განვითარებული ქვეყანა - კვირის პალიტრა

განვითარებული ქვეყანა

ოცდაათი წელი გავიდა, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დამოუკიდებლობის პირობებში ქვეყნის მართვის გამოუცდელობამ, თავისუფლების სწორად გამოყენების არცოდნამ, მტრული გარემოცვის არსებობამ ქვეყანა შინააშლილობამდე და სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რასაც მეურნეობის გაჩანაგება, ძარცვა და ეკონომიკის კოლაფსი მოჰყვა. შედეგად მივიღეთ განუვითარებელი ქვეყანა, სადაც არ არსებობს სათანადო მომსახურება, სიმდიდრე და მატერიალური შესაძლებლობები. განუვითარებლობისათვის დამახასიათებელია საკვების, ჯანმრთელობის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეფიციტი.

- განუვითარებლობა იწვევს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიღარიბეს, ხოლო დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილისათვის.

- განუვითარებლობა აყალიბებს განუვითარებლობის მენტალიტეტს, რომელიც გულისხმობს პრობლემების გადაჭრას უცხოური დახმარების საშუალებით, აქვთ ძლიერი პოლიტიკური და სამხედრო დამოკიდებულება უცხოელებზე.

- განუვითარებელ ქვეყნებს აქვთ საშიში საგარეო ვაჭრობა და იმპორტზე დამოკიდებულება.

- განუვითარებელ ქვეყნებში, სიღარიბის მაღალი დონის გამო, ახალშობილთა სიკვდილიანობა მაღალია და ხანმოკლეა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.

- განუვითარებელ ქვეყნებში დაბალია განათლების დონე (ამის ნათელი დადასტურებაა საერთაშორისო შეფასება, რომლის მიხედვით ჩვენ ვართ მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების ხუთეულში).

- განუვითარებელ ქვეყნებში, შემოსავალი, როგორც წესი, დაბალია და ცუდად განაწილებულია, ისევე, როგორც - არარაციონალურად გამოყენებული.

- განუვითარებელ ქვეყნებში საკმაოდ ხშირი მახასიათებელი ან ფენომენია, რომ ისინი კორუმპირებული პოლიტიკური რეჟიმის ქვეშ იმყოფებიან. თავის მხრივ, ეს იწვევს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ორგანოების ნაკლებობას.

- განუვითარებელ ქვეყანას აქვს ინდუსტრიალიზაციის დაბალი დონე ან ძალიან პრიმიტიული ტექნოლოგია.

- და რაც მთავარია, განუვითარებელ ქვეყნებს აქვთ საზოგადოებრივი კონსენსუსის ნაკლებობა და მუდმივი შინააშლილობა და სიძულვილი ხელს უშლის მშვიდად თანაცხოვრების და განვითარების გზების ძიებას.

როგორც ყველა მოვლენას, განუვითარებლობას გააჩნია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაგალითები ადასტურებს, განვითარების ყველაზე კონკრეტული მიზეზი ინდუსტრიალიზაცია და მუდმივად მზარდი მწარმოებლობაა. მართლაც, ქვეყნისა და მოსახლეობის შემოსავლიანობა და ცხოვრების დონე დამოკიდებულია სხვადასხვა საგანთა წარმოების დონეზე. ქვეყანაში მით მეტია ცხოვრების დონე და მოსახლეობის შემოსავლები, რაც უფრო მეტ ტელევიზორს, ავტომობილს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და საგნებს აწარმოებს. თუ გადავხედავთ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, ადვილად დავრწმუნდებით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მეტად არის განვითარებული მრეწველობა და წარმოება, ცხოვრების დონე და პირობები გაცილებით მაღალია.

როგორ მიაღწიეს მათ განვითარების მაღალ დონეს? პასუხი ძალიან მარტივია, თუ მათი განვითარების ისტორიას გადავხედავთ. ყველა ეს ქვეყანა გამოირჩევა იმით, რომ მთავრობა და ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საკუთარი მრეწველობის და წარმოების განვითარებას.

- ინგლისის ეკონომიკური, სამხედრო და, ზოგადად, სახელმწიფო სიძლიერე უკავშირდებოდა ტიუდორების დინასტიის მიერ საფეიქრო მრეწველობის მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობდა ტექნოლოგიურ, საბაჟო და სხვა სახის პროტექციას.

- ამერიკის შეერთებული შტატები. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბრიტანულ კოლონიებში მეწარმეობა განსაკუთრებულად იზღუდებოდა და იჩაგრებოდა. უილიამ პიტ-უფროსმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 1766-1768 წლებში, როგორც კი გაიგო, რომ ამერიკელი კოლონისტები აპირებდნენ მეწარმეობის განვითარებას, განაცხადა, ისინი ისეთ პირობებში უნდა მოვაქციოთ, ცხენის ნალის ლურსმნების წარმოებაც კი არ შეეძლოთო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამერიკელები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო მეწარმეობის განვითარება, თუ მათ სურდათ ინგლისთან და საფრანგეთთან გათანაბრება. 1791 წელს ჰამილტონი კონგრესისთვის მიმართულ "ანგარიშში მანუფაქტურების შესახებ" ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ისეთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნისათვის, როგორიც აშშ-ია, არსებობის პირველივე დღეებიდან საჭიროა ეროვნული წარმოების განვითარება და დაცვა იქამდე, სანამ ის არ გაუთანაბრდება მოწინავე ქვეყნებს. ამას ახალი სამეწარმეო დარგების მხარდაჭერის პრინციპი ერქვა. ჰამილტონმა შესთავაზა მთავრობას დაეწესებინა საბაჟო გადასახადი, რათა დაეცვათ წარმოების ახალი დარგები, შეემუშავებინა სუბსიდირების პროგრამა და გაეკეთებინა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, პატენტების დაკანონება, რათა წაეხალისებინა ახალი ტექნოლოგიების გამოგონება და საბანკო სისტემის განვითარება. მან ჩამოაყალიბა საფონდო ბირჟა და პირველი ამერიკული ბანკი "ამერიკის ჩვილი მრეწველობის" დასაფინანსებლად. ბევრმა ამერიკელმა ახალი თვალით შეხედა ჰამილტონის გეგმას და აღიარეს, რომ ძლიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ძლიერი სამეწარმეო სექტორი და ეს არ იქნება მიღწეული, თუ არ დაინიშნება საბაჟო გადასახადი და სხვა ტიპის სახელმწიფო რეგულაციები.

- ბისმარკის რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა გერმანული სკოლის მიდგომები, რომელიც ქვეყნის განვითარებას პირდაპირ უკავშირებს ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის დონეს.

გარდა აღნიშნულისა, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, განსაკუთრებით - იაპონიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისა, რომელთაც განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწიეს ინდუსტრიული მხარდაჭერის წყალობით.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა გვჭირს ჩვენ და რატომ ვერ მოხერხდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და, შესაბამისად, განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის მიღწევა?

პასუხი აქაც მარტივია.

- მცდარი წარმოდგენა სახელმწიფოს როლზე ეკონომიკის განვითარებაში და უცხოური ინვესტიციების არასწორი შეფასება. მართლაც, ერთი შეხედვით, სწორად ჟღერს ლიბერიანული შეფასება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში არ უნდა ჩაერიოს და იგი უცხოური ინვესტიციების საქმეა. მთავრობის ფუნქცია ეკონომიკაში ლამის მარტო გზების მოწყობაში და წყალმომარაგების სისტემის გამართულებამდეა დასული. მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ განვითარებული ქვეყნების ინტერესებში არ შედის სხვადასხვა ქვეყნების ინდუსტრიული განვითარება და საკუთარი კორპორაციებისათვის კონკურენტების შექმნა. მართლაც, საქართველოში ბოლო ოც წელიწადში 19 მილიარდზე მეტი უცხოური ინვესტიცია ფიქსირდება, მაგრამ მათ შორის არ არის სამრეწველო ინვესტიცია, რომელიც ახალ-ახალი სამრეწველო სიმძლავრეების, საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. ქვეყანაში, ძირითადად, შემოდიოდა სპეკულაციური ინვესტიციები, რომელიც სხვადასხვა აქტივების იაფად შეძენას და მოგვიანებით, მის შედარებით ძვირად გაყიდვას გულისხმობს. არადა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნას საშუალოდ 40 ათასი დოლარი სჭირდება, ამ ინვესტიციებით ქვეყანაში დამატებით, სულ მცირე, ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა.

არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია საზოგადოების მიერ განვითარების პრიორიტეტების არცოდნა. ჩვენში უფრო მნიშვნელოვანი და პოპულარულია, თუ რა თქვა ამა თუ იმ პოლიტიკოსმა, სხვადასხვა მეორე ხარისხოვანი მოვლენები და აქციები, რომელსაც კარგად იყენებენ ქვეყნის გარეთა თუ შიდა მტრები და ხდება ყურადღების გადატანა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მომენტებიდან. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი საკითხია სასამართლო რეფორმა და მოსამართლეების შერჩევის პრინციპი, ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია პროპორციული სისტემა სჯობს თუ მაჟორიტარული და ა.შ. მაგრამ, ასევე, ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების და სესხ-დახმარებების სწორად განაწილებას, ახალ-ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სიღარიბის დაძლევაში, განათლების და ჯანმრთელობის დონის ამაღლებაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხანდახან სპეციალურად, პერმანენტულად იწევა რელიგიის, პრაიდის ჩატარების თემები, რომ საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა დარჩეს ეკონომიკის განვითარების, სესხების გამოყენების მიმართულება და ამას, პირველ რიგში, ჩვენ - საზოგადოება ვუწყობთ ხელს, რომლებიც მთავარი მონაწილეები ვართ აღნიშნულ სპექტაკლებში.

არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკური კორუფციული რეჟიმი, დემოკრატიული ინსტიტუტების და ორგანოების ნაკლებობა და ა.შ. მაგრამ შესაბამისი ნების არსებობის პირობებში, ყველა პოლიტიკური სისტემის და დემოკრატიის დონის პირობებში, სახელმწიფოს ფინანსური, ინტელექტუალური, მატერიალური რესურსების მობილიზების პირობებში, შეუძლია ქვეყნის ინდუსტრიულ-სამრეწველო განვითარების დაჩქარება.

დავიწყოთ იმით, ჩვენ დასავლელ მეგობრებს, თუ მათ მართლა სურთ ჩვენი ქვეყნის რეალური დახმარება, უნდა მოგვეხმარონ იმაში, რომ მოწინავე ბრენდებისა და პროდუქციის მწარმოებლებმა გახსნან ჩვენს ქვეყანაში ფილიალები, შვილობილი საწარმოები. ჩვენი პრიმიტიული ტექნოლოგიით, ჯერჯერობით ვერ შევძლებთ კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიო ბრენდების მოწინავე ნიმუშებს. განვითარების დასაჩქარებლად გვჭირდება უცხოური ტექნოლოგიური დახმარება. ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს კოკა-კოლას წარმოება, მაკდონალდსი და ა.შ. ასევე შეიძლება გაიხსნას ბავშვთა კვების და ბავშვთა ჰიგიენური მოვლის საშუალებების, როგორიცაა პამპერსის მწარმოებელი კომპანიის ფილიალი, რომლის ფუნქციონირება არ წარმოადგენს დიდ ტექნოლოგიურ სირთულეს.

ან მეორე მაგალითი. ქვეყანა წალეკა მეორადი საბურავების იმპორტმა. მოვნახოთ შუამავლები და ვთხოვოთ ბრიჯსტოუნს, პირელს, მიშლენს გახსნან საქართველოში ფილიალი, შვილობილი ან ერთობლივი საწარმო. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საწარმოო სიმძლავრეების და ტექნოლოგიური შეძენა. პარტნიორები უნდა დაგვეხმარონ მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, სახელმწიფოს შეუძლია აღნიშნული საწარმოს აქციები გამოუშვას და მის აშენებაზე გაწეული დანახარჯები ამოიღოს. გარდა ამისა, სახელმწიფო მრავალჯერადად მოგებული რჩება მოსახლეობის დასაქმებით, საშემოსავლო, მოგების და სხვა გადასახადებით ბიუჯეტში შენატანებით, რომლის შედეგად იზრდება პენსიები, ჯანმრთელობაზე და განათლებაზე სუბსიდიები, მაღლდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ა.შ.

ამ პრობლემით დაინტერესების შემთხვევაში, უამრავი გზა და მაგალითი შეიძლება მოიძებნოს და გამოჩნდეს. მთავარია პოლიტიკური ნება და საზოგადოებრივი მოთხოვნა.

იმისათვის, რომ გერმანიისთვის მე-3 მსოფლიო ომის წარმოება აღეკვეთად, ამერიკის ფინანსთა მინისტრმა ჰენრი მორგენტაუმ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც გერმანიის სამრეწველო დანაწევრებას ითვალისწინებდა. ამ პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო ერთიანი საწარმოო სისტემის დეზინტეგრაცია, მრეწველობის და, ზოგადად, ეკონომიკის მაკოორდინებელი სტრუქტურული ორგანოს გაუქმება. თუ გვინდა საპირისპირო მოვლენები განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, უნდა შეიქმნას მრეწველობის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მეწარმეობის განვითარებაზე, ახალი საწარმოების და სიმძლავრეების შექმნაზე და ა.შ.

ფინანსური რესურსების მობილიზაციის კუთხით, როგორც დროებითი მოვლენა, შეგვიძლია დავაწესოთ მრეწველობის განვითარების ფონდი, სადაც გადასახდელების სახით აკუმულირდება მოქმედი საწარმოების შემოსავლების მეხუთასედი ნაწილი და რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავი მოვუყაროთ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს, რაც საწყისი ეტაპისათვის სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, გვაქვს საპენსიო ფონდი, რომელიც კარგი საშუალებაა ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ინვესტირებისათვის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მთავარია ნება და პრიორიტეტების განსაზღვრა. დანარჩენი თავისით მოვა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს