"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 30-ტომეული უმაღლესი სამუზეუმო ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით" დაჯილდოვდა - კვირის პალიტრა

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 30-ტომეული უმაღლესი სამუზეუმო ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით" დაჯილდოვდა

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მრავალტომეული იმ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მუზეუმებშია დაცული

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 30-ტომეული უმაღლესი სამუზეუმო ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით" დაჯილდოვდა.

ხელოვნების სასახლე ამ ჯილდოს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გასცემს პროექტებისთვის, რომლებიც მუზეუმებში დავანებულ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მრავალტომეული იმ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მუზეუმებშია დაცული.

გამოცემის შექმნაში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ათეულობით პროფესიონალი მონაწილეობდა. გამოცემის ბოლო, 30-ე ტომი რამდენიმე თვის წინ გამოიცა და პროექტზე მუშაობაც ამით დამთავრდა.

იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა 30-ტომეულის პოპულარობა, პროექტის მენეჯერი ნესტან მაღალაშვილი მოგვითხრობს:

- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი ახსენებს სიტყვა "პირველს" ამა თუ იმ ამბავთან დაკავშირებით, მართლაც პირველი ძალზე ცოტა რამ არის, ამიტომაც სიამაყით მინდა ვთქვა, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" პირველი ილუსტრირებული ისტორიული გამოცემაა, სადაც სრულყოფილად არის გადმოცემული ჩვენი ისტორია, ხელოვნების ისტორიის ჩათვლით.

ამასთანავე, ის მაღალი პოლიგრაფიული დონის გამოცემაა და შემდგენლების პროფესიონალიზმით გამოირჩევა. სწორედ ამიტომაც არ დააყოვნა პოპულარობამ. თავდაპირველად 24 ტომი გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მოგვიანებით, მკითხველის ინტერესის გამო, პროექტი 30 ტომამდე განვავრცეთ. მართლაც საამაყო გამოცემა გამოვიდა. სწორედ ასე იყო ჩაფიქრებული ამ პროექტის იდეით - გამომცემლობას სურდა, ჩვენი ქვეყნის ისტორია გამოცემულიყო განსაკუთრებულად, სრულყოფილი ისტორიული დოკუმენტაციითა და ფოტომასალით, ნახატებითა და რუკებით, რომლებზეც ისტორიული ადგილები და ბრძოლები აისახებოდა. ამასთანავე, გამოცემა უნდა შეედგინათ იმ პროფესიონალებს, რომლებიც ისტორიას სრულყოფილად, მაგრამ გასაგებად და უბრალოდ გადმოსცემდნენ. მართლაც ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გათვალისწინებული იყო: "ილუსტრირებული ისტორიის" გამოსაცემად შეიკრიბა ისტორიკოსების, მხატვრების, ფილოლოგებისა და ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა. მათთან ერთად რუკებზე მუშაობდა კარტოგრაფიც. ისტორიული დოკუმენტაცია და ფოტომასალა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, ხელოვნების სასახლემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა არქივმა მოგვაწოდეს. ამ ყველაფერმა მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გამოცემა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მოზარდებისთვის იყო ჩაფიქრებული, ნებისმიერი თაობის მკითხველისთვის საინტერესო საკითხავად იქცა. მკითხველი სიამოვნებას მრავალტომეულის ნებისმიერი ტომის ხელში აღებისთანავე გრძნობს - წიგნები პოლიგრაფიული დონითაც იზიდავს თვალს.

- უნიკალური მასალები ახსენეთ... რომელიმეს ხომ არ დაასახელებთ?

- ისეთი მასალები, რომლებსაც აქამდე არ იცნობდა მკითხველთა ფართო წრე, მრავალტომეულის ყველა ტომში შედის, მათ შორის არის მასალებიც, რომელთა აღწერა ფუნდამენტურმა მეცნიერებებმა ბოლო დრომდე ვერ მოახერხა. მაგალითად, დემოკრატიული საქართველოს ისტორია, ქართული კინოსა და მხატვრობის ისტორია, რომელიც ჩვენს ისტორიულ სიამაყედ იქცა. ეს ყველაფერი გამოცემულია ცალკე ტომებად. ნებისმიერი ქართველისთვის განსაკუთრებულია ტომი ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, მტკივნეულია საბჭოთა ტერორის ისტორია, რომელიც ასევე ცალკე ტომად გამოიცა და უეჭველად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მომავალი თაობის ცნობიერებაზე - ისინი შეძლებენ, მომავალთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

- 30-ტომეულის რომელი ტომი უფრო პოპულარულია?

- ყველა ტომი პოპულარულია, მაგრამ არის თემები, რომლებიც ქართველებს განსაკუთრებულად გვეამაყება. ეს არის დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქების ისტორიული ამბები და, მათთან დაკავშირებული ტომებიც ძალიან პოპულარულია.

ეთერ ერაძე