როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ძეხვი ნამდვილისგან - კვირის პალიტრა

როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ძეხვი ნამდვილისგან

"თუკი ნახევრად შებოლილ ძეხვში დიდი რაოდენობით საღებავია, ის თაბახის ფურცელს გააფერადებს. ამიტომ გაჭერით ძეხვი და გაუსვით ფურცელს. თუკი ძეხვი თაბახის ფურცელზე მხოლოდ ცხიმის კვალს დატოვებს, ესე იგი, მასში საღებავი არ არის"

"ძეხვი ტუალეტის ქაღალდისგან მზადდება", - ეს ფრაზა, ალბათ, ბევრს მოგისმენიათ. რა საერთო აქვს ტუალეტის ქაღალდსა და ძეხვს ერთმანეთთან, ამას ჩვენი გადაცემიდან გაიგებთ. გარდა ამისა, გეტყვით, ჯანმრთელობისთვის საშიში რომელი ნივთიერება შედის ძეხვში და როგორ უნდა გამოვიცნოთ პროდუქტში მათი შემცველობა.

- ნედლად შებოლილი ძეხვი ძვირი ღირს და ცხადია, არ უნდა მოტყუვდეთ, რომ ფალსიფიცირებული პროდუქტი არ შემოგასაღონ. ნამდვილ, ნახევრად შებოლილ ძეხვს უნდა ჰქონდეს ნაოჭები, მისი გარეკანი არ უნდა იყოს ერთგვაროვანი და კარგად უნდა ეკვროდეს ძეხვს. ნახევრად შებოლილი ძეხვის დამზადების ტექნოლოგია რთულია: ხორცი ჯერ იწვება, შემდეგ იხარშება და მხოლოდ ამის შემდეგ იბოლება. ამ პროცესში დანაკარგი დიდია და შესაბამისად, ხორციც წონაში იკლებს. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები დანაკარგს სხვადასხვა დანამატით ავსებენ. სოია ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი პროდუქტია ძეხვში, თუმცა ფარშის გასაბევრებლად ცელულოზასაც იყენებენ. ცელულოზა არის მცენარეული უჯრედის გარსის შემადგენელი. მას, ძირითადად, საფეიქრო დანიშნულებით იყენებენ, მისგან ამზადებენ ქაღალდსაც. სწორედ აქედან მოდის ფრაზა, რომ ძეხვი ტუალეტის ქაღალდისგან მზადდება.

როგორ მივხვდეთ, ძეხვში ხორცი მეტია თუ დანამატი

იმისთვის, რომ მცენარეული დანამატებით გაჯერებული ძეხვი ხორცისგან დამზადებულს დაემსგავსოს, არომატიზატორებს, საღებავებსა და სტაბილიზატორებს იყენებენ, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშIია.

თუკი ნახევრად შებოლილ ძეხვში დიდი რაოდენობით საღებავია, ის თაბახის ფურცელს გააფერადებს. ამიტომ გაჭერით ძეხვი და გაუსვით ფურცელს. თუკი ძეხვი თაბახის ფურცელზე მხოლოდ ცხიმის კვალს დატოვებს, ესე იგი, მასში საღებავი არ არის.

ნახევრად შებოლილი ძეხვი მკვრივი უნდა იყოს. ამიტომ შეძენისას მოუჭირეთ ხელი და აირჩიეთ უფრო მკვრივი. ასევე ადვილად შესამოწმებელია, თუკი ნახევრად შებოლილ ძეხვში ცხოველური ცხიმები მცენარეული ცხიმებით არის ჩანაცვლებული. უნდა გაახვიოთ ძეხვის ნაჭერი პოლიეთილენის პარკში და რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ პარკზე ცხიმის კვალი დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ძეხვი ხარისხიანია.

მოხარშული ძეხვის ფარშის გასაბევრებლად ხშირად გამოიყენება სახამებელი. თუ ძეხვის ეტიკეტზე მითითებულია სახამებელი, მაგრამ არ არის მითითებული პროცენტულობა და გაინტერესებთ, ბევრია თუ არა, შეგიძლიათ პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროთ: აიღეთ ძეხვის თხელი ნაჭერი და გადაკეცეთ. თუ დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, გადანაკეც ადგილზე გატყდება ან ბზარებს გაიჩენს, თუ კარგია, ელასტიკურობას შეინარჩუნებს.

თუკი ძეხვის ეტიკეტზე სახამებელი არ არის მითითებული, იოდის საშუალებით შეგვიძლია მარტივად გამოვარკვიოთ. დაასხით იოდი ძეხვის ნაჭერს. სახამებელი რეაქციაში შედის იოდთან და ლურჯდება. თუ ძეხვის ნაჭერი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ მასში დიდი რაოდენობით სახამებელია.

იოლი გამოსავლენია ძეხვში მცენარეული შემადგენლობაც. დადეთ გახურებულ ტაფაზე ძეხვის ნაჭერი და შეწვით. იმ შემთხვევაში, თუ შეწვისას მისი კიდეები ზევით აიწევა, ეს ნიშნავს, რომ მასში უფრო მეტი ხორცია, ვიდრე მცენარეული პროდუქტი.