ოსტაპ ბენდერი ქობულეთში, ანუ როგორ გავხადოთ ჩვენი კურორტები ოთხსეზონიანი
ოსტაპ ბენდერი ქობულეთში, ანუ როგორ გავხადოთ ჩვენი კურორტები ოთხსეზონიანი
ილფისა და პეტროვის ოსტაპ ბენდერი ხომ გახსოვთ "თორმეტი სკამიდან"? განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც ცნობილი კომბინატორი ჭადრაკის თამაშის სეანს ატარებს ვასიუკში და თან ვასიუკელებს ჰპირდება, რომ აღნიშნული ტურნირი გახდებოდა საერთაშორისო დონის, ვასიუკს მოაწყდებოდა ასეულობით მდიდარი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ვასიუკში აშენდებოდა სარკინიკზო და საავტომობილო მაგისტრალები, საერთაშორისო დონის აეროპორტები - რიო-დე-ჟანეიროს და მელბურნის რეისების ჩათვლით, უმაღლესი კლასის სასტუმრო-ცათამბრჯენები და...

რამ გამახსენა ცნობილი კომბინატორის გენიალური იდეებით ანთებული ვასიუკის მოსახლეობა?
ამ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქობულეთში დაიწყება მწვანე ქალაქის მშენებლობა, განხორციელდება ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია, რომლის წყალობით აჭარა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება, მოეწყობა ფიფა-ს სტანდარტების საფეხბურთო, ასევე გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, შეიქმნება ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი. ერთი სიტყვით, პროექტის ავტორების თქმით, ლამის ქობულეთი გახდებოდა ერთადერთი ღვთიური სამოთხე ცოდვებით დამძიმებული
დედამიწის ზურგზე.

როდესაც პირველმა აღტკინებამ გამიარა და ჩემი წილი დავიგულე ჩეხური ინვესტიციებით შეფუთულ ზეციურ წყალობაში, ცოტა ეჭვი კი შემეპარა პროექტის ავტორების გულწრფელობაში, რამეთუ სასტუმროები და ტურისტული კომპლექსები ქობულეთს არ აკლია, ხოლო გოლფისა და ჩოგბურთის მოედნებით აშენებული ქვეყანა რაღაც არ მომაგონდა ამქვეყნიურ რეალობაში.

მაგალითისათვის გამოდგება იქვე აშენებული მსოფლიო მასშტაბის საკონცერტო კომპლექსი "ბლექ სი არენა", მაგრამ კაცისშვილი არ მოგვწყდომია იქ კონცერტის ჩასატარებლად და საყურებლად. ბოლოს, საკუთარი თავის რჩენა, რომ ვერ შეძლო, ბიუჯეტს ჩამოკიდეს ხარჯების დასაფინანსებლად. ასევე გამახსენდა ჭყონიას დაპირებები, რომელმაც ლამის ნახევარი ზღვისპირი მუქთად ჩაიგდო ხელში, შემოღობა და მიმდებარე ქუჩაზე მცხოვრებ ადგილობრივებს ლამის ნახევარი ქალაქის შემოვლა უხდებათ მის წინ მდებარე პლაჟზე მოსახვედრად.

უნებურად ამას დავაკავშირე და გამახსენდა უფუნქციოდ დარჩენილი მილიარდიანი პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში და ნახევარმილიარდიანი პარლამენტის შენობა ქუთაისში. არადა, თავის დროზე, ეს შენობები იმისთვის აშენდა, რომ მათი აშენების შემდეგ პრეზიდენტის და პარლამენტარების შრომის ნაყოფიერება გაათმაგდებოდა და ამ გაათმაგებული ზრუნვით ქვეყნის მოსახლეობას ეშველებოდა. ამ გაფლანგულმა მილიარდნახევრიანმა ბიუჯეტურმა სახსრებმა, რეალურ ნიადაგზე დამაყენა და ზეაღტკინებით გამოწვეული ეიფორია ფაქტობრივი ციფრებით შეიცვალა.

თუ ვიანგარიშებთ, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა დაახლოებით 40 ათასი ჯდება, გამოდის რომ იმ თანხებით 20-30 ათას სამუშაო ადგილს შევქმნიდით და ამდენივე მოქალაქეს დავასაქმებდით, შესაბამისად, 4-5 მილიარდით გავზრდიდით შიდა პროდუქტს და ამდენითვე გაგვეზარდა ექსპორტი ან შეგვემცირებინა იმპორტი, დაგვეზოგა ვალუტა და გაგვემყარებინა ლარი. აღარაფერს ვამბობთ აქედან გამომავალ სხვა დადებით შედეგზე.

ვინაიდან რეალისტურ განწყობაზე დავდექი და ღრუბლებიდან ცოტა ძირს ჩამოვიჩოჩე, ქობულეთის ელდორადოს ანუ მეორენაირად "მწვანე ქალაქის" პროექტის შესახებ მასალები მოვიძიე და გონება უფრო გამინათდა, როდესაც აღმოვაჩინე რომ 1 796 308 კვ.მ-ი ინვესტორს 6 040 265 ლარად გადაეცა, ანუ კვადრატული მეტრი დაახლოებით 3 ლარად, ისიც ზღვისპირეთში! თუ ვიანგარიშებთ რომ იმ ადგილებში მიწის საბაზრო ღირებულება 100-ჯერ მეტი მაინც არის, გამოდის რომ იმ გულუხვი დაპირებების და მოსახლეობის წამიერი აღტკინების სანაცვლოდ სახელმწიფომ, ანუ ქვეყნის მოქალაქეებმა 600 მილიონი იზარალეს.

ვიდრე ჩვენი ინვესტორების მოწვევით გალაქტიკიდან და დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან არ მოგვაწყდნენ ტურისტები, მანამ უფრო მიწიერი ამბები გავიხსენოთ. ქობულეთში და მთელ ზღვისპირეთში სეზონი უფრო ხანგრძლივი იყო, როდესაც ტურისტები მთელი საბჭოეთიდან ჩამოდიოდნენ და აქ საკავშირო დაქვემდებარების ტურისტული კომპლექსები თუ დასასვენებელი სახლები იყო განლაგებული. ჩვენ შეგვიძლია შინაარსობრივად, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით დღევანდელი რეალობა მაშინდელს მივუახლოვოთ. მაგალითად, იმ 180 ჰექტარიდან თუ 1-2 ჰექტარს ბელარუსს გადავცემდით იმ პირობით რომ იქ ბელარუსები ააშენებდნენ მრავალსართულიან ტურისტულ კომპლექსს, სადაც ჩამოვიდოდნენ და დაისვენებდნენ ტურისტები ბელორუსიიდან. იქვე იქნებოდა ბელარუსული სავაჭრო სახლი, მოეწყობოდა ბელარუსული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულტურული ღონისძიებები. ამ და მსგავსი მრავალფეროვანი ღონისძიებებით ჩვენ შეგვეძლო ის ლოკაცია გაგვეხადა ტურისტებისათვის წელიწადში მრავალთვიანი სარგებლობის ადგილად.

ვფიქრობთ, ბელარუსიის პრეზიდენტი - ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს კომპლექსი საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ასევე შეგვეძლო 1-2 ჰექტარი გამოგვეყო უკრაინლებისათვის, ესტონელებისათვის, ლატვიელებისათვის, ლიტველებისათვის, სკანდინავიის ქვეყნებისათვის.

ასეთივე მიდგომა, წილობრივი რუსულ-ქართული ერთობლივი საწარმო, შეიძლება დაგვეშვა რუსული კომპანიებისათვის და არა სახელმწიფოსათვის, ვინაიდან ადრე იქ იყო ტიუმენის გაზის მომპოვებელი კომპლექსის დასასვენებელი სახლი, ლენინგრადის რეზინების ქარხნის სანატორიუმი და სხვა.

ამ ღონისძიებებით ჩვენ მაქსიმალურად დავტვირთავდით ჩვენს ზღვისპირეთს ტურისტებით. ტურისტული სეზონი მარტო ზღვაზე ბანაობა არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ღვინის ტურები და ჭაჭა-ყურძენთან დაკავშირებული ღონისძიებები, გართობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც სპორტულ-საკონცერტო და სექს ტურებს მოიცავს. იგივე ვარიანტი შეგვეძლო გაგვევრცელებინა წყალტუბოზე, ბორჯომზე და ჩვენს სხვადასხვა კურორტებზე. მთავარია, რომ შემოსავალს მიიღებდა ადგილობრივი მოსახლეობაც, რომელიც ბინების გაქირავებით არის დაკავებული და რასაკვირველია მთლიანად ქვეყანა, რომლისთვისაც ერთი ტურისტი ბიუჯეტში 800-1000 დოლარს ნიშნავს.
სანამ ქობულეთლები და საქართველოს მოსახლეობა ათას ტყუილ-მართალს მორჩილად ისმენენ ჩვენი ქვეყნის მესვეურებისაგან, მანამ ქობულეთური სასტუმროები, მოწყენილი და დაცარიელებული ელიან ზაფხულის დადგომას, რომ იქნებ გაუმართლოთ და წელიწადში ერთი-ორი თვით მაინც შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ჟორა
31 ივლისი 2019 21:09
ტიუმენის გაზის მომპოვებელი საწარმო თუ არ ვცდები ეხლა როსნეფტს (სეჩინს ეკუთვნის) ხოლო ლენინგრადის რეზინის ქარხნის ტერიტორიაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია აშენებული.აქედან გამომდინარე არც ერთი მათგანი ვერ დაინტერესდება ქობულეთით.ბელორუსიას(ლუკაშენკოს) თავად ფული არა აქვს და ხან რუსეთს და ხან ევროპას მიადგება ხოლმე ფულის სათხოვნელად.მოსახლეობის 40%მდე გამიზნულია ძირითადად პოლონეთში და უბერზე ტაქსაობით ირჩენს თავს.რუსეთმა თავის სოჭში ოლიმპიადისთვის უპრაკუნოდ და უაზროდ დახარჯული მილიარდები როგორ ამოიღოს ეგ ვერ გაურკვევია,რადგან მთლად უფულო და ჯიბეგამოხეული ტურისტს საქართველოში ჩამოსვლა უფრო იაფი უჯდება,ხოლო ვისაც ოდნავ მაინც ფული გააჩნია ესპანეთსა და იტალიაში ამჯობინებს.
შეეშვით ამ 37 მანეთიან ოცნებებს.4 სეზონი კი არა, ერთი მაინც ჩატარდეს ისე რომ ზაფხულის ნახევარი მაინც უწვიმო იყოს,ხოლო მაკარონიანი ხაჭაპური და წყალწყალა ღვინო ოდნავ იაფი ვიდრე საფრანგეთის რივიერაზე მიშელი ის ვარსკვლავებიანი რესტორანში.
როცა 40000 ლარად სამუშაოს შექმნით,არ დაგავიწყდეთ გაგვიზიარეთ თუ რა სახის პროდუქციას აპირებთ გამოუშვათ,სად გაყიდოთ და სად იპოვოთ მომზადებული კადრები დასაქმებისათვის.
საუბედუროდ ეკონომიკა სუფრაზე სადღეგრძელო არ არის და სიტყვების რახარუხი.
ბატონ ბლოგერს კი ვთხოვ რომ გამომაქვეყნოს და თუ სურვილს გამოთქვამს,შეუძლია დამიმტკიცოს მის მიერ დაწერილის სისწორე.(ანდა შემეკამათოს ჩემს უსამართლო კრიტიკაში)
niko
31 ივლისი 2019 12:24
ჭკვიანური მიდგომით საუკეთესო ქვეყანა გვექნებოდა. ჩემს კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ.
სსდ
28 ივლისი 2019 14:53
ერთერთი ყველაზე კარგი ,რეალური და მართალი სტატია,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?