დროში გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ანუ მივიწყებული სამშენებლო ნოუ-ჰაუ - კვირის პალიტრა

დროში გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ანუ მივიწყებული სამშენებლო ნოუ-ჰაუ

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში ერთ საინტერესო ვიდეოს წავაწყდი - დაახლოებით 18 მეტრი სიგანის და ორჯერ მეტი სიგრძის სანიუანის ხიდი ჩინელებმა 43 საათში შეცვალეს! ხიდი ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გზაგამტარია და მისი სწრაფად აღდგენა პრიორიტეტული იყო.

ახლა გადმოვინაცვლოთ საქართველოში. უნებურად მახსენდება დიღმულას ხიდის შეკეთების პროცესი, რომელიც თვეები მიმდინარეობდა და თბილისი ლამის სატრანსპორტო კოლაფსში მოაქცია. თვეებია მიმდინარეობს ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია და პიკის დროს ლამის ნახევარი ქალაქი პარალიზებულია. კარგით, ხიდი ჩვენთვის რთული კონსტრუქციაა და გვეძნელება მისი დროული შეკეთება - უბრალო გზის შეკეთებაც ხშირად თვეები იწელება.

ნუცუბიძის პლატოზე, ერთ პატარა ქუჩაზე ვცხოვრობ, სულ 500-700 მეტრი იქნება სიგრძით. ერთ მშვენიერ დღეს, თებერვლის თვე იყო, მშენებლები მოვიდნენ, ქუჩის დასაწყისი გადათხარეს, ორმოებთან დიდი დიამეტრის ბეტონის მილები მოიტანეს და იქვე დააწყვეს, ტექნიკა მოიყვანეს და იქვე დააყენეს, თვითონ წავიდნენ. მეორედ მარტის დასაწყისში მოვიდნენ, ორი-სამი საათი იტრიალეს და წავიდნენ. შემდეგ პერიოდულად, ხანდახან დღეგამოშვებით, შუადღისით, რამდენიმე მუშა გამობოდიალდებოდა, ერთ-ორს საათს წაიჩხირკედელაობდნენ და წავიდოდნენ. ცოდვა რად გვინდა და იმასაც ვიტყვი, რომ ხან დაფაცურდებოდნენ, ახალ მონაკვეთს გაჭრიდნენ, მილებს ჩაყრიდნენ, ზემოდან მიწას წააყრიდნენ - ეტყობა ვიღაცა გავლენიან დამთვალიერებელს ელოდნენ. ერთი სიტყვით ჩვეულებრივი მშენებლებივით იქცეოდნენ. წავიდოდა ის გავლენიანი მნახველი და ესენიც კვირაობით იკარგებოდნენ. რაც მთავარია, ტექნიკა - თვითმცლელები, ტრაქტორები, მიწის მთხრელები, დასატკეპნი, ასფალტდამგები - ყველა უკლებლივ იქ იდგა. თითო-ოროლა მუშა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველთვის დასეირნობდა, ალბათ მშენებლობის კერა საბოლოოდ რომ არ ჩამქრალიყო. ერთხელ, ნამეტანი რომ გავბრაზდი დამტვრეულ-დაჩეხილ გზაზე სიარულით და მიმდებარე კორპუსებში ძრომიალით, დავინტერესდი და იმ მუშებს ვკითხე თუ რა ხდებოდა, რატომ მუშაობდნენ ასე ინერტულად, ან შესრულების ვადა არ ჰქონდათ, ან ხელფასებს რაში უხდიდნენ.

- სხვისი რა გითხრა, ძმაო, მე ერთი პატარა სატკეპნია მაქვს აქ და მეც ყოველთვის აქა ვარ, მამუშაონ თუ უნდათ, ხელშეკრულება მაქვს, ვიმუშავებ არ ვიმუშავებ, ჩემი უნდა მივიღო - აღმოჩნდა, რომ იმ ტექნიკის ქირაობა დღეში დაახლოებით 140 ლარი ჯდებოდა.

აბა იმ ადამიანს რას ვერჩოდი და ერთ ჩემს ძველ ნაცნობ მშენებელს ვკითხე აღნიშნულის შესახებ. გაეცინა და მითხრა.

-ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გითხრა, არაფერი ვიცი. ზოგადად კი გაჭიანურებული მშენებლობები ჩვენი დაბალი სამუშაო კულტურის, არაკოორდინირებული მუშაობის, მასალების მომარაგების შეფერხების, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური ხარვეზის ბრალია. თუმცა, ხანდახან ადგილი აქვს ერთ პატარა ეშმაკობასაც. რაც უფრო გაჭიანურებულ-გაწელილია სამუშაოები, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცა მუშაობს და ქალაქში რაღაც კეთდება. მეორეც, ვიღაცა ფიქრობს, რომ აღნიშნული სამუშაოების გამო, რაც უფრო ფერხდება და ზარალდება მოსახლეობა, მით უფრო ამახსოვრდებათ ქალაქის "აღმშენებლობითი" საქმიანობა. მესამეც, არ არის გამორიცხული, სამუშაოთა დროში გაწელვით უფრო მეტი ფული იხარჯება და შესაბამისად მეტი იყოს ე.წ. ატკატი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მიშა სააკაშვილმა ბევრი სისაძაგლით დაამახსოვრა თავი ხალხს, მაგრამ მცირე გამონათებები იმათაც ჰქონდათ - გმირთა მოედნის ესტაკადა, შუშის ხიდი (საკამათო), ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზა, რომელმაც სიკეთესთან ერთად ტრაგედია მოუტანა ხალხს. ძირითადად მაინც იყო ბევრი წარუმატებელი პროექტი, რომელსაც ბიუჯეტური სახსრების უაზრო ფლანგვის დამღა აზის - მილიარდიანი პრეზიდენტის სასახლე, ლამის ნახევარმილიარდიანი პარლამენტი ქუთაისში, ათეულ მილიონიანი "დევის დოქები" ნარიყალაზე და სხვა. არადა, მოსახლეობაზე და მის კეთილდღეობაზე მოფიქრალი ხელისუფლება ამ თანხებით რამდენ საწარმოს გახსნიდა და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნიდა ქვეყანაში?

და ბოლოს ეპილოგი, შექსპირისეული რიტორიკული დაბოლოებით - რით დაამახსოვრებს თავს ამომრჩეველს "ქართული ოცნება", გარდა სააკაძის მოედნის დუბლირებული რეაბილიტაციით, ჩინოვნიკების სრა-სასახლეების, მურუსიძე-ფარცხალაძესთან გაიგივებული პერსონიფიკაციით თუ გაჭიანურებულ პროექტებში დახარჯული ბიუჯეტის სახსრებით - საკითხავი აი ეს არის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს