ფერმის თუ სოფლის კვერცხი? - კვირის პალიტრა

ფერმის თუ სოფლის კვერცხი?

კარგი კვერცხი წყალში იოლად უნდა იძირებოდეს. შედარებით ძველი თანდათან ჩაიძირება, ხოლო ძალიან ძველი იტივტივებს...

მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭერით, თუკი გული ცენტრშია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ახალია...

არსებობს მოსაზრება, რომ სოფლის კვერცხი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ფერმის, რომელსაც მაღაზიაში ვყიდულობთ, სინამდვილეში, ფერმისა და სახლის ქათამი, რომელიც ჯანსაღ საკვებს იღებს, ორივე შემთხვევაში კარგ და ჯანსაღ კვერცხს დადებს.

არის თუ არა სხვაობა ხარისხის კუთხით თეთრ კვერცხსა და მუქი ფერის კვერცხს შორის? - არანაირი, კვერცხის ფერი ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული და ის არ გამოხატავს კვერცხის დადებით თვისებებს.

რამდენ ხანს ინარჩუნებს კვერცხი სასარგებლო თვისებებს?

რაც უფრო ახალია კვერცხი, მით მეტია მასში სასარგებლო ნივთიერებები. დადებიდან შვიდი დღის განმავლობაში კვერცხს მთლიანად აქვს შენარჩუნებული ყველა სასარგებლო თვისება. შემდეგ ნელ-ნელა იწყებს ამ თვისებების დაკარგვას. ქათმის კვერცხის ვარგისიანობის ვადა, მაქსიმუმ, 25 დღეა.

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ახალი და ძველი კვერცხი

თუ კვერცხის გაქანებისას მასში მოძრაობას იგრძნობთ, ასეთი კვერცხი ძველია. ძველი კვერცხი პრიალებს. ამიტომ კარგად დააკვირდით ყიდვისას. ის აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და ერთგვაროვანი. კარგი კვერცხი წყალში იოლად უნდა იძირებოდეს. შედარებით ძველი თანდათან ჩაიძირება, ძალიან ძველი კი იტივტივებს. ამასთან, თუ კვერცხი ახალია, მისი ცილა მკვრივია. თუკი ცილა თეფშზე წყალივით გაიშალა, კვერცხი არ ვარგა.

კიდევ ერთი რჩევა - მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭერით, თუკი გული ცენტრშია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ახალია. ყველა ეს რჩევა ეხება როგორც ქათმის, ასევე მწყრის კვერცხსაც.

ყიდვისას არჩევანი საშუალო ზომის კვერცხზე გააკეთეთ

მაღაზიის დახლებზე უთუოდ შეამჩნევდით სხვადასხვა შეფუთვისა და წარმოების კვერცხზე მითითებულ კატეგორიებს. ნული კატეგორიის კვერცხი ყველაზე დიდია და შესაბამისად, უფრო ძვირიც ღირს, თუმცა გაითვალისწინეთ: კვერცხის ზომას ქათამი განსაზღვრავს. დიდ კვერცხს შედარებით დიდი ზომისა და ასაკის ქათამი დებს. ამიტომ ყიდვისას არჩევანი საშუალო ზომის კვერცხზე გააკეთეთ. ის შედარებით ახალგაზრდა ქათმის დადებულია და ასეთი კვერცხი მეტხანსაც ინახება.