ღია წერილი თსუ-ს ყოფილ რექტორს ბ-ნ როინ მეტრეველს, რომლის შემდეგ უნივერსიტეტს ფაქტიურად რექტორი აღარ ჰყოლია ®
ღია წერილი თსუ-ს ყოფილ რექტორს ბ-ნ როინ მეტრეველს, რომლის შემდეგ უნივერსიტეტს ფაქტიურად რექტორი აღარ ჰყოლია ®
განათლების სისტემის რეფორმის წინ უნივერსიტეტში იყო საკმაოდ დაძაბული და წინააღმდეგობრივი ატმოსფერო: ერთის მხრივ, ВАК-ი ჩვენთან შეცვალა სეს-მა და მისმა უკიდურესად კორუმპირებულმა და კანონდარღვევებით მომუშავე სისტემამ გზა გაუხსნა ქვეყანაში ფსევდომეცნიერებას, შეუტია პროფესიონალიზმს და მეცნიერებაში აღაზევა „дедовщина», ხოლო, მეორეს მხრივ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე შემოვიდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალი ეპოქა, რამაც ძირეულად შეცვალა ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსთან და ჩვენგან მოითხოვა რევოლუციური იდეებისა და არასტანდარტული ინფორმაციების სწრაფი მიღებისათვის მზაობა.

ამასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანა და მათ
შორის ჩვენიც დადგა ინფორმაციული მენეჯმენტის განვითარების და განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობის წინაშე.

მაგრამ ამ პერიოდში, სეს-ის კორუმპირებული მოღვაწეობის შედეგად ჩვენში უკვე ისე გაიზარდა კანონდარღვევებით სამეცნიერო ხარისხების დაუმსახურებლად მინიჭებულთა რიცხვი, რომ მეცნიერებაში შეიქმნა სრული ქაოსი და ანარქია. ასე რომ, სრულიადაც არ იყო შემთხვევითი, რომ განათლების სისტემაში
რეფორმების ჩასატარებლად არ შეირჩა გონიერ, გამოცდილ და ზნეობრივ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც არ იხელმძღვანელებდა მხოლოდ პირადი ინტერესებით, დაიცავდა ობიექტურობას კონკურსების ჩატარების პროცესში და, რაც მთავარია, გამოიყენებდა და უყურადღებოდ არ დატოვებდა იმ უნიკალურ რესურსებს, რაც გააჩნდა უნივერსიტეტს თითქმის ყველა სფეროში. თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმასაც, რომ ამ პროცესებს გვარიანად შეეწყო ხელი გარედან, როდესაც მიზანდასახულად მოქმედებდნენ სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი და კიდევ ათასგვარი ექსტრემისტული გაერთიანებები, რომლებსაც გრანტების სახით აფინანსებდნენ საზღვარგარეთიდან სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციები, მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.

დღეისათვის უკვე ყველასათვის ნათელია, რომ განათლების სისტემის რეფორმის დროს არ შეიძლება ერთადერთი მიზანი იყოს მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, და შესაძლოა მეტადაც, რომ განათლების სისტემამ დააკმაყოფილოს ქვეყნის მოთხოვნები სპეციალისტთა კვალიფიკაციის მიმართ და, რაც მთავარია, უზრუნველყოს მოქალაქეთა მაღალხარისხოვანი განათლება. დასავლეთისკენ სწრაფვამ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები ანუ ყოველი სიახლე ადაპტირებული უნდა იყოს ქვეყნის კულტურაზე(მით უმეტეს, თუ ეს კულტურა მნიშვნელოვანია და პროგრესული) და ყოველი ინოვაციის შემოტანას წინ, როგორც წესი, სიღრმისეულად უნდა შეფასდეს ქვეყანაში არსებული მენტალიტეტი და მისი ძირითადი რესურსები.
სეს-ის მესვეურთა კორუმპირებული მუშაობის გამოძახილი იყო სწორედ უნივერსიტეტში ჩატარებული ის ბარბაროსული კონკურსები და „ჩარეცხილების“ ის უდიდესი ნაკადი, რამაც მაღალკვალიფიცირებული კადრების გარეშე დატოვა თავის დროზე უნივერსიტეტი. სხვადასხვა ავტორის მიერ და სხვადასხვა გაზეთში ბევრი იწერებოდა მაშინ სეს-ზე; ამ პერიოდშივე გამოქვეყნდა ჩემი წერილებიც: „ მეცნიერება უნდა დაიცვას კანონმა“, „როდემდის გაგრძელდება განუკითხაობა“, „ვილაპარაკოთ კანონის ენაზე“, „ნოსტალგია წარსულზე: საბჭოური ВАК-ი, თუ ჩვენი ყველაფრისგან თავისუფალი, დემოკრატიული სეს-ი“, „ფსევდოდემოკრატიამ პირველი დარტყმა უნივერსიტეტს მიაყენა“, „ვიბრძოლებ, ვიდრს ჩემს ქვეყანაში კანონი არ იკანონებს“ და მრავალი სხვა(ყველა წერილი განთავსებულია ჩემს საიტზე: gildasikharulidze.com).

საკითხი სეს-ის შესახებ თავის დროზე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომაც და ბოლოს იმისათვის, რომ როგორმე უხმაუროდ გადაეფარათ სეს-ში არსებული კორუფციული მოღვაწეობის შედეგები, 2004 წელს „უმაღლესი განათლების“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 9-ე პუნქტში ითქვა, რომ „2006 წლის 31 დეკემბრამდე მიღებული და საქართველოში აღიარებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ავტომატურად გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან“; მაგრამ ამით არაფერიც არ შეიცვალა, რადგან იმ დროისათვის უკვე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა ხელში ქონდათ ჩაგდებული სეს-ის მიერ გამრავლებულ დოქტორებს და ამიტომაც მოხდა შემდეგ ის, რომ განათლების სისტემის მთელი რეფორმა, ყველა კონკურსი და ყველა საკადრო ცვლილება ჩატარდა სწორედ სეს-ში შემუშავებული მეთოდიკით, სადაც მთლიანად იყო დარღვეული ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართლის ნორმები. ამ ქმედებათა შედეგებს ვიმკით დღეს მეცნიერებაშიც და განათლებაშიც. დღის წესრიგში კი ისევ მწვავედ დგას მეცნიერების კორუფციისაგან გათავისუფლების და მეცნიერების ფსევდომეცნიერებისაგან გამიჯვნის საკითხი.

სიტუაცია მეცნიერებაშიც და განათლების სისტემაშიც კატასტროფულია და დღითიდღე უფრო და უფრო მძიმდება მაგრამ არავის არ სურს აღიაროს, რომ აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებები. სტუდენტები გამოდიან ქუჩაში და გადახდილი საფასურის ნაცვლად ითხოვენ დროის შესაბაბის ხარისხიან განათლებას. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც დამსახურებული მეცნიერები და პედაგოგები სახლებში სხედან, ხოლო აუდიტორიებში კი კაცმა არ იცის, თუ რა დონის ხალხი შედის, ბუნებრივია, სტუდენტები ამგვარ განათლებას ვერ მიიღებენ. თავის მოტყუება იქნება ნამდვილად, თუ ვიფიქრებთ, რომ განათლების სისტემის სრულყოფა შესაძლებელი იქნება ღია და გამჭვირვალე კონკურსების გარეშე ან იმგვარად, რომ კომისიებში ისევ დარჩებიან პირადი ინტერესების მქონე კორუმპირებული პირები, რომლებიც არც გახსნიან და არც გაეცნობიან კონკურსატთა საბუთებს. ეს ჩვენ უკვე ვიცით! ეს ჩვენ უკვე გავიარეთ!

დრო ითხოვს, რომ შეიცვალოს თანამშრომელთა ურთიერთობის სტრუქტურა და პროფესიონალთა ჯგუფი შეეჩვიოს გუნდურ მუშაობას ისე, რომ თითოეულმა წევრმა შეძლოს იყოს პარტნიორი და იზრუნოს იმაზე, რომ ითანამშრომლოს კოლექტივში. ასეთ დროს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თუ ვინ იქნება პირველი და ვინ მეორე. მთავარია კოლექტივმა დაძლიოს წინააღმდეგობა, იპოვოს პრობლემა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოავლენს მოვლენის არსს და გვიჩვენებს მომავლის პერსპექტივას. მართვის სადავეები ამ დროს თანდათან გადავა ბიუროკრატიიდან პროფესიონალთა ხელში და მაშინ უკვე ვერცერთი თავის კაბინეტში ჩაკეტილი ბიუროკრატი ვეღარ შეძლებს დაბლოკოს აკადემიური თავისუფლება და ამით გადაფაროს თავისი უნიათო ხელმძღვანელობის შედეგები.
ასეთ კოლექტივში მუშაობა ნებისმიერი მეცნიერის ოცნებაა, მაგრამ სამწუხაროდ ოპონენტები ხშირად ირჩევენ ფარულ და კანონგარეშე თამაშს....ადრე ასეთ დროს ის მაინც იყო, რომ ღია იყო რექტორატის ყველა კარი, ნებისმიერ კრიტიკულ წერილს ბეჭდავდა უნივერსიტეტის გაზეთი, შეიძლებოდა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაზე საჯარო დისკუსია და თუმც, შესაძლოა, ამ დროს ყოველთვის არ ვიყავით კმაყოფილი მიღებული შედეგებით და მაშინ რომ ეთქვა ვინმეს, რომ ეს დრო მოგენატრებათო, არ დავიჯერებდით. მაგრამ დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრს ენატრება!...მახსოვს, უნივერსიტეტმა კომისიაც კი გამოყო სეს-ის კორუმპირებული მუშაობის შესამოწმებლად და, როგორც ვიცი, საკმაოდ ობიექტურიც იყო ამ კომისიის დასკვნები, მაგრამ შემდგომში სეს-მა უკვე მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური შეფერილობა მიიღო, აშკარად აიღო კურსი ჩვენი განათლების სისტემის,მეცნიერების, კულტურული ტრადიციების და რელიგიის განადგურებისკენ და ყოველი ბრძოლა უშედეგო გამოდგა. ამ პერიოდში დაიბეჭდა ჩემი წერილები:“SOS! SOS! SOS! დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით“, „ვერაფერს მისცემ კაცობრიობას, თუ შენი ერის არ იცი ფასი“, „ჩვენი იდეოლოგები ანუ როგორ დაგვსვეს „გაგიჟებულ მრუდზე“, „დეიდეოლოგიზირებული მეცნიერული ელიტა და დასამარებული ფილოსოფიური ტრადიციები. ღია წერილი ე.შევარდნაძეს“, „დროა მოვიკითხოთ ჩვენი იდეოლოგები“ და მრავალი სხვა(წერილები განთავსებულია საიტზე:gildasikharulidze.com).

ვიხსენებ უნივერსიტეტის ღირსეულ წარსულს და იმას, თუ რე სიამაყით ვისმენდით ნილს ბორის ლექციას ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ვ.მამასახლისოვის და მ.მირიანაშვილის მიერ დაარსებულ სემინარზე. ბორი მაშინ საუბრობდა იმაზე, თუ რა სიახლეები შემოქონდა ახალ საუკუნეს მეცნიერულ აზროვნებაში და რა ცვლილებებს ახდენდა ახალი ეპოქა ტრადიციულ მსოფლმხედველობრივ პარადიგმაში; ეს იყო ცვლილებები, რამაც თავის დროზე გააღიზიანა და გააოცა აინშტაინი, ჰაიდეგერს კი ათქმევინა: “ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში“. საინტერესოდ და გატაცებით გადმოსცემდა ბორი თავის პოზიციას იმ პრობლემაზე, რითაც დაინტერესებული იყვნენ ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერებიც: ვ.მამასახლისოვი და მ.მირიანაშვილი ამ პრობლემას იხილავდნენ ფიზიკაში, ლ.გოკიელი - მათემატიკაში, ს.წერეთელი და კ.ბაქრაძე კვლევას აწარმოებდნენ დიალექტიკის პრობლემებზე, ხოლო ზ.კაკაბაძემ დაგვიტოვა ხელოვნების სფეროს შესანიშნავი თანამედროვე ფილოსოფიური ანალიზი... ვიგონებ თეორიული აზროვნების ამ ბრწყინვალე ნიმუშებს და ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ მას შემდეგ, რაც ეს უნიკალური მენტალიტეტი შეიცვალა ჩვენთან „კომბლესა“ და „ნაცარქექიას“ თემატიკაზე დისკუსიით, ბორის მსგავსი რომელიმე მეცნიერი კვლავ დაინტერესდება და ჩამოვა ჩვენთან დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

ყველაფერი, რაზეც ჩვენი დიდი მეცნიერები მუშაობდნენ და რასაც ეხებოდა ნილს ბორის ლექციაც, იყო ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ფორმირების, გამთლიანებული ცნობიერების და ინტეგრირებული აზროვნების ჩამოყალიბების პროცესი და ნორმალურ პირობებში ყოველივე ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო განათლების სისტემის რეფორმის დროს, თუ გვსურდა ამ პროცესის სწორად წარმართვა და სასურველი შედეგების მიღება. მაგრამ სამწუხაროდ დასავლეთის მიერ წარმოდგენილ არც ერთ პროექტში ამ ასპექტების ხსენებაც არ იყო, ხოლო მათ კი, რომლებმაც განახორციელეს ეს რეფორმა ჩვენს ქვეყანაში, წარმოდგენაც არ ქონდათ იმაზე, თუ რაზე მუშაობდნენ ჩვენი სახელოვანი მეცნიერები, „დიალექტიკა“ კი ის სალანძღავი სიტყვა ეგონათ, რომელიც მათთვის ცალსახად გამოხატავდა კომუნისტური მოძღვრების იდეოლოგიას. აქედან გამომდინარე, ინტეგრირებული აზროვნების არსის განხილვა და მასთან დაკავშირებული მთელი უნიკალური თეორიული მასალის ანალიზი „რეფორმატორებმა“ შეცვალეს ფაკულტეტების ზერელე, მექანიკური გაერთიანებით, რის შედეგადაც დაინგრა და განადგურდა ბევრი ისეთი კათედრა, რომლებიც საყრდენ წერტილებს წარმოადგენდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში.
დღეს უნივერსიტეტში მწვავე მეცნიერული კრიზისი და პიროვნულობის დიდი დეფიციტია და აი ასეთ დროს რატომღაც მომინდა მეკითხა თქვენთვის: რას ფიქრობთ ბ-ნო როინ, გადარჩება უნივერსიტეტი? გაემიჯნება ოდესმე ჩვენში მეცნიერება ფსევდომეცნიერებას? მართალია, იმ უღმერთოდ და უკანონოდ „ჩარეცხილთაგან“ ბევრი უკვე აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მათ, ვინც ჯერ კიდევ გადარჩა, არ დაუკარგავთ სურვილი დაიცვან უნივერსიტეტის ღირსება და ავტორიტეტი.

ახალგაზრდობა კი გარეთ ღელავს....მოთმინება თანდათან იწურება...გვაპატიონ ახალგაზრდებმა, თუ, მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, ვერ ვაჩვენეთ მათ ჩვენი ტრადიციული კულტურის ძალა და ვერ მოვახმარეთ ამ საკითხში ჩვენი ცოდნა და გამოცდილება; მაგრამ სამწუხაროდ ცნობილი სიმღერისა არ იყოს, „გამოღმით ჩვენ ვართ, გაღმით თქვენ, შუა ჩაგვიდის მდინარე“....

იხილეთ მეტი

გილდა სიხარულიძე

(R)

მედეა
26 მაისი 2017 12:46
ჯერ არ იყო ძმარი და შეერია წყალი---ასეა ჩვენი განათლების სისტემა, მაგრამ იქვე ვთქვათ--ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვიტკირსა---გამოსწორდება სიტუაცია, როცა შეხედავენ, რომ არაკვალიფიციური მმართველი საქმეს წინ ვერ წაიყვანს ---შეიცვლება კადრების შერჩევის ახლანდელი წესი, მანამდე დავხვეწოთ ჩვენი უნარები, ვიჯდეთ ჩრდილში და დაველოდოთ უკეთესს -აუცილებლად მომსვლელია იგი, მომავალი ნეპოტიზმის დასამარებაზე გადის!
David
26 მაისი 2017 11:12
nina იქნებ ჯერ შეგედარებინა მეტრეველის დროინდელი ლექტორების და თანამედროვე ლექტორების შემოსავლები და მერე დაგედო ასეთი ჭკვიანური დასკვნა.

სანამ უნივერსიტეტი იქნება ახალახალი ვაიპოლიტიკოსების ასაფრენი პლატფორმა, მანამ უნივერსიტეტს არაფერი ეშველება.

CCCR - დროს თავისუფალი აზრის გათქმა ერთადერთ უნივერსიტეტში შეიძლებოდა. მაგრამ ამჟამად ასე აღარ არის - არსებობს ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი - არ არის აუცილებელი საკუთარი აზრის გამოსათქმელათ დაიკავო უნივერსიტეტის რომელიმე აუდიტორია და ჩაშალო სწავლის პროცესი შენ თუ მტერი არ ხარ.
nina
25 მაისი 2017 16:46
მეტრეველის დროს გამდიდრდა უნივერსიტეტის ლექტორთა უმრავლესობა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები