წერილი ბატონ ბიძინას, ანუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას (ნაწილი II)
20-01-2020
წერილი ბატონ ბიძინას, ანუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას (ნაწილი II)

მაშ ასე, სანამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ეკონომიკური აღმავლობის გზებზე ვისაუბრებთ, მანამ ერთ თემას შევეხები, რომელიც თქვენ და სამეურნეო განათლების მკითხველმა შესანიშნავად იცის, მაგრამ ვინაიდან ჩვენი წერილი ფართო აუდიტორიისათვისაც არის განკუთვნილი და მინდა, მათაც გაიცნობიერონ ის გველეშაპი, რაც ჩვენ განვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას აფერხებს.

მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოსა და ევროპული განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის უზარმაზარი განსხვავება გამოწვეულია მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობით. შარშანდელი მონაცემებით საშუალო გერმანელის წლიური
შემოსავალი 50 000 დოლარზე მეტია, საშუალო ქართველის წლიური შემოსავალი - 4 000 დოლარის ფარგლებში. მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებს უფრო მეტი ტელევიზორი, ავტომობილი, უკეთესი კვება და სამედიცინო მომსახურება, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა აქვს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებს. ამას ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგორ მენქიუ ამბობს. ის კიდევ ამბობს, რომ
ქვეყნებს შორის ცხოვრების დონეების სხვაობა გამოწვეულია მწარმოებლურობის უნარებს შორის სხვაობით.

იმ ქვეყნებში, სადაც იწარმოება საქონლისა და მომსახურების დიდი რაოდენობა, ადამიანთა ცხოვრების დონე უფრო მაღალია; ქვეყნაში, სადაც შრომა ნაკლებად მწარმოებლურია, ხალხი იძულებულია ღარიბულად იცხოვროს. ამას დავამატებ, რომ ქვეყანაში სადაც მასიური უმუშევრობაა, ხალხი სიღატაკეში და გაჭირვებაში ცხოვრობს.

მეტი სიცხადისათვის კიდევ ერთს დავამატებ - არსებობს ისტორია, რომლის მიხედვით უილიამ პიტ-უფროსმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა 1766-1768 წლებში, როგორც კი გაიგო რომ ამერიკელი კოლონისტები აპირებდნენ მეწარმეობის განვითარებას, განაცხადა, რომ ისინი ისეთ პირობებში უნდა მოვაქციოთ რომ ცხენის ნალის ლურსმნების წარმოებაც ვერ შეეძლონო. უილიამ პიტმა იცოდა, რომ წარმოების და მეწარმეობის განვითარებით ამერიკა განვითარებულ და ძლიერ ქვეყნად იქცეოდა და შესაბამისად, ინგლისზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული. ეს იცოდა ჰამილტონმაც, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ამერიკა დაერწმუნებინა წარმოების, მრეწველობის და მეწარმეობის განვითარებაში. თუ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს გადავხედავთ დავრწმუნდებით, რომ ყველა ქვეყნის აღმავლობა დაკავშირებულია მეწარმეობის განვითარების რეფორმებთან. ინგლისი თავის ეკონომიურ სიძლიერეს უნდა უმადლოდეს ტიუდორთა დინასტიის მიერ საფეიქრო მრეწველობის მფარველობის სახელმწიფო დონეზე აყვანით.

გერმანია თავის ეკონომიკურ სიძლიერეს ბისმარკის რეფორმებს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ყველანაირად გაუხსნა გზა ქვეყნის სამრეწველო განვითარებას. იაპონიის ეკონომიკური სასწაული და ტექნიკური პროგრესი, იაპონელ მმართველთა სიბრძნეს ეყრდნობოდა, რომლებიც ცდილობდნენ მსოფლიოში საუკეთესო აღმოჩენები, გამოგონებები, ნიმუშები გადაეღოთ და იაპონიაში დაემკვიდრებიათ, ისევე როგორც შემდგომ ამას ცდილობდნე სამხრეთ კორეელები, ჰონკონგელები, სინგაპურლები... და ამ გზამ უზრუნველყო მათი ეკონომიკური სიძლიერე და მოსახლეობის კეთილდღეობა.

რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში?
ერთი მაგალითი მახსენდება, რომელიც მეწარმეობის განვითარებასთან თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივ მიდგომებს ნათლად ახასიათებს. 90-იანი წლების დასაწყისში (მაშინ საკავშირო დაქვემდებარების ერთ-ერთ ელექტროტექნიკურ ქარხანაში ვმუშაობდი), მოსკოვში მივლინებისას გამაცნეს ჰონკონგელი ბიზნესმენები, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენს ქარხანასთან ერთობლივი წარმოების შექმნა შევთავაზე. სიხარულით დამთანხმდნენ და რამდენიმე დღეში საქართველოში გვეწვივნენ. ჩვენი მხრიდან, ქარხნის ხელმძღვანელობამ და მათ, შევადგინეთ განზრახულობათა ოქმი, რომლის მიხედვით ჩვენ გამოვყოფდით ერთობლივი წარმოებისათვის საწარმოო ფართს და მუშახელს, ისინი გამოყოფდნენ მოწყობილობას (ჩარხ-დანადგარებს) და გადაგვიმზადებდნენ მუშახელს. ასევე საწყის ეტაპზე მოავლენდნენ სპეციალისტებს და შეგვასწავლიდნენ აღნიშნულ საქმეს. საქმე შეეხებოდა მცირე ზომის ტელევიზორების და ვიდეომაგნიტოფონების აწყობას, შემდგომში სხვადასხვა ელექტრო-ტექნიკური საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩვენთან წარმოებას, როგორიცაა მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები და ა.შ. თავიდან კომპლექტაციას და მარაგ ნაწილებს თვითონ მოგვაწვდიდნენ, ჩვენ მხოლოდ უნდა აგვეწყო, ანუ ამას "ატვიორტკული" ტექნოლოგია ეწოდება, შემდგომში გარკვეული დეტალების და კვანძების ადგილზე წარმოების პერსპექტივით.

საერთო ჯამში, ამ წარმოების ამოქმედებით უნდა დასაქმებულიყო 600-700 ადამიანი 15-20 მილიონი წლიური სასაქონლო პროდუქციის წარმოებით. ამ იდეებით აღტკინებული ვეცით სამთავრობო ჩინოსნებს, საქმის კურსში ჩავაყენეთ და გარკვეულ საკითხებში დახმარება ვთხოვეთ. მივიღე რა მათი დახმარების პირობა, მოსკოვში გავქანდით ჰონკონგელებთან შემდგომი ეტაპების შესათანხმებლად. როდესაც ჩვენმა რუსმა პარტნიორებმა გაიგეს ეს ამბავი, სიცილით მოკვდნენ - რა თქვენი საქმეა თანამედროვე ტექნოლოგიები, თქვენ თქვენი ტრადიციული დოქები და ჭურები დაამზადეთ, უფრო მარტივია - დიდ გონებრივ მონაცემებს არ მოითხოვსო. ერთ-ერთი ასეთი დისკუსიის შემდეგ მე მათ წარვუდგინე საბჭოთა ენციკლოპედიის (მსოფლიო ენციკლოპედიის ნაწილის) თუ არ ვცდები, მეორე ტომი, სადაც წერია, რომ რკინა - მენდელეევის პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მერვე ჯგუფის გვერდითი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია - 26. აღინიშნება სიმბოლოთი Fe (ლათ. Ferrum). ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედამიწის ქერქში (მეორე ადგილზეა ალუმინის შემდეგ). იქვე წერია, რომ "უძველეს დროში რკინის ნაკეთობების ოსტატებად ითვლებოდნენ კოლხური (ქართველური) ტომები ხალიბები, რომლებსაც ჰეროდოტე (ისტორია 1:28) ჩამოთვლის მცირე აზიის ელინურ ტომებში, რომლებიც ლიდიის მეფეს კრეზეს ექვემდებარებოდნენ. ხალიბები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ, მათ შორის მდინარე გალისის შესართავში (თანამედროვე ქ. სამსუნი თურქეთი), და მათი სახელიდან მოდის სახელწოდება ბერძ. Χάλυβας — «ფოლადი».

არგონავტების მითში (რომელებმაც იმოგზაურეს 50 წლით ადრე ტროას ომამდე) მოთხრობილია, რომ კოლხეთის მეფემ აიეტმა იასონს მისცა რკინის გუთანი რათა მოეხნა არესის მიწა, და აღწერილია მისი ქვეშევრდომები ხალიბები.
ვიკიციტატა:
"ისინი არ ხნავენ მიწას, არ რგავენ ნაყოფმსხმოიარე ხეებს, არ მწყემსავენ ფარებს მდელოებზე; ისინი მოიპოვებენ მადანსა და რკინას დაუმუშავებელი მიწისაგან და ცვლიან საკვებზე. მათი დღე იწყება მძიმე შრომაში, ღამის წყვდიადში და სქელ კვამლში ატარებენ მთელ დღეს შრომაში... "

არისტოტელემ აღწერა მათი ფოლადის მიღების ხერხი: ხალიბები რამდენიმეჯერ გამორეცხავდნენ მათი ქვეყნის მდინარის ქვიშას - ალბათ, ამ ხერხით (ახლა ამას უწოდებენ ფლოტაციას) ისინი გამოყოფდნენ მადნის მძიმე რკინის შემცველ ფრაქციას, ამატებდნენ რაღაც ცეცხლგამძლე ნივთიერებას, და ადნობდნენ ღუმელში; ამ სახით მიღებული ლითონი იყო მოვერცხლისფრო და უჟანგავი.

ფოლადის გამოსადნობ ნედლეულად გამოიყენებოდა მაგნეტიტური ქვიშა, რომელიც ხშირად გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე (ახლაც გავრცელებულია ქ.ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზეც მალთაყვაში სოფ. მაგნეტიტი, გრიგოლეთი, ნატანები და სხვა): ეს მაგნეტიტური ქვიშა შედგება მაგნეტიტის, ტიტან-მაგნეტიტის ან ილმენიტის წვრილი მარცვლების და სხვა ქანების ნამსხვრევების ნარევისაგან, ასე რომ ხალიბების მიერ გამოდნობილი ფოლადი ლეგირებული იყო, ჰქონდა ბრწყინვალე თვისებები.

რკინის მიღების ასეთი თავისებური ხერხი იმაზე მეტყველებს რომ, ხალიბებმა მხოლოდ გაავრცელეს რკინა როგორც ტექნოლოგიური მასალა, მაგრამ მათი მეთოდი არ შეიძლებოდა საყოველთაოდ გამოეყენებინათ რკინის ნაკეთობების საწარმოებლად. მაგრამ ხალიბების წარმოებამ დიდი ბიძგი მისცა რკინის მეტალურგიის შემდგომ განვითარებას.

და იმისათვის, რომ ქართველი ერის ნიჭიერება და გენიალობა შემეხსენებინა რუსებისათვის, იმასაც ვამატებდი, რომ ეს ხდებოდა ქრისტეს დაბადებამდე, ანუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 15-20 საუკუნით ადრე, რომ ამასთანავე, ბექა და ბეშქენ ოპიზრები, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფლობდნენ ჭედური ხელოვნების განსაცვიფრებელ ნიმუშებს, რომ ევროპამდე 4-5 საუკუნით ადრე, VII-VIII საუკუნეებში, ქართველი ოსტატები ფლობდნენ ტიხრული მინანქრის წარმოების საიდუმლოებებს, რომ მანუფაქტურულ წარმოებას, რომელმაც დასაბამი მისცა კაპიტალიზმის ეპოქას ინგლისში, საფუძველი რამდენი საუკუნით ადრე თბილისურ ამქრებში ჩაეყარა, სადაც ხმლისმკვეთელ დავითფერულებს ქმნიდნენ, რომ ევროპული რენესანსი, რამდენიმე საუკუნით ადრე უკვდავი ვეფხისტყაოსნით დაიწყო, ისევე როგორც ევროპული პარლამენტარიზმამდე არსებობდა გიორგი მესამის დარბაზი, რომელიც ბერძნულ-რომაული დემოკრატიის გამოძახილი იყო და საქართველოში გელათისა და იყალთოს აკადემიებში ისწავლებოდა.
ამას დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ამ ლეგენდარული ტომის უბადრუკი ნაშთები (შთამომავლები) გახლავართ, რომელთაც უბრალო "ტრუსიკ-მაიკაც" ვერ შეუკერია და თურქეთიდან თუ არ შემოვიტანეთ, უნიფხოდაც დავრჩებოდით.

აქ უკვე ისმის მრავლისმეტყველი, უნივერსალური კითხვა - რატომ?
ამ კითხვაზე პასუხს ოდნავ ქვემოთ ვნახავთ თუ ისევ ჰონკონგელებთან კოოპერირების თემას გავაგრძელებთ. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი მოსკოვის მივლინებიდან და რაოდენ იყო ჩემი გაკვირვება, როდესაც საწარმო გაყიდული დამხვდა, თუ არ ვცდები, 2 მილიონად, ანუ გალესვის ფასად, რამეთუ მარტო ძირითადი ფონდების ღირებულება შეადგენდა 20-30 ჯერ მეტს. ყველაზე მეტად დამწყვითა გული უნიკალური იმპორტული თერმო-პლასტ ავტომატებისა და პროგრამული მართვის ჩარხების ჯართად დაშლამ და რომლებშიც, თავის დროზე, ნახევარ მილიონ დოლარამდე იყო თითოში გადახდილი.

რა იყო ეს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტის უცოდინრობაზე დაფუძნებული უგულვებელყოფა, თუ უბრალო სიხარბე?
ალბათ ორივე ერთად. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ არათუ ქარხანა-ფაბრიკები გაპარტახდა და განიძარცვა, არამედ მთლიანად მატერიალური წარმოების დარგები გაქრა ჩვენს ქვეყანაში.

ერთი ისტორიაც მახსენდება ადრე წაკითხული. ინგლისის დედოფალი ერთ-ერთ ლორდს სტუმრობდა თურმე. გამასპინძლების დროს ლორდს დედოფლისათვის ფრანგული ქათმის კერძი მიურთმევია და ამით თავი მოუწონებია, რაზეც ინგლისის დედოფლის რეაქცია საპირისპირო ყოფილა - ამხელა იმპერიის პატრონი ფრანგულ ქათამს რატომ უნდა ვჭამდეო და იქვე დაუვალებია გამოეყვანათ და შეექმნათ ინგლისური ჯიშის უკეთესი ქათმები.

ამას სხვანაირად ეროვნული ღირსება, თავმოყვარეობა და პრესტიჟი ჰქვია, რაც საქართველოში არსებულ არც ერთ მთავრობას და ხელისუფლებას საკმარისი რაოდენობით არ გააჩნდა.

უამრავი წერილი მაქვს მიწერილი თავის დროზე შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებისათვის. ვთავაზობდით ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის სხვადასხვა გზებს. გარდა ამისა, საგაზეთო არქივებში ინახება უამრავი ჩვენი სასიქადული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ნააზრევი და წერილები, თითქმის გამზადებული რეცეპტები, რომლებიც ეხებოდა და ეხება ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის, ენერგეტიკული, სოფლის მეურნეობის პრობლემების გადაჭრის გზებს. მათი ნაწილის გამოყენებაც კი უზრუნველყოფდა ქვეყნის არსებით წინსვლას. ლამის არცერთი არ იქნა გაზიარებული და ხდებოდა მათი ტოტალური უგულვებელყოფა. სამაგიეროდ "მოქკავშირის" და "ნაცმოძრაობის" ეპოქის სახეებად იქცნენ და ტელევიზიის ეკრანებიდან თუ სხვა მედიასაშუალებებით სისტემატურად გვმოძღვრავდნენ და ჭკუას გვასწავლიდნენ მამალაძეები და ბოკერიები, გაბაშვილები და თარგამაძეები და ძმანი მისნი, რომელთა სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირში იყო სახელმწოფო ბეღლის სიახლოვესთან. სამწუხაროდ, დღესაც გვყავს ასეთი მედროვეები, რომელთა ინტელექტუალური დონე პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ყოფიერების დონესთან.

მივდივართ იქამდე, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ფერხდება არის ის, რომ უგულვებელყოფილია მთავრობისა და სახელმწიფოს როლი მრეწველობის და მეწარმეობის დაჩქარებული განვითარების საქმეში, რომელიც ლამის მარტო კენკროვანი კულტურებისა და მარწყვი-მაყვალის მოშენების ნაწილობრივი დაფინანსებითაა შემოფარგლული, მაშინ როდესაც ჰამილტონმა ამერიკის "ჩვილი" მრეწველობის დასაფინანსებლად და საბანკო მევახშეებისგან დასაცავად ამერიკის ბანკი შექმნა. ამას ემატება ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი ორგანიზაციების მოწოდებანი, რომ სახელმწიფო და მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და მხოლოდ კანონების მიღებით უნდა შემოიფარგლონო. ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და სხვა მოწინავე სახელმწიფოები მილიარდობით ბიუჯეტურ ფულს ხარჯავენ ტექნოლოგიური მიღწევებით საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის გასამდიდრებლად. ჯერ მარტო პროტექციონისტული, საბაჟო ტარიფებით ბრძოლამ რამხელა მასშტაბებს მიაღწია ჩინეთსა და ამერიკას შორის, ან იგივე ამერიკასა და ევროკავშირს შორის. ამ დროს ჩვენ გვიკიჟინებენ სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩაურევლობასა და მთავრობის პასუხისმგებლობის აცილებაში. რჩება შთაბეჭდილება რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს დანაჩენი მსოფლიო საკუთარი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გასაღების ბაზრად და შემოსავლების მისაღებად სჭირდებათ, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ მაყვალისა და ეკალბარდების მოშენებით უნდა ირჩინოს თავი.

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ დააჩქაროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. თავდაპირველ ეტაპზე თვითონ უნდა მოიძიოს სახსრები და დააფინანსოს ისეთი საწარმოების მშენებლობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსახლეობის ფართო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფაში და იგივე მოსახლეობა მათ აუცილებელი საჭიროების გამო ყიდულობს. მესმის რომ საგაზეთო სტატიის ფურცლებიდან ამის სწავლება ფუჭი საქმეა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მაინც ვცდით.

რამოდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელებში ერთ ვიდეოს წავაწყდი თუ როგორ მზადდებოდა ერთ-ერთ აზიურ ქვეყანაში მეორადი პამპერსები. ნახევრად დანგრეული შენობის კუსტარულად მოწყობილ საამქროებში მუშები შლიდნენ ამ პამპერსებს, შიგთავს რეცხავდნენ იქვე აბაზანებში, შემდეგ კუსტარული წესით აშრობდნენ, დებდნენ ისევ შალითაში და კერავდნენ. ამას სამრეწველო ბრაკონიერობა და ფალსიფიკაცია ჰქვია სხვა მრავალ სიგლახესთან ერთად, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა. თუ ბრაკონიერებმა, მინიმალური ტექნოლოგიის პირობებში მოახერხეს და აწარმოეს ეს პროდუქცია, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ცივილური მეთოდებით გადავწყვიტოთ ეს საქმე. ვთხოვოთ "პროქტერ გემბელს" და გაგვახსნევიოს პამპერსის საწარმოებელი ერთობლივი საწარმო ან ფილიალი საქართველოში, რომელიც რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს და მილიონობით ვალუტას დაგვიზოგავს. მართალია არც ერთი საღად მოაზროვნე მეწარმე არ დაუშვებს ხელოვნურად კონკურენტის შექმნას, მაგრამ ჯერ ერთი, საქართველოს მასშტაბები ამ სახელოვან ფირმას საფრთხეს ვერ შეუქმნის. მეორე, თუ "პროქტერ გემბელი" უარს იტყვის, არის "ჰაგისი", "ლიბერო", "მოლფიქსი" და სხვა. გარდა ამისა გვაქვს პსპ-ს, "ავერსის", "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელები. მათ შესაბამისი თანხები გააჩნიათ და ან ერთობლივად ან ცალ-ცალკე, მაგალითად, კურტანიძემ ტყიბულში, ოქრიაშვილმა კი დმანისში შექმნან შესაბამისი საწარმოები. საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ამ პროექტის განხორციელებით ვქმნით რამდენიმე ასეულ სანუშაო ადგილს ქვეყანაში და ვზოგავთ მილიონობით იმპორტ-ვალუტას.

საოჯახო დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის სარეცხ და დასაბან საშუალებებში. უნდა მოვახერხოთ და მსოფლიოში აღიარებული ბრენდების საწარმო გაიხსნას საქართველოში, როგორიცაა ლორ-ELSEVE, "პალმოლივი", "პანტენი", "სიოსი", GlissKur, Shauma, Sunsilk, "ჰედ-ენდ-შოლდერსი" - ასარჩევი უამრავია. ეს პროექტიც ასეულობით სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყანაში და დავზოგავთ მილიონობით ვალუტას.

საქართველო წალეკა მეორადი საბურავების იმპორტმა, რომელიც სხვა "სიკეთესთან" ერთად დაჩქარებული წესით წამლავს ატმოსფეროს. არადა, ქვეყანაში უკვე არის პირობები, რომ მომხმარებელმა ნახმარ საბურავებში 50 ლარის გადახდის ნაცვლად 100-ლარიანი ახალი საბურავები შეიძინოს. ვთხოვოთ, ჩვენს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გვიშუამდგომლოს "მიშლენის" საწარმოსთან საქართველოში ერთობლივი საწარმოს ან ფილიალის გასახსნელად. ეს იქნებოდა შესანიშნავი პროექტი მოსახლეობის დასაქმების და ქვეყნის შემოსავლების გაზრდის კუთხით. თუ"მიშლენთან" არ მოხერხდებოდა არის "პირელი", "ბრიჯსტოუნი" და სხვა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ყველაფერი უნდა გავიღოთ. ხომ მოხერხდა "კოკა-კოლას", "მაკდონალდსის" ბრენდის საწარმოების გახსნა საქართველოში? ასე უნდა მოვინდომოთ დანაჩენი პროექტების ამოქმედება. ჯერჯერობით ჩვენ არა ვართ ტექნოლოგიურად ისე განვითარებულები, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შევქმნათ, ვაწარმოოთ და რეალიზაცია გავუკეთოთ. ამიტომ, არ არის საჭირო ახალი ბორბალის გამოგონება. უფრო ხელსაყრელია რომელიმე ცნობილი ბრენდის ქოლგის ქვეშ განვვითარდეთ. შემდგომში, ეტაპობრივად ჩვენ შევქმნით მაღალტექნოლოგიურ ეროვნულ ნიმუშებს.

მარტო ამ სამი პროექტის ხორცშესხმით ქვეყანაში პირველ ეტაპზე შეიქმნება დაახლოებით 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 100 მლიონზე მეტი სასაქონლო პროდუქცია. მსგავსი პროექტები დაახლოებით 20-30-მდე გვაქვს, რომელთა ამოქმედება რამდენიმე თვის საქმეა, რამეთუ თავისუფალი შენობა-ნაგებობები უამრავი გვაქვს - საჭიროა მათი მორგება შესაბამის საწარმოო პროცესებს, ტექნოლოგიების შემოტანა და კადრების გადამზადება. უკვე წელსვე შეიძლება პირველი შედეგების მიღება. როგორ და რანაირად, მათ ორგანიზაციულ და ფინანსურ საფუძვლებზე შემდეგ წერილში მოგახსენებთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

კახაბერ კახაბერისძე
03 თებერვალი 2020 12:38
ავტორს,
პირველ ნაწილში გამომეხმაურეთ და გმადლობთ, არა მარტო კომენტირებისთვის. მოუთმენლად ველი გაგრძელებას...
რეზო
02 თებერვალი 2020 03:10
მშვენივრად იცის რაც უნდა გააკეთოს რომ უშველოს ქვეყანას, მაგრამ მას ეს არ ადარდებს. მას მარტო ადარდება თავისი უსაფრთხოება და თავისი მონების კარგად ყოფნა!
პატრიოტი 2
29 იანვარი 2020 10:48
კაცი მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყანას და რეკომენდაციები შველაზე არ აინტერესებს! ტყუილად ნუ შეიწუხებთ თავს რჩევებით, ეს არ შედის ივანიშვილის ინტერესებში. პატარა სოფელიაო განაცხადა და რა პრეტენზიები გაქვთო. დაიწყო საყდრისის აფეთქებით და ასრულებს ანაკლიის აფეთქებით. შიგადაშიგ სხვადასხვა აფეთქებებიც იყო და სანამ მთლიანად არ ავუფეთქებივართ,ერთადერთი საშველი მისი წასვლაა!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები