"პალიტრა კლასიკის" ახალი პროექტი - კვირის პალიტრა

"პალიტრა კლასიკის" ახალი პროექტი

ამ კრებულებით ჩვენს ამჟამინდელ მკითხველსაც გავახარებთ და მომავალსაც - ეს თაობიდან თაობისთვის გადასაცემი კრებულებია

ქართველი კლასიკოსების კრებულები თვეში ერთხელ გამოვა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება

გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს - "პალიტრა კლასიკის" ახალ პროექტს, რომელშიც 10 ქართველი კლასიკოსის თითო სრულყოფილი, მაღალპოლიგრაფიული კრებული შევა. თითოეულ კრებულში თავმოყრილი იქნება ცნობილი ავტორის ის საუკეთესო თხზულებანი, რომლებმაც მწერალს აღიარება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეას წინ მსგავსი კრებულებით მკითხველის დაინტერესება უძღოდა - გამომცემლობა "პალიტრა L"-მა უკვე გამოსცა გალაკტიონ ტაბიძისა და ნოდარ დუმბაძის კრებულები, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ საინტერესო პროექტის შესახებ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური გვესაუბრება:

- "პალიტრა კლასიკის" კრებულების გამოცემა იმ დიდი ინტერესის გამო გადაწყდა, რომელიც გალაკტიონისა და ნოდარ დუმბაძის მსგავსი კრებულების გამოცემას მოჰყვა. ინტერესი გასაგებია - როცა საყვარელი კლასიკოსის წიგნში მკითხველს კლასიკოსის ყველა ის რჩეული ნაწარმოები ხვდება, რომლებიც უყვარს და სიამოვნებით წაიკითხავს, ცხადია, ასეთი კრებული მოეწონება. მოგეხსენებათ, ქართული წიგნის ბაზარზე უხვად არის წარმოდგენილი ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლები, მაგრამ მსგავსი კომპაქტური და სასაჩუქრე გამოცემა შედარებით მაინც ნაკლებია. ამასთან, პროექტი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოიცემა, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

კრებულებში ისეთი ნაწარმოებები შევარჩიეთ, რომელთა მიმართ ინტერესი არასოდეს განელდება, თითქმის ყველა თაობის მკითხველი სიამოვნებით წაიკითხავს. ეს არის რჩეული რომანები, მოთხრობები, პოემები, ლექსები - მსოფლიო და ქართული კლასიკა. ასე რომ, რაც უნდა დიდი მოცულობის იყოს რომელიმე კლასიკოსის ნაწარმოები, მას არ გავყოფთ, არ გადავიტანთ მეორე ტომში; უბრალოდ, გავზრდით კრებულის მოცულობას და ასეთ ფორმატში მივაწვდით მკითხველს.

ქართველი კლასიკოსების კრებულები თვეში ერთხელ გამოვა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. შემდგომში კი ვნახოთ, თუ მკითხველის ინტერესი იქნება, შესაძლოა, სხვა ქართველი კლასიკოსების კრებულებიც დავბეჭდოთ. ჯერჯერობით კი, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაკტიონის, მიხეილ ჯავახიშვილი, ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, იაკობ გოგებაშვილის კრებულების გამოცემა იგეგმება...

- სხვა სიახლეს ხომ არ შესთავაზებთ მკითხველს ამ გამოცემებში?

- ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ არაერთი მწერალი გახდა რეპრესიების, ხოლო მათი ნაწარმოებები ცენზურის მსხვერპლი. ბევრი კლასიკური თხზულებიდან ამოღებულია ის ადგილები, რომლებიც სახელმწიფოს აშინებდა. შევეცადეთ ჩვენს კრებულებში კლასიკოსების ის ნაწარმოებები შეგვეტანა, რომლებიც, ასე ვთქვათ, დედანია, ისეთი, როგორიც დაიწერა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რომელმაც, მაგალითად, კრებულისთვის მოგვაწოდა "კვაჭი კვაჭანტირაძის" პირველი, 1925 წლის გამოცემა, რომლიდანაც მოგვიანებით ბევრი რამ ამოიღეს. გარდა ამისა, გვაქვს მართლაც საინტერესო კიდევ ერთი სიახლეც: კრებულებში შევიტანეთ ყველა ის საინტერესო ესკიზი, რომლებიც ცნობილმა მხატვრებმა შექმნეს ამა თუ იმ ნაწარმოების სცენაზე გადასატანად. მოგეხსენებათ, ბევრი ჩვენი კლასიკოსის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა კინოფილმები თუ სპექტაკლები, რომლებიც შეიყვარა ხალხმა. თითოეული ესკიზი ძალიან სასიამოვნო განწყობას ქმნის, თითოეული თავისთავად ხელოვნების ნიმუშია.

- ერთი პრაქტიკული კითხვაც: კრებულები სოლიდური მოცულობის არის, წიგნის თაროებისთვის კი წიგნის მძიმე წონა მუდამ პრობლემაა.

- სხვათა შორის, სწორედ ამიტომაც შევარჩიეთ წიგნისთვის ხარისხიანი, მაგრამ მსუბუქი ფურცელი. ასე რომ, წიგნი სულაც არ არის მძიმე. და კიდევ ერთი, კრებულების ფასიც ხელმისაწვდომია. მაღალხარისხიანობა ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მყიდველი წიგნს ვერ შესწვდეს? ასე რომ, იმედია, ამ კრებულებით ჩვენს ამჟამინდელ მკითხველსაც გავახარებთ და მომავალსაც - ეს თაობიდან თაობისთვის გადასაცემი კრებულებია.

რაც შეეხება უცხოელ კლასიკოსებს, ჩვენ არც მათ ვტოვებთ უყურადღებოდ, პარალელურად გამოვა მათი ნაწარმოებებიც, ჯერჯერობით მათი გაზეთთან ერთად გაყიდვა არ იგეგმება, მაგრამ გაიყიდება მაღაზიებში. მაგალითად, უკვე გამოვეცით და იყიდება თომას მანის "ჯადოსნური მთა".

ეთერ ერაძე