რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ზაფხულში თინეიჯერები თანატოლებს
10-07-2017
რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ზაფხულში თინეიჯერები თანატოლებს
წიგნის კითხვა რომ მოზარდებში პოპულარობას იბრუნებს, ამაზე ბოლო პერიოდში წიგნის მაღაზიებთან ათასობით თინეიჯერის რიგი და მოზარდებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაზე მოთხოვნის საგრძნობი ზრდაც მოწმობს

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად, შესაძლოა, კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის დიდი საცდურია, სტატისტიკა სხვა ტენდენციას გვიჩვენებს - რაც დრო გადის, მოზარდებში წიგნის მოყვარულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს და ეს პარალელური პროცესი, ფაქტობრივად, პრესტიჟულ და მოდურ "გასართობადაც მკვიდრდება. წიგნის კითხვა რომ მოზარდებში პოპულარობას იბრუნებს, ამაზე ბოლო
პერიოდში წიგნის მაღაზიებთან ათასობით თინეიჯერის რიგი და მოზარდებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაზე მოთხოვნის საგრძნობი ზრდაც მოწმობს. ბუნებრივია, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ყველანი ვიმუხტებით დასვენების, გართობისა და განტვირთვის საგანგებო მოლოდინით, თინეიჯერები აქტიურად ეძებენ ე.წ. საზაფხულო ლიტერატურასაც. ამ მხრივ მოზარდებისთვის შეუცვლელი თანამგზავრი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი
"ლიბერთინსი" და ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურაა. მოგეხსენებათ, "ლიბერთინსი" თინეიჯერული ლიტერატურული პროექტია, რომელშიც მოზარდები თავადვე არჩევენ იმ უცხოურ ლიტერატურას, რომლის წაკითხვაც ქართულ ენაზე სურთ. ""კვირის პალიტრა" "ლიბერთინსის" რამდენიმე აქტიურ მონაწილეს ესაუბრა, რომლებიც თანატოლებს წაკითხული ლიტერატურისგან მიღებულ შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს უზიარებენ:

გიორგი კიკაბიძე: -
ზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც ყველა მოზარდი თავისუფალია. პირადად მე მთელი წლის განმავლობაში ვადგენ საკითხავ სიას, წელს მისი პირველი სამეული ასე გამოიყურება: საბა ტაჰირის "ნაპერწკალი ფერფლში". ეს წიგნი ავტორის სადებიუტო ნაშრომია. ავტორს წიგნმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში მსოფლიო აღიარება მოუტანა. ვისაც უყვარს ფენტეზი, სამეფო ინტრიგები და მძაფრი სიუჟეტი, ეს წიგნი მათთვის აუცილებელი საკითხავია. მეორე წიგნია ერნესტ კლაინის "პირველი მოთამაშე, მოემზადე". კლაინმა ამ წიგნით კაცობრიობას ახლო მომავალი უწინასწარმეტყველა, ადამიანების ვირტუალურ რეალობაში გადასახლება. მწერალმა გვიჩვენა მომავალი წარსულის ელემენტებით. მესამე კი, ლუის ლოურის "გამღები"-გახლავთ. ეს ნაწარმოები მსოფლიო კლასიკადაა აღიარებული და ამერიკის სასწავლო პროგრამაშიც არის შეტანილი. ლოურის სამყარო სრულიად დაცლილია ადამიანური ემოციებისაგან, მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს, ჯონასს შეუძლია იხსნას ადამიანები. მან მთელი მსოფლიოს მოგონებები უნდა იტვირთოს, როგორც კარგი, ასევე ცუდი.

ლუკა ხვარეშია:
- სულ ვკითხულობ და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რა სეზონი იქნება, თუმცა, ბუნებრივია, ზაფხული მაინც განსხვავებულია. ამ ზაფხულს ბევრი წიგნის წაკითხვას ვგეგმავ, მათ შორისაა მერისა მეიერის "კრესი", რიკ იანსის "უსასრულო ზღვა" და ელიფ შაფაქის "ღირსება". "კრესი" "ლიბერთინსის" ერთ-ერთი სერიის, "მთვარის ქრონიკის" წიგნია, რომელიც ძალიან საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს დისტოპიურ და ამავე დროს, ზღაპრულ სამყაროზე. "უსასრულო ზღვა" ასევე "ლიბერთინსის" სერიის წიგნია. ნაწარმოებმა პირველივე გვერდებიდან განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ახლა მოუთმენლად ველი შემდეგი ნაწილების გამოცემას. რაც შეეხება ელიფ შაფაქის "ღირსებას", ეს წიგნი თურქულ რეალობას ყველაზე კარგად აღწერს და მწერლის სიცოცხლეშივე იქცა კლასიკად.

მარია ენუქიძე: -
როგორც იქნა, მოაღწია ჩემმა საყვარელმა­ ზაფხულმა და მშვიდად შემიძლია ვიკითხო ამდენი ხნის ნანატრი წიგნები. თანატოლებს "ქარწაღებულნის" წაკითხვას ვურჩევ, მარგარეტ მიჩელის, კლასიკოსად აღიარებული მწერლის, იდეალუ­რი წერის სტილი პირველივე გვერდებიდან გვითრევს სკარლეტ­ ო'ჰარას მღელვარე ცხოვრების მორევში. კეს მორგანის "ასეული" კი სწორედ ის წიგნია, რომელიც დაგვაფიქრებს უამრავ პრობლემაზე, დაგვანახებს, როგორ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს სამყარო. რეი ბრედბერის "ბოროტი მოდის" - ეს წიგნი თავისი­ მისტიკური ელფერით კითხვის პროცესს საშიშს, ჩამთრევსა და დაუვიწყარს ხდის, საჰელოუინო განწყობა კი ზაფხულის ცხელ დღეებს შემოდგომის გრილ ელფერს სძენს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით