინგე ადგილი ჭირდება. უმრავლესობა ახლადაშენებულ კორპუსებს ეზო და მანქანის საპარკინგე ადგილი არა აქვს და ავტომობილის პატრონი იძულებულია მანქანა ქუჩაში დააყენოს და შესაბამისად, გზის სავალი ნაწილის შემცირების ხარჯზე, ქუჩის გარკვეული ნაწილი პარკირების ადგილადაა ქცეული. თუმცა ამ ადგილების გაქირავებით მთავრობა ფულს შოულობს. ახლა ეს ფული ეცოტავათ და ამ შედარებით თავისუფალ სივრცესაც უზღუდავს ადამიანს, თვითონ საზღვრავს ტაქსმა სად გაიაროს და სად ავტობუსმა, სად სპეცმანქანა გაჩერდეს და ა.შ. ზემოთნახსენები კანონპროექტით და მსგავსი ღონისძიებებით მალე მარტო მთავრობისა და დეპუტატების ვაგონ-ჯიპები ივლიან ქალაქის ქუჩებში და მათთვის იქნება თავისუფალი საპარკინგე ადგილები და სივრცეები ქალაქში.
გამოსავალი მარტივია.

1) აიკრძალოს მრავალსართულიანი შენობების აგება მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების გარეშე.

2) ბოლოს და ბოლოს გადავიდნენ ცრუ დაპირებებიდან საქმეზე და ქალაქში მნიშვნელოვან საკვანძო ადგილებში მოეწყოს მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები.

3) იპოდრომთან, ყოფილი საბურთალოს და ასათიანის ქუჩის კვეთაზე, მაღალსართულიანი კორპუსების აშენების შემდეგ, არათუ პიკის დროს, არამედ დღის ნებისმიერ დროსაც იქმნებოდა ხანგრძლივი და აუტანელი საცობები, იყო მძღოლებს შორის ნერვების დამწყვეტი აურზაური და ლანძღვა-გინება. მოეწყო ერთი მარტივი ორდონიანი ესტაკადა და მის შემდეგ იმ ადგილებში საცობი არავის უნახავს. უნდა მოეწყოს მსგავსი ესტაკადები და გზაგამტარები ქალაქის სხვადასხვა ვიწრო ადგილებში.

4) იმისათვის, რომ საბურთალოდან ნაძალადევში, ვთქვათ მეათე სკოლასთან მოხვდე, აუცილებლად უნდა გადაკვეთო ნახევარი ქალაქი და ან დიღმიდან უნდა ახვიდე დადიანის ქუჩაზე ან აღმოსავლეთისკენ გადაკვეთო ლამის ნახევარი ქალაქი და საბჭოს მოედნით ახვიდე დადიანზე. არადა შეიძლება ან დელისის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან ან ბუდაპეშტის ქუჩიდან გაკეთდეს გვირაბი ან ესტაკადა ვეფხისა და მოყმის ძეგლამდე, შემდეგ ხიდით შეუერთდეს წერეთლის გამზირს და ესტაკადითვე გაგრძელდეს დადიანის პროსპექტამდე. ამით მნიშვნელოვნად განიტვირთება გმირთა მოედანი, გაგარინის მოედანი და ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული ქრონიკული საცობები. რაც მთავარია დაიზოგება უამრავი დრო, საწვავი და ადამიანთა ნერვები.

5) ნაცნობი მიყვებოდა საზღვარგარეთულ შთაბეჭდილებებზე, მივლინებაში ყოფნისას სასტუმროდან სამუშაო ადგილამდე, დაახლოებით კილომეტრნახევრიან მონაკვეთში, ექვსი თუ რვა, ერთმანეთზე ულამაზესი ხიდი დავთვალეო. ის ხიდები მარტო დეკორაციისათვის არ არის მოგონილი. ლამის ნახევარი თბილისი უნდა გადაკვეთო წერეთლის გამზირზე რომ მოხვდე მტკვრის საპირისპირო მხრიდან. ქალაქში მოძრაობის განტვირთვის და გაიოლების მიზნით მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდებოდა ვახუშტისა და დიღმის ხიდებს შორის კიდევ ერთი ხიდის ჩამატებით. ასევე ახალი ხიდებია ასაშენებელი სხვა ვიწრო ადგილებში.

6) ორი პარარელური ქუჩა, მიცკევიჩი და ცინცაძე, მხოლოდ ერთ ადგილას, გამრეკელის ქუჩით უკავშირდება ერთმანეთს და იქ ლამის ქრონიკული საცობია. არადა შეიძლება ეს ქუჩები კვარტალური დაყოფით შეუერთდეს ერთმანეთს და იქ მაცხოვრებელთათვის უამრავი სიკეთის მოტანით. ანალოგიურად შეიძლება სხვაგანაც გაკეთდეს, რამეთუ გაივლი კილომეტრებს და პარალელურ ქუჩაზე ვერ გადახვალ, როგორც წერეთლის და დადიანის გამზირების შემთხვევაშია.

7) ტაშკენტისა და ყაზბეგის ქუჩების კვეთაში, კუთხესთანაა მოწყობილი გადასასვლელიც და ავტობუსის გაჩერება. როგორც კი ტაშკენტის ქუჩის შუქნიშანი გამწვანდება და ავტომობილებმა მოძრაობა უნდა დაიწყონ პარარელურად ინთება იქვე მდებარე ფეხმავალთა გადასასვლელიც ყაზბეგის გამზირზე და ტაშკენტის ქუჩიდან ხელმარჯვნივ მოძრავი ავტომობილი იქვე იბლოკება. შესაბამისად ის აფერხებს უკან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას და ხშიარად მხოლოდ ორი-სამი მანქანა თუ ასწრებს გზაჯვარედინის გავლას. გაჩერების და ზებრის ათიოდე მეტრით გადაწევა ამ ადგილს საგრძნობლად განტვირთავს. ანალოგიური შემაფერხებელი ბევრ ადგილასაა და საჭიროა მათი დაშორებაც.

8) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თბილისში უფრო მეტი ინტენსივობითაა გასაყვანი მეტროს ახალი ხაზები ვარკეთილის, ვაზისუბნის, ნუცუბიძის პლატოს, დიდი დიღმის და სხვათა მიმართულებებით. მიწისქვეშა სატრანსპორტო ქსელის განვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში გადაადგილებას.

9) ორიოდე სიტყვა გვინდა ვთქვათ ქუჩაში მოძრაობის წესრიგზე. უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ამ პარლამენტართა და მაღალჩინოსანთა ვაგონ-ჯიპები და ძვირადღირებული ავტომობილები არღვევენ წესრიგს და ქმნიან საცობებს თავიანთი უტიფარი, თავხედური და გამომწვევი ტარების მანერით.
პროექტები კიდევ უამრავი შეიძლება ჩამოვთვალოთ და უთვალავი იციან ამ დარგის სპეციალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმაც. მთავარია მათ ხორცი შევასხათ და არ დავაკონსერვოთ.

თბილისის მერის არჩევნებში "ნაციონალები" ხაზგასმით აღნიშნავდნენ მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე: გმირთა მოედნის ესტაკადა, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა, ნუცუბიძის პლატო-ვაშლიჯვრის მონაკვეთი და ა.შ. "ოცნებამ" თბილისის მოსახლეობას გმირთა მოედნის ერთ წელიწადში ორჯერ დანგრევა-გადაკეთებით და წყალში გადაყრილი ათეული მილიონებით დაამახსოვრა თავი. დროა თბილისელთათვის სასარგებლო საქმეები ვაკეთოთ, თორემ ახალ-ახალი გადასახადების გაზრდა-შემოღებას არც ქალაქის მერია სჭირდება და არც პარლამენტი.

პარლამენტარებს კი ვურჩევდი, მოსახლეობის გამყვლეფი კანონების ნაცვლად, სასწრაფოდ მიიღონ კანონი შემოსავლების დასაბუთების და ლეგალიზაციის შესახებ, რამეთუ ქვეყნის არც თუ მნიშვნელოვანი განვითარების კვალობაზე, საეჭვოდ სწრაფად გვეზრდება მილიონრების რაოდენობა თვით პარლამენტთა რიგებიდანაც. ღმერთმა გვიმრავლონ, ოღონდ არა ხალხის და ქვეყნის გაღლეტის ხარჯზე. მილიონიანი შემოსავალი რომ მიიღო, სულ მცირე შვიდი-რვა მილიონის პროდუქცია უნდა აწარმოო და შესაბამისი სარგებელი მისცე ქვეყანას. აი ამის დასაბუთება და ლეგალიზება სჭირდება ამომრჩეველს. გამოიყენეთ ეს დრო და სტატუსი ქვეყნის აღმშენებლობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ძალასაც და დეპუტატებსაც ისტორიის სანაგვეზე მოისროლებს ამომრჩეველი, ისე როგორც მრავალი მოუსროლიათ, რამეთუ სახელგატეხილ პოლიტიკოსს იშვიათად ეძლევა ხელისუფლების დაპატრონების განმეორებითი შანსი და საუკეთესო ვარიანტში რჩება მუდმივი ოპონირების რეჟიმში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

nana
14 მარტი 2019 21:42
ჯერ ეს ღონისძიებები და ჯარიმებზე მერე ვილაპარაკოტ
*****
11 მარტი 2019 09:06
არჩევნებზე იქნება მოსახლეობის პასუხი
ილკარი
09 მარტი 2019 15:06
მიწისქვეშა ფარეხი ყველა კორპუსის ქვეშ... და ქაოტური განაშენიანების შეწყვეტა..ესა უმარტივესი გამოსავალი რომელსაც მხოლოდ ნება უნდა... მაგრამ ამ უვიცებში და მანამხე ვინც იყვნენ მათ ხელშიც და მომავალშიც ვინც იქნება მათ ხელშიც არაფერი გვეშველება.. იმიტომ რომ ქართველი ადამიანის ნატურაა ისეთი - ფეხზემკიდიას ნატურა..

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები