წერილი ბატონ ბიძინას, ანუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას - კვირის პალიტრა

წერილი ბატონ ბიძინას, ანუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას

წერილი ბატონ ბიძინას, ანუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას

სიმართლე გითხრათ დიდი ხანია ვაპირებდი თქვენთვის წერილის მოწერას, მაგრამ ხან რა მიშლიდა ხელს, ხან რა - ხან მოუცლელობა, ხან სხვის საქმეში ჩაურევლობა, ხან ჩემი საქციელით ხელი არ შემეშალა თქვენთვის. მაგრამ თქვენი ინტერვიუს შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე შემოგხმიანებოდით. თან, როგორც აღმოჩნდა, ეს თქვენი საქმე სულაც არ გეხებათ მარტო თქვენ, ჩვენაც საკმაოდ გვაჯანჯღარებს და გვაფართხალებს.

პირველი, რამაც თქვენი ინტერვიუდან გამაოცა იყო ის, რომ დაპირებული პროპორციული სისტემის არ შემოღებასთან დაკავშირებით გამოიყენეთ სიტყვა ხელშეკრულება - სიტყვიერად დავპირდი, ხელშეკრულება ხომ არ გამიფორმებიაო?

თქვენ პარტიის თავმჯდომარე ბრძანდებით და შესაბამისად, პოლიტიკოსიც. პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ სიტყვას დაეჯერებოდეს. მართალია, პოლიტიკოსების ყველა დანაპირები არ სრულდება, მაგრამ ამომრჩეველი ხედავს მის აქტიურობას დაპირებულის შესრულების მიმართულებით და თუ მცდელობა გულწრფელია, ლამის შესრულებულად უთვლის. ხოლო თუ მცდელობა არაგულწრფელია...

რომაულ მითოლოგიაში არსებობს ღმერთი იანუსი - სამხედრო წამოწყებათა მფარველი, რომელიც ყოვლისშემძლე სატურნმა წარსულისა და მომავლის ნათელხილვის ნიჭით დააჯილდოვა. სწორედ ამ ორმაგი უნარის გამო იანუსს გამოსახავენ ორი - მომავლისკენ მიმართული ახალგაზრდა და უკან, წარსულის სიღრმეში მომზირალი ხნიერი - სახით. შემდგომ, ისევე, როგორც ლეგენდების სხვა მრავალი გმირი, იანუსი თავად იქცა საწყისისა და სასრულის ორსახოვან ღმერთად, რომლის ტაძრის კარიც მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ იღებოდა, მშვიდობიან დროს კი მჭიდროდ იყო მიხურული. ბევრმა არ იცის ღმერთი იანუსის ისტორია, თუმცა როცა ვინმეს ორსახოვან იანუსად ვნათლავთ, ამით მივანიშნებთ, რომ ის არაგულწრფელი ადამიანია, რომლის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება.

მეორე, პროპორციულ სისტემაზე უარის თქმით "ოცნებამ" აჩვენა არჩევნებში დამარცხების შიში, რამაც თვით "ოცნების" მომხრეებიც შეაშფოთა. არადა, ნაციონალებს მოსახლეობაში იმდენად ნეგატიური რესურსი აქვთ, რომ რა სისტემით და სადაც არ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, ოცნება ყოველთვის მოუგებს მათ. ეს დაადასტურა 2012 წლის არჩევნებმა, როდესაც ხალხმა უარი უთხრა სააკაშვილს და მის "ნაციონალურ მოძრაობას".

როგორ ფიქრობთ, რატომ უთხრა ქართველმა ამომრჩეველმა უარი სააკაშვილს და მის "ნაციონალურ მოძრაობას" თავის დროზე? განა იმიტომ, რომ გვარი სააკაშვილი ან ნაციონალური დასახელება არ მოსწონს? არა, საქმე აქ შემდეგშია - ამ რამდენიმე ხნის წინ რუდოლფ ლანგზე ერთ ნიჭიერ პოსტს წავაწყდი, რომლის შინაარსი თითქმის ერთი-ერთზე იმეორებს დღევანდელ ყოფას. განუვითარებელ ქვეყნებში და მათ შორის პოსტსაბჭოურშიც, დაბალია მოსახლეობის დემოკრატიული განათლების და პოლიტიკური კულტურის დონე, რის გამოც ხშირად ვღებულობთ ერთპარტიულ მმართველობას, სადაც ძალაუფლება ერთი კაცის ან კლანის ხელშია და საზოგადოებრივ კონტროლს არ ექვემდებარება. არა იდეის გამო, არამედ გაჭირვებისა და ეკონომიკური პრობლემებისაგან თავის დაღწევის მიზნით ბევრი მმართველ პარტიაში ერთიანდება. უმრავლესობა, მსგავსი მენტალიტეტის მქონე ადამიანებისა, როგორც წესი, არიან მშიშარა კომფორმისტები, რომლებსაც პარტიულობა სჭირდებათ ნიღბად საკუთარი ცხოვრების კომფორტულად მოწყობისათვის. ხოლო რაც მათ ინტერესებში არ შედის ასეთ პირმეტყველ ცხოველებს სულ ცალ ფეხსაცმელზე ჰკიდიათ. ნებისმიერი ანტიხალხური რეჟიმის მმართველობის დროს, წვრილფეხა კადრები უფროსის ბრძანებას კეთილსინდისიერად, ყოველგვარი დაფიქრება-განსჯის გარეშე ასრულებდნენ. ვინაიდან ეს ბრძანება თავისი არსით არა მხოლოდ ზნეობას იყო მოკლებული, არამედ დანაშაულებრივიც გახლდათ, ამიტომ ბრძანებელიც და შემსრულებელიც - ორივე თანაბრად არის პოლიტიკური და სამხედრო დამნაშავე. მათი ქმედება არ იყო მათთვის ნიშანდობლივი ბოროტებით განპირობებული, არამედ - უფროსისადმი ერთგულებით, ბრძანებლისადმი ბრმა მორჩილებით. მათ აზრადაც არ მოსვლიათ გაერკვიათ სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა რა იყო დაფარული და იქცეოდნენ ისე, როგორც მოვალეობის კეთილსინდისიერი შემსრულებელი: იღებდნენ დავალებას ადამიანთა მასიურ გაჟლეტაზე და უნაკლოდ ასრულებდნენ მას. სწორედ ამასი მდგომარეობს ბრძანების გაუანალიზებლად შესრულების შემზარაობა.

აი, დაახლოებით ამგვარი შინაარსის მატარებელი იყო სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა". დღეს ქვეყნის ნაძარცვი ფულით გამდიდრებული სააკაშვილი, რომელიც ინახავს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, აიძულებს მათ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ და ლამის რევოლუცია და სისხლისღვრა მოაწყონ ქვეყანაში, ოღონდ კი მათი ბელადი ხელისუფლებაში დააბრუნონ. მათთვის ცივილური, პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლის გზა არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიშა მათ დაფინანსებას გადაუკეტავს და დამთავრდა კონცერტი. სწორედ, ამიტომ იბრძვიან ასე გააფთრებით.

სამწუხაროდ, "ოცნების" ხელისუფლება ლამის ერთი-ერთზე იმეორებს მისი წინამორბედების პოლიტიკურ შეცდომებს, ოპონენტებთან ერთად საკუთარ მომხრეებსაც კარგავს და ქვეყანას მორიგი დაპირისპირებისაკენ მიაქანებს. ერთ-ერთი ამის დადასტურება პროპორციულ სისტემაზე უარი თქმაა. როგორც ბოლო არჩევნებმა აჩვენა, პროპორციული სისტემით "ოცნებას" ხმას უჭერს ამომრჩეველთა 30-40 პროცენტი, ნაციონალებს - 15-25 %, დანარჩენი ხმები, სავარაუდოდ, განაწილდება შემდეგ პარტიებზე - "პატრიოტთა ალიანსზე", ლეიბორისტებზე, ბურჯანაძის, კუკავას, უსუფაშვილის და ა.შ. ამ განლაგებით "ოცნება" იგებს არჩევნებს, მაგრამ იგებს უბრალო უპირატესობით და არა საპარლამენტო უმრავლესობით, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ბევრი პრივილეგიების დაკარგვას თანამდებობრივი ერთპიროვნული დანიშვნების თუ ფინანსური და ქონებრივი რესურსების განკარგვის კუთხით, ხოლო თუ რა არმაგედონი მოყვება მმართველი პარტიისათვის ნეიტრალური პროკურორის დანიშვნას და ნეიტრალური მოსამართლის არჩევას, რამდენ კორუფციულ გარიგებას მოეღება ბოლო, ეს ცალკე თემაა.

მაგალითისათვის რამდენიმე ციფრს მოვიყვანთ. სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც 14-ლარიანი პენსიის გაცემა ჭირდა, ქვეყნიდან ოცდაათ მილიარდ დოლარზე მეტია გასული, დაახლოებით მაგის ნახევარს ედავებიან მიშას (წარმოიდგინეთ რა მდიდარი ქვეყანა გვქონია და სად ვიქნებოდით ახლა, რომ არა ეს ხაზინის ქურდები და კორუფციონერები?). დღევანდელი მაჟორიტარების და მთავრობის შეფასებას მომდევნო ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შევიტყობთ. მაგრამ ეს უკვე საშიში არაა დღევანდელი მმართველი ძალისათვის, რამეთუ ჭამა იმ ხელისუფლებასაც დაჭირდება და რომელიმე მთავრობა იტყვის უარს კოჰაბიტაციაზე და ქვეყნის ძარცვის აწყობილ მექანიზმზე? ხელის შეშლა ნეიტრალურ საგამოძიებო სისტემას და თავისუფალ სასამართლოს შეუძლია, რომლის დამკვიდრება ქვეყანაში ერთმართველობისაგან თავისუფალ, მრავალპარტიულ პარლამენტს შეუძლია. სწორედ ეს არის ის ძირითადი მიზეზი თუ რატომ არ უნდა მმართველ პარტიას და მის მაჟორიტარებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

ამის წინ მოვისმინე პატივცემული მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინსინუაციები მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. ბატონი დიმიტრი უხვად გვმოძღვრავდა იმის შესახებ, რომ მაჟორიტარული სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის შეერთებულ შტატებშიო. ვიცით, ბატონო დიმიტრი. ისიც ვიცით, რომ განვითარებულ ქვეყნებში და ამერიკაში ამომრჩეველთა უფლებების და ინტერესების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტები არსებობს. მხოლოდ საქართველოში შეიძლება ჩინოვნიკების მცირე ჯგუფმა გადაწყვიტოს, ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გვირჩევნია თუ პროპორციული; მხოლოდ ჩინოვნიკებს შეუძლია გადაწყვიტონ, თუ როგორი სისტემით შერჩეული მოსამართლე გვინდა; მხოლოდ საქართველოში შეუძლია ქალაქის მერს გადაწყვიტოს ქალაქში რა ფერის ტაქსებმა უნდა იაროს და საერთოდაც შეუძლია ან ფარშევანგის ფერებით, ანაც საავადმყოფოს ფერებით გადაღებოს ქალაქი. ამის გადასაწყვეტად და განსახორციელებლად ამ ჩინოვნიკებს ხალხის და ამომრჩევლის აზრი არ აინტერესებს, არც რეფერენდუმის, არც პლებისციტის თუ ამომრჩეველთა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინების სხვა დემოკრატიული მექანიზმების გამოვლენით.

განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლება სპეციალურად სწავლობს საზოგადოების აზრს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხალხის შეხედულებებს ეყრდნობოდეს და არაპოპულარული არ იყოს, ხოლო რეფერენდუმები და პლებისციტები საზოგადოებისა და ხელისუფლების დემოკრატიული თანაარსებობის მნიშვნელოვანი პრინციპია კანონმდებლობით განმტკიცებული. შევადაროთ ახლა ამას საქართველოს ყოფიერება. ქართველი ჩინოვნიკი მით უფრო შეიგრძნობს ძალაუფლების ხიბლს და საკუთარი თავის სრულყოფილებას, რაც უფრო ფეხებზე დაიკიდებს მოსახლეობის და საზოგადოების აზრს.

ახლა უშუალოდ იმაზე, თუ რატომ განიცადა დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განუყოფელმა ატრიბუტმა - მაჟორიტარულმა საარჩევნო სისტემამ. სრულყოფილი საარჩევნო კომპანიის სრულყოფილად ჩასატარებლად დიდძალი ფულია საჭირო, რაც ამ დაქცეულ ქვეყანაში წარმოუდგენელი ფუფუნებაა. შესაბამისად, დეპუტატი რომ გახდე, ან შევარდნაძის კლანის წევრი უნდა იყო ან მიშასი, ან "ოცნებას" უნდა დაუახლოვდე. რომ არა "ოცნებასთან" კავშირები, თუ რას წარმოადგენდა დიმიტრი ხუნდაძე, როგორ პიროვნება, ოჯახის წევრებმა და მეტ-ნაკლებად სანაცნობო წრემ თუ იცოდა. გარდა ამისა, როდესაც სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითები მოყავს ბატონ დიმიტრის, ისიც უნდა იცოდეს, ამომრჩეველთან დეპუტატის როგორი ანგარიშგების სისტემაა ამ ქვეყნებში. შეუძლია ბატონ დიმიტრის თქვას ბოლოს ორგანიზებულად როდის შეხვდა ამომრჩევლებს? პროტოკოლურად თუ აქვს გაფორმებული, თორემ სუფრაზე უამრავი შეხვედრა ექნება თანამეინახებთან. ან ამომრჩეველის რამდენი საკითხი დააყენა განსახილველად პარლამენტში თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებში? ან რამდენ ამომრჩეველს უპასუხა წერილობით ან ტელეფონ-ინტერნეტით? რომ არა "ოცნების" წევრობა და კიდევ გაუმართავი, უპასუხისმგებლო სამართლებრივი სისტემა, პატივცემული პარლამენტარის სადეპუტატო აქტიურობა ალბათ ერთ საანგარიშო პერიოდსაც ვერ გასწვდებოდა და ამომრჩეველთა იმპიჩმენტი გარანტირებული ექნებოდა. ამის კიდევ სახელი და გვარი ვიცით და საზოგადოების ნაწილი სახითაც ცნობს. არიან დეპუტატები, რომელთა სახელი და გვარიც არ იციან ამომრჩევლებმა და მათი სადეპუტატო აქტიურობა ნულია. რა, ტყუილად სხედან ისინი პარლამენტში? ნურას უკაცრავად. საზოგადოებისთვისაა მათი აქტიურობა ნულის ტოლი, თორემ საკუთარი შემოსავლის წყაროებისათვის მნიშვნელოვან ლობირებას ეწევიან. ბოროტი ენები ამბობენ, რომ ეს სფეროებია ძირითადად სამშენებლო ბიზნესი (ამიტომაცაა ალბათ თბილისი ბეტონის უსახურ გროვას რომ დაემსგავსა), იმპორტი (საბაჟოზე იმის სიაც კი აქვს, რომელი დეპუტატი რომელი პროდუქციის შემოტანას ლობირებს, ალბათ რომ არ აერიოთ) და ა.შ.

ასე რომ, როცა თავისუფალ საარჩევნო სისტემაზე და დემოკრატიაზე გვაქვს საუბარი უნდა ვიცოდეთ, რომ ის სულ სხვა რამ არის, ვიდრე დღევანდელი საქართველოს ნახევრად ფეოდალური, ნახევრად ბატონყმური სამართალი და სამართლებრივი სისტემა. და ამასთანავე, ვერც ერთი პოლიცია, ჯარი და სპეცსამსახურები ისე ვერ კრავს და განამტკიცებს ქვეყანას, როგორც სამართალი და თანაარსებობის სამართლებრივი სისტემა.

ისე ჩემი ნება რომ იყოს, პროპორციულ სისტემას და ნულოვან ბარიერს 2016 წლის არჩევნების შედეგებით არსებულ პარლამენტზე დაუყოვნებლივ გავავრცელებდი. მართალია, "ოცნების" და "ნაციონალების კვოტები" 20-30 კაცით შემცირდებოდა, სამაგიეროდ პარლამენტში წარმოჩინდებოდნენ ლეიბორისტები, ბურჯანაძის, კუკავას, ალასანიას პარტია, უსუფაშვილიც და კაკო ასათიანიც. ეს იქნებოდა ნამდვილი დემოკრატიის ოაზისი. ქვეყანაც დაისვენებდა ამ გაუთავებელი აქციებით, პოლიტიკური დისკუსიები გადაინაცვლებდა პარლამენტში და "ნაციონალები" თავის რადიკალურ იდეებთან მარტო დარჩებოდნენ, მაგრამ არა მგონია "ოცნება" ამაზე წავიდეს. არადა, სამწუხაროა, რადგან საპროტესტო გენეზისი შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. თავისი მმართველობის ბოლო მომენტში გამსახურდიაც, ედუარდიც და მიშაც მზად იყვნენ გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ, მაგრამ გონივრული კომპრომისის საზღვრები უკვე მორღვეული იყო და ჰაერში დენთის სული ტრიალებდა, რომელიც პირველ შემთხვევაში სამოქალაქო ომით დამთავრდა და ქვეყანა საუკუნეებით გადავარდა უკან სიბნელის, სიცივის და შიმშილის ეპოქაში.

კიდევ უამრავი საკამათო და სადისკუსიო არის თქვენს ინტერვიუში, მაგრამ ჯობს მათ ქექვას თავი დავანებოთ და ძირითადს შევეხოთ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს მიმართ ამომრჩევლის ნდობა ჯერ კიდევ საკმარისია. თან წინამორბედისგან განსხვავებით თქვენ ცდილობთ არაძალადობრივი მეთოდებით მართოთ ქვეყანა და იმის იმედიც გვაქვს, რომ თქვენ ხალხი უფრო გიყვართ, ვიდრე ძალაუფლება და რომ დარჩენილ ძალაუფლებას ისევ ხალხის ზრუნვას მოახმართ. ძირითადი კი არის რაც თქვენ ბოლოში გაკვრით ახსენეთ - ეკონომიკური განუვითარებლობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა. თუმცა, ამ ეტაპზე არც თქვენი და არც მკითხველის ყურადღებას არ გადავღლი და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ეკონომიკური აღმავლობის გზებზე, მომდევნო წერილში შემოგთავაზებთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს