ლარი კუპონის გზაზე - კვირის პალიტრა

ლარი კუპონის გზაზე

რა ემართება ლარს? - საკითხი რომელიც დღეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აშფოთებს, ვინაიდან საქართველოს რიგით მოქალაქეებს შემოსავლები ლარში აქვს, ხოლო ლარის გაუფასურების აჩქარებული ტემპი მათ შემოსავალს პირდაპირპროპორციულად ამცირებს.

პრობლემას უფრო ამძაფრებს ის საკითხი და ეს უფრო არის პრობლემა, რომ ვინც უნდა დასახოს რეალური გზები ამ პრობლემის მოგვარების (მთავრობა, ეროვნული ბანკი), იმდენად არაკვალიფიციურ განმარტებებს აკეთებენ, ხანდახან გეგონება ან ნამეტანი უვიცები არიან ან განგებ ამღვრევენ წყალს, რომ მთავარი მიზეზი რაც შეიძლება ღრმად შეინიღბოს და დაფარული დარჩეს. ყველაფერს ბრალდება ლარის კურსის გაუფასურება - გრენლანდიაზე თოვლის დნობიდან დაწყებული ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენას. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმები ხომ ყველაზე ადვილად მოსატანი არგუმენტებია? უფრო უკეთესი არგუმენტია ყველაფერი მოსახლეობის ნერვიულ სიმტკიცეს დააბრალო - რა ვქნათ ძმაო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თქვენ გაქვთ ნევროზი და ეს პანიკური შიშები და აკვიატებები ძირს სცემს ლარის კურსსო! თუმცა ოპოზიცია ამბობს, 2008 წელს, გაგანია ომის დროს, როდესაც მართლა იყო პანიკური შიშები ქვეყანაში, მაშინ არ შერყეულა ასე ლარიო.

დავრჩით ისევ ექსპერტების და პოლიტიკოსების ანალიზის და გამონათქვამების ამარა, რომელთა მიზანი და დანიშნულება, არც თუ იშვიათად, ისევ გადასახადის გადამხდელის და ამომრჩევლის დაბნევაა (ალბათ ამაში უხდიან ფულს). ჩვენ კი ისღა დაგვრჩა, რომ ამ აბსურდის თეატრში უკუღმა ნათქვამი მისი დანიშნულების მიზნიდან გავიგოთ.

ისე აღნიშნული საკითხის არსში გასარკვევად დიდად დაგვეხმარებოდა თეოდორ დრაიზერის „ფინანსისტის“ წაკითხვა, რომელიც შეგვძენდა გამოცდილებას ფინანსებთან დაკავშირებული მაქინაციების შესახებ. ან იქნებ ინტერნეტმასალებს ხართ გაცნობილი ჯორჯ სოროსის შესახებ, განსაკუთრებით მის სავალუტო სპეკულაციებს გირვანქა სტერლინგის მიმართ? ბოლოდაბოლოს ასაკოვან მოსახლეობას კუპონთან დაკავშირებული ისტორიები მაინც უნდა ახსოვდეს, როცა ჩვენი დიასახლისები მილიონებს ისროდნენ თითო კონა ქინძის და ოხრახუშის შესაძენად.

ეკონომიკის კლასიკური გაგებიდან ცნობილია და ლამის ნებისმიერმა სკოლის მოსწავლემაც იცის - ვალუტას აუფასურებს ზედმეტად დიდი ფულადი ნაკადის მიმოქცევაში ჩაშვება, მაშინ როდესაც არ გაზრდილა საგანთა წარმოება და ქვეყანაში არის დიდი რაოდენობით დაუსაქონლებელი ფულადი მასაა. მაგალითად, როდესაც გჭირდება დაახლოებით 4 მილიარდის ფულადი ნიშანი და მიმოქცევაში გაქვს 8 მილიარდის. ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნების მთავრობებს არ ყოფნით შემოსავლები ხარჯების დასაფინანსებლად და პრობლემის გადასაწყვეტად ფულად ემისიას მიმართავენ. თუ ეს პროცესი მართვადია, მაშინ სახეზე გვაქვს მცოცავი ინფლაცია, ხოლო უკონტროლო ჩარევის პირობებში სახეზეა ჰიპერინფლაცია და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის წინაპირობა. მეორე, ეროვნული ვალუტის ხვედრი უფრო მძიმდება, როდესაც მთავრობა არ ახორციელებს საკმაო ღონისძიებებს ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და ქვეყანაში საჭირო პროდუქციაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება იმპორტით ხორციელდება. მდგომარეობა უფრო საგანგაშოა, თუ ეს იმპორტი ორნახევარჯერ აჭარბებს ექსპორტს. აქ უკვე შემდეგი თანამდე პროცესები ვითარდება - სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ისედაც შეზღუდულია და იმპორტული პროდუქციის შესყიდვა მითუმეტეს უნდა ჭირდეს, მაგრამ აქ საქმეში ერთვება საერთაშორისო ფინანსური და საბანკო-საკრედიტო ინსტიტუტები. საკუთარი შემოსავლები არ გყოფნის - ინებე ინვესტიცია, სესხი. და ბედნიერი ქვეყნის უბედნიერესი მოსახლეობა ხარბად ეძალება იმპორტულ საქონელს. გაგითავდა ინვესტიცია-სესხი, ინებე მომდევნო ტრანში. და ერთ მშვენიერ დღეს ეს ბედნიერი ხელისუფლება და მოსახლეობა აღმოაჩენს, რომ ყელამდე ვალებში არიან ჩაფლული და იხრჩობიან. ეს არის იარაღით ქვეყნის დაპყრობის ალტერნატიული, ვალით დაპყრობის გზა. კრედიტორთა მოთხოვნა კი ულმობელია: ან დაფარე ვალები ან დათმე რაღაცეები. და იწყება ეროვნული სიმდიდრეების კაპიკებად დათმობა, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკის მორგება კრედიტორთა ინტერესებს. გაუკუღმართებული საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად შემოსავალი, რომელიც ქვეყნის საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა, პროცენტებში მიდის. შემდეგ ამას არ ყოფნის სხვა ქვეყნებში მათხოვრად გადაგებული ემიგრანტების გამოგზავნილი თანხები და მთავრდება აღნიშნულ ქვეყანაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოზე, მევალე-მევახშის სრული კონტროლით. შიგადაშიგ, ვალების გასასტუმრებელი დოლარის შესაძენად, მთავრობა ახორციელებს ეროვნული ვალუტის ადგილობრივ ბაზარზე გამოყრის მნიშვნელოვან ინტერვენციას და სახეზე გვაქვს ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა, საიდანაც ერთი ნაბიჯია რევოლუციამდე და სახელმწიფო გადატრიალებამდე.

აქედან გამომავალი სახელმწიფოს და ქვეყნის მოსახლეობის საზიანო უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა და მაგას ერთი საგაზეთო წერილი არ ეყოფოდა - უმჯობესია გამოსწორების გზებზე ვიმსჯელოთ.

1) უნდა შეიცვალოს ერთპარტიული მმართველობის სისტემა, რომელიც სინამდვილეში ერთი კაცის მმართველობაა და რომელსაც ჯიბეში უზის კანონმდებლებიც, მთავრობაც და მოსამართლეებიც. შედეგე სახეზეა - აბსოლიტური ძალაუფლება აბსოლიტურად რყვნის და ანგრევს ქვეყანას. საბედნიეროდ, პროპორციული არჩევნების შემოღებით რეალური პოლიტიკური კონკურენციის პროცესი დაწყებულია. ახლა საჭიროა საარჩევნო სისტემის სრულყოფა და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

2) ქვეყანას მძიმედ აწევს ვალები და ე.წ. ინვესტიციები, რომელთა დიდი ნაწილი შევარდნაძე-სააკაშვილის კლანის ჯიბეში დაილექა და რომელთა მარტო გადასახდელი პროცენტები უკვე მილიარდობით იზომება. გარკვეული პერიოდით უნდა გაიყინოს და აიკრძალოს ყოველგვარი ვალის აღება, გარდა ახალი საწარმოების შექმნის დაფინანსებისა, რომელიც მიმართულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის და მატერიალური წარმოების გაზრდისათვის. უნდა ავუხსნათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებების ბრალია ქვეყნის ასე დაკაბალება. ხოლო თუ დასავლეთი კვლავ გააგრძელებს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას, არ არის გამორიცხული მასშტაბური დესტაბილიზაცია ქვეყანაში და რუსეთის კალთას შეფარების სცენარი, რის შემდეგ უკან დაგვრჩება დასავლური დემოკრატიაც და ვალებიც.

3) უკვე მრავალი წელია ფაქტობრივად ერთ ადგილს ვტკეპნით მატერიალური წარმოების განვითარების კუთხით, ზოგი მიმართულებით უკანაც წავედით. ეს ადვილად გამოჩნდება, თუ წლების განმავლობაში მთლიან გამოშვებას ვიანგარიშებთ და შევადარებთ მყარ ვალუტაში-დოლარში. გამოსავალი ნათელია და თუ გვინდა ქვეყანას ეშველოს - ყველა შესაძლო ფინანსური რესურსი უნდა წარიმართოს ადგილობრივი წარმოების გასაფართოებლად, მატერიალური წარმოების ახალი საწარმოების შექმნის და არსებულის განსავითარებლად, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს მოსახლეობის შემოსავლებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს მსოფლიოში ცნობილი საწარმოო ბრენდების ფილიალების, ერთობლივი საწარმოების, შვილობილი კომპანიების საქართველოში შექმნით ( მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენ ტექნიკურად და ტექნოლოგიურად არა ვართ იმ დონეზე, რომ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში კონკურენტუნარიანი პროდუქცია ვაწარმოოთ). წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება ქართველებისათვის საცხოვრებლად უვარგის ადგილად და უახლოეს წლებში მორიგ ანტიქართულ-ანტიქრისტიანულ ანკლავად გარდაიქმნება, ახალი ბახჩისარაის თუ რაჯასტანის მორიგი სახანოს სახით.

4) რაც შეეხება ბანკებს, მათ ეროვნული მარტო სახელები დარჩა, თორემ საბანკო სექტორი ფაქტობრივად უცხოელი და მცირე დოზით ადგილობრივი მევახშეების ხელშია. მიუხედავად მათი დასავლური წარმოშობისა, არავითარი ცივილური და სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. მესმის, რომ ბანკირებიც იგივე მეწარმეები არიან და მათი მიზანიც მოგების მიღებაა, მაგრამ ასეთი მძარცველური მეთოდების გამოყენებით, ეს იგივეა, იმ ტოტს ჭრიდე, რომელზეც ზიხარ, აქცევ და ანადგურებ იმ ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას, რომლიდანაც სარგებელს ღებულობ. ბანკების მთავარი მახასიათებლებია: ა) სარგებლის მიღება მძარცველური და მევახშური პროცენტებით, რომელიც აკაბალებს სესხით მოსარგებლეს და ნაცვლად იმისა, რომ კრედიტები ეკონომიკურ ზრდას მოხმარდეს, გამოიყენება მევახშე-ბანკების ზენორმატიული მოგების მისაღებად; ბ) მონაწილეობა არაპროფილურ ბიზნესებში და ნაცვლად იმისა, რომ განვითარდეს და შეიქმნას სხვადასხვა სახის ბიზნესები, გამრავალფეროვნდეს და გამრავლდეს მეწარმეთა ფენა, გაეწიოთ საკონსულტაციო-მარკენტინგული დახმარება და ფინანსური შეღავათები კრედიტით მოსარგებლე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, ხდება პირიქით - საკრედიტო პოლიტიკის დრაკონული გამკაცრება, წართმეული ბიზნესისა და ჩამორთმეული ქონებების ჩათვლით); გ) მიზერული შენატანები ბიუჯეტში და რაც ყველაზე მთავარია; დ) კომერციული ბანკებს, ძირითადი ოპერაციების საწარმოებლად, უნდა ჰქონდეთ საკუთარი სახსრები ან მოიზიდოს (ისესხოს) უცხოური ვალუტა (საზღვარგარეთ უამრავი თავისუფალი და იაფი ფულია), გადაცვალოს ადგილობრივზე და განახორციელოს საქმიანობა. ამით უცხოურ ვალუტას მოვიზიდავთ და პირიქით შევავსებთ შიდა ბაზარს. სინამდვილეში ესენი (ბანკები) მიმჯდრები არიან ეროვნული ბანკის საცავებს და ბლუმბერგის გაუმჭვირვალე, ფარული პლატფორმის მეშვეობით ხდება ასეულობით მილიონი ლარის მიმოქცევაში გაშვება, არ არის გამორიცხული უცხოურ ვალუტაზე გადახურდავების და საზღვარგარეთ გატანის მიზნით. გარკვეული ვადის შემდეგ, აღნიშნული ლარები თავის სარგებლით უკან ბრუნდება, ოღონდ ნომინალური მნიშვნელობით, რეალურად - დევალვირებული. აქ ლარი ლამის გეომეტრიული სიზუსტით იმეორებს იმ გზას, რაც კუპონმა გაიარა, როდესაც სესხები გაიცემოდა პარლამენტართა და ბობოლა ჩინოვნიკების რეკომენდაციით, მათი გვარების, ფაქსიმელიების და ხელმოწერების ქაღალდის ნაგლეჯებზე წარდგენით. აღნიშნული ბუნდოვანი მექანიზმის გამო ასევე გაურკვეველია, სახელისუფლებო ჩინოვნიკებთან დაკავშირებული ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ხდება ეს მერკანტილური მიზნებით, თუ ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ძალების გავლენის ქვეშ მყოფი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით. მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქაც ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც ვერ შექმნა შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმები, რითაც ქვეყნის სტაბილურობას უთხრის ძირს.

5) აქედან გამომდინარე, თავისი არსებული ფუნქციებით, საერთოდ გაუგებარია თუ რა წარმონაქმნია ეროვნული ბანკი, რომლის შენახვა, განსაკუთრებით მისი მმართველი ჩინოვნიკების, ქვეყანას საკმაო მსუყე თანხები უჯდება. ის თავისი საქმიანობით თუ უმოქმედობით იქცა კომერციული სუბიექტებისათვის ლარის მიწოდების უზრუნველ წყაროდ და ისევე როგორც თავის დროზე კუპონი, ლარიც სასპეკულანტო ვალუტად აქცია. არადა, არავითარი დიდი გენიოსობა არ ჭირდება იმას, რომ დადგინდეს მოქნილი რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ვადაში და მოცულობაში აწონასწორებდეს და ეკვივალენტურს ხდიდეს სესხად გაცემული ლარის მოცულობებს უცხოური ვალუტასთან მიმართებაში. ან/და როგორც კომერციული ბანკები იქცევიან, ეროვნულმა ბანკმაც კომერციულ ბანკებთან ანგარიშსწორებისას ლარის კურსი „მიაბას“ მყარ ვალუტას, დოლარს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გამართული მექანიზმის შექმნა ხელისუფლებაში მყოფი პირების პრეროგატივაა, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილ ქაოსში, ალბათ, ისევე ითბობენ ხელს, როგორც მათი უცხოელი პროტეჟეები, რომლებიც აღნიშნულ ბანკებს და სისტემას სხვადასხვა გურჯ-სიგელებით და რეიტინგებით აჯილდოებენ, ხოლო მათი პოლიტიკის გამტარებელ ერთგულ სახელმწიფო ჩინოვნიკებს - მათ მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების სხვადასხვა ფილიალებსა და განყოფილებებში თბილ ადგილებზე მოწყობით.

და ბოლოს მინდა ბოდიში მოვიხადო აგრესიული ტონისათვის, მაგრამ ძნელია ფულის კეთების ისეთ სქემებზე ისაუბრო, რომელიც ქვეყანას და მოსახლეობის დიდ ნაწილს აღატაკებს, მაშინ როცა ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს მიმართული ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისაკენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს