წერილი ბატონ ბიძინას, ანუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას (ნაწილი III) - კვირის პალიტრა

წერილი ბატონ ბიძინას, ანუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას (ნაწილი III)

იხილეთ მეორე ნაწილი

დღევანდელ წერილს ერთი კომენტარით დავიწყებ, რომელიც მკითხველმა წინა წერილზე დაპოსტა - კარგია ეკონომიკაზე საუბარი, მაგრამ რა ვუყოთ კარზე მომდგარ ციფრულ კონცლაგერს, 5 გ ტექნოლოგიებს და ა.შ.

ეკონომიკაზე იმიტომ ვსაუბრობთ და იმიტომ ვეძებთ წარმოებისა და მეწარმეობის განვითარების გზებს, რომ ეკონომიკა არის ბაზისი, ფუნდამენტი ქვეყნისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის. თუ გვექნება განვითარებადი და მზარდი წარმოება, გვექნება ძლიერი ეკონომიკა, გვეყოლება დასაქმებული და უზრუნველყოფილი მოსახლეობა, შესაბამისად ქვეყანაში დაგროვდება სიმდიდრე და გაიზრდება ბიუჯეტი, აღმოიფხვრება გაჭირვება და სიღატაკე. თუ გვექნება ძლიერი ეკონომიკა, გვექნება თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი ტექნიკური დონე, გაზრდილი ფინანსები და დიდი შესაძლებლობების ბიუჯეტი, პირველ რიგში, უზრუნველყოფილი ვიქნებით ეროვნული უშიშროების და თავდაცვის მაღალი დონით, რომელიც დაფუძნებულია მაღალი დონის შეიარაღებაზე, თანამედროვე თავდაცვითი სისტემებზე, გვექნება უახლოესი საფრენი აპარატები, მათ შორის რეაქტიული გამანადგურებლები; გვექნება თანამედროვე სანაპირო დაცვის საშუალებები და წყლისზედა თუ წყალქვეშა საშუალებები, რაც მოგვცემს საშუალებას საკადრისი პასუხი გავცეთ ჩვენს მიწაზე დახარბებულ აგრესორებს.

ძლიერმა ეკონომიკამ უნდა მოგვცეს იმის საშუალება, რომ აღმოვფხრათ დემოგრაფიული პრობლემები საქართველოში. ყველა ოჯახში უნდა იზრდებოდეს მინიმუმ 4-5 შვილი. ნიდერლანდებს საქართველოზე სამჯერ ნაკლები ტერიტორია აქვთ, მაგრამ მოსახლეობა თითქმის ხუთჯერ მეტია ჩვენთან შედარებით. ჩვენი ეროვნული, ზენაციონალური მიზანი უნდა იყოს ჰოლანდიელებივით, ქართველი ერის გაზრდა მინიმუმ 15 მილიონამდე. აი მაშინ იქნება ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიულად დაცული და გადაშენების საფრთხისაგან თავისუფალი. ეს ჩვენი სურვილი უტოპიად დარჩება თუ სახელმწიფო არ შექმნის სხვადასხვა ფინანსურ თუ სოციალურ სტიმულებს შობადობის გაზრდისაკენ, თუ ოჯახები არ იქნებიან უზრუნველყოფილი შემოსავლებით, ბინით, თუ ხელშეწყობა არ ექნება ახლადშექმნილ ოჯახებს. თითოეულ ახალშობილს სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს რეალური ფულადი დახმარება, სანამ არ გახდება თვრამეტი წლის. ყველა დედას უნდა დაუნიშნოს სახელმწიფომ ღირსეული ხელფასი შვილების გაზრდისათვის და ის უნდა იზრდებოდეს შვილების გაჩენის პროპორციულად. ამას და უამრავ სხვა რამეს მივაღწევთ, თუ გვექნება ძლიერი ეკონომიკა.

გარდა ამისა, მისახედი გვყავს ჩვენი ღვაწლმოსილი მოსახლეობა-პენსიონრები. პენსია უნდა შეადგენდეს საშუალო ხელფასის 70%-ს მაინც. ამასაც ძლიერი ეკონომიკა სჭირდება.

არის კიდევ უამრავი პრობლემა ქვეყანაში, თუ გინდ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა უყურადღებობა ქვეყნის ჩამორჩენის საწინდარია.

ისე არავინ გაგვიგოს, თითქოს ვერ ვხედავდეთ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებს. ქვეყანაში ზრდის ტემპი არის და საკმაოდ მაღალიც, მაგრამ ჩვენი სასტარტო მდგომარეობა იმდენად ღრმა და მძიმეა, რომ როგორც ეკონომისტებმა დათვალეს ამ ზრდის ტემპით დაახლოებით 70-80 წელი დაგვჭირდება დღევანდელი ბელგიის დონის მისაახლოებლად და შესამამისად ამდენივე წელი დაგვჭირდება, რომ ქვეყნის მოსახლეობა საჭირო სამუშაო ადგილებით ვუზრუნველვყოთ. რას ნიშნავს ეს ციფრები და რამდენად საკმარისია მიღწეული პროგრესი დღევანდელი რეგრესიული ფაქტორების ფონზე ერთი შედარებით ადვილად დავრწმუნდებით.

ამ რამოდენიმე ხნის წინ ერთი ფილმი ვნახე, ატომურ ხომალდ კურსკის კატასტროფაზე. იქ არის მომენტი, როდესაც ჩაძირულ წყალქვეშა გემზე ჟანგბადი ილევა და სატუმბი ბატარეებიც ჯდება. მეზღვაურებს საათები და წუთები რჩება თავის გადასარჩენად. დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენც, ქართველი ერი. თუ დროულად არ გატარდა რადიკალური ღონისძიებები და ძირეულად არ შეიცვალა სიტუაცია ქვეყანაში, მივიღებთ გაეროს მიერ ნავარაუდევ პროგნოზს და 40-50 წელიწადში ქართველი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება უმცირესობაში დარჩეს. აქედან ერთი ხელის გაწვდენაა ერის გაქრობამდე და გადაშენებამდე, ისე, როგორც, თავის დროზე, გადაშენდნენ ეგვიპტელები და სხვა ჩვენზე მრავალრიცხოვანი ერები. ჩვენ არმაგედონით არავის ვაშინებთ, მაგრამ საღი ანალიზის უნარი არ უნდა დავკარგოთ და დროზე უნდა უარვყოთ ილიასეული უდარდელი და ბედნიერი ერის სინდრომი. აქ მხედველობაში გვაქვს სოციალ-ეკონომიკური პროცესები და ტენდენციები, რომელთა ცვლილებებს და შემობრუნებას ხშირად ათეული წლები ჭირდება.

მეორე მაგალითიც. ადრე ახალგაზრდობაში ერთი წიგნი წავიკითხე - ავტორი არ მახსოვს. სიუჟეტი დაახლოებით ასეთია - ეგვიპტის ერთ-ერთი პრინცი უმტკიცებს მამას და მის გარშემომყოფთ, რომ იმ დროინდელ ეგვიპტეში ჩამოყალიბებული სისტემა და არსებულ სიტუაცია უნდა შეიცვალოსო. ქვეყანა ჩაფლული იყო კორუფციასა და მომხვეჭელობაში, საკუთარს ლამის არაფერს აწარმოებდნენ, ხორბლის ჩათვლითაც ყველაფერი დაპყრობილი ქვეყნებიდან შემოდიოდა და ერმა განვითარების მოტივაცია და მიზანი დაკარგა. ის პრინცი სისტემას შეეწირა და მოკლეს, მაგრამ პრობლემა არ გამქრალა. რამდენ ხანს გრძელდებოდა ეგვიპტის დაცემა არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იმ დიდებული ერისაგან მარტო პირამიდები, მოგონებები და დასახელება დაგვრჩა.

საბედნიეროდ ცხოვრება ოპტიმიზმის საფუძველსაც იძლევა და გონივრული და მიზანდასახული მიდგომების მაგალითებიც უამრავია.

1989 წლის მონაცემებით საქართველოში ხუთმილიონ ოთხასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა და იბადებოდა ასი ათას ბავშვზე მეტი. შესადარებლად, იმ პერიოდისათვის ისრაელში დაახლოებით ოთხ მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, ოცდაათი წლის შემდეგ, საქართველოში ცხოვრობს სამი მილიონ შვიდასი ათასი კაცი, ისიც ფურცელზე, მოსახლეობა შემცირდა ერთი მილიონ შვიდასი ათასი კაცით, ხოლო შობადობა განახევრდა 1989 წელთან შედარებით. მაშინ როცა ისრაელში მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და იქ დაუწერელ კანონად იქცა ოჯახში 4-5 შვილის ყოლა.

მაინც რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროცესები და ტენდენციები ჩვენს სასიკეთოდ ვმართოდ და უფრო ხელშესახები განვითარების და ზრდის ტემპები მივიღოთ.

პირველ რიგში ხელისუფლების ნება უნდა იყოს მზად ცვლილებებისათვის და განახორციელოს აქტიური ქმედება გამოწვევების საპასუხოდ. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებმა დაგვარწმუნა, რომ მარტო დეკლარაციების და ნორმების მიღება საქმეს არ შველის. თითქმის 30 წელია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით ვიმართებით, სადაც ლამის მთავარი პრიორიტეტი უცხოელი ინვესტიციების და ინვესტორების ხელშეწყობის კანონმდებლობის მიღება გახდა, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. ეს ბუნებრივიცაა. საქართველოში არც ისეთი მდიდარი სანედლეულო ბაზა გვაქვს და არც იმდენად მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, რომ ინვესტორები მოგვაწყდნენ და ინვესტიციები ჩადონ გადამამუშავებელ მრეწველობაში და პროდუქციის გასაღებაში. დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა მეწარმეთა და მეწარმეობის ხელშემწყობი პირობები, მაგრამ, ჩვენი აზრით, ის საკმარისია ნორმალური განვითარების დონის ქვეყნებისათვის, ხოლო ჩვენისთანა მძიმე სასტარტო მდგომარეობის ქვეყანას უფრო რადიკალური მიდგომები სჭირდება. უნდა შევიმუშაოთ მეწარმეობის განვითარების ჩვენეული გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება, როგორც ექსტენსიური (რაოდენობრივი) ფაქტორების, ასევე ინტენსიური (თვისობრივი) ფაქტორების გათვალისწინებაზე. უფრო გასაგებად, უნდა დავიწყოთ იმ პროექტების განხორციელება და საგნების წარმოება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოფით პრობლემებს და რომელთა გამოყენების აუცილებელი საჭიროების წინაშე ისე ვდგავართ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. ზოგიერთ მათგანზე წინა წერილში მოგახსენეთ. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენთვის საჭირო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, ელექტრონული ტექნიკის, ტანსაცმლის, საკვების და ა.შ. აბსოლიტური უმრავლესობა, რომელთა ნომენკლატურული დასახელება, სადღაც ინტერნეტში წავიკითხე, 7-8 ათასს აღწევს. ამ ციფრის ნახევრის ადგილზე წარმოება საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ქვეყანაში დამატებით ნახევარ მილიონიდან მილიონამდე სამუშაო ადგილი და მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გავზარდოთ 4-5-ჯერ, დაახლოებით 150-200 მილიარდამდე.

გარდა ამისა, როგორც კორონავირუსის გავრცელებამ დაგვანახა, ისეთი მოუმზადებლები ვართ, რომ ელემენტარული პირბადეც კი დეფიციტად იქცა და ადგილზე ვერ ვაწარმოებთ. მაინცა და მაინც გლობალური საფრთხის წინაშე უნდა დავდგეთ, რომ ელემენტარული საგნების ადგილზე წარმოების საჭიროება დავინახოთ? რა დაგვემართება იმ შემთხვევაში თუ პანდემია იმ ქვეყნებში გავრცელდება საიდანაც ხორბალი შემოგვაქვს? ხომ დავრჩით პურის გარეშე და შეიძლება ვირუსმა ვერაფერი დაგვაკლოს, მაგრამ სამაგიეროთ დავწყდებით შიმშილით. არადა, უამრავი სათეს-სახნავი და მიტოვებული მიწები გვაქვს, რომლის ათვისება სამ-ოთხ ჩვენნაირ ქვეყანას არჩენდა. შემდგომში მსგავსი საფრთხეები რომ წარმოიშვას და სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტის განხორციელება შეიზღუდოს, ხომ დავრჩით ბრინჯის, ვერმიშელის, რძის, კარაქის, მაიონეზის და სხვა აუცილებელი საკვებისა და საჭირო ნივთების გარეშე?

აქ წარმმართველი და მთავარი როლი სახელმწიფომ უნდა იკისროს. როგორ?

ყველაზე დიდმა არქიტექტორმა და კონსტრუქტორმა - ღმერთმა, როდესაც ადამიანს ქმნიდა, სხვადასხვა ფუნქციების განსახორციელებლად მას სხვადასხვა ორგანოები მიანიჭა. იმისათვის რომ ადამიანი გადაადგილებულიყო, მისცა მას ფეხები, იმისათვის რომ დაენახა, მისცა თვალები, იმისათვის რომ მოესმინა, მისცა ყურები და ა.შ. ჩვენი აზრით, იმისათვის რომ ქვეყანაში სამრეწველო განვითარება დაიწყოს უნდა შევქმნათ მრეწველობის სამინისტრო, 30-40 კაციანი შტატით, თავისი კონსტრუქტორული, ტექნოლოგიური, ანალიტიკურ-პროგნოზისტული და სხვადასხვა მიმართულებებით, რომლის საქმიანობა შეფასდებოდა იმის მიხედვით თუ რამდენი ახალი საწარმო შეიქმნებოდა ქვეყანაში. რომელიც შეისწავლიდა და განსაზღვრავდა, რომელი ნივთებისა და საგნების წარმოება იქნებოდა ხელსაყრელი და მიზანშეწონილი ჩვენს ქვეყანაში და ა.შ.

ერთ-ერთი ჩემი რესპოდენტი მწერდა, რომ პოლონეთის ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო 600 მილიონი დოლარითო. იმისათვის რომ მრეწველობის სამინისტრომ ახალი საწარმოების შექმნის ხელშემწყობი პოლიტიკა განახორციელოს, საჭიროა ფინანსები. ამისათვის, ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას მრეწველობის განვითარების ფონდი, სადაც ყველა კომპანია ჩარიცხავდა თავისი შემოსავლის 1 (ერთ) პროცენტს. ალტერნატიულ ვარიანტად შეიძლება გვეფიქრა დღგ-ს ოც პროცენტამდე გაზრდა. ერთი პროცენტი წავიდოდა მრეწველობის ფონდში, ერთიც საპენსიო ფონდში, რაც ასევე საგრძნობლად გაზრდიდა პენსიების ოდენობას. მესმის, რომ გადასახადის გაზრდა არაპოპულარული მეთოდია, მაგრამ დაახლოებით 5-6 წელიწადში მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლებოდა და ვიფიქრებდით გადასახადების კუთხით სიტუაციის შემსუბუქებაზე. ვფიქრობ, ამ გზით ყოველწლიურად მობილიზებას გავუკეთებდით დაახლოებით 300-400 მილიონ ლარს, რაც საწყისი ეტაპისათვის სრულიად საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ახალი საწარმოს შესაქმნელად. თანდათანობით, სამრეწველო ზრდის კვალობაზე მოხდებოდა მრეწველობის ფონდის სოლიდური ზრდა უფრო დიდი მიზნების გადასაწყვეტად. არის კიდევ სხვა გზაც ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად და რისთვისაც ამ წერილის წერა დავიწყე. ამ რამდენიმე ხნის წინ შვილიშვილს მობილური ტელეფონი შევუძინე, სამსუნგის ფირმის. დამაინტერესა, თუ რომელ ქვეყანაში იყო წარმოებული და რაოდენ დიდი იყო ჩემი გაკვირვება როდესაც აღმოვაჩინე, რომ ინდოეთში ყოფილა აწყობილი. ინტერნეტში შესაბამისი კომპანიის ვებ გვერდი მოვიძიე და ყურადღება ერთმა სურათმა მიიპყრო, რომლის წინა ფონზე ადამიანი იყო გამოსახული, ალბათ საწარმოს მეპატრონე, ხოლო მის უკან უამრავი ბედნიერი ადამიანის სახე ჩანდა, რომლებიც ალბათ იმ კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. მოგეხსენებათ, სამსუნგი სამხრეთ კორეული ოჯახური კუთვნილების კომპანიაა, რომელშიც სახელმწიფომ სუბსიდირება განახორციელა და შექმნა სამრეწველო გიგანტი. საიდან დაიწყო ეს საქმე არ ვიცი, მაგრამ იმისათვის, რომ ინდოეთში სამსუნგის საწარმო შექმნილიყო, გარანტად ადგილობრივი მილიარდერზე გაკეთდა აქცენტი. შესაბამისად პროექტი სულ რამოდენიმე თვეში განხორციელდა. ამ პროექტის განხორციელებით სახელმწიფომ იმპორტზე მოთხოვნაც შეამცირა, იმ მილიარდერმაც იხეირა და რაც მთავარია, უამრავმა ადამიანმა იშოვა სამსახური და ღირსეული ცხოვრება.

სწორედ, ამის იმედი გვქონდა თქვენგან და მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად დააჩქარებდა ქვეყნის წინსვლას. უამრავი პროექტები გაქვთ განხორციელებული ქვეყანაში ეკლესია-ტაძრების და სხვადასხვა დანიშნულების კულტურულ, სამეცნიერო თუ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების აღდგენისა და აშენების კუთხით და ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის. არც ის არის ჩვენი საქმე, ვარჩიოთ თუ სად დააბანდოთ თქვენი ფული, მაგრამ ერთი სურვილი გვაქვს. შესანიშნავი საქმე გაკეთდა ბლექ სი არენის აშენებით, რომელიც, თუ არ ვცდებით, რამდენიმე ასეული მილიონი დაჯდა და ქვეყანამ საკონცერტო და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ექსტრა კლასი კომპლექსი მიიღო, მაგრამ ეს კომპლექსი დღეს თავის თავს ვერ ინახავს და ბიუჯეტის ხარჯზე არსებობს - მთელი წლის განმავლობაში თითებზე ჩამოსათვლელი ღონისძიებები იმართება მხოლოდ. ჩემი აზრით, უმჯობესი იყო ეს თანხა ჯერ სამსუნგის ფილიალის მსგავს პროექტში ჩაგვედო, რომელიც რამდენიმე წელიწადში თავის თავსაც ამოიღებდა და ბლექ სი არენის მსგავსი კომპლექსების აშენების ფულსაც დატოვებდა. ასევე დაემართა თქვენს უმაღლესი კლასის სასტუმრო "პარაგრაფს", რომელსაც ლამის მთელ შავი ზღვისპირეთში ბადალი არა ყავს და დღეს წაგებაზე მუშაობსა. რატომ? იმიტომ, რომ მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა დაბალშემოსავლიანია და ექსტრა კლასის სასტუმროებში დასაქირავებელი ნომრების ფული არა აქვთ. ჯერ ისეთი პროექტები უნდა განვახორციელოთ, რომელიც მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და გამდიდრებას შეუწყობს ხელს და მერე ეს მდიდარი ადამიანი გასართობ ღონისძიებებშიც დახარჯავს ფულს და მდიდრულ აპარტამენტებსაც იქირავებს. დიდი საქმე გაკეთდა და კეთდება, როდესაც უამრავ ადამიანს თქვენ უხდით ხელფასს ქველმოქმედების სახით, მაგრამ დამერწმუნეთ, უფრო უკეთესი იქნებოდა თქვენს შექმნილ საწარმოში დასაქმებულიყვნენ ადამიანები, ისე როგორც ინდური სამსუნგის თანამშრომლები გამოიყურებიან ბედნიერი სახეებით. თუმც, ისევ ვიმეორებთ, ეს მხოლოდ კეთილი სურვილებია და ჩვენი საქმე არ არის თქვენ ფულს რა მიზნით და რა მიმართულებით დახარჯავთ. უფრო უარესად არის საქმე სააკაშვილის შემთხვევაში, რომელმაც მარტო პრეზიდენტის სასახლის და ქუთაისში პარლამენტის შენობის ასაგებად ასეულ მილიონობით ბიუჯეტური სახსრები დახარჯა. წარმოიდგინეთ ის სახსრები რომ წარმოებაში ჩაგვედო - დღეს ათასეულობით მეტი დასაქმებული ადამიანი, გაზრდილი ბიუჯეტი და გაცილებით მეტი მდიდარი და ბედნიერი ადამიანი გვეყოლებოდა ქვეყანაში.

როგორც ვხედავთ, ქვეყანა საინვესტიციო სახსრების ნაკლებობას არ განიცდის. დაგვრჩა პოლიტიკური ნება და მაგაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საკუთარი ეკონომიკის სტიმულირებისა არის ეკონომიკური საზღვრების და მოსახლეობის დაცვა უხარისხო და ლამის საწამლავად ქცეული საკვები პროდუქტებისა თუ სხვადასხვა პროდუქციის იმპორტისაგან, რომელიც ლამაზი შეფუთვისა და სიიაფის გამო დომინანტურ პოზიციას იკავებს ჩვენს ბაზარზე. ერთმა ახლობელმა ვიდეო რგოლი ამიტვირთა თურქეთის ერთ-ერთი აგრო საწარმოს შესახებ, რომელიც პომიდორის მოყვანაზეა ორიენტირებული. მოსავლის აღების პერიოდი იყო და პირდაპირ ევროპაში საექსპორტოდ გამზადებულ ყუთებში აწყობდნენ. სანამ ჩააწყობდნენ ჯერ ახარისხებდნენ, როგორც ვიზუალურად, ასევე კალიბრის მეშვეობით. არასტანდარტულებს, დეფექტურებს და უხარისხოებს ცალკე, თითქმის იგივე შეფუთვის ყუთებში აწყობდნენ, იქვე ტრაილერებში ტვირთავდნენ და და როგორც შემდეგ გავიგე საქართველოში აგზავნიდნენ.

უნდა ავკრძალოთ მსგავსი პროდუქციის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. პარალელურად უნდა ავამოქმედოთ თერმულ წყლებთან სათბურების განლაგების პროგრამა, რომ ზამთრის პერიოდშიც ვაწარმოოთ საჭირო რაოდენობის ბოსტნეული და ასევე უნდა დავაჩქაროთ ყველა რეგიონში შესაბამისი სიმძლავრის სამაცივრე მეურნეობის გამართვა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით რაციონალურად დავაბალანსებდით ქვეყნის მოთხოვნილებას ხილსა და ბოსტნეულზე, მნიშვნელოვნად გავზრდით სამუშაო ადგილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმადობას და არამარტო შიდა ბაზრის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ, არამედ ექსპორტზეც გავიტანთ. თან ვაწარმოებთ იაფი თბოდანახარჯებით, რითაც მნიშვნელოვნად შევამცირებთ პროდუქციის თვითღირებულებას და შესაბამისად კონკურენტუნარიანს გავხდით ჩვენს პროდუქციას. როგორც აღვნიშნეთ, შემდეგ შეიძლება ფართომასშტაბიან ექსპორტზე ვიფიქროდ, ოღონდ არა თურქეთში და მსგავს ქვეყნებში, სადაც მკაცრად იცავენ საკუთარ ბაზრებს. სცადოს ვინმემ ერთი კილო თაფლი ან თხილი შეიტანოს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში - იმ წუთას ციხეზე ააყუდებენ - ასე იცავს თურქეთი თავის ბაზარს, განსხვავებით ჩვენგან.

მეორე ჩემმა მეგობარმა ერთ ქათმის ფერმაში გადაღებული ვიდეო ამიტვირთა, მომსახურე პერსონალს მიხედვით სამხრეთ აზიურ ქვეყანას ჰგავდა. ქათმის მთელ კვებას შეადგენდა დაახლოებით სამლიტრიანი ბალონის მოცულობით ჭურჭელში ჩასხმული სითხე, რომელსაც ქათმები ულიმიტოდ და ლამის სისტემატურად სვამდნენ. ერთ თვეში ლამის კილონახევარზე მეტს იზრდებოდა. რისგან იყო ის სითხე გაჯერებული და რა შემადგენლობის იყო, ვერ დავადგინეთ, მაგრამ ასე შხამ-ქიმიკატებით გაზრდილი ქათმის ხორცი რომ საკვებად უვარგისი და საწამლავია, ამას არ ჭირდება დიდი მარჩიელობა. საბედნიეროდ ქვეყანაში საკმაო სიმძლავრეები გვაქვს ქათმის ხორცის და კვერცხის საწარმოებლად. უნდა აიკრძალოს აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ან მაღალ სტანდარტებზე ავიყვანოთ მოთხოვნა ქათმის ხორცის ხარისხზე. ვფიქრობთ ამ მიმართულებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნაში და შემდეგ იმპორტულ პროდუქციაზე. ამით მართალია პროდუქციის ფასი ცოტათი გაიზრდება, მაგრამ სამაგიეროდ ვაწარმოებთ ჯანსაღ პროდუქციას, უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების ხარჯზე, ადგილობრივ წარმოებასაც და სამუშაო ადგილებსაც გავზრდით. შესაბამისად, საექსპორტო პროდუქციასაც გავზრდით ეკოლოგიურად მაღალი ხარისხის პროდუქციის ხარჯზე.

დაახლოებით იგივე პრობლემები დგას საქონლისა და ღორის ხორცის იმპორტის საქმეში. როგორც ამ საქმის სპეციალისტებმა მითხრეს ძირითადად შემოდის უხარისხო, ვადაგასული პროდუქცია. როგორც იცით, ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული მარაგები, სადაც პროდუქცია ინახება გარკვეული წლების განმავლობაშო. სათანადო ვადის გავლის შემდეგ ეს პროდუქცია უვარგისი ხდება, იმდენად უვარგისი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მას ციხეებშიც, პატიმრების საკვებადაც არ იყენებს და როგორც წესი ნადგურდება. თუმცა ხანდახან გამოყენებას პოულობს ჩვენნაირ, მეორეხარისხოვან ქვეყნებში და ძირითადად გამოიყენება ნახევარფაბრიკატებსა და ძეხვეულ-სოსისებში. შედეგად გვაქვს გახშირებული გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის, სიმსივნური და სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებით გადავსებული სავადმყოფოები. პირველ რიგში, სათავეში უნდა დავამყაროთ წესრიგი. ქართული ჯარის მდარე ხარისხის ხორცით, ე.წ. ტრიმინგით (ხორცის ნარჩენები, ანათალები) მომარაგების საქმესთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამ საქმეში სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლის წარმომადგენლები და დეპუტატები არიან ჩართულები. ძალიან მოგვიმრავლდენ საეჭვო საქმიანობით და საეჭვოდ მცირე დროში გამდიდრებული მილიონრები. მილიონის შემოსავალი რომ მიიღო რამდენიმე მილიონის პროდუქცია უნდა აწარმოო ან მომსახურება გასწიო და დეკლარილებულად უნდა იყოს ასახული. თუ ასეთები გვყავს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ნაშოვნი ფული, მაგრამ ადგილობრივი წარმოების განადგურებით და იმპორტირებული უვარგისი პროდუქციით მოსახლეობის მოწამვლა არავის უნდა შერჩეს და შესაბამისი კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი. ასევე აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია, გარკვეული პერიოდით, საკანონმდებლო დონეზე დავავალდებულოთ ხორცპროდუქტებისა და ძეხვეულის საწარმოები, როგორიცაა ნიკორა, ლიდერ ფუდი, ვაკე და ა.შ. რომ მათ საკუთარი პროდუქციის წარმოება უზრუნველყონ საკუთარი, ადგილობრივი წარმოების ნედლეულით და ამისათვის ააშენონ საქონლისა და ღორის ფერმები. პარალელურად უნდა შევუქმნათ სხვადასხვა სახის შეღავათები, დაფინანსებიდან დაწყებული, გადასახადების კუთხით დამთავრებული, რომ აღნიშნული პროდუქციის წარმოება მათთვის მასტიმულირებელი და პრიორიტეტული იყოს. ამით რამდენიმე სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ - ქვეყანაში გაიზრდება საქონლისა და ღორის ხორცის ფერმების რაოდენობა, რითაც მოხდება ამ დარგის ინდუსტრიალიზაცია, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები სოფლად და რაც მთავარია მოსახლეობას უზრუნველვყოფთ ჯანსაღი კვების პროდუქტებით. როგორც წინა შემთხვევაში, აქაც შეიძლება ეს ცოტათი ძვირი დაგვიჯდეს, მაგრამ კომპლექსური მიდგომით ვიგებთ მოსახლეობის ჯანმრთელობით, მედიკამენტების და ექიმების მომსახურეობაზე გაწეული ხარჯების ეკონომიით.

სოფლის მეურნეობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი საკითხია მეღვინეობა-მევენახეობის დარგის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა. აღმოსავლეთ საქართველო და განსაკუთრებით კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად წამოწია ღვინის ექსპორტზე გატანამ. დასავლეთ საქართველოში არის უნიკალური ჯიშები ჩხავერი, ოჯალეში, ალადასტური, ოცხანური და ა.შ. თავის დროზე სტალინის მოთხოვნით გურიაში სპეციალური მეურნეობები შექმნეს ჩხავერის მოსაშენებლად და ეს ღვინო ითვლებოდა ელიტარულ ღვინოდ კრემლის მობინადრეებისათვის. უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა, ფონდი აღნიშნული ჯიშების გავრცელების ხელშესაწყობად, შესაბამის არეალში აშენდეს ღვინის მცირე და საშუალო ქარხნები, რომელიც მიბმული იქნებიან ამ პროდუქციის ექსპორტთან. ეს პროექტი მნიშვნელოვანი შემოსავლებით უზრუნველყოფს, გურიის (ჩხავერი), სამეგრელოს (ოჯალეში), იმერეთის (ალდასტური, ცოლიკაური, ციცქა), ლეჩხუმის (უსახელოური, ცოლიკაური) მოსახლეობას, გააძლიერებს რეგიონს ეკონომიკურად და უზრუნველყოფს მიგრაციის პრობლემებსაც. დღეს საქართველო 16-17 ადგილს იკავრბს მსოფლიოში ერთ სულზე ღვინის წარმოების კუთხით (25 ლიტრი). ჩვენ უნდა გავზარდოთ ეს მაჩვენებელი 2-3 ჯერ და ავიყვანოთ ესპანეთის დონეზე ანუ 70-80 ლიტრამდე, რაც საშუალებას მოგვცემს ამ დარგში საექსპორტო შემოსავლების მილიარდ დოლარიან ზღურბლს გადავაბიჯოთ და ეს შემოსავალი ძირითადად დაილექება მოსახლეობაში, სარგებელს მიიღებენ გლეხები, ფერმერები.

ერთი სიტყვით, ასეთი შესაძლებლობებით და პერსპექტივებით საკმაოდ გაჯერებულია ქართული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ პროექტების განსახორციელებლად. დღევანდელი თაობა ვერ დაუშვებს რომ ქართველი ერი გაქრეს და მსოფლიო რუკაზე საქართველოს დასახელებით, რომელიმე ჰიბრიდული ქვეყანა არსებობდეს. ვერც იმას მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ შვილები გავაჩინოთ და შემდეგ ულუკმაპუროდ დავყაროთ. ამიტომ, საჭიროა ჯერ ეკონომიკის გაძლიერება და პარალელურად დანარჩენი საქმეების მოგვარება. ამიტომ, როდესაც ვიძახით, რომ საჭიროა ამა თუ იმ საწარმოს გახსნა და ფუნქციონირება, ამით ჩვენ ვქმნით ჩვენს მომავალს. ყოველი ახალი საწარმო არის ახლად შექმნილი და გადარჩენილი სიცოცხლე ამ ქვეყანაში. ამის მეტი რა არგუმენტი უნდა მოვიტანოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ გამოიმუშაოს პოლიტიკური ნება და მისი საქმიანობის პრიორიტეტად ახალ-ახალი საწარმოების შექმნა და ეკონომიკური გაძლიერება დაისახოს მიზნად.

აქ მინდოდა დამესრულებინა წერილების ამ სერიის ჩამონათვალი, მაგრამ დამრჩა მოსაზრება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მოდელზე, ბიზნესისა და სოციალური დაცვის პრინციპების თანაფარდობაზე და მის უდიდებულესობა რიგით ქართველზე, რომელსაც მომდევნო წერილში შემოგთავაზებთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს