რეფორმებს უნივერსიტეტში ხელს უშლის შინაგანი ბარიერები
რეფორმებს უნივერსიტეტში ხელს უშლის შინაგანი ბარიერები
რადიკალური ლიბერალების ისტერიამ: „გვსურს სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“ და მოწოდებებმა, რომ სახელმწიფო არ უნდა ზღუდავდეს პიროვნების თავისუფლებას, შეგვიყვანა ჩიხში და დაგვაყენა გარდაუვალი კრახის წინაშე. ლიბერალების მცდელობებმა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ძალით მოეხვიათ თავს საკუთარი საეჭვო ღირებულებები, წარმოშვა კონფლიქტები ხალხში და ადამიანები დაუპირისპირა ერთმანეთს. ბევრი გააღიზიანა პრეტენზიულმა, ხალხის კულტურაზე „მაღლა“ მდგომმა „ელიტამ“, რომელმაც უარყო, გადათელა და დაივიწყა ტრადიციული ფასეულობები. „დემოკრატიისა“ და „თავისუფლების“ არასწორი გაგების ბაზაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ დათრგუნა ადამიანებში ჰუმანიტარული
საწყისი, წარმოშვა აგრესია და სოციალური უსამართლობებისაგან დაუცველი დარჩა მოსახლეობის დიდი ნაწილი; საზოგადოებას კი, რომელმაც დაკარგა სოციალური წონასწორობა, გაუჩნ
და ბზარები.

„ინდივიდის და საზოგადოების“ ურთიერთობა ძალზედ რთული და საინტერესო პროცესია და რაოდენ ხმამაღლა არ უნდა იყვიროს ამ დროს კაცმა „თავისუფლება“, ამით იგი ვერ შეიძენს ვერავითარ სოციალურ სტატუსს და ღირებულებას, ანუ მხოლოდ „თავისუფლებით“ ვერავინ ვერ დაიმკვიდრებს სოციალურ სტრუქტურაში თავისი ყოფიერების მყარ და მნიშვნელოვან საზრისს. ამას აძლევს ინდივიდს მხოლოდ საზოგადოებაში მისი ფუნქციონირების ფორმა, განათლება, პროფესიონალიზმი და კულტურა. ნიცშე წერდა: “თავისუფლება ჭირდება მხოლოდ შემოქმედს, ანუ მას, ვინც იცის, თუ რა უნდა დაანგრიოს, როგორ უნდა დაანგრიოს და როგორ ააშენოს შემდეგ ახალი. მიეცი აბა თავისუფლება ცხვარს, რას იზამს იგი? მხოლოდ უფრო მეტჯერ იყვირებს: ბეეე....“

მუდმივმა უსამართლობამ, ქაოსმა და აბსურდმა გაუჩინა ხალხს ნოსტალგიის გრძნობა წესრიგზე, მოანატრა კანონი და მოასურვა სახელმწიფოებრივი დისციპლინა. ბევრმა იგრძნო ისიც, რომ ყოველ საზოგადოებას გააჩნია თავისი მიკრო და მაკრო იმპერატივები და, თუ კაცს სურს რაიმეს მიღწევა ცხოვრებაში, აუცილებელია თვითშეზღუდვა; ეს არის ინდივიდის გამარჯვება თავის თავზე და ზნეობრივი თავისუფლების ზეიმი. „იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში“- წერდა გოეთე. ამბობენ იმასაც, რომ თავისუფალი ნება არის ყველაზე ეშმაკური საჩუქარი ღმერთისაგან იმისათვის, რომ კაცობრიობამ იგრძნოს პასუხისმგებლობა თავის მოქმედებაზე. ჰეგელთან ვკითხულობთ: “თავისუფლებას უნდა ქონდეს თავისი შინაარსი“; თავისუფლების შინაარსი კი ეს არის ჩვენი უფლებები და მოვალეობები, ანუ პასუხი კითხვებზე: რა გვინდა? რა შეგვიძლია? რისი უფლება გვაქვს? და რა გვევალება?

უდავოა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად აღიზიანებს უსამართლობა და ცხოვრება კანონის გარეშე, მას სურს იცხოვროს და იმუშაოს სამართლებრივ სივრცეში. კანონის დარღვევა ყველაზე მეტად აღიზიანებს ძველი თაობის წარმომადგენლებს, რადგან, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირი, კარგი იყო ის თუ ცუდი, წარმოადგენდა მაინც სახელმწიფოებრივ დონეზე კანონის დაცვის მცდელობას. მართალია, მაშინ ეს არ გამოვიდა, გადაგვარდა პარტიული ელიტა, ჩამოიშალა ეკონომიკა და ბოლოს ყველაფერი დასანგრევი გახდა ნამდვილად; ან იქნებ სწორია ისიც, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფოს არსებობა საერთოდ შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ ხომ ფაქტია, რომ ხალხს იმ დროს ქონდა ნორმალური პენსია, ადეკვატური ხელფასი, უფასო განათლება, უფასო დასვენება, ჯანმრთელობის დაცვის უფასო სისტემა უფასო ბინები, დაცული იყო ქალის უფლებები და დედას შეეძლო ნორმალურად აღეზარდა შვილი, რაც დიდი პრობლემაა ოჯახისათვის და სახელმწიფოსათვისაც, რომელიც მხოლოდ მაშინაა ძლიერი, როდესაც კარგი ახალგაზრდობა ყავს.

ამრიგად, ძველი თაობა მიჩვეული იყო და იცოდა ის, თუ რა იყო წესრიგი და ესმოდა სახელმწიფოს როლიც ამ წესრიგის დაცვის საქმეში. მაგრამ, აი დაინგრა ქვეყანა და უეცრად დაიკარგა ყველაფერი. უბრალოდ, ერთ დილას გაიღვიძა ხალხმა და დაინახა, რომ მოსახლეობის ერთი, დიდი ნაწილი გაღატაკებულია, ხოლო მეორე, გაცილებით მცირე, რომელიც აღმოჩნდა „საჭირო დროს“ და „საჭირო ადგილზე“ , გახდა მილიონერი. ყველამ კარგად იცის და არ ჭირდება არავის იმის ახსნა, რომ არსებობენ სხვადასხვა უნარების და შესაძლებლობების ადამიანები და მათ სამართლიანად შეუძლიათ დააგროვონ ქონება ამის მიხედვით. ამიტომ არავის აღიზიანებს მდიდარი ადამიანი, თუ მისი ქონების წარმომავლობა ნათელია და გამჭვირვალე. ადრეც იყო ასე: პროფესორს და აკადემიკოსს მაღალი ხელფასები ქონდა, მაგრამ ყველა თვლიდა, რომ ეს იყო დამსახურებელი.

ხალხი წონასწორობიდან გამოყავს მხოლოდ ქონებას, რომელიც ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე გზით არის დაგროვილი, ანუ როდესაც ხედავს, რომ დარღვეულია სოციალური სამართლიანობა და საქმე გვაქვს კორუფციასთან, როდესაც უსამართლოდაა გადაწყვეტილი საპენსიო კანონი და უსამართლობაა ხელფასების ტარიფების დადგენის სფეროშიც. ხალხს აღიზიანებს უსაქმური, არაფრის გამკეთებელი და თავიანთ კაბინეტებში გამოკეტილი ჩინოვნიკები, რომლებსაც გაწყვეტილი აქვთ ხალხთან კონტაქტი და თან გააჩნიათ უდიდესი პრივილეგიები, მაღალი ხელფასები და ყოვლად გაუმართლებელი დანამატები. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი, იყენებს რა თავის თანამდებობრივ უფლებებს, მუშაობს რამდენიმე ადგილზე და არსად არაფერს არ აკეთებს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და ადეკვატურ წესრიგს; იგი თვლის,რომ სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაიცვას ერთი ადამიანი მეორის აღვირახსნილობისაგან და აგრძნობინოს ყველას, ვინც შეპყრობილია მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და ანგარიშს არ უწევს საზოგადოებას, რომ უზნეობა წამგებიანია და დასჯადი.

ამგვარ ფონზე განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუ როგორ დაირღვა სამართალი უნივერსიტეტში ე.წ. „ჩარეცხილების“ მიმართ. მათგან ბევრს ახლი გავლილი ქონდა კონკურსი, გამოქვეყნებული ქონდა მონოგრაფიები აქტუალურ თემებზე და ღირსეულად, დროის მოთხოვნების სრული გათვალისწინებით, მიყავდა სასწავლო პროცესი. ასეთ კადრებს თავისთან ინატრებდა მსოფლიოს ბევრი წამყვანი უნივერსიტეტი. მაგრამ უეცრად, განათლების სისტემაში ჩატარებული დაუნდობელი და სრულიად უსამართლო რეფორმებით, ეს ხალხი ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდა ქუჩაში, თანაც ისე, რომ ბევრმა ხელფასის აღების დროს სალაროსთან გაიგო, რომ აღარ იყო უნივერსიტეტის თანამშრომელი და ზოგმა ამის გამო იქვე, ადგილზევე მიიღო ინფარქტი. სწორედ ეს ხალხი, რომელიც უდავოდ უნივერსიტეტის მთავარი საყრდენი და ძალა იყო, აკლია დღეს უნივერსიტეტს, განსაკუთრებით კი იმ სტუდენტებს, რომლების გამოთქვამენ პროტესტს უნივერსიტეტში სწავლების დაბალ ხარისხზე, ითხოვენ გარე რეფერირებას და დროის მოთხოვნების გათვალისწინებას სასწავლო პროცესში.

განსაკუთრებით გულსატკენი და შეურაცხმყოფელი იყო ამ ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მეცნიერებისათვის ის, რომ მათი უნივერსიტეტში დარჩენის საკითხი გადაწყვიტეს საკმაოდ საეჭვო განათლებისა და კულტურის მქონე პირებმა ანუ მათ, ვინც რატომღაც აღმოჩნდნენ „საჭირო დროს“ და „საჭირო ადგილზე“. მეცნიერებისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ უსამართლობის გრძნობა გაუჩინა არა მარტო მათ, ვის ზურგზედაც გადაიარა მთელმა ამ უკანონობამ. არამედ საზოგადოების იმ დიდ ნაწილსაც, ვისთვისაც სულერთი არ იყო უნივერსიტეტის ბედი და განათლების დონის საკითხი საქართველოში. დღეს ჩვენ ვიმკით ამ არასწორი პოლიტიკის შედეგებს და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.

სამწუხაროდ, შთაბეჭდილება დღესაც ისეთია, რომ ცვლილებებს უნივერსიტეტში ხელს უშლიან ისევ მის შიგნით არსებული ბარიერები. ახალგაზრდობა ითხოვს სწავლის უფლებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, დროის მოთხოვნების გათვალისწინებას სასწავლო პროცესში და, რაც მთავარია, ახალ კანონს განათლების სისტემაში. კანონი ალბათ დაიდება და გაირკვევა ისიც, თუ რა ფორმით უნდა შეასრულოს თავისი როლი ახალგაზრდობამ განათლების პროცესში; მაგრამ მანამდე ხომ შეუძლია უნივერსიტეტს შეკრიბოს ძველი და ახალი თაობა, დეტალურად შეისწავლოს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა, დაეუფლოს სიტუაციას და შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც ყველანი, კონფლიქტში მყოფნი და დაპირისპირებულები, შეძლებენ გახდნენ პარტნიორები და სამართლიანობის დაცვით გაარკვიონ ერთად ის, თუ რისი გაკეთებაა საჭირო დღეს უნივერსიტეტში და რატომ?

უდავოა, რომ პროფესორს უნდა ქონდეს აკადემიური თავისუფლება, რაც ნიშნავს თავისუფლებას სწავლებაზე, კვლევაზე და საკუთარი აზრის გამოთქმაზე. მაგრამ აკადემიური თავისუფლება არ ათავისუფლებს არავის პასუხისმგებლობისაგან და თუ ვინმე არ არის პროდუქტიული, დაბალი აქვს ხარისხი მუშაობაში, ვერ პასუხობს დროის მოთხოვნებს და ჩაშლის პირამდე მიყავს სასწავლო პროცესი, მაშინ სამართლიანობა მოითხოვს, რომ მის მიმართ უნივერსიტეტმა დააწესოს გარკვეული სანქციები, თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით, და მანამ, სანამ სტუდენტები ამას შეამჩნევენ და აყვირდებიან.

მოვიდა დრო, როდესაც ქვეყნისა და უნივერსიტეტის ინტერესების დასაცავად წინ უნდა იყოს წამოწეული არა ვინმეს პირადი ინტერესები და გაუთავებელი კონფლიქტები, არამედ ის, რაც აერთიანებს თაობებს, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის დამყარების პროცესს უნივერსიტეტში, უპასუხებს დროის მოთხოვნებს და წარმართავს ქვეყნის მთელ ინტელექტუალურ პოტენციალს პროგრესისაკენ. დღეს ისეთი დროა, რომ უნივერსიტეტმა თვითონ უნდა დაიცვას საკუთარი თავი, გამოიყენოს ყველა არსებული რესურსი და აიღოს სხვებისაგან მხოლოდ ის, რაც გამოადგება წინსვლასა და განვითარებაში.

რატომ არ შეიძლება, მაგალითად, რომ მან, ვისაც სურს იყოს სრული პროფესორი უნივერსიტეტში, ჩაატაროს ღია ლექცია სააქტო დარბაზში, აჩვენოს შეკრებილ აკადემიურ პერსონალს, თუ რას სთავაზობს იგი, თავისი საგნის სახით, უნივერსიტეტს და როგორ პასუხობს მისი პროგრამა დროის მოთხოვნებს. მსგავს ლექციებს ხომ სისტემატურად კითხულობდნენ წარსულში ჩვენი წამყვანი პროფესორები. ისინი, როგორც წესი, ამ დროს ახდენდნენ თავიანთ დარგში უახლესი აღმოჩენების ჩვენებას, ანალიზს და მსოფლმხედველობრივ ასპექტში შეფასებას. ამგვარი პრაქტიკა აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, უფრო ნათელს და გამჭვირვალეს ხდის კონკურსს და ხელს უწყობს ცოდნის სინთეზსა და ინტეგრაციას. იუნესკო თავის დეკლარაციებში სისტემატურად უსვამს ხაზს კრიტიკული თეორიული აზრის განვითარებისა და დისციპლინათაშორისი კვლევების გააქტიურების ხარისხს, რაც უზრუნველყოფს განათლების პროცესის მთლიანობას, მის სისტემურ ხასიათს და გააძლიერებს მოტივაციას პედაგოგიურ მოღვაწეობაში. ამ დეკლარაციებში ნათქვამია ისიც, რომ ინტეგრირებულ განათლებას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ: ოჯახმა, განათლების სისტემამ, საზოგადოებამ და საერთოდ ეს საკითხი სახელმწიფოებრივ რანგში უნდა იყოს აყვანილი ანუ უნდა შემუშავდეს სპეციალური მეთოდები ამგვარი განათლებისათვის და არავითარმა ბიუროკრატიულმა აქტებმა არ უნდა შეუშალოს ხელი ამ პროცესს.

ამრიგად, თუ გვსურს, რომ შეიცვალოს მდგომარეობა, უნდა დავიწყოთ რეალური საქმე, დავიცვათ სამართლიანობა და აღარ მოვიტყუოთ თავი რაღაც საეჭვო, კორუფციის ელემენტების შემცველი შემოწმებებით და კონკურსებით, როდესაც ხშირად თვითონ შემმოწმებელს და საკონკურსო კომისიის წევრს გააჩნია საკუთარი ინტერესები და, აქედან გამომდინარე, შეგნებულად არღვევს სამართლიანობას და ლახავს სხვის უფლებებს. ნებისმიერი საუნივერსიტეტო საკითხი უნდა გადაწყდეს ღიად, ნათლად და გამჭვირვალედ, სამართლიანობის სრული დაცვით და არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებით, რათა აღარასოდეს და არავის მიმართ აღარ გამეორდეს ის, რაც „ჩარეცხილების“ შემთხვევაში მოხდა.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ფაკულტეტების ყურადღება საუნივერსიტეტო განათლებაში ფილოსოფიის კურსის პროფილის მიხედვით კითხვის საკითხზე. დღეს, როდესაც კურსი ფილოსოფიაში აღარ არის უკვე რომელიმე პარტიის იდეოლოგიის პროპაგანდა და მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტში (იუნესკოს მითითებით) უდიდესი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდობაში მეცნიერული მსოფლმხედველობის ფორმირების საკითხს (სპეციალობის თეორიული პრობლემების ფილოსოფიურ ანალიზსა და მსოფლმხედველობრივ პარადიგმაში მომხდარი ცვლილებების ჩვენებას და შეფასებას), აუცილებელია ამ პრაქტიკის ჩვენთანაც დანერგვა; ამგვარი კურსი, როგორც წესი, უნდა წაიკითხოს დარგის წარმომადგენელმა სპეციალისტმა, რომელსაც ექნება გარკვეული სერტიფიკატი ფილოსოფიაში. თავის დროზე ფილოსოფიური კურსის კითხვის ეს მეთოდი დანერგილი იყო ფიზიკის ფაკულტეტზე აკადემიკოსების მ.მირიანაშვილისა და ვ.მამასახლისოვის მიერ. წლების მანძილზე აქ იკითხებოდა ფილოსოფიის კურსი პროფილის მიხედვით, ჩატარდა ხუთი საკავშირო კონფერენცია თემაზე: „მეცნიერება და ფილოსოფია“, გამოიცა მონოგრაფიები ფიზიკისა და მათემატიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე და მომზადდა აგრეთვე პროგრამები, სხვა ფაკულტეტებზე (შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის ბაზაზე) ანალოგიური კურსების წასაკითხად.
მაგრამ ე.წ. რეფორმების შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზე მიმდინარე ეს მუშაობა მთლიანად შეჩერდა; არადა ეს იყო პირდაპირი გამოძახილი იუნესკოს დეკლარაციებში წამოყენებული მოთხოვნისა ახალგაზრდობაში დროის შესაბამისი მეცნიერული მსოფლმხედველობის ფორმირების შესახებ, როდესაც ფილოსოფიის კურსის პროფილის მიხედვით კითხვა გულისხმობს არა ზერელე, ძველი პარტიული სემინარებისათვის დამახასიათებელ ფორმალურ მიდგომას, არამედ დარგის ფუნდამენტური საკითხების ღრმა ცოდნას, მათ სერიოზულ შემეცნებით და შეფასებით ანალიზს, რაც ხელეწიფება მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტს. იმაზე, თუ რა დონეზე და რა ხარისხით მუშაობდა ფიზიკის ფაკულტეტზე ბ-ნი მათესა და ბ-ნი ვაგანის მიერ შექმნილი სემინარი: „მეცნიერება და ფილოსოფია“, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ სემინარზე თავის დროზე ლექცია წაიკითხა და თავისი მსოფლმხედველობრივი პოზიცია წარმოადგინა თვით ნილს ბორმა.

ცნობილია, რომ ოცწლიანი დავა ბორსა და აინშტაინს შორის იყო დავა მსოფლმხედველობრივი პოზიციების შესახებ; ხოლო ის ფაქტი, რომ თვით გენიალურ აინშტაინსაც კი გაუჭირდა ახალი პარადიგმული ცვლილებების აღიარება სამყაროს არსის გააზრებაში, მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ რთულ, წინააღმდეგობებითა და განუზღვრელობებით სავსე ეპოქაში დავიწყეთ ცხოვრება და ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო საჭიროა და აუცილებელი ახალგაზრდობისათვის დროული და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. საინტერესოა, რომ თვით აინშტაინმა ბოლოს, როდესაც არგუმენტი აღარ დარჩა თავისი პოზიციის დასაცავად, ბორს უთხრა; „ამჟამად აღარა მაქვს აღარავითარი პასუხი შენთვის, მაგრამ იმდენად მეზიზღება ეს ყველაფერი, რომ მაინც არ ვაღიარებ“! ი.პრიგოჟონმა კი, რომელმაც აღიარა უკვე ეს სიახლე, დაწერა: „ჩვენ ვცხოვრობთ შემთხვევითობებით და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში; ცხოვრება აქ ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია“. „ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში“ - თქვა ჰაიდეგერმა. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცხოვროს და იმუშაოს ამ ეპოქაში.

და ბოლოს: ლ.გოკიელმა მოგვცა მათემატიკის ფუნდამენტური საფუძვლების კვლევა და შემეცნების დიალექტიკის უნიკალური ანალიზი, თანამედროვე ხელოვნების ბრწყინვალე შეფასება გააკეთა ზ.კაკაბაძემ, პარადიგმული ხასიათის პრობლემებს შეეხო ს.წერეთელი თავის „დიალექტიკურ ლოგიკაში“, კ.ბაქრაძემ გამოაქვეყნა „დიალექტიკის საკითხისათვის“ და მრავალი სხვ. დასანანია, რომ ჩვენი ახალგაზრდობისათვის ეს ნაშრომები უცნობია და ხელმიუწვდომელი. არადა მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არ დგას თეორიული საკითხების და კრიტიკული აზროვნების კვლევის მიხედვით განვითარებადი ქვეყნების დონეზე და ისიც, რომ ამ ცოდნას, გამოცდილებას და ტრადიციას გაგრძელება უნდა, რაც უკვე მათი ვალია და მათი გასაკეთებელია მომავალში. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს და მიაღწიოს ცხოვრებაში რაიმე ღირებულს, აუცილებელია დისციპლინა, თავისუფალი ნების შინაარსობრივი შეზღუდვა და საკუთარი თავის კონტროლი. კანტი წერდა: „შესაძლებელი რომ ყოფილიყო და ადამიანი აღეზარდა ისეთ სრულყოფილ არსებას, როგორიც არის ღმერთი, მაშინ ნახავდით თქვენ რა შეუძლია ადამიანს“.

იხილეთ მეტი


გილდა სიხარულიძე

R
weezlkdcq
15 მაისი 2017 15:25
y4yjnp awbmqxsduvjj, [url=http://aujtcaazasyr.com/]aujtcaazasyr[/url], [link=http://dsssxhzqhkjf.com/]dsssxhzqhkjf[/link], http://dmvanlzsxhzb.com/
ნუნუ უთურაშვილი
25 აპრილი 2017 22:39
ღმერთმა ხელი მოგიმართოს! იმედია,შენი სატკივარი არ დარჩება უყურადღებოდ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ისინი, ვინც არიან პასუხისმგებელნი მომავალი თაობის წინაშე!
kkk
16 მარტი 2017 09:10
მშვენიერი სტატიაა, ნეტა თუ კითხულობს ამას ის, ვისაც ეს ეხება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები