"ჩემი გადაცემების მთავარი მიზანი პოლიტიზებული საზოგადოების განტვირთვაა"
21-02-2017
"ჩემი გადაცემების მთავარი მიზანი პოლიტიზებული საზოგადოების განტვირთვაა"
მაყურებელსაც შეუძლია, "ვებნიუსის" შექმნაში ჩაერთოს - გადმოგვიგზავნონ საინტერესო მოვლენის ვიდეო და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ფართო მასებს გავაცნობთ

ლამაზი, მხიარული, ემოციური, საქმიანი და პოზიტიური - სწორედ ასეთია ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსის" ერთ-ერთი სახე, ჟურნალისტი თამთა ასათიანი, რომელიც რამდენიმე­ წელია მაყურებლის განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს და გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ამას წარმატებითაც ახერხებს. "ვებნიუსი" და "ბლიც­ინტერვიუ", "ბიზნესბლიცი" - ქართულ მედიაბაზარზე "პალიტრანიუსის" ეს გამორჩეული ტელეპროექტები სწორედ თამთას ჩართულობით იქმნება. "კვირის პალიტრას" თამთა­ ასათიანი ესაუბრა:

- მეთერთმეტე კლასში უკვე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი პროფესია აუცილებლად ჟურნალისტიკა იქნებოდა - ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა საკითხზე დისკუსია მაშინაც მიყვარდა და ყველაფერთან ერთად, ტელევიზიისადმი საოცარი ინტერესი მქონდა. საბედნიეროდ, სწორი არჩევანი გავაკეთე და "პალიტრა TV"-ში (მაშინ ტელევიზია სწორედ ამ სახელწოდებით მაუწყებლობდა) ქასთინგზე მოვედი - ჟურნალისტი
თამთა კვარაცხელია შვებულებაში სამი თვით იყო გასული და წამყვანს სწორედ ამ მოკლე პერიოდით ეძებდნენ. დავალება მომცეს - გაზეთ "კვირის პალიტრის" მასალები უნდა მიმოიხილოო...

- მანამდე სატელევიზიო გამოცდილება­ გქონდა?

- კამერების წინ მაშინ პირველად დავდექი, ხმა მიკანკალებდა, საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი, მღელვარება არ გამომეხატა. როგორც ჩანს, გამომივიდა, რადგან მეორე დღეს უკვე გადაცემის ჩასაწერად დამიბარეს - ქასთინგი წარმატებით გაიარეო. იმდენად კარგი გუნდი დამხვდა, ერთმანეთს პირველივე დღიდან გავუგეთ. მას შემდეგ ერთად მოვდივართ და საუკეთესო მეგობრებიც გავხდით... სამმა თვემ სწრაფად გაიარა, თამთაც დაბრუნდა შვებულებიდან, თუმცა ტელევიზიის დირექტორმა ინგა დადიანმა შანსი მომცა და დამწყებ ჟურნალისტს ქვეყნის ყველაზე დიდ და გავლენიან მედიაჰოლდინგში დარჩენის შესაძლებლობა მომცა. მას შემდეგ რამდენიმე საინტერესო სატელევიზიო პროექტი ერთად განვახორციელეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ტელევიზიისა და მთლიანად სამაუწყებლო ბადის რადიკალური ცვლილება ყველასთვის ახალი გამოწვევა იყო. მიხარია, რომ ახალი ამბების ტელევიზიის ფორმატმა გაამართლა და "პალიტრანიუსის" მაყურებლის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

- ქართულ მედიაბაზარზე "პალიტრან­იუსის" განსხვავებულ სამაუწყებლო ფორმატთან ერთად, შენი გადაცემა "ვებნიუსიც" უნიკალურია. როგორ არჩევ სოციალურ ქსელში განთავსებულ მილიონობით ვიდეორგოლისგან მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესოს?

-"ვებნიუსის" მთავარი მიზანი პოლიტიზებული საზოგადოების განტვირთვაა - გვინდა დადებითი ემოციებით დავმუხტოთ მაყურებელი. სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელს ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვცდილობთ, არც ერთი სიახლე არ გამოგვეპაროს და მსოფლიოში აქტუალური ვიდეორგოლები ქართველი მაყურებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. საბოლოოდ, მაყურებელი სახალისო, ემოციური და ექსტრემალური ვიდეორგოლების ნაკრებს იღებს. სხვათა შორის, როდესაც "ვებნიუსი" სატელევიზიო ბადეში პირველად ჩაეშვა, საქართველოში ანალოგი არ ჰქონდა, დღეს კი უკვე რამდენიმე ტელევიზიამ დაახლოებით იმავე კონტენტის ტელეპროექტი შექმნა - ეს ნიშნავს, რომ პოტენციური კონკურენტებიც კი აქტიურად გვიყურებენ და მიბაძვის სურვილიც აქვთ.

- სოციალურ ქსელში გავრცელებული­ საინტერესო ვიდეორგოლების გარდა, მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, ქართულ საინფორმაციო პორტალებზე ყველაზე მოთ­ხოვნად მასალებსაც გაეცნოს.

- "ვებნიუსის" ეთერში პალიტრავიდეო.გე-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი იმ ინფორმაციას გვაწვდის, რასაც მკითხველი დღის განმავლობაში ყველაზე აქტიურად ეცნობოდა. ინფორმაცია მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს -"ვებნიუსის" მაყურებელი დღის შემაჯამებელ ინფორმაციას პოზიტიური ემოციების მიღების პარალელურად იგებს. სხვათა შორის, მაყურებელსაც შეუძლია,""ვებნიუსის" შექმნაში ჩაერთოს - შეუძლიათ გადმოგვიგზავნონ საინტერესო მოვლენის ვიდეო და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ფართო მასებს გავაცნობთ.

- ვიდეორგოლების შერჩევისას, ალბათ, პრიორ­იტეტების განსაზღვრა იმის მიხედვით გიწევს,­ თუ რამდენად მიესადაგება ისინი ქართველი მაყურებლის გემოვნებას?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, თუმცა, როგორც წესი, მსოფლიოში პოპულარული ვიდეორგოლები საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როდესაც პირველად გადაცემის ეთერში გასაშვებად ვემზადებოდით, ვფიქრობდით, რომ მაყურებელთა ძირითადი სეგმენტი, შინაარსიდან გამომდინარე, მაინც ახალგაზრდა თაობა იქნებოდა, თუმცა გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ "ვებნიუსის" მაყურებელს ასაკობრივი ზღვარი არა აქვს. ხშირად სასიამოვნო წერილებს მიგზავნიან, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია. სულ რამდენიმე დღის წინ დაახლოებით 60 წლის ტაქსის მძღოლმა მგზავრობის თანხა არ გამომართვა, შენი გადაცემა ისე მახალისებს, ფულს როგორ გამოგართმევო. მაყურებლისგან ასეთი სითბო ყველაფერზე მაღლა დგას, წარმოუდგენელი ემოციაა...

- "ვებნიუსისგან" სრულიად განსხვავებული "ბლიცინტერვიუს" შექმნაშიც ჩართული ხარ. როგორ ახერხებ რესპონდენტებისგან ასეთი გულწრფელი და ემოციური პასუხების მიღებას?

- "პალიტრანიუსის" გენერალურ პროდიუსერთან, მაკა ლომიძესთან ერთად დიდხანს ვიფიქრეთ, რა კითხვებით მივსულიყავით რესპონდენტთან. "ბლიცინტერვიუს" მიზანი სწორედ ის იყო, მაყურებლისთვის მათთვის ცნობილი ადამიანები განსხვავებული რაკურსით გაგვეცნო. საბედნიეროდ, ამ ჩანაფიქრში რესპონდენტებმაც შეგვიწყვეს ხელი. ყველა აღნიშნავს, რომ "ბლიცინტერვიუ" პოპულარულ ადამიანებს განსხვავებულად წარმოაჩენს, უფრო გულწრფელსა და ემოციურს. მაგალითად, კახი კავსაძესთან ბლიცინტერვიუ­ ჩავწერეთ, მან გარდაცვლილი მეუღლე გაიხსენა, ატირდა, მეც ცრემლების შეკავება­ ვერ მოვახერხე და როდესაც ემოციების დასამალავად თავი მივაბრუნე, დავინახე, რომ ოპერატორი და რეჟისორიც ტიროდნენ. საოცრად ემოციური გამოვიდა ბლიცი ელდარ შენგელაიასთანაც, მან გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა...
ბლიცკითხვებით ბიზნესმენებსაც მივმართავთ. სწორედ ამიტომ იმავე ფორმატის, მაგრამ განსხვავებული სფეროს რესპონდენტების გამო, გადაცემას "ბიზნესბლიცი" ვუწოდეთ. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, მათი გამოცდილება მოისმინოს და თავადაც დაებადოს იდეა, როგორ გახდეს წარმატებული ბიზნესმენი. სხვათა შორის, როდესაც გადაცემისთვის ჩაწერებს ვიწყებდით, რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა მონაწილეობაზე უარი მითხრა. მას შემდეგ, რაც გადაცემა პოპულარული გახდა, რესპონდენტებს, რომლებმაც თავდაპირველად უარით გამომისტუმრეს, ისევ მივუბრუნდი და გადაცემაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ვთხოვე - ამჯერად, ყველა დამთანხმდა. მეტიც, ყველამ აღნიშნა, რომ "ბლიცინტერვიუ" და ახლა უკვე "ბიზნესბლიციც" მათი ერთ-ერთი საყვარელი გადაცემებია. სწორედ მსგავსი გამოხმაურება და შეფასებები მარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვართ და მომავალში კიდევ მეტი მაყურებლის სიყვარულის მოპოვებას შევძლებთ. ამის მთავარი მიზეზი კი ისევ და ისევ ის არის, რომ გულწრფელები ვართ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით