ნამახვანჰესი... - კვირის პალიტრა

ნამახვანჰესი...

ერთმა ჩემმა მეგობარმა, ენერგეტიკოსმა, საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემებს, სადაც დასაბუთება იყო იმისა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ჰიდროენერგეტიკის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკისა და მთლიანად - ქვეყნის განვითარებისათვის. ეს წერილი გასაცნობად გადმომიგზავნა ელფოსტაზე, თან მომიბოდიშასავით - ვიცი შენი უარყოფითი დამოკიდებულება "ნამახვანჰესისადმი", მაგრამ, რა ვქნათ, ახალი სიმძლავრეების ექსპლოატაციაში შესვლის გარეშე ქვეყნის განვითარება და ენერგეტიკული უსაფრთხოება არ გვექნებაო.

ის, რომ საქართველოში 26 ათასი მდინარეა და მისი ენერგეტიკული პოტენციალი, სხვადასხვა გათვლით, 40 მილიარდი კილოვატ/საათიდან 120 მილიარდ კილოვატ/საათამდე მერყეობს, ეს ღვთის საჩუქარია და ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ეს სიმდიდრე გვაქვს. თან ამ რესურსის მხოლოდ 10%-დან 20%-მდე გვაქვს ათვისებული, მაშინ, როცა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 60%-ი და მეტია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ამ პოტენციალის რაც შეიძლება სრულად ათვისება და გამოყენება. ყოველი ახალი სიმძლავრის აშენება და ექსპლოატაციაში შესვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით და მოწონებას უნდა იმსახურებდეს, თუმცა საკითხს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ და დასკვნები შემდეგ გავაკეთოდ.

დავიწყოთ იმით, რამდენად საჭიროა 104-მეტრიანი კაშხალი, რომელმაც უნდა დატბოროს მთელი ლეჩხუმის ხეობა, რამდენიმე ასეული ჰექტარი და, შესაბამისად, აყაროს და გააქროს ადგილობრივი მოსახლეობა. ზოგადად, მთელი კუთხის დატბორვა და წყლის ქვეშ მოქცევა უფრო წყევლაა (დუმბაძისეული ოლღა ბებია რომ ცოცხალი იყოს, ასე დაიწყევლებოდა - წყალმა და მეწყერმა წაგიღოსო). მსგავსი გაუაზრებელი მიდგომებით და არასწორი პოლიტიკით, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს, დააცარიელეს ადამიანებისაგან ჩვენი ულამაზესი თუშ-ფშავ-ხევსურეთი, დაცლის პირზეა ჩვენი სიამაყე სვანეთი, თანდათან ნასახლარს ემსგავსება რაჭა. ისტორიამ და მათ შორის - უახლესმა, შემოგვინახა მასალები, თუ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად როგორ ცარიელდებოდა და დაცარიელდა ქართველებისგან აფხაზეთი, სამაჩაბლო, სამცხე ჯავახეთი. ახლა ლეჩხუმის ხეობა უნდა დავტბოროთ და გავაქროთო. თურმე, მთლიანად ლეჩხუმი თუ არ დაიტბორა, ქვეყანას უშუქობა და განუვითარებლობა ემუქრება. თუ ამ ლოგიკით გააგრძელა ფუნქციონირება და ალტერნატიული გზები არ ეძია, საქართველოს მორიგი ხელისუფლება მივა იმ ნიშნულამდე, როცა მავანმა შეიძლება გვითხრას - ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისათვის და ნათელი მომავლისათვის საჭიროა მტკვარი ორთაჭალაში დავაგუბოთ და თბილისი დავტბოროთო. ან სამეგრელო დავტბოროთ, ან კახეთი. მაშინ რას ვიზამთ? თუ ლეჩხუმი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, რაჭა, სვანეთი, მესხეთ-ჯავახეთი ნაკლები საქართველოა, ვიდრე თბილისი, სამეგრელო, კახეთი და აქ გამონაკლისი უნდა დავუშვათ?

ნამახვანიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს "გუმათჰესი", რომელიც სხვადასხვა კუთხითაა საინტერესო. ეს ჰესი თითქმის ჩემი ხნისაა. ბავშვობაშიც და მერეც, დიდობაშიც, ხშირად გამივლია ჩემი სოფლისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც "გუმათჰესს" გადაჰყურებს. სადგურის შენობა და ჩანჩქერივით გადმომავალი წყლის ზვირთი ჩემზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. კიდევ კუნძულები და წყალსაცავის შუაგულში ამოსული ძეძვები დამამახსოვრდა. დიახ, მეწყრული და კოროზიული პროცესები რიონს ნატანებიან, შლამის უხვად ჩამომტან მდინარედ აქცევს და "გუმათჰესის" წყალსაცავი დიდი ხანია, დასილულია. უფრო ყურადსაღები შემდეგი მომენტია - ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 60-70 მეგავატია, მუშაობს, ფაქტობრივად, მდინარის დებეტზე, გამდინარე წყალზე, ყოველგვარი დაგუბების და რეზერვუარის გარეშე და გამოიმუშავებს 250-300 მილიონ კილოვატსაათს. ოპონენტებს ვეკითხები, რაში გვჭირდება 104-მეტრიანი კაშხალი და 400 მილიონი კუბური მეტრის წყლის დაგროვება, როცა შეიძლება, ყოველგვარი საგუბრის და დატბორვის გარეშე ავაშენოთ მინიმალური სიმაღლის კაშხალი, მახვილი კუთხით, რომელიც მდინარის მხოლოდ ნაწილს გადაკეტავს, მთის ძირში, მიწისქვეშ სადერივაციო გვირაბში წყლის გადასაგდებად. მთელ რიონის ხეობაში ასეთი, კასკადური ტიპის, საშუალო ზომის, ურეზერვუარო კაშხლები 5-10-15 შეიძლება ჩარიგდეს. ერთი კვადრატული მეტრიც არ დაიტბორება, მდინარის ხეობასაც და მდინარესაც შევინარჩუნებთ. წლიური გამომუშავება შეიძლება 2-3 მილიარდ კილოვატსაათს შორის მერყეობდეს, მათ შორის - 20-25 პროცენტი ზამთრის თვეებზე მოდიოდეს. ამდენს არც ეს ჰესი გვპირდება და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელენერგია ჩვენ უკვე ზაფხულშიც იმავე რაოდენობის დაგვჭირდება, რაც - ზამთარში.

შემდეგი საკითხია ჰესის აშენების ღირებულება. ე.წ. ინვესტორი ამბობს, რომ 400-მეგავატიანი ჰესი 800 მილიონი დოლარი გვიჯდებაო. ინტერნეტზე წვდომა ვისაც აქვს, ადვილად მიაკვლევს მასალებს ერთი მეგავატის აშენების სტანდარტზე - რთულ რელიეფურ პირობებში 1,5 მილიონი დოლარი, შედარებით ნაკლები სირთულის - 1 მილიონი დოლარი. ნამახვანთან ორი მთა ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ იქ კაშხლის აგება არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს და ამ ხელსაყრელი გეოგრაფიული და ეკონომიურობის ფაქტორებით მიიქცია მან განსაკუთრებული ყურადღება. გარდა ამისა, აღნიშნულ სტანდარტულ დანახარჯებში, რაც მომსახურე პერსონალის ხელფასი აქვთ ჩადებული, ქართველ მშენებლებს და ენერგეტიკოსებს ის არც დაესიზმრებათ. კიდევ აღნიშნული სტანდარტი უმაღლესი ხარისხის მასალებს და მაკომპლექტებლებს ითვალისწინებს, განსხვავებით ჩვენში ბოლო დროს აგებული ჰესებისაგან, რომლებშიც ჩინური იაფფასიანი მასალები და მაკომპლექტებლები არის გამოყენებული. გამომდინარე აქედან, "ენკას" მიერ შემოთავაზებული 1 მეგავატის ღირებულება - დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი, უბრალოდ - სიცრუეა და შეიძლება მაგის ნახევარი ვერ გაქაჩოს. თუმცა როგორ არა, როგორც სხვა ე.წ. ინვესტორებმა, თავის დროზე, საოპერაციო ხარჯებში ჯიპების, ოფისების, ბინების შეძენის, სარესტორნო და პირადი კომფორტის ხარჯები ჩადეს, რომელიც გაცილებით აჭარბებდა წარმომადგენლობითი ხარჯების ლიმიტირებულ ზღვარს.

აქედან გამომდინარე, არარეალურ ნიშნულზეა ტარიფის ოდენობაც - 6.2 ცენტი. როგორც ზემოთ ვთქვით, რეალური, 400 მილიონი დოლარი (ინვესტიცია) გაყოფილი წლიურ საპროექტო გამომუშავებაზე - 1500 000 000 კილოვატ/საათზე მივიღებთ 0,27 დოლარს ანუ 27 ცენტს. თუ ინვესტიციის ამოღების ვადად ავიღებთ საშუალოდ 10 წელიწადს, მაშინ ტარიფში ინვესტიციის კომპონენტი იქნება 2.7 მეათედი ცენტი. დავუმატოთ მაგას სხვა დანახარჯების ანუ საოპერაციო ხარჯების 0,5 ცენტი ( ყველაზე თვალსაჩინო ჰესის, "ენგურჰესის" ტარიფი შეადგენს 1,8 თეთრს ანუ დაახლოებით ნახევარ ცენტს), მაშინ, ტარიფი, პირველ ათ წელიწადს ანუ ინვესტიციის ამოღებამდე, შეადგენს 3,2-3,5 ცენტს. შემდეგ უკვე თავისუფალი რეგულაციები განსაზღვრავს მის საბაზრო ღირებულებას. 6.2 ცენტი თავდაპირველ ხელშეკრულებაში ფიგურირებდა, ისევე, როგორც ტარიფის ნიშნულის გაზრდა 10 ცენტამდე. ეს, მოსახლეობის პროტესტის შედეგად დაიწყეს სხვადასხვა მანიპულაცია ტარიფის შემცირებაზე.

ტარიფზე საუბარი სრულყოფილი არ გამოგვივა, თუ არ შევადარებთ ინვესტორის შემოთავაზებულ და ჩვენი ხელისუფლების დათანხმებულ ტარიფს და იმპორტულ ტარიფს. 2021 წლის მაისის მონაცემებით, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული 1 კვტ.სთ-ს ღირებულება შეადგენდა 14-15 თეთრს, უფრო იაფია რუსეთიდან შემოტანილი, მაშინ, როცა "ენკას" ტარიფი, დღევანდელ პირობებში, შეადგენს 21 თეთრზე მეტს. შესაბამისად, 30 % ძვირი ელექტროენერგიით წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია ვერავითარ კონკურენციას ვერ გაუწევს საზღვარგარეთულ ანალოგებს და, შესაბამისად, ეს გამოიწვევს ადგილობრივი წარმოების უპერსპექტივობას, ჩაკლავს მას და არათუ ახალი შეიქმნება, მასთან ერთად გაქრება არსებული სამუშაო ადგილებიც. ესეც ყბადაღებული ეკონომიკური სარგებელი.

ცალკე საუბრის თემაა ამ პროექტთან დაკავშირებული სახელმწიფო ვალდებულებების სქემა, რომელიც დაინტერესებულმა მკითხველმა შესანიშნავად იცის. აქ სხვა მომენტზე მინდა, ყურადღება გავამახვილო. მაგ., თუ სახელმწიფო საჭირო რაოდენობის ფეხსაცმელსაც ვერ ამზადებს, შემოვიყვანოთ რომელიმე მწარმოებელი საწარმო, ინვესტორი და მისცეს მას სახელმწიფომ გარანტია - რამდენ ზედმეტ მილიონ წყვილ ფეხსაცმელს დაამზადებს, იმდენჯერ ბიუჯეტმა აიღოს მისი შესყიდვის ვალდებულება. ხომ ნონსენსია? თუ მთავრობა თვლის, რომ ჯობია ტიტვლებმა და ფეხშიშველებმა ვიაროთ, ვიდრე ზამთრის ორ-სამ თვეში იმპორტირებული ენერგია წავაშველოთ ჩვენს "მზარდ" ეკონომიკას? ახლა გვემუქრებიან მოსალოდნელი სანქციებით, რომელიც თუ გადასახდელია, ვინც ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, მან ან მის უკან მდგომმა სუბიექტებმა უნდა გადაიხადონ, რომელებმაც საქართველოს მთავრობა აიძულეს, ამ კაბალურ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. აქ მნიშვნელოვანია მეორე საკითხიც - თუ სახელმწიფო უნდა იყვეს გარანტი შესყიდვის მოცულობაზე და ფასზე, ბარემ სახელმწიფომვე აიღოს სესხი და ააშენოს ეს ჰიდროელექტროსადგური, არც ტერიტორიის გადაცემა მოგვიწევს 99 წლით და ინვესტორის მოგების კომპონენტი შემცირდება გარკვეული წილით. არც გაორმაგებული ტარიფით გადახდა მოგვიწევს. აქ მაგალითად საფრანგეთი გამოდგება.

ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის დემაგოგიური ისტერიკა, როცა მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, "ნამახვანჰესის" პროექტის განუხორციელება დაუკავშიროს ენერგეტიკულ კოლაფსს და ოკუპანტ რუსეთზე იმპორტდამოკიდებულებას. ცალკეულ პოლიტიკოსს და პიროვნებას ეს ეპატიება, განსხვავებით, მთავრობისაგან. რუსეთისაგან ელექტროენერგიის იმპორტის აუცილებლობა ჩვენ არა გვაქვს, ან შემოგვაქვს უმნიშვნელო რაოდენობა, გარდა იმისა, როდესაც აფხაზეთში მოხმარებულსაც ჩვენ მივიწერთ, როცა "ენგურჰესი" გაჩერებული იყო. თუ მთავრობა ასე მტკივნეულად განიცდის რუსეთზე იმპორტდამოკიდებულებას, მაშინ შევახსენებ მას, რომ პურით უზრუნველყოფის საკითხში მთლიანად ამ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებულები. თუ პური ჩვენი არსებობისა უფრო, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე დენი? მანამდეც და ბოლო ოცდაათი წელია, ამ ქვეყნიდან ვეზიდებით ხორბალს. ამ დროს გვაქვს ათასობით დაუმუშავებელი ჰექტარი ფართობი, დაუსაქმებელი მოსახლეობა. არ მახსოვს, მთავრობას ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფის პროგრამა წარმოედგინა და მისი განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯები გადაედგა. თუ ენერგომომწოდებელი რუსეთი უფრო ბუაა, ვიდრე ხორბლის მომწოდებელი რუსეთი? ან რა ქმედითი ღონისძიებები განახორციელა მთავრობამ, რომელ ინვესტორთან ჰქონოდა მოლაპარაკებები და რა პირობებით, რომ საწარმოო სიმძლავრეები ამოქმედებულიყო ქვეყანაში და ეს მილიონობით, შიმშილს და სიღატაკეს თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი (მათ შორის, ყველაზე მეტი რუსეთშია), თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ მაინც სამშობლოში დაებრუნებია? ვისთვის გვინდა ეს დენი, თუ ქართველი აღარ დაგვრჩა ქვეყანაში? ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმ პერიოდს, როცა შევარდნაძის გადადგომის შიშით, ქართველები დააჩოქეს ან, როდესაც შევარდნაძემ საქართველო დააჩოქა დსთ-ში შესვლის მიზნით. არც ქართველების დაჩოქებით და არც საქართველოს დაჩოქებით პრობლემები არ გადაწყდა. აქაც თანამედროვე კორპორაციულ ხრიკებთან გვაქვს საქმე, როდესაც ენერგიის გათიშვის შიშით, ამ კაბალურ ხელშეკრულებაში გვაყოფინებენ თავს.

აქვე ერთი მომენტია, ყურადსაღები, რომელიც ათეული წლებია, გრძელდება და ვერაფრით დავძლიეთ - ვინც ჩვენს პოზიციებს არ ეთანხმება, ყველას კრემლის აგენტს ვეძახით. როგორი იქნება, თუ ჩვენს ოპონენტებს, ზოგს - შევარდნაძის, ზოგს - მიშას და ზოგს - ბიძინას აგენტს, დაქირავებულს თუ ჯიბეში ჩასმულს დავუძახებთ. ქვეყანას ენერგეტიკაც ჭირდება, ხორბალიც, ტანსაცმელიც და სამუშაო ადგილებიც. როგორც ბავშვი იზრდება თანაბრად, ყველა ორგანოს განვითარებით, ასეა ქვეყანაც. დღეს საქართველო მოსახლეობის განთავსებით და დედაქალაქში თავმოყრით რაქიტიან ბავშვს ჰგავს. ქვეყნისათვის, ასევე, მიუღებელია, როცა საერთო გაჭირვების ფონზე, ათასობით გაღატაკებულის ხარჯზე, სოკოებივით იზრდებიან მილიონრები. ჩვენ ინკლუზიური, მოსახლეობის საყოველთაო განვითარება და წინსვლა გვჭირდება და არა - თითო-ოროლას კიდევ უზომოდ, ხალხის ხარჯზე, გაზრდილი ტარიფით გამდიდრება. ისე, თუ პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანთ პრობლემას, "ოცნების" ხელისუფლება სადისკუსიო გარემოს მაინც ტოვებს და მოსახლეობის აზრს ითვალისწინებს, განსხვავებით "ნაციონალებისაგან", რომლებიც, დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ლეჩხუმიც დიდი ხნის დატბორილი იქნებოდა, რაჭაც და სვანეთიც. და საქართველოს მიწებიც დიდი ხნის წინ იქნებოდა გაყიდული.

უფრო გაუგებარია, როცა ტერიტორიის 99-წლიანი იჯარით გადაცემაზე არის საუბარი. უახლოეს წლებში თანამედროვე ტექნოლოგიები გასაოცარ მიღწევებს გვპირდება ენერგიის მიღების სხვადასხვა ალტერნატიულ სფეროში. შორს არ არის ის დღე, როცა მზის რამდენიმეწუთიანი დასხივება მთელ წლიურ ენერგიის მოთხოვნილებას დაფარავს; განსაკუთრებით აღსანიშნავია ტექნოლოგიური მიღწევები ქარის ენერგიის გამოყენების მიმართულებით, როცა უკვე აღნიშნული დარგის სპეციალისტები მუშაობენ გაცილებით მაღალი სიმძლავრის ტურბინის გამოყენებაზე და ა.შ.

მორიგი ტყუილია, თითქოს, ჩვენ სათანადო სიმძლავრეები არ გვყოფნის და თითქოს ეს იყოს ზამთარში ელენერგიის დეფიციტის მიზეზი და იმპორტის აუცილებლობა.

დავიწყოთ იმით, რომ, დაახლოებით, ნახევარი მილიარდ კილოვატსაათი მიაქვს კრიპტოვალუტის მწარმოებელ ერთ-ერთ საწარმოს. მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტა არის ელექტრონული ფული და ფულის წარმოება, ქაღალდის იქნება ეს თუ კრიპტოვალუტა, ქვეყნისთვის რაიმე სარგებლობის მომტანია? დასაქმების თვალსაზრისით, ბი-ეფ-სი-დი (კრიპტოვალუტის უმსხვილესი მწარმოებელი საქართველოში) 2025 წლისათვის გვპირდება 40 თანამშრომლის დასაქმებას. როგორც ვხედავთ, ქვეყანა არაფრის მომცემ პროექტში ჰყრის ნახევარ მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას, თან - ლამის სოციალური ტარიფით. ამ საქმიანობას ქვეყნისათვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს და რატომ უნდა დაიტბოროს ამისათვის საქართველო, ცოტა გაუგებარია. თუ კრიპტოვალუტის მწარმოებლებს აღნიშნული წარმოება სჭირდებათ, კეთილი ინებონ, ან იმპორტი განახორციელონ, ან შესაბამისი ინვესტიციები ჩადონ ქვეყანაში ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების შექმნის მიზნით და მოსახლეობას ნუ აკაბალებენ. თავის დროზე, ხალხის მიერ შექმნილი "ვარციხჰესის" კასკადი, ასეული მილიონობით კვტ/სთ-ის გამომუშავებით და 2,5-თეთრიანი ტარიფით, თითქმის მუქთად გადასცეს ე.წ. ინვესტორებს, ჭიათურის მარგანეცის საბადოებთან და ზესტაფონის ფეროშენადნობ საწარმოსთან ერთად და ჩვენი მოსახლეობის დაკაბალების ხარჯზე, ვიღაცებს ამდიდრებს. არც ის მსჯელობა გამოდგება არგუმენტად, რომ ჰესიდან ამდენი და ამდენი ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში და ლეჩხუმი აყვავდებაო. გვინახავს ჩვენ მასეთი დაპირებები, როცა მიშამ ლამის მთელი საქართველოს ელექტროსადისტრიბუციო ქსელი, 2 მილიარდზე მეტი ღირებულების, თითქმის მუქთად გადასცა კერძო კომპანიას, იმის სანაცვლოდ, რომ 100 კლინიკას აგვიშენებდნენ საქართველოში?! ააყვავა ფეროშენადნობმა ქარხანამ ზესტაფონი? ან ჭიათურა აყვავდა მარგანეცის მოპოვების უცხოელებზე გადაცემით? საქართველოს ბანკების უმეტესობა უცხოელის ხელშია, მილიარდებზე გადის მათი შემოსავალი და მიზერულ თანხებს იხდიან ბიუჯეტში. ქართულ რეალობაში უცხოელი ინვესტორი ქოლგაა, რომლის ქვეშ მოქცეული საწარმო თითქმის არავითარ სარგებელს არ აძლევს ქვეყანას და ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, მათი ჩრდილოვანი ბრუნვა ლამის 50%-ს შეადგენს. ასეთივე ბედი ელის იმ მრავალრიცხოვან დაპირებებს, რომელსაც "ნამახვანჰესის" მომხრეები უხვად არიგებენ.

გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელი სადგურები იმაზე მეტი გვაქვს (30-40%), ვიდრე ქვეყანას სჭირდება (8-10%). წელს ენერგიის გამომუშავების და მიწოდების დეფიციტი "ენგურჰესის" იანვარში სარემონტოდ გაჩერებამ გამოიწვია. ყოველწლიურად გვემატება ახალ-ახალი სიმძლავრეები საშუალო და მცირე ჰესების თუ თბოელექტროსადგურების ხარჯზე. წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი. გვაქვს ათას მეგავატზე მეტი დადგმული თბოსიმძლავრე, თუმცა თბოელექტროსადგურების ნაწილს, რომელსაც შეეძლო ეს დეფიციტი აღმოეფხვრა, არ უმუშავია. მიზეზი - გაზის უქონლობა. არ გვგონია, ჩვენს სტრატეგიულ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან რამდენიმე მილიონი კუბით მეტი გაზის მოწოდება გადაუჭრელი პრობლემა ყოფილიყო. მეორეც, უახლოეს წლებში TANAP-ის და TAP-ის სრული დატვირთვით ამოქმედება იგეგმება და, შესაბამისად, ჩვენს განკარგულებაში დარჩენილი ოფციური გაზის მოცულობა გაორმაგ-გასამმაგდება და 1,5 მილიარდ კუბს მიაღწევს, რაც ბუნებრივ აირზე შეზღუდვებს მნიშვნელოვნად მოხსნის. და, მესამეც, უკვე ათეული წელია, მიდის საუბარი გაზსაცავის აშენებაზე. ყველა თანხმდება, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავის დაზღვევის მიზნით, ქვეყანას ერთი-ორი თვის მარაგი უნდა ჰქონდეს. თანხებიც რამდენჯერმე გამოიყო, რომლის დეფიციტი დღეს მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად აქვს და რომლებიც ზოგი შევარდნაძის დროს გაიხარჯა პენსიებში, ზოგიც - პანდემიის დროს ვაქცინის შესაძენად თუ სხვა მიზნებისათვის. თუ მთავრობამ არ ისწავლა სტრატეგიული მიზნების გამორჩევა და გადაჭრა, შეიძლება მალე მივადგეთ მსგავს ალტერნატივას, როცა არათუ დაჩოქება, სიცოცხლის გადასარჩენად ღვთისმშობლის ხატზე დავადგათ უნდა ფეხი ან საქართველო დავტბოროთ, ჯერ თავისი კუთხეებიანად და შემდეგ ალბათ - მთლიანად.

ისე არავინ იფიქროს, თითქოს მოზრდილი ჰესების აშენების წინააღმდეგ გამოვდიოდე. აღმოსავლეთი საქართველო, ეკოლოგიური თვალსაზრისით, უფრო მდგრადია, მშრალი კლიმატია და აქ უფრო მომგებიანია მოზრდილი წყალსაცავიანი ჰესის აშენება. მას ორმაგი დანიშნულება ექნებოდა - ზაფხულში სარწყავადაც გამოვიყენებდით.

ალტერნატივის სახით, ვთავაზობ მთავრობას ლეჩხუმის რეგიონის განვითარების გეგმას. ისე, როგორც საფრანგეთის მთავრობამ, თავის დროზე, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ღვინის მწარმოებელ ფერმერებს და მონასტრული რესურსებიდან ბურგუნდიის, ბორდოს და სხვათა მსოფლიოს მოთხოვნადი ბრენდები შექმნა. რიონის ხეობა გამორჩეულია ყურძნის იშვიათი ჯიშებით, როგორიცაა, უსახელოური, ლეჩხუმის ცოლიკაური, ალექსანდროული, დერჩულა, ლეჩხუმის ოჯალეში და სხვა. თავის დროზე, სტალინის მითითებით და სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით, შეიქმნა გურიის ორ სოფელში ჩხავერის მეურნეობა, რომელმაც სახელი გაუთქვა ამ დასახელების ღვინოს. საჭიროა მსგავსი აქტიურობები, რომ დავაინტერესოთ და წავასტიმულიროთ ფერმერები აღნიშნული ყურძნის გაშენების და წარმოებისათვის, უზრუნველვყოთ რეგიონი ღვინის მცირე საწარმოებით, გავხსნათ საექსპორტო არხები (სამწუხაროდ, აღნიშნული ფორმატი ამ თემის უფრო ფართოდ გაშლის საშუალებას არ იძლევა) და დარწმუნებული ვარ, რეგიონი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

საქართველოში ენერგეტიკა უნდა განვითარდეს და განვითარდება, "ნამახვანჰესიც" აშენდება და სხვა ჰესები, ოღონდ აშენდება ქვეყნისა და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და არა - მათ საზიანოდ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს