ოქროს საჭეთმპყრობლები - კვირის პალიტრა

ოქროს საჭეთმპყრობლები

"Auto Bild"-მა "საავტომობილო ოსკარები" დაარიგა

ჟურნალმა "Auto Bild საქართველომ" ტრადიციას არ უღალატა და "ოქროს საჭის", ანუ "საავტომობილო ოსკარის" მფლობელები წელსაც კინოაკადემიის "სეხნია" დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოავლინა ამჯერადაც ორიგინალურ და შთამბეჭდავ გალა-დაჯილდოებაზე.

ოთხ ათეულ წელზე მეტია, რაც გერმანული "Auto Bild" "საავტომობილო ოსკარებს" არიგებს, ბოლო წლებში კი ჟურნალის ქართული წარმომადგენლობა ადგილობრივ ავტომოყვარულებსაც აძლევს შესაძლებლობას, წლის საუკეთესო ავტომანქანები თავად აირჩიონ. საქართველოში ავტომანქანები ისე უყვართ და ამ საკითხში "გემოვნებაზეც ისე ხშირად დაობენ", ეს კონკურსი სწორედ ქართველი ავტომოყვარულებისთვის არის ზედგამოჭრილი. ამიტომაც გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს საქართველოსთვის უპრეცედენტო ოდენობას - 50 ათასამდე ხმას მიაღწია (თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ შეეძლო ხმის მიცემა)!

წლის საუკეთესო ავტომობილების გამოსავლენი მასშტაბური გამოკითხვა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა "Auto Bild საქართველოს" ვებგვერდზე. გამოკითხვაში გერმანული Auto Bild-ის მიერ შერჩეული 2016 წლის უახლესი მოდელები მონაწილეობდნენ - მხოლოდ ის ავტომობილები, რომელთა ახალი სერიული ვერსია 2016 წელს გამოვიდა. საუკეთესოები შეირჩნენ ექვს სხვადასხვა კლასში (კომპაქტები, კომპაქტური SUV-ები, საშუალო და დიდი SUV-ები, საშუალო და მაღალი კლასი, სპორტული ავტომობილები, ჰიბრიდები და ელექტრომობილები);

რადგან თითოეულ კლასში გამარჯვებისთვის ხუთზე მეტი ნომინანტი იბრძოდა, ყველა მოდელს არ ჩამოვთვლით და მხოლოდ გამარჯვებულებს გაგაცნობთ: "კომპაქტების კლასში" გაიმარჯვა Renault Megane-მა, "კომპაქტურ SUV-ებს" შორის კი ყველას აჯობა მოდელმა Audi Q2-მა. "საშუალო და დიდ SUV-ებში" სხვებზე მეტი ხმა Maserati Levante-მ მიიღო, "საშუალო და მაღალი კლასის" ავტომანქანებს შორის - Mercedes E-კლასმა. სისწრაფის ქართველ მოყვარულებს შორის BMW ყველაზე პოპულარულია და ეს "სპორტული ავტომობილების" კლასსაც დაეტყო - ყველაზე მეტი ხმა სწორედ BMW M2-ს ერგო, ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებში - TOYOTA Prius-ს...

ცერემონიალზე, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრმა "მუზამ" უმასპინძლა, საავტომობილო სამყაროს თითქმის ყველა ცნობილმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი, თუმცა, რადგან მსურველი გაცილებით მეტი იყო, ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟი "Auto Bild საქართველოს" ფეისბუქის გვერდზე გადაიცემოდა. 2016 წლის საუკეთესო ავტომობილებთან ერთად, გალა-დაჯილდოებაზე "საპატიო ოქროს საჭის" მფლობელი წლის ადამიანიც დასახელდა - ქართულ ავტორეალობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ევროპის ჩემპიონი ძარიან ავტომობილებში დათა ქაჯაია! გარდა იმისა, რომ ქართული დროშა მსოფლიოს არაერთ ავტოდრომზე აუფრიალებია, დათა საგზაო უსაფრთხოების პროგრამის სახეც არის, სწორედ მისი დამსახურებაა, წელს რუსთავის ავტოდრომზე TCR-ის გახსნა და პირველი ეტაპი რომ გაიმართება. ამიტომაც საავტომობილო სამყაროს "წლის ადამიანად" ქაჯაიას დასახელება სიურპრიზი არავისთვის ყოფილა.

საქართველოში "ოქროს საჭის" გენერალური პარტნიორია ნავთობიმპორტიორი კომპანია "ფრეგო", სპონსორი - "კასტროლი" და მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია "ჯითი გრუპი". მხარდამჭერები არიან "პროკრედიტ ბანკი" და "E-Space", რომელიც ზრუნავს საქართველოში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. როგორც ყოველთვის, ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი ამჯერადაც "რადიო პალიტრა" FM 103.9 იყო.

შალვა ბუაჩიძე (Auto Bild-ის ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი): "წლის საუკეთესო ავტომობილები მასშტაბური გამოკითხვით გამოვავლინეთ. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად საქართველოს საავტომობილო საზოგადოებამ ღირსეული არჩევანი გააკეთა. ყველა გამარჯვებული ავტომობილი მართლაც სრულყოფილია თავის კლასში. ჩვენ კი, "ავტობილდის" რედაქციამ, წლის საპატიო "ოქროს საჭით" დავაჯილდოეთ მთელი საქართველოსთვის საამაყო მრბოლელი დათა ქაჯაია, რომელიც არა მარტო საუკეთესო პროფესიონალია და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველებს გვყავს უნიჭიერესი მრბოლელები, არამედ უდიდესი წვლილიც მიუძღვის იმაში, რომ 2 აპრილს რუსთავის ავტოდრომი მსოფლიო მასშტაბის რბოლას - TCR International-ის გახსნასა და პირველ ეტაპს უმასპინძლებს".