ქართული ეკონომიკური სასწაული - მითი და რეალობა - კვირის პალიტრა

ქართული ეკონომიკური სასწაული - მითი და რეალობა

თითქმის სამი ათეული წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ამ წლების განმავლობაში საქართველო კვლავ რჩება ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნად. ქვეყანაში წლიდან წლამდე მთავარი პრობლემაა სიღარიბე, სამუშაო ადგილების დეფიციტი და ინფლაცია, უარყოფითი სავაჭრო სალდო და იმპორტის დომინირება, ეკონომიკის ჩამორჩენა საშუალო ევროპულ დონესთან და ა.შ.

რა უნდა გაკეთდეს, რომ ეკონომიკური გარღვევა მოხდეს, ქვეყანა განვითარდეს და მოქალაქეები გამდიდრდნენ? ამას ადვილად მივხვდებით, თუ გავიხსენებთ რა გზა გაიარეს განვითარებულმა ქვეყნებმა ცხოვრების სასურველი დონის მისაღწევად.

1) მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს რომ განვითარებულმა და მდიდარმა ქვეყნებმა განვითარებას და კეთილდღეობას ეკონომიკაში სახელმწიფოს მხარდაჭერის პოლიტიკით მიაღწიეს. უპირველესად აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც დაკავშირებული იყო საფეიქრო დარგის აღორძინებასთან და რომელსაც ტიუდორთა დინასტია უზრუნველყოფდა სახელმწიფო ჩარევის მეშვეობით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ უოლპოლის (1721 წ.) რეფორმების შედეგად, რომელმაც წამოიწყო მეწარმეობის განვითარების დიდი და სრულმასშტაბიანი გეგმა, საბაჟო გადასახადების (გადასახადები იმპორტზე) და სუბსიდიების (ექსპორტის წახალისება) ჩათვლით, იცავდა ადგილობრივ, სტრატეგიული მნიშვნელობის სამეწარმეო დარგების განვითარებას. ინგლისის მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავდა, როგორც საწარმოო სიმძლავრეების შექმნისათვის, ასევე მოწინავე ტექნოლოგიების შესაძენად და კვალიფიციური კადრების გადმოსაბირებლად. შედეგად, როდესაც ინგლისი გადავიდა თავისუფალ ვაჭრობაზე (1860 წ.), მას ეკუთვნოდა მსოფლიოს გადამამუშავებელი მრეწველობის 20 % და სამეწარმეო საქონლით ვაჭრობის 46 %. ეს იმ დროს, როცა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 2,5 % შეადგენდა.

2) ამერიკის შეერთებული შტატები. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბრიტანულ კოლონიებში მეწარმეობა განსაკუთრებულად იზღუდებოდა და იჩაგრებოდა. უილიამ პიტ-უფროსმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 1766-1768 წლებში, როგორც კი გაიგო რომ ამერიკელი კოლონისტები აპირებდნენ მეწარმეობის განვითარებას, განაცხადა, ისინი ისეთ პირობებში უნდა მოვაქციოთ, ცხენის ნალის ლურსმნების წარმოებაც კი არ შეეძლოთო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამერიკელები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო მეწარმეობის განვითარება, თუ მათ სურდათ ინგლისთან და საფრანგეთთან გათანაბრება.

1791 წელს ჰამილტონი კონგრესისთვის მიმართულ "ანგარიშში მანუფაქტურების შესახებ“" ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ისეთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნისათვის, როგორიც აშშ-ია, არსებობის პირველივე დღეებიდან საჭიროა ეროვნული წარმოების განვითარება და დაცვა იქამდე, სანამ ის არ გაუთანაბრდება მოწინავე ქვეყნებს. ამას ახალი სამეწარმეო დარგების მხარდაჭერის პრინციპი ერქვა. ჰამილტონმა შესთავაზა მთავრობას დაეწესებინა საბაჟო გადასახადი, რათა დაეცვათ წარმოების ახალი დარგები, შეემუშავა სუბსიდირების პროგრამა და გაეკეთებინა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, პატენტების დაკანონება, რათა წაეხალისებინა ახალი ტექნოლოგიების გამოგონება და საბანკო სისტემის განვითარება. მან ჩამოაყალიბა საფონდო ბირჟა და პირველი ამერიკული ბანკი „ამერიკის ჩვილი მრეწველობის“ დასაფინანსებლად. ბევრმა ამერიკელმა ახალი თვალით შეხედა ჰამილტონის გეგმას და აღიარეს, რომ ძლიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ძლიერი სამეწარმეო სექტორი და ეს არ იქნება მიღწეული თუ არ დაინიშნება საბაჟო გადასახადი და სხვა ტიპის სახელმწიფო რეგულაციები.

თავისი სამრეწველო განვითარების გარიჟრაჟზე აშშ-ს თამამად შეეძლო დაეკვეხნა ყველაზე მაღალი საბაჟო გადასახადებით სამეწარმეო პროდუქციაზე მთელ მსოფლიოში, ამ სტატუსს ის უცვლელად ინარჩუნებდა დაახლოებით ასი წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომამდე. ამასთან, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცა იაპონია, გერმანია და საფრანგეთი, საბაჟო გადასახადი გაცილებით დაბალი იყო, თუმცა ზუსტად ეს ქვეყნები ითვლებიან პროტექციონიზმის მამამთავრებად.

3) სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული (ტატო ხუნდაძის მასალების გამოყენებით). სამხრეთ კორეა ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო და ცხოვრების დონით უთანაბრდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც დღემდე ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება. 1950-იან წლებში კორეის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 64 აშშ დოლარს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 57 წელი იყო, ხოლო მოსახლეობის 60%-ი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. დღეს სამხრეთ კორეა ყველაზე განვითარებული ქვეყნების კლუბში შედის. სამხრეთ კორეის ეკონომიკურ აღმავლობას მრავალი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით სამხრეთ კორეა განათლებაში ფულის ჩადებით განვითარდა. ზოგიერთი სამხრეთ კორეის განვითარებას ამერიკის დახმარებას მიაწერს. კომუნისტური საფრთხიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სამხრეთ კორეას. 1946-1978 წლებში მხოლოდ ამერიკამ 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია სამხრეთ კორეას გრანტებისა და კრედიტის სახით. თუმცა, ბუნებრივია, ვერცერთი ფაქტორი განყენებულად ვერ მოუტანდა სამხრეთ კორეას განვითარების ამხელა ტემპს.

განვითარების კორეული საიდუმლო, სახელმწიფოს ჩარევის ცენტრალურობაშია, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ეროვნულ ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურ თუ ბიზნეს ინტერესებს. სწორედ ამიტომ, კორეული ეკონომიკური განვითარება იყო არამხოლოდ სწრაფი, არამედ თანაბარი და ინკლუზიური (საყოველთაო). კერძოდ, სამხრეთ კორეის განვითარების პროცესში შემოსავლები მეტწილად თანაბრად ნაწილდებოდა, რაზეც მიუთითებს ჯინის ინდექსის დაბალი მაჩვენებელი დინამიკურ ჭრილში.

სამხრეთ კორეის აღმავლობა 1961 წლიდან იწყება, როდესაც ხელისუფლება ხელთ იგდო გენერალმა პარკ ჩუნ ჰიმ. სწორედ მისი ძალისხმევით, 1961 წლიდან 1979 წლამდე, საფუძველი ჩაეყარა კორეის სწაფ განვითარებას. პარკ ჩუნ ჰის გეგმა მეტისმეტად კომპლექსური და თანმიმდევრული იყო, იგი ეფუძნებოდა ხუთწლედებს და მთავარი აქცენტი კეთდებოდა ადამიანების არაპროდუქტიული სექტორიდან, პროდუქტიულ სექტორში გადაყვანაზე. სამხრეთ კორეის პოლიტიკური ელიტა 20 წლის განმავლობაში ატარებდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს საუკუნეები დასჭირდათ. სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითრების გეგმა შემდეგ ძირითად კომპონენტებს ეფუძნებოდა:

ინდუსტრიალიზაცია: სამხრეთ კორეა განვითარების პირველ ეტაპზე აქცენტს აკეთებდა იმპორტის ჩანაცვლებაზე, იმპორტულ პროდუქციას ბეჯითად ანაცვლებდნენ ადგილობრივი ნაწარმით. თუმცა, ძალიან მალე იმპორტის ჩანაცვლება შეიცვალა ექსპორტის წახალისებით. მთავრობა მსხვილ კომპანიებს აძლევდა უზარმაზარ სუბსიდიებს და უკეთებდა საგადასახადო შეღავათებს, იმ პირობით, რომ ისინი გაზრდიდნენ ექსპორტს. როცა ადგილობრივი კომპანიები თავს არიდებდნენ რისკიანი ბიზნესის წამოწყებას, კორეის მთავრობა თავად აფუძნებდა სახელმწიფო კომპანიებს, განსაკუთრებით მძიმე მრეწველობის მიმართულებით. ამის კარგი მაგალითია, კომპანია POSCO, რომელიც პრივატიზაციამდე მეორე ადგილს იკავებდა მსოფლიოში უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიებს შორის.

"ჩებოლები”: დღეს ხშირად საუბრობენ მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე, თუმცა სამხრეთ კორეის განვითარების მოდელი საპირისპირო რამეზე მეტყველებს. სამხრეთ კორეა აქცენტს აკეთებდა მსხვილ კომპანიებზე, ე.წ. "ჩებოლებზე”, რომლის უკან მსხვილი ოჯახები იდგნენ. მსხვილი წარმოებები ქმნიდნენ მასშტაბისა (economy of scale) და მრავალფეროვნების ეკონომიას (economy of scope). "ჩებოლები“ იაფად და ხარისხიანად აწარმოებდნენ ინდუსტრიულ პროდუქციას და უფრო ადვილად ნერგავდნენ ინოვაციებს. მთავრობისა და ბიზნესის კოორდინირებული მოქმედებითი კორეული “ჩებოლები” მსოფლიო ბრენდებად იქცნენ ( მაგ. Samsung, Hyundai, LG electronics). უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილ ბიზნესთან სახელმწიფო კომპრომისზე მიდიოდა, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ. მაგალითად, სახელმწიფო „ჩებოლებს“ აძლევდა გარკვეულ პრეფერენციებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაზრდიდნენ ექსპორტს, დასაქმებას ან დანერგავდნენ მაღალ-ტექნოლოგიურ წარმოებას.

სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მსგავსი აქტიური და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგია სინგაპურის, მალაიზიის, ჰონკონგის და სხვათა ეკონომიკური მიღწევები.

4) არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ვთქვათ საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის შესახებ. პოსტრევოლუციურ (მე-20 საუკუნის დასაწყისი) სივრცეში არსებობდა ორი რეგიონი, რომელიც გაექცა დასავლეთ ევროპულ კოლონიზაციას - ამერიკა და იაპონია. აღმოსავლეთ ევროპა დასავლეთ ევროპის დამორჩილებულ და მისთვის მომსახურე პოზიციას იკავებდა, რაც მას მესამე მსოფლიოს ნაწილად ხდიდა. მიუხედავად სტალინის სხვადასხვა ხასიათის დანაშაულისა, მისი უშუალო ჩარევითა და ხელმძღვანელობით 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში ეკონომიკის განვითარების უმთავრეს მიმართულებად მრეწველობის ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია იქცა. ინდუსტრიალიზაცია ითვალისწინებდა მძიმე მრეწველობის ჩქარი ტემპებით განვითარებას, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია კი - წვრილი გლეხური მეურნეობების გაერთიანებას მსხვილ კოლექტიურ მეურნეობებში. 20-30-იან წლებში, ინდუსტრიალიზაციის გეგმით საბჭოთა კავშირში აშენდა ათი ათასზე მეტი მსხვილი საწარმო, რის შემდეგ გამოცხადდა სოციალიზმის საბოლოო გამარჯვება (1936 წ). არსებობს ხატოვანი გამოთქმა - სტალინმა ჩაიბარა კავის რუსეთი და დატოვა ატომური სახელმწიფო. ფაქტობრივად კი მსოფლიოში შეიქმნა „მეორე სამყარო“, საბჭოთა კავშირი არ გახდა „დასავლეთის ეკონომიკური დანამატი“ და მესამე სამყაროს ნაწილი. რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების გამო საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, დღევანდელი რუსეთის განვითარება აღმავობით არ გამოირჩევა, მაგრამ მტკიცე ეკონომიკური საფუძველის გამო ის რჩება მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად.

4) ეკონომიკური განვითარება. სტანდარტული ეკონომიკური ისტორია აღიარებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა ყოველთვის თამაშობდა გადამწყვეტ როლს ეკონომიკურ განვითარებაში, მაგრამ მისი გავლენა სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული. ბიუროკრატიული, ადმინისტრაციული მეთოდები უნდა შეიცვალოს მენეჯერული ფუნქციებით, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის პრინციპებს, საბაზრო მექანიზმებს, მათ თავისებურებებს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება საჭიროებს როგორც აქტიურ სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე ეკონომიკური კანონზომიერებების ცოდნას და გათვალისწინებას, ოქროს შუალედის მოძიებას სახელმწიფო აპარატის ზემოქმედებასა და ეკონომიკური კანონების შედეგების გათვლასთან, მათი გამოვლინების ბუნებასთან და მრავალფეროვნებასთან. ზემოთ მოყვანილი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და სხვა მოწინავე ქვეყნების ისტორია ადასტურებს, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობის სათავეებთან სახელმწიფოს აქტიური ჩარევის პოლიტიკა იდგა ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა, ნეოლიბერალური დოქტრინების ავტორები უხვად გვაბნევენ თავისუფალი ვაჭრობის და ეკონომიკის თვითრეგულირების მათეული ინტერპრეტაციებით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის ყალბი წარმოდგენებით.

გამოჩენილმა იაპონელმა ეკონომისტებმა ცოტა ხნის წინ დადეს მრავალტომიანი ნაშრომი იაპონური ეკონომიკური განვითარების შესახებ, დაწყებული II მსოფლიო ომიდან. მასში აღწერილია, როგორ უარყო იაპონიამ თავისი დასავლელი კოლეგების ნეოლიბერალური დოქტრინები და ამის მაგივრად ინდუსტრიული პოლიტიკის გზა აირჩია, რომელიც მაკონტროლებელ ფუნქციას სახელმწიფოს ანიჭებდა.

სახელმწიფო ბიუროკრატია თანდათანობით ნერგავდა საბაზრო მექანიზმებსა და სახელმწიფო-ფინანსურ კონგლომერატს, კომერციული წარმატების პერსპექტივების ზრდასთან ერთად. იგივე ექსპერტები იუწყებიან, რომ ეკონომიკური წარმატება დიდწილად ორთოდოქსალური რჩევების უგულებელყოფით იყო განპირობებული. წარმატებები შთამბეჭდავი იყო. ფაქტობრივად, ბუნებრივი რესურსების არმქონე იაპონიამ XX საუკუნის 90-ან წლებში შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი ეკონომიკა და გახდა მოწინავე ქვეყანა საგარეო ინვესტიციების მოზიდვაში.

ჩვენ ვნახეთ თუ რა როლს ასრულებდა სახელმწიფოს გონივრული ჩარევის პოლიტიკა "აზიური ვეფხვების" ეკონომიკურ აღმავლობაში, თუმცა დასავლურ მეინსტრიმულ (დომინირებული) პრესას თავისი მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა და ლაპარაკობდა, როგორც "კერძო ბიზნესის წარმატებაზე". რატომ? პასუხის უამრავი ვერსია არსებობს, მათ შორის უთუოდ ანგარიშგასაწევია შემდეგი მოსაზრება - თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების დანერგვა-გაბატონებით, მდიდარი და ბუნებრივია, გავლენიანი ქვეყნები ფუთავენ კოლონიური ვაჭრობის პრინციპებს, როდესაც მესამე ქვეყნები მათი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მომხმარებლებად და გამსაღებლებად არიან წარმოდგენილები, რაც მათ მომსახურე ქვეყნების კატეგორიას ანიჭებს.

რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში? უპირველეს ყოვლისა, ამ წერილისათვის დამახასიათებელი აკადემიური მსჯელობა მარტო თეორიულ წარმოდგენებად რომ არ დაგვრჩეს, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, რომელიც დაგვეხმარება ამ იდეების პრაქტიკულ ასპექტში გადასატანად და ცხოვრებისეულ რეალიზაციაში.

ერთი ისტორია მახსენდება, რომელიც ნიშანდობლივია და დამღად აზის როგორც მთავრობის და ხელისუფლების მცდარ მიდგომებს, ასევე ქართულ რეალობას თავსმოხვეულ და გაბატონებულ ეკონომიკურ აზროვნებას. ეპიზოდი გასული საუკუნის 90-იან წლებს ეკუთვნის, როდესაც ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი მძვინვარებდა და სასურსათო პროდუქციის დეფიციტი იყო. როგორც ახლა, მაშინაც ბაზარზე უცხოური პროდუქცია დომინირებდა, განსაკუთრებით არასეზონური ბოსტნეულის იმპორტი (ზამთარი-გაზაფხულის პერიოდი).

სტუდენტებისათვის მოკლე სალექციო კურს ვაკეთებდი საქართველოს ეკონომიკაში, როდესაც ჩემი ყურადღება საქართველოს თერმული წყლების საბადოებმა მიიქცია. სავარაუდოდ, ასეთი საბადო 300-მდე ყოფილა, მათგან 142 შესწავლილი, რომლებშიც წყლის ტემპერატურა 30-109°C-მდე მერყეობს, ხოლო მთლიანი დებიტი აღწევს 160.000 მ³ დღე-ღამეში. მათ უამრავი გამოყენება აქვს, მაგრამ ყველაზე უპრიანი და მიზანშეწონილი სასათბურე მეურნეობაში გამოყენება იყო, ვინაიდან ის თავისუფლად ანაცვლებდა დენსაც, გაზსაც, მაზუთსაც და სხვა ენერგომატარებლებს, რომელთა ხვედრითი წილი სასათბურე მეურნეობაში მაღალია და რომელთა გარეშე სათბური არ იარსებებდა.

30-40 ლოკაცია მოვნიშნეთ, სადაც თავდაპირველად სახელმწიფო სუბსიდირებითა და სახაზინო საწარმოების შექმნით შეიძლებოდა სასათბურე მეურნეობების ფუნქციონირება, დაწყებული მწვანილით, კიტრის, პომიდორის, ტკბილი წიწაკის, ხახვის, ნიორის, სტაფილოს, ბულგარულის, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობების და 80-მდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით, ავოკადოს, ვაშლის, ჯუჯა კაკლის, ბანანის და სხვა ეგზოტიკური ხილის მოყვანის ჩათვლით. ბარემც სრულად ჩამოვთვალოთ ის დადებითი შედეგები რაც ამ პროექტის განხორციელებას მოყვებოდა.

1) ვუზრუნველყოფდით არასეზონური ბოსტნეულით ადგილობრივ ბაზარს; 2) დავზოგავდით სავალუტო რესურს, რაც ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ვალუტის სიმტკიცეს. 3) სითბური დანახარჯების მინიმალური დონის პირობებში აღნიშნული პროდუქციის თვითღირებულება საბაზროზე გაცილებით ნაკლებია, რაც იძლეოდა ფასით და ხარისხით კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების, უცხოურ ბაზარზე გატანის და საექსპორტო შესაძლებლობის გაზრდის საშუალებას. 4) თავდაპირველად საქმდებოდა 2000-2500 ადამიანი, 30-40 მილიონის სასაქონლო პროდუქციის წარმოებით. შემდგომში განვითარებული სასათბურე მეურნეობების პირობებში, გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის დარგებთან კოოპერაციაში ვღებულობდით 100 000-დან 150 000-მდე სამუშაო ადგილს და 4-6 მლრდ სასაქონლო პროდუქციის წარმოებით, პლიუს რამდენიმე ასეული მილიონი საექსპორტო შემოსავალით. და რაც მთავარია, აღნიშნული პროექტის განხორციელება იქნებოდა მძლავრი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის საქმეში.

ორი თუ სამი წერილი მივწერე შევარდნაძის მთავრობას აღნიშნული პროექტის შესახებ. არავითარი რეაგირება მთავრობის მხრიდან. არც ის უთქვამთ, ეს რა სისულელე დაგიწერია ან თქვენი პროექტი არასწორიაო. თავის დროზე ნაციონალების ხელისუფლებასაც მივმართე, საიდანაც დაახლოებით ასეთი შინაარსის პასუხი მივიღე ბენდუქიძის ხელმოწერით - თქვენი წინადადებები და შეხედულებები არ პასუხობენ თანამედროვე ქართული ეროვნული ეკონომიკის პრინციპებსო?! როგორც შემდეგ გავარკვიე, თანამედროვე ქართული ეროვნული ეკონომიკის პრინციპები ყოფილა სახელმწიფოს ჩაურევლობა ეკონომიკის მართვაში.

მართალია, ბოლო წლებში მიდგომები შეიცვალა, სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა ეკონომიკურ განვითარებაზე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, მაგრამ ეს აშკარად არაა საკმარისი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის, რომელსაც სხვა ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:

I. თავისუფალი ვაჭრობის ნეოლიბერალური დოქტრინის ყალბი ინტერპრეტაციები, რომელსაც უხვად ქადაგებენ სხადასხვა სამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და რომლებიც ამუხრუჭებენ ადგილობრივი მატერიალური წარმოების განვითარებას. არაეკონომიკური განათლების მკითხველისათვის განვმარტავთ - თუ რომელიმე პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდება, ბაზარი მყისვე რეაგირებს მასზე და საწყისი მაღალი ფასის მეშვეობით აჩენს წარმოების ინტერესს, რომელსაც შემდეგ მოჰყვება ფინანსური ინტერვენცია ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის მიზნით, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და ტექნოლოგიური განვითარება. შემდგომში, მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებით, ფასიც ბალანსდება და რეალურ ნიშნულს უბრუნდება. ამრიგად, მოთხოვნა აცოცხლებს წარმოებას და მოთხოვნის დაკმაყოფილების დინამიკა იწვევს წარმოების ზრდასაც, რასაც მოჰყვება საწარმოო ძალთა განვითარება, სამუშაო ადგილების, დასაქმებულთა და შემოსავლების ზრდა. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და იზრდება მოსახლეობის ცხოვრების დონეც, რომელიც საყოველთაოა და თანაბრად ეხება საზოგადოების ყველა ფენას. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - თანამედროვე კომუნიკაციებისა და გლობალური სავაჭრო შეთანხმების პირობებში დეფიციტი მომენტალურად იფარება იმპორტული პროდუქციით და ქვეყანა კვლავ რჩება წარმოების განვითარების და სამუშაო ადგილების გარეშე. შესაბამისად, ქვეყნის ფულადი რესურსები გაედინება საზღვარგარეთ და სახეზე გვაქვს მზარდი ინფლაცია, რომელიც მდგომარეობის გამოსწორების გარეშე ფინანსურ კოლაფსს და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას იწვევს, რადგან ეკონომიკური განუვითარებლობის ხანგრძლივ პროცესში გაგრძელებას ერთვის მზარდი მიგრაცია და ქვეყნის დაცარიელება მოსახლეობის აქტიური ნაწილისაგან.

II. ადგილობრივი წარმოების განუვითარებლობის გამო ჩამოყალიბდა იმპორტიორების და იმპორტის განხორციელების მძლავრი ქსელი, სადაც გაერთიანებული არიან მოქალაქეები, სხვადასხვა სატრანსპორტო, სავაჭრო, საკონსულტაციო ტიპის ორგანიზაციები, ლობისტები, როგორც საზოგადოებრივ, ასევე სახელმწიფოებრივ-სამთავრობო დონეზე, დაქირავებული მედია-საშუალებები და სხვა. მათი საქმიანობის აქტიურობა ქვეყანაში მიმართულია იმპორტის, საზღვარგარეთული ბიზნესინტერესების ორგანიზაციული და საყოველთაო განვითარებისკენ.

III. ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველო არ მიეკუთვნება მიმზიდველ ქვეყანათა რიგს, რადგან მას არ გააჩნია გამორჩეული მინერალური საბადოები და ჭარბი ადამიანური რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს დიდი რაოდენობის პროდუქციის გასაღებას და შესაბამისად, ინვესტიციების სწრაფ უკუგებას. არც ჩვენი ბანკების სესხების მაღალი პროცენტები გამოდგება მეწარმეობის განვითარებისათვის. გვრჩება ერთადერთი - სახელმწიფო ფინანსები, რომელთა ნაკლებობა ყოველთვის ახლავს განუვითარებელი ქვეყნების ეკონომიკას, მაგრამ უნდა ვიპოვოთ სხვა გზებიც (საგარეო სესხი, ემისია, ბიუჯეტური დაფინანსება) ამ რესურსების მოსაძიებლად. ვფიქრობთ, ეს ფაქტორები სრულიად საკმარისია იმის წარმოსადგენად თუ რა მასშტაბის ძალისხმევა დაგვჭირდება ქვეყნისათვის სასიცოცხლო ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.

ახლა რამდენიმე სიტყვა ზოგიერთ კონკრეტულ პროექტზე, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ა) სასწრაფო უნდა დავიწყოთ ზემოთ აღნიშნული თერმული წყლები-სათბურის პროგრამის განხორციელება, პარალელურად ჰიდროპონიკური და სხვადასხვა სახის სასათბურე მეურნეობების განვითარება, რომ ქვეყანა არ დარჩეს არასეზონური ბოსტნეულის გარეშე.

ბ) გარდა ამისა, თითქმის ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას სხვადასხვა სიმძლავრის სამაცივრო მეურნეობები, თავისი განვითარებული ხილის და ბოსტნეულის მიმღები და ტრანსპორტირების პუნქტებით, რომ ქვეყანა და ექსპორტი უზრუნველვყოთ სეზონური ხილით არასეზონურ დროს (ზამთარი-გაზაფხული).

გ) სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების (ნიკორა, ვაკე, ლიდერფუდი, შინჰოფერი და სხვა) კოოპერაციული თანამშრომლობით ქვეყანაში უნდა აშენდეს, სხვადასხვა სიმძლავრის და წარმადობის ფერმები, რომ უცხოური, უვარგისი, მდარე, ხშირად ვადაგასული პროდუქცია შეიცვალოს ადგილობრივი, ხარისხიანი ხორცპროდუქტებით.

დ) ანალოგიურად შეიძლება გავმართოთ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, ოღონდ ჩადებული საწარმოო ინვესტიციების ეფექტურობისათვის აუცილებელია წარმოების და მოხმარება-გასაღების ერთიანი ციკლის მოგვარება, თორემ სხვანაირად მივიღებთ იმ შედეგს, როცა უკანასკნელ წლებში სოფლის-მეურნეობაში ჩაიდო 2 მილიარდი სახელმწიფო ინვესტიცია, შედეგი - 0.

ე) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და დომინირებულ პოზიციაში ჩავაყენოთ ყურძნისა და ღვინის წარმოება, რომელსაც ფაქტიურად შეუზღუდავი საექსპორტო ბაზარი და რეზერვები გააჩნია. 2018 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ღვინის წარმოების მხრივ საქართველო მე-10 ადგილზეა მსოფლიოში - 27,5 ლიტრი, მაშინ როდესაც გვისწრებს ისეთი არატრადიციული (ჩვენი მეღვინეობის ისტორიის გათვალისწინებით) ქვეყნები, როგორიცაა ახალი ზელანდია ( 67 ლ.), ჩილე ( 55 ლ), მოლდავეთი (42 ლ.). ვფიქრობთ, ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირად ესპანეთის მაჩვენებელი - (85 ლ.), თუ დივერსიფიცირებას მოვახდენთ ამ სფეროში და პროცესებს დავაჩქარებთ სახელმწიფო პროგრამების დონეზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამ დარგის სპეციალისტების ჩართვით, სავსებით შესაძლებელია უახლოეს ხუთ-რვა წელიწადში მილიარდიან საექსპორტო ზღურბლს გადავაჭარბოთ. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სპეციალური მეურნეობები (არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო კუთვნილების იქნება თუ კერძო), მაღალხარისხიანი ყურძნის ჯიშების და ღვინოების (ოჯალეში, ჩხავერი, ხვანჭკარა, ქინძმარაული, უსახელოური, ალადსტური) საწარმოებლად.

ვ) მაინც რით უნდა დავიწყოთ ადგილობრივი წარმოების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება? ცხადია, რაკეტმშენებლობით არა, რომელსაც უზარმაზარი ფინანსები, მოწინავე ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და რაც მთავარია, მოხმარება-გასაღების ბაზარი სჭირდება, რომლისათვის ჩვენი ქვეყანა ჯერ არ არის მზად. სამაგიეროდ არის ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელება დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს და, რაც მთავარია, ადგილზე გვექნება მოხმარება-გასაღება, რომელიც მოხსნის იმპორტზე ჩვენს დამოკიდებულებას, დაგვიზოგავს ვალუტას, გააჩენს სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და დაასაქმებს ადგილობრივებს, ხოლო პერსპექტივაში, ტექნოლოგიური სრულყოფისა და კონკურენტუნარიანი წარმოების მიღწევის პირობებში, შეიძლება ვიფიქროთ მათ საექსპორტო შესაძლებლობებზე. მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ საბურავების წარმოება. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა მეორადი, ვადაგასული საბურავების სასაფლაო, რომელიც ცვეთის გამო აღარ არის ისეთი მოჭიდების და უსაფრთხო, დამუშავების გამო ადვილად ზიანდება და მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. ახალი წარმოების გასამართ ხარჯებში 60-70 პროცენტი შენობა-ნაგებობების აშენების ხარჯია. ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ძველი გაჩერებული საწარმოების უფუნქციო შენობა-ნაგებობები, რომელთა რეკონსტრუქცია დაგვიზოგავს მნიშვნელოვან თანხებს. თანამედროვე ტექნოლოგიის, დანადგარების შესაძენად და მომსახურე პერსონალის გადასამზადებელი ხარჯების დასაფინანსებლად ქვეყანას აქვს თანაინვესტირების ფონდი, რომელშიც თავის დროზე 6-7 მილიარდი იყო აკუმულირებული. გვაქვს აგრეთვე საპარტნიორო ფონდი. არც ჯონ ბოიდ დანლოპის და ედუარდ მიშლენის გაცოცხლება გვჭირდება საჭირო ტექნოლოგიების მოსაპოვებლად - მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან (პირელი, მიშლენი, ბრიჯსტოუნი, გუდიარი) კოოპერაცია თუ არ მოხერხდა არის სლოვენიური, ჩინური საკმაოდ ნორმალური და ხარისხიანი პროდუქცია და მათთან ფილიალის ან შვილობილი კომპანიის შექმნის გზით შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა. საბოლოო ჯამში, საწყის ეტაპზე, ვღებულობთ 30-40 მილიონიან წარმოებას, 300-400 დასაქმებული პერსონალით.

ზ) ზოგი იდეა უცნაურადაც იბადება. ამ რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო რგოლი სამრეწველო ბრაკონიერებზე, რომელშიც ნაჩვენები იყო ფარდულის ტიპის საამქრო, სადაც ძველ პამპერსებს შლიდნენ, შიგთავს რეცხავდნენ და ახალს შალითებში ათავსებდნენ. ამ რგოლის ჩვენებამ განსხვავებული გრძნობები დამიტოვა, მაგრამ მთავარი იყო ის სიმარტივე, რაც პამპერსის წარმოებას ახლდა. უნებურად მისი წარმოება ჩვენს ქვეყანას დავუკავშირე. საქართველოში ყოველწლიურად 40-50 ათასი ბავშვი იბადება. მათი აბსოლიტური უმრავლესობა არის პამპერსის მომხმარებელი. შესაბამისად, ყველაზე მოკრძალებული გათვლებით ქვეყანას ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს 20 მილიონიანი ბაზარი. სახელმწიფოს, სააფთიაქო ბიზნესისა (პსპ, ავერსი, ფარმადეპო და სხვა) და უცხოური კომპანიების თანამშრომლობის და კოოპერირების სხვადასხვა ფორმებით (შვილობილი კომპანია, ფილიალი და სხვა) შეიძლება მოიძებნოს გზები ამ და მსგავსი პროდუქციის (სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები, შამპუნები, საპნები და სხვა) ადგილზე საწარმოებლად.

ეს რამდენიმე მაგალითი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ ვაჩვენოთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორ შეიძლება ადგილობრივი წარმოების გამოცოცხლება და მათი დადებითი შედეგები. ცხადია, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ყველაზე უპრიანია გადავხედოთ იმპორტირებული პროდუქციის სიას და მათი ადგილზე წარმოების შესაძლებლობას. ჩვენი რეალური პოტენციალი ამ კუთხით, დღევანდელობის გათვალისწინებით, 100-150 მილიარდი ლარის პროდუქციის წარმოებაა, რაც 3-4 ჯერ აღემატება დღევანდელ დონეს. ამ და მსგავსმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს რეალური ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის დასაქმება და ღირსეული შემოსავლებით უზრუნველყოფა, ემიგრაციის შემცირება და ჩვენი ემიგრანტების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება, მათი დასაქმების პერსპექტივით, ქვეყანაში სიღარიბის და გაჭირვების აღმოფხვრა, სამედიცინო მომსახურების და განათლების დონის ამაღლება და კეთილდღეობა, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებისათვის მიუღწეველია.

თენგიზ გაბიძაშვილი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს